კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1134(კს-20) 2 ნოემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ქეთევან ცინცაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ნ-ის კერძო საჩივრის (საჩივრის) დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; მესამე პირები (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით) - ა. ი-ის უფლებამონაცვლეები: ა. ი-ი, ე. ი-ი, ა. ი-ი).
2011 წლის 16 დეკემბერს გ. ნ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსა და მესამე პირის ა. ი-ის მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 2008 წლის 22 სექტემბრის №220 ოქმისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 17 ნოემბრის №1-1/2397 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. ი-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ნ-მა.
საქმე არაერთგზის იქნა განხილული თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მიერ. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივეტიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ გაცემული 2008 წლის 22 სექტემბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №220 ოქმის და საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 17 ნოემბრის №1-1/2397 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მას გასაჩივრებული განჩინება არ ჩაბარებია, რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას მიუთითოს განჩინების უსწორობის სამართლებრივ საფუძვლებზე, თუმცა, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს.
საკასაციო სასამართლო გ. ნ-ის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინების ასლი გ. ნ-ს გაეგზავნა მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ კორპუსი..., ბინა ...) და აღნიშნული გზავნილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად 2018 წლის 21 დეკემბერს ჩაბარდა ადრესატის ბიცოლას თ. მ-ს (პ/ნ ...) (ტომი 3, ს.ფ. 142). ამდენად, გ. ნ-ის მიერ კერძო საჩივრის წარდგენის 12 დღიანი ვადის ათვლა 2018 წლის 22 დეკემბრიდან (კერძო საჩივრის ავტორის ოჯახის წევრისათვის განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან) უნდა დაიწყოს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ნ-მა გაუშვა კერძო საჩივრის წარდგენის ვადა, ვინაიდან, კერძო საჩივრის წარდგენის 12 დღიანი ვადა მას 2018 წლის 2 იანვარს ამოეწურა, აღნიშნული თარიღი კი იყო საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უქმე დღე, შესაბამისად ხარვეზის გამოსწორების ვადამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაიწია მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 2019 წლის 3 იანვრის 24 საათამდე (ხუთშაბათი). გ. ნ-მა კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 20 მარტს ანუ ვადის დარღვევით წარადგინა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ნ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე