საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-477(კ-20) 6 ნოემბერი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ჯ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:მ. ჯ-ამ 2018 წლის 1 ოქტომბერს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და ამავე სამინისტროს 2018 წლის 20 ივლისის №01-02/08/16110 წერილისა და 2018 წლის 13 სექტემბრის №01/4322-ს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ასევე მოპასუხის - მ. ჯ-ას ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 ივლისის №01-02/08/16110 წერილი და მ. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ამავე სამინისტროს მიერ 2018 წლის 13 სექტემბერს მიღებული №01/4322-ს გადაწყვეტილება; მოპასუხე - სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში, ...ის ქ. №...-ში, მე-... სართულზე, ბინა №...-ის (...) სანაცვლოდ მ. ჯ-ას ხუთსულიანი ოჯახისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუქნტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისში, ...ის №...-ში(...) არსებული დევნილთა ორგანიზებული განსახლების ობიექტის გამოთავისუფლებისა და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახებისათვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების გადაცემის შესახებ (მათი შემდგომში საკუთრებაში გადაცემით). ამასთან, ჩატარდა იმ დევნილი ოჯახების მონიტორინგი, რომლებისთვისაც სამომავლოდ იგეგმებოდა ალტერნატიული ფართების საკუთრებაში გადაცემა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ფარგლებში. ვინაიდან მოსარჩელის ოჯახის დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილად) სამინისტროს (სააგენტოს) ბაზაში ფიქსირდებოდა ...., ...ის N...-ში (....), იქ მაცხოვრებელ სხვა ოჯახებთან ერთად, არაერთხელ განხორციელდა მოსარჩელის ოჯახის მონიტორინგიც. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მ. ჯ-ას ოჯახი ფაქტობრივი მდგომარეობით აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა. მონიტორინგის განხორციელების დროს ობიექტზე არ აღმოჩნდა ოჯახის არცერთი წევრი, შესაბამისად, ...., ...ის N...-ში (....) შენობაში ფაქტიურად არცხოვრების გამო მოსარჩელის დევნილი ოჯახი ვერ მოექცა იმ პირთა წრეში, რომლებიც საგამონაკლისო წესის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილდნენ ხსენებული ობიექტის გამოთავისუფლების საფუძველზე.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ ვინაიდან მოსარჩელის ოჯახი, სახელმწიფოს მიერ, კანონომდებლობით დადგენილი წესით, როგორც დევნილი ოჯახი, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული არ არის მასთან მიმართებით სახელმწიფოს ვალდებულება, რომ დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართით - რჩება ძალაში და მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილება მოხდება კანონმდებლობით დადგენილი საერთო წესით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, შესაბამისად, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებილით დაკმაყოფილებაზე მოცემულ ეტაპზე უარის თქმის კანონიერება, დევნილთა ორგანიზებული განსახლების ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების დაუდასტურებლობის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველ ობიექტებში, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ.
განსახილველ შემთვევაში სადავო არ არის, რომ თბილისი, ... ...ის ქუჩა №...(...) წარმოადგენს გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის ობიექტს, საიდანაც სახელმწიფომ განახორციელა დევნილი მოსახლეობის გაყვანა და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. საქმეში წარმოდგენილი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტებით დგინდება, რომ როგორც მ. ჯ-ას, ასევე მისი ოჯახის წევრების - ს. თ-ას, გ. თ-ას, ნ. თ-ას და მ. თ-ას, დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს - თბილისი, ...ის ქუჩა N... (...).
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 20 ივლისის №01-02/0816110 წერილით მ. ჯ-ას, მისი 2018 წლის 29 ივნისის განცხადების პასუხად განემარტა, რომ ვინაიდან, ფაქტობრივად არ ცხოვრობდა თბილისში, ...ის ქ. N...-ში მდებარე შენობაში, მისი საკითხი განიხილებოდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნებისათვის მიუთითებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და მოწმეთა (მეზობლების - ბადრი თაკალანძისა და ზურაბ კეკუას, ასევე მოსარჩელის დედამთილის - მანანა თოლორას) ჩვენებებზე, რომლებითაც დასტურდება, რომ მ. ჯ-ა მის ოჯახთან ერთად ცხოვრობს თბილისში, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში - თბილისი, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ...ის შენობაში. შესაბამისად, მ. ჯ-ას ოჯახისათვის აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არ ყოფნის გამო, გრძელვადიანი საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელ პირთა სიაში არ შეყვანა, არ შეესაბამება არსებულ ფაქტობრივ გარემოებას და ეფუძნება მხოლოდ ფორმალურად ჩატარებულ მონიტორინგს, რომელიც საკასაციო პალატის მოსაზრებით არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, რამ გამოიწვია მონიტორინგის დროს, დევნილის რეგისტრირებულ მისამართზე არ ყოფნა. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა თავად დევნილი ოჯახის შესახებ სამინისტროს ბაზაში ასახული ინფორმაცია, მოსარჩელისა და მისი ოჯახის თბილისი, ...ის ქუჩა N... ...ში დამისამართების შესახებ. ამრიგად, მ. ჯ-ას ოჯახი, შესაბამისი კრიტერიუმების შეფასების გარეშე, უნდა დაექვემდებაროს განსახლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე