Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-500(კ-20) 6 ნოემბერი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ჯ-ი

მესამე პირი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარობის წარმომადგენლობა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ჯ-მა 2018 წლის 15 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმართ და ამავე სამინისტროს 2018 წლის 10 სექტემბრის №01-130/ო ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის გ. ჯ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და დევნილის შემწეობის შეწყვეტიდან, სტატუსის აღდგენამდე, მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარობის წარმომადგენლობა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ განისაზღვრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 10 სექტემბრის №01-130/ო ბრძანება; მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გ. ჯ-ისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ასევე, მოპასუხეს დაევალა გ. ჯ-ისთვის დევნილის სტატუსის უკანონოდ ჩამორთმევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, 2014 წლის ივნისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე თვეში 45 ლარის ოდენობით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდ; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, 2016 წლის 28 ...ის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საკითხის დამატებით მოკვლევა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გ. ჯ-ს ჩაუტარდა გასაუბრება, კერძოდ, ბიოგრაფიის, დაბადებისა და სწავლის, ასევე სამუშაო ადგილის შესახებ გამოიკითხა მოსარჩელე. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, სამინისტრომ წერილობით მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლის საპასუხოდ მიღებულ წერილში (22.05.2018 წ. №01/396) აღნიშნულია, რომ გ. ჯ-ი 1990 წლიდან 1993 წლამდე ცხოვრობდა აფხაზეთში. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2018 წლის 24 მაისის №24726/01 წერილით სამინისტროს გაეგზავნა ...ს ტერიტორიულ ერთეულში მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2018 წლის 22 მაისის წერილი, სადაც ნათქვამია, რომ საკომლო ჩანაწერების მიხედვით, გ. ჯ-ი 1993 წლიდან ცხოვრობს მესტიის მუნიციპალიტეტის ...ს ტერიტორიულ ერთეულში. ადმინისტრაციული წარმოებისას მოძიებული დამატებითი მტკიცებულებების შეფასებისა და მოსარჩელესთან გასაუბრების შემდეგ სამინისტრომ მიიჩნია, რომ გ. ჯ-თან მიმართებაში არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობები. კერძოდ, გ. ჯ-ი არ ყოფილა დაკავშირებული აფხაზეთთან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომელთა გამოც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უფრო ხშირად უწევდა ყოფნა, ვიდრე მესტიის რაიონის სოფელ ...ში. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ამომწურავად არის დასაბუთებული თუ რატომ მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს (მოსარჩელის ბიოგრაფია, დაბადების, სწავლის, მუშაობის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილები), რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის ...ის რაიონის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით, დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

რაც შეეხება დევნილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციას, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთს წარმოადგენს მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).

განსახილველ შემთხვევაში, საგულისხმოა, რომ გ. ჯ-ს მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი, რომელიც ჩამოერთვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 8 სექტემბრის №1427 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ...ის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საკითხის ხელახალი განხილვისას დაედგინა მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, კერძოდ, უნდა გამოეკვლია და დაედგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა ან დაადასტურებდა გ. ჯ-ის ცხოვრებას აფხაზეთში, კერძოდ ...ის რაიონის სოფ. ...ში 1993 წლამდე (ს.ფ. 18-29);

საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის საკითხის დადგენის მიზნებისათვის, ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა განმარტებებსა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. კერძოდ, ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრებისას გ. ჯ-მა განმარტა, რომ 1990 წლიდან იძულებით გადაადგილებამდე მუდმივად ცხოვრობდა აფხაზეთში, ...ის რაიონის სოფელ ...ში ბიძასა და ბიცოლასთან ერთად და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა 1993 წლის 27 სექტემბერს (ს.ფ.61-64). გარდა ამისა, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის 22 მაისის №01/396 და ...ს ტერიტორიულ ერთეულში მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2018 წლის 22 მაისის №45 წერილებით დგინდება, რომ მოქალაქე - გ. ჯ-ი (პ/ნ: ...) 1990 წლიდან - 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა აფხაზეთში და საკომლო ჩანაწერის მიხედვით 1993 წლიდან ცხოვრობს მესტიის მუნიციპალიტეტის ...ს ტერიტორიულ ერთეულში. მოწმეთა ჩვენებით კი დასტურდება, რომ გ. ჯ-ი მუშაობდა აფხაზეთში, ...ის რაიონის სოფელ ...ის მეურნეობაში და იღებდა ყოველდღიურ გასამრჯელოს.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო 2016 წლის 28 ...ის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება, კერძოდ, ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა გ. ჯ-ის ცხოვრებას ...ის რაიონის სოფელ ...ში 1993 წლის 27 სექტემბრამდე. საქმეში არსებული მასალებით კი, დადასტურებულია საწინააღმდეგო ფაქტი - გ. ჯ-ის აფხაზეთში, კერძოდ ...ის რაიონის სოფელ ...ში 1990 წლიდან 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრება და მისი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, საომარი მოქმედებების გამო დატოვება, რაც იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად მიჩნევისათვის აუცილებელი კანონისმიერი პირობაა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 10 სექტემბრის №01-130/ო ბრძანებით მოსარჩელეს უკანონოდ ეთქვა უარი დევნილის სტატუსის აღდგენაზე. ამდენად, მოსარჩელეს ასევე უნდა აუნაზღაურდეს დევნილის სტატუსის უკანონოდ ჩამორთმევის შედეგად მიღებული ყოველთვიური კომპენსაცია, 2014 წლის ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე