Facebook Twitter

ბს-683(კ-19) 29 ოქტომბერი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2019წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ა-მა 29.08.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 01.08.2018წ. №MIA 6 1801854284 ბრძანების ბათილად ცნობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გ. ა-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.2018წ. გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 01.08.2018წ. №MIA 6 1801854284 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე გ. ა-თან მიმართებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2019წ. გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.2018წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პალატამ აღნიშნა,რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი გახდა მოქალაქის მიერ დაკარგული თანხის გ. ა-ის მიერ პოვნა, რომელმაც თანხა ხაშურის რაიონულ სამმართველოში წარადგინა მეორე დღეს სამმართველოს თანამშრომლის მიერ დაკავშირების შემდეგ. ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსმა შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ზემოაღნიშნულ ფაქტზე ითხოვა შემდგომი რეაგირება, რის საფუძველზეც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გ. ა-ის მიმართ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რომლის ფარგლებში ახსნა-განმარტება ჩამოერთვა მოსარჩელესაც. გ. ა-მა აღნიშნა, რომ 26.06.2018წ. იმყოფებოდა ქ. ხაშურში და დაახლოებით 22 საათზე, ...ის ქუჩაზე იპოვა ფული, რის შემდეგაც რამოდენიმე წუთი ადგილზე დაელოდა დაკარგული თანხის მესაკუთრის გამოჩენას, თუმცა არავინ გამოჩნდა და მან დატოვა აღნიშნული ტერიტორია. ამასთან, იმავე დროს მას სოციალურ ქსელში დაუკავშირდა მამიდა და აცნობა, რომ ბებია, რომელიც იმყოფებოდა ხაშურის რაიონის სოფელ ...ში, შეუძლოდ იყო, რის გამო მასთან გაემართა, ხოლო მეორე დღეს დაახლოებით 16-17 საათზე დაბრუნდა თავის საცხოვრებელ სახლში ქ. ხაშურში. მგზავრობის დროს დაუკავშირდა ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი და სამმართველოში მისვლა სთხოვა, რის საფუძველზეც იგი გამოცხდდა სამმართველოში და წარადგინა ნაპოვნი ფული. მოსარჩელის განმარტებით, მანამდე მან ვერ შეძლო აღნიშნული თანხის პოლიციაში წარდგენა იმ მიზეზით, რომ იგი ბებიის ავადმყოფობის გამო იმყოფებოდა ხაშურის რაიონის სოფელ ...ში. პალატამ მიუთითა სკ-ის 191.1 მუხლზე, რომლის თანახმად, დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან, თუ მათი ვინაობა უცნობია, - პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს, და გადასცეს ეს ნივთი. ამდენად, მოცემული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა დაუყოვნებლივ მიეღო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები დაკარგული ნივთის მესაკუთრისთვის დაბრუნების ან უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირების მიზნით, რაც მისი მხრიდან არ განხორციელდა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ კანონის მოთხოვნათა დაუცველობა, თუმცა არ გაიზიარა დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომის თანაზომიერება დარღვევასთან მიმართებით. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა კანონის მოთხოვნები, სადავოდ არ არის გამხდარი და წარმოადგენს უდავო გარემოებას. აღნიშნულ პირობებში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მისი შეფასების საგანს შეადგენს მხოლოდ გამოყენებული სანქციის თანაზომიერება. სააპელაციო პალატამ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-3, მე-8 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ძალოვანი სტრუქტურების მთავარი მიზანი მიუღწეველი აღმოჩნდება, თუკი კანონით დადგენილ წესრიგს თავად უწყების რიგითი წარმომადგენელი უგულებელყოფს. პოლიციელთა პოზიტიური ვალდებულებაა კონტროლი განახორციელონ პირებზე, რათა არ მოხდეს კანონით დადგენილი წესის დარღვევა, ამასთან მათ ნეგატიურ ვალდებულებას განეკუთვნება თავად არ ხელყონ კანონით დაცული სიკეთე, თავიანთი ქმედებით არ მოახდინონ სამართალდამცავი ორგანოს დისკრედიტაცია და არ მოგვევლინონ სამართალდამრღვევ პირებად. პალატამ აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, პოლიციელს დაწესებული აქვს ქცევის მაღალი სტანდარტი, რაც დარღვევის შემთხვევაში მათ პასუხისმგებლობაზეც აისახება. საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მიხედვით განსაზღვრულია პოლიციელის საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად უნდა იცავდეს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს; პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას; პოლიციელი საკუთარი მოქმედების დაგეგმვისა და დაწყების წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეს მის კანონიერებაში. პოლიციელმა არ უნდა ისარგებლოს თავისი სტატუსით და არ უნდა გამოიყენოს იგი პირადი ინტერესებისათვის. მან უარი უნდა თქვას ნებისმიერი სახის უკანონო ქმედებაზე და არ უნდა გამოიყენოს თანამდებობრივი მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკური ან სხვა სახის სარგებლის მისაღებად. მართლწესრიგის დამცველმა თანამდებობის პირებმა პატივი უნდა სცენ კანონსა და ეთიკის კოდექსს. თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა აღკვეთონ და მკაცრად აღუდგნენ წინ შესაბამის დარღვევებს. პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში გ. ა-ი იყო შსს-ს ინსპექტორ-გამომძიებელი, რის გამო ეკისრებოდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, კანონის მოთხოვნათა პრევენციის უზრუნველყოფის ვალდებულება. ამის მიუხედავად, გ. ა-მა თავად დაარღვია კანონის მოთხოვნა (სკ-ის 191.1 მუხ.), რაც ერთი მხრივ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ წინააღმდეგობაში მოდის პოლიციელის საქმიანობის პრინციპებთან. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სამართალდამცავი პირის მხრიდან ჩადენილი კონრეტული შინაარსის დარღვევა არის უხეში დარღვევა, რომლის მიმართ დისციპლინური სახდელის ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენება გამართლებულია. პალატამ აგრეთვე აღნიშნა, რომ ჩადენილ დარღვევაზე კონკრეტული შესაფარდებელი სახდელის მიზანშეწონილობის შერჩევა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებაა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ა-ის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ ეროვნული და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულია ყოველი ადამიანის შრომის, სამუშაოს თავისუფლად არჩევის და უმუშევრობისგან დაცვის უფლება, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგებლობაში. შრომით უფლებაში ჩარევა ლეგიტიმური უნდა იყოს, დასაქმებულს უნდა მიეცეს შესალებლობა დისციპლინური დარღვევის ჩადენისას გამოასწოროს ეს შეცდომა. სადავო აქტით გ. ა-ი მყისიერად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ისე, რომ არ მოხდა საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევა. კასატორის მოსაზრებით შსს გენერალური ინსპექციის დასკვნაში მითითებული გარემოებები არ იყო მოსარჩელის გათავისუფლებისათვის საკმარისი. იმ დროს, როდესაც გ. ა-მა იპოვა თანხა, ის იმყოფებოდა შვებულებაში და არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ამავე პერიოდში მას ტელეფონით დაუკავშირდა მამიდა და შეატყობინა, რომ მძიმე იყო გ. ა-ის ბებიის ჯანმრთელობის მდომარეობა, რის გამო კასატორმა შეიძინა მედიკამენტები და გაემგზავრა ხაშურის რაიონის, სოფელ ცოცხნარში. გ. ა-ს უნდა გაეკეთებინა არჩევანი პოლიციაში გამოცხადებას, თანხის წარდგენას (რასაც ესაჭიროებოდა გარკვეული პროცედურები) და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შორის. კასატორმა აღნიშნა, რომ დისციპლინური დარღვევის გამოვლენისას მართალია ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა ეს არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთი საზომი, შერჩეული სახდელი უნდა იყოს თანაზომიერი. გასათვალისწინებელია, რომ გ. ა-ის მიმართ ადრე არასდროს ყოფილა გამოყენებული დისციპლინური სახდელი, ამასთანავე, მან თანხა დაუბრუნა დაინტერესებულ პირს, შესაბამისად, რაიმე ზიანი არ დამდგარა, ამიტომ გაურკვეველია მისთვის ყველაზე მკაცრი სახდელის დაკისრების საფუძვლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტლების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (იხ. სუსგ 17.01.2019წ. Nბს-809-805 (3კ-17)) და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე უდავოდ არის დადგენილი გ. ა-ის მიერ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ გ. ა-მა ნაპოვარის პოლიციაში დაუყოვნებლივ წარდგენა თავისი ბებიის ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო და მამიდის შეტყობინების გამო, დაუყონებლივ ბებიასთან გაემართა, რადგან სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულმა მოსარჩელის მამიდამ - ი. გ-ემ განმარტა, რომ მან გ. ა-ს დაახლოებით 17 საათზე შეატყობინა ტელეფონით ბებიის ავადმყოფობის შესახებ და დაახლოებით 2 საათში გ. ა-ი მათთან, სოფელ ...ში მივიდა მაშინ, როდესაც გ. ა-ის ახსნა-განმარტებით მან ფული დაახლოებით 22 საათზე იპოვა. მოწმის განმარტებით, გ. ა-ი სოფელ ...დან ქ. ხაშურში დაბრუნდა მეორე დღეს დილით მაშინ, როდესაც მოსარჩელე გ. ა-ი, საქმეში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში განმარტავს, რომ იგი სოფელი ...დან დაბრუნდა 16-17 საათზე. გარდა ამისა, მოსარჩელე ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ მას მამიდა სოციალური ქსელის მეშვეობით დაუკავშირდა, ხოლო მოწმის განმარტებით, იგი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა გ. ა-ს. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სოციალურ ქსელში არსებული მიმოწერის წარმოდგენა, როგორც თავად მიუთითა მიმოწერის მყისიერად წაშლის გამო. ამასთან, მოსარჩელე გ.ა-ი ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ იგი გარკვეული პერიოდი შეყოვნდა ფულის პოვნის შემდეგ, ნაპოვარი ნივთის მესაკუთრის გამოვლენის მიზნით, რაც ასევე არ დასტურდება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ა-ს ჰქონდა საკმარისი დრო, ნაპოვარის პოლიციაში წარსადგენად. ამდენად, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გ. ა-ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, სადავო აქტი სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული სახდელის თანაზომიერების შეფასების მიზნით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარეოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს მოსარჩელე დაეთანხმა, მას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსჩივრებია, სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანს შეადგენდა მხოლოდ გამოყენებული სანქციის მართლოზმიერება და არა სამართალდარღვევის ჩადენის შეფასება. ამდენად, საკასაციო საჩივარში ასახული მოსაზრება, რომ მოსარჩელეს არჩევანის გაკეთება უწევდა პოლიციაში გამოცხადებასა და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შორის და რომ გ.ა-მა პოლიციაში დროულად გამოცხადება ვერ შეძლო ბებიის ავადმყოფობის გამო, არ არის დასაბუთებული, რადგან მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კასატორს ჰქონდა საკმარისი დრო ნაპოვარის პოლიციაში წარსადგენად, რაც არ განხორციელებულა, გ. ა-ი ხაშურის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა მხოლოდ შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ. სამმართველოში დაბარებამდე გ. ა-ს რაიმე ქმედება ნაპოვარის პოლიციაში წარსადგენად ან ხელმძღვანელ პირებთან დასაკავშირებლად არ განუხორციელებია. კასატორის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც, რომ მან ბებიის ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო ნაპოვარის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენა, გაურკვეველია რა უშლიდა მას ხელს მომხდარი ფაქტის შესახებ ხელმძღვანელი პირების ან სამართალდამცავი ორგანოს ტელეფონით ინფორმირებაში. კასატორი ვერ უთითებს ხელმძღვანელობისათვის ფაქტის შეუწყობინებლობის მიზეზებზე. ამდენად, დასაბუთებულია სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნაში ასახული მოსაზრება, რომ კასატორმა სცადა ნაპოვნი ფულადი თანხის მითვისება, თანხა დააბრუნა მხოლოდ შესაბამის ორგანოში დაბარების შემდგომ, ხაშურის რაიონულ სამმართველოში დაბარებამდე არ შეატყობინა მომხდარის შესახებ ხელმძღვანელ პირებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პოლიციელის ქცევის სტანდარტები დადგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N999 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციაში", რომლის თანახმადაც პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს (1.1 მუხ.). პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას. ამდენად, გ. ა-ის მიერ ჩადენილია სამართალდარღვევა, რაც ქმნის სახდელის დაკისრების საფუძველს, თუმცა დაკისრებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი გადაცდომის პროპორციული.

„პოლიციის შესახებ“ კანონის 59.3 მუხლი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-3 მუხლი ადგენს დისციპლინური სახდელის სახეებს (შენიშვნა, საყვედური და სხვ.), რომელთა შორის ყველაზე მძიმე სახდელია სამსახურიდან გათავისუფლება. ნორმატიულად სახდელის სხვადასხვა სახის განსაზღვრა მიზნად ისახავს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაცდომის შინაარსის, ინტენსივობის, ხასიათისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით სათანადო და თანაზომიერი სახდელის შერჩევის საჭიროებას. ამასთანავე, სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არა მარტო ჩადენილი გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, არამედ აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება („წესდების“ 4.10 მუხ.). ჩადენილი გადაცდომის შინაარსის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელი-სამუშაოდან დათხოვნა მართებულია, რამეთუ კასატორის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს უხეშ დარღვევას და ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა სამინიტროს მოსამსახურეთათვის დადგენილ ქცევის წესებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შს ორგანოებში სამსახურის გავლის სპეციფიკა და მუშაობის გასამხედროებული რეჟიმი, შს ორგანოს თანამშრომლებს მკვეთრად მიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან. შს თანამშრომელთა მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს. დემოკრატიულ საზოგადოებაში, ზოგადად საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის მიმართ, საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება და დაცვა უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რამდენადაც საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, რაც შესაბამისი საჯარო მოსამსახურეების და პოლიციელების სათანადო ქცევითა და საქმიანობით მიიღწევა. პოლიციელთა ქცევისა და მათ მიმართ ნდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებაში პოლიციელი აღქმულია კანონისა და ზნეობრივი ნორმების განუხრელად შემსრულებლად და საზოგადოებაში მათი დაცვის გარანტად. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმ პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლება, რომელმაც სცადა ნაპოვარი თანხის მითვისება, არ მოახდინა ხელმძღვანელი პირების ინფორმირება და გენერალურ ინსპექციას ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა, გამართლებულია. საკასაციო პალატა თვლის, რომ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ადეკვატურია. ის, რომ გ. ა-მა დააბრუნა ნაპოვარი და თანხის მესაკუთრეს მატერიალური ზიანი არ მიადგა, არ ადასტურებს გადაცდომის მსუბუქ ხასიათს. გ. ა-ს მიერ ქმედების განხორციელება შეცდომის ან საპატიო მიზეზის არსებობის პირობებში, რაც გადაცდომის მსუბუქ ხასიათს დაასაბუთებდა, არ დასტურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2019წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე