Facebook Twitter

ბს-399 (2კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სს „...ას“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „...ამ“ 29.07.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების ვ. ქ-ის და ზ. გ-ის მიმართ, სს „...ას“ კუთვნილი 900 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.08.2012წ. №..., 31.08.2012წ. №..., 12.09.2012წ. №..., 12.04.2013წ. №..., 17.04.2013წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.08.2016წ. განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 06.10.2016წ. განჩინებით დაკმაყოფილდა სს „...ას“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სადავო მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) რაიმე სახის რეგისტრაცია ან რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 01.03.2017წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად (სასკ-ის 16.1მუხ.) ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 21.04.2017წ. გადაწყვეტილებით სს „...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სს „...ას“ კუთვნილი 900 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.08.2012წ. №..., და 31.08.2012წ. №... გადაწყვეტილებები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სს „...ას“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ და სს „...ამ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სს „...ას“ კუთვნილი 900 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.08.2012წ. №... და 31.08.2012წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში, ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს „...ას“ კუთვნილ 900 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.08.2012წ. №... და 31.08.2012წ. №... გადაწყვეტილებები. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სს „...ას“ კუთვნილი 900 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.08.2012წ. №..., და 31.08.2012წ. №... გადაწყვეტილებების სასკ-ის 32.1 მუხლით ბათილად ცნობის საფუძვლები. დავა არ საჭიროებდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სასკ-ის 32.4 მუხლით მოწესრიგებას, ვინაიდან საქმეზე დადგენილი იყო ყალბი სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე ვ. ქ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სააპელაციო პალატის მითითებით ვ. ქ-ის განცხადებების საფუძველზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა აგრეთვე ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრმა ვ. ქ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას უგულებელყო სს „...ას“ კანონიერი ინტერესები, არ გამოიკვლია მიწის ნაკვეთზე სხვა პირის საკუთრების უფლების არსებობა და დაინტერესებული პირების ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რითაც გაუარესდა სს „...ას“ სამართლებრივი მდგომარეობა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან, ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოეთხოვება უფრო მაღალი ხარისხით, რამეთუ არქივში დაცული დოკუმენტაცია თავად მარეგისტრირებელ ორგანოსთვის არის ცნობილი. სს „...ას“ კუთვნილი 900 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.09.2012წ. №..., 12.04.2013წ. №..., 17.04.2013წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამ ნაწილში მართებული გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად არასწორი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სარჩელის ამ ნაწილში უარყოფის საფუძვლების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.09.2012წ. №..., 12.04.2013წ. №..., 17.04.2013წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე უარის საფუძველს ქმნის აღნიშნული რეგისტრაციების საფუძვლის - ვ. ქ-ესა და ზ. გ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ძალაში ყოფნა, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია სამოქალაქო წესით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაუსაჩივრებლობის პირობებში ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაადგინოს შემძენის კეთილსინდისიერების საკითხი. ნასყიდობის ხელშეკრულების გასაჩივრების პირობებში აგრეთვე არ დგინდება ადმინისტრაციული წესით განხილვისას სასამართლოს უფლებამოსილება შეაფასოს რეგისტრაციის საფუძვლის - სამოქალაქო გარიგების კანონიერება, ვინაიდან სამოქალაქო გარიგების კანონიერება მოწმდება არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო წესით.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარდგენილი მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 16.09.2015წ. განაჩენით დადგენილია მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე, რომლის საფუძველზეც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილება (N... (27.08.2012)). ამდენად, რეგისტრაციის შესახებ პირველი სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ძალაში იყო, შესაბამისად მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მისი გამოცემის დროისთვის კანონიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა. აღნიშნულის გამო არსებობდა მარეგისტრირებელი ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის და არა ბათილად ცნობის საფუძველი, რაც არასწორად შეფასდა სააპელაციო სასამართლოს მიერ. ზ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ #... (12.09.2012) გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ზ. გ-ის კეთილსინდისიერების საკითხზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 17.10.2017წ. გადაწყვეტილების თანახმად (საქმე №3/4/550), კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის მიზანია ქონების ყიდვაზე ხელოვნური ბარიერების თავიდან აცილება, თუმცა კანონმდებლის მიერ შემოთავაზებულმა რეგულირებამ არ უნდა გამორიცხოს ის მინიმალური, გონივრული გადამოწმების ვალდებულება, რაც უძრავ ნივთებთან დაკავშირებით გარიგების დადებას ახლავს თან. დაუშვებელია თავდაპირველი მესაკუთრის საკუთრების უფლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, როდესაც არაუფლებამოსილი პირის მიერ გასხვისებისას შემძენი იჩენს აშკარა გულგრილობას და არ იღებს ელემენტარული წინდახედულობის ზომებს. გონივრული ბალანსის უზრუნველსაყოფად, იმ პირობებში, როდესაც მყიდველი ინფორმირებულია საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის შესახებ დავის არსებობაზე, მან უნდა გადაამოწმოს უფლების ნამდვილობის შესახებ ინფორმაცია და თავად ატაროს ის რისკი, რომელიც შესაძლოა დავის შედეგად საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაბათილებას მოჰყვეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.06.2009წ. №ბს-1635-1589(კ-08) გადაწყვეტილების თანახმად ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან გამომდინარე წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათაშეფარდება. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ვ. ქ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა სს „...ას" კუთვნილი ობიექტის ავტოგასამართ სადგურზე. სს „...ა" ვერ ადასტურებს მასზე რეგისტრირებული, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე უძრავი ნივთისა (საკადასტრო კოდი: ...) და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის იდენტურობას. არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა აგრეთვე მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული განხორციელდა „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა აგრეთვე სს „...ას" მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ წინააღმდეგობრივია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებები ზ. გ-ის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის საკითხის შემოწმების უფლებამოსილების თაობაზე. კასატორი მიუთითებს სზაკ-ის მე-9, 53-ე, 60-ე, 95-ე, 96-ე მუხლების, სკ-ის 312-ე მუხლის დანაწესებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებები ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე ბს-363-367 (კ-12) დადგენილ შედეგს და მსჯელობას. ვ. ქ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობით, დასტურდება შემდგომი რეგისტრაციების უკანონობაც, ვინაიდან ვ. ქ-ე არ იყო მიწის ნაკვეთის კანონიერი მესაკუთრე, შესაბამისად, იგი არ იყო უფლებამოსილი გაესხვისებინა აღნიშნული უძრავი ნივთი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ვერ მიიღწევა მთავარი შედეგი - მოსარჩელის უფლებებში აღდგენა, ვინაიდან ძალაში დარჩა სადავო ქონებაზე ზ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ურთიერთსაწინააღმდეგოა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ერთის მხრივ, სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დადგენის, ხოლო მეორეს მხრივ ამავე ქონებაზე ზ. გ-ის საკუთრების ძალაში დატოვების ნაწილში. ამგვარი ვითარება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმად საკუთრების უფლების არსს ეწინააღმდეგება მდგომარეობა, როდესაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მოსაარჩელე თუმცა არის საკუთრების უფლების მატარებელი, მაგრამ არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი. არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. დღეის მდგომარეობით ძალაშია მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება, აგრეთვე სააღრიცხვო ბარათის მონაცემები. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაურკვეველი რჩება ვის გააჩნია სადავო ქონებით სარგებლობის, ფლობის და განკარგვის პრივილეგია. სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. გადაწყვეტილება არ შეიცავს ზ. გ-ის რეგისტრაციის კანონიერების თაობაზე მსჯელობას. მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას უთანაბრდება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ზ. გ-ის კეთილსინდისიერების საკითხის სამოქალაქო წესით გადაწყვეტის საჭიროების თაობაზე. სასამართლოს მსჯელობა მართებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დავის საგანი იქნებოდა რამოდენიმე სამოქალაქო და ადმინისტრაციული მოთხოვნის შემცველი, ან თუ რეგისტრაციის ბათილობის საფუძვლად მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულების უკანონობას მიუთითებდა. განსახილველ საქმეში დავის საგანს არ შეადგენს სამოქალაქო გარიგების კანონიერება, ვინაიდან ვ. ქ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის მიერ არასწორი გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში ვ. ქ-ესა და ზ. გ-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაიდებოდა. ამდენად, ვ. ქ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობას თანმდევ შედეგად მოჰყვება სამოქალაქო გარიგების ბათილად ცნობა, ვინაიდან სზაკ-ის 70.2 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ბათილია იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რის საფუძველზეც ის დაიდო. აღნიშნული დანაწესი მოქმედებს აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ბათილად ცნობილი აქტის საფუძველზე დაიდო სამოქალაქო გარიგება. განსახილველ შემთხვევაში ვ. ქ-ისთვის ცნობილი იყო საკუთარი უფლებამოსილების ნაკლის თაობაზე, ხოლო ზ. გ-მა იცოდა ვ. ქ-ის არაუფლებამოსილების თაობაზე, რის გამოც ისინი ხელშეკრულების დადების მომენტში მოქმედებდნენ შეთანხმებულად. ამდენად, არ არსებობს ვ. ქ-ესა და ზ. გ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დასმის საპროცესო ან მატერიალური საჭიროება. ვ. ქ-ის მიერ კანონსაწინააღმდეგოდ საკუთრების უფლების მოპოვების გამო იგი არ იყო უფლებამოსილი გაესხვისებინა მიწის ნაკვეთი, შესაბამისად არაუფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს თავად უნდა შეეფასებინა ზ. გ-ის კეთილსინდისიერების საკითხი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ილახება აგრეთვე მოსარჩელის კანონიერი ნდობის უფლება საჯარო რეესტრის ჩანაწერისადმი. კანონიერი ნდობის უფლებაზე მითითებულია საკასაციო სასამართლოს არაერთ სასამართლო გადაწყვეტილებაში. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელეს გააჩნდა მისი საკუთრების უფლების აღდგენის კანონიერი მოლოდინი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა მოსარჩელის საკუთრების უფლება შესაბამის ქონებაზე მესამე პირისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალაში დატოვების პარალელურად, ამდენად, საკუთრების უფლება აღირებული იქნა მიწის ნაკვეთის გარეშე.

კასატორმა მიუთითა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობებზე, საკასაციო საჩივრის საფუძვლებზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს საკითხებზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისგან, გადაწყვეტილება მიღებულია მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით, რაც სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის და დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სს „...ას“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არიან დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არიან დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მათი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება სს „...ას“ სახელზე დაუზუსტებელი სახით საკუთრების უფლების რეგისტრაცია, 2008 წლიდან, დუშეთის რაიონის, დაბა ფასანაურში 900მ კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. მცხეთის რაიონული სასამართლოს 16.09.2015წ. განაჩენით ვ. ქ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108.3 მუხლის „გ“ ქვპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ ვ. ქ-ემ ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა სს „...ას“ კუთვნილი უძრავი ქონება (ტ.1.ს.ფ.43-49). აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა სს „...ას“ კუთვნილი 900 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.08.2012წ. №..., 31.08.2012წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახალი რეგისტრაცია იწვევს წინმსწრები რეგისტრაციის გაუქმებას, თუმცა გაუქმება მოიცავს როგორც აქტის ბათილად ცნობას, ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას. აქტის ბათილობა არის მისი უკანონობის და არა გაუქმების მომენტის მაჩვენებელი. ბათილად ცნობის ობიექტი გამოცემის მომენტშივე უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ქ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, აგრეთვე მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება გამოიცა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი. „საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 26.3 მუხლის „ა" ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. სზაკ-ის 601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იწვევს საჯარო რეესტრში ბათილად ცნობილი აქტით რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას იმ შემთხვევაში, თუ აქტის ბათილად ცნობამდე არ არის განხორციელებული უძრავ ქონებაზე სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განსახილველ შემთხვევაში ვ. ქ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობით შეუძლებელია აღდგეს მოსარჩელის საკუთრების უფლება, ვინაიდან ვ. ქ-ის შემდგომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა ზ. გ-ი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შემდგომი სარეგისტრაციო წარმოებები დამოუკიდებლად წარმოადგენენ სარეგისტრაციო აქტების გამოცემის საფუძველს, წინა რეგისტრაციის უკანონობა თავისთავად არ იწვევს შემდგომი რეგისტრაციების ბათილობას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის კანონიერების გადასინჯვის გარეშე (იხ. სუსგ 15.07.2020წ. ბს-791-791 (კ-18), 09.07.2020წ. ბს-173 (4კ-20), 24.09.2015წ. ბს-193-189(2კ-15), 30.04.2015წ. ბს-585-572(4კ-14) და სხვ.) აღნიშნული მიდგომა მოქმედებს მესამე პირებთან მიმართებაში, ვინაიდან რეგისტრირებული მესაკუთრე, თუნდაც ის არ იყოს უძრავი ნივთის ნამდვილი მესაკუთრე, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველზე მესამე პირებისათვის მიიჩნევა ნამდვილ მესაკუთრედ. საკასაციო პალატა არ იზიარებს სს „...ას“ მოსაზრებას მასზედ, რომ რეგისტრაციის შესახებ პირველი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ავტომატურად იწვევს შემდგომი რეგისტრაციების ბათილად ცნობას. სამართალურთიერთობის სპეციალური კანონმდებლობით მოწესრიგების შემთხვევაში სამართალურთიერთობის მოწესრიგება ხდება არა სზაკ-ის, არამედ სპეციალური კანონმდებლობის ნორმებით, ხოლო საკითხის განსაკუთრებული რეგულაციის არ არსებობის პირობებში ძირითად მნიშვნელობას სზაკ-ი იძენს. სზაკ-ი იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ არ არსებობს სპეციალური რეგულაციები ცალკეული სფეროებისათვის. სარეგისტრაციო წარმოების მიმართ სზაკ-ის გამოყენება ხდება იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო წარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობა სხვა წესს არ ითვალისწინებს, ასეთ პირობებში საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომწესრიგებელ კანონმდებლობასთან ერთად გამოიყენება სზაკ-ის ნორმები. რეგისტრაციის ბათილად გამოცხადების შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით („საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 26.4 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების კეთილსინდისიერი შეძენა, ობიექტურად არამართლზომიერი ხასიათის მიუხედავად, საკანონმდელო დაცვას მოკლებული არ არის. საჯაროობის პრინციპი გულისხმობს, რომ ამგვარი უფლება მესამე პირებისათვის რეგისტრაციის მომენტიდან იძენს იურიდიულ ძალას, კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე პირებისათვის რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უკანონობა. სკ-ის 185-ე მუხლი უფლების შემძენს მხოლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერის შემოწმების ვალდებულებას აკისრებს და ადგენს, რომ შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება უძრავი ნივთის მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. დამატებითი მოთხოვნები უძრავი ნივთის შემძენს არ წაეყენება, გამსხვისებლის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაცია საკმარისია იმისათვის, რომ შემძენმა ჩათვალოს, რომ გამსხვისებელი მესაკუთრეა. შემძენს არ უნდა მოეთხოვოს იმაზე მეტის ცოდნა, რაც მის გონივრულ შესაძლებლობებს სცილდება (სუს 10.12.2013წ. Nას-189-182-2013 გადაწყვეტილება). განსახილველ შემთხვევაში უძრავ ქონებაზე თავდაპირველი მესაკუთრის საკუთრების უფლებას უპირისპირდება სავარაუდო კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესები. სადავო ურთიერთობების ფარგლებში თავდაპირველ მესაკუთრეს არანაირი უმართლობა არ მიუძღვის. მოცემული სადავო სამართალურთიერთობების ნებისმიერი სამართლებრივი გადაწყვეტის პირობებში ბუნებრივად შეუძლებელია ორივე მხარის ინტერესების დაკმაყოფილება. სკ-ის 185-ე და 312-ე მუხლები შეეხება შემთხვევას, როდესაც უძრავი ქონების გასხვისება ხდება იმ პირის მიერ, რომელიც არასწორად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ანუ სადავო ნორმები არეგულირებენ შემთხვევებს, როდესაც ქონების გასხვისება ხდება პირის მიერ, რომელიც მესაკუთრეს არ წარმოადგენს, თუმცა ასეთად არასწორად არის რეგისტრირებული. ამდენად, ხსენებული ნორმები ქმნის შემძენის დაცვის გარანტიას იმ შემთხვევაში, როდესაც ქონების გასხვისება ხდება საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არასწორად რეგისტრირებული პირის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს ნამდვილ მესაკუთრეს და რეალურად არ არის უფლებამოსილი გაასხვისოს ქონება. ხსენებული ნორმები იცავენ კეთილსინდისიერ შემძენს, რომელიც ენდობოდა საჯარო რეესტრის არაზუსტ ჩანაწერს. აღნიშნული ნორმებით უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი დაცულია ქონების არასწორად რეგისტრაციასთან დაკავშირებული რისკებისაგან. კეთილსინდისიერი შემძენის ასეთი უფლებრივი მდგომარეობა გამოწვეულია საჯარო რეესტრის სპეციფიური დანიშნულებით სამოქალაქო ბრუნვის მექანიზმში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სიზუსტის პრეზუმფცია ემყარება სამართალში დამკვიდრებული ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს. სკ-ის 185-ე, 312-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე ნათელია, რომ საჯარო რეესტრს, როგორც უძრავ ნივთებზე უფლებათა მარეგისტრირებელ ორგანოს, გააჩნია სანდოობის მაღალი ხარისხი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კანონისმიერების პრეზუმფცია სწორედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული უფლების ჩანაწერის მიმართ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრეს არანაკლები ნდობა გააჩნია საჯარო რეესტრის მონაცემთა მიმართ, კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესები დაცვის ღირს უკეთეს სიკეთედ არის მიჩნეული კანონმდებლის მიერ. პრეზუმფცია თავისი ბუნებით არის იურიდიული ფიქცია, ვარაუდი რეგისტრაციის სისრულის და სისწორის შესახებ, ამ ვარაუდს არ აუქმებს შემდგომში დადგენილი ფაქტი რეგისტრაციის ხარვეზის შესახებ. საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობის პრეზუმფცია სწორედ, რომ ობიექტური რეალობის საწინააღმდეგოდ დაიშვება და მას გამართლება აქვს სწორედ მესამე პირთა ინტერესების დასაცავად. ამდენად, რეგისტრაციის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა თუნდაც მისი გამოცემიდან, არ იწვევს შემდგომი რეგისტრაციების ბათილობას. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის სს „...ას“ მითითება მასზედ, რომ ვ. ქ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა ავტომატურად განაპირობებს ზ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილობას. გადამოწმებას საჭიროებს თითოეული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა (26.3 მუხ. "ა" ქვ.პ.). მოცემულ შემთხვევაში სარჩელი უარყოფილი იქნა ზ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის, მიწის ნაკვეთზე შენობის ასახვის და მიწის ნაკვეთის სხვა ნაკვეთებთან გაერთიანების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში. კასატორი სს „...ა“ არასწორად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას ვ. ქ-ესა და ზ. გ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გასაჩივრების საჭიროების თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა (26.3 მუხ. „ა" ქვ.პ.). მოცემულ შემთხვევაში ზ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ნასყიდობის ხელშეკრულება. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია და სადავოდ არ გამხდარა მხარეებს შორის, რაც გამორიცხავს 12.09.2012წ. №..., 12.04.2013წ. №..., 17.04.2013წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესაძლებლობას. აღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ.სუსგ 11.07.2019წ. ბს-557 (კ-19),15.07.2020წ. ბს-791-791 (კ-18) და სხვ.). მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ძალაში ყოფნის პირობებში შეუძლებელია ზ. გ-ის კეთილსინდისიერების საკითხზე მსჯელობა და ზ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს შეიცავს კასატორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი. კერძოდ, იგი ერთის მხრივ არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო მეორეს მხრივ მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ზ. გ-ის კეთილსინდისიერების საკითხზე. ამდენად, კასატორი აკრიტიკებს სასამართლოს გადაწყვეტილებას აგრეთვე სარჩელის უარყოფის ნაწილშიც. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეებს მინიჭებული აქვთ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მათი მოთხოვნის უარყოფის ნაწილში, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილებულ ნაწილზე საკასაციო საჩივარი დაუშვებელია. ამდენად, ვინაიდან მესამე პირის ზ. გ-ის რეგისტრაციებთან დაკავშირებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საფუძველს მოკლებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების კრიტიკა აღნიშნულ ნაწილში.

საფუძველსაა მოკლებული კასატორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსაზრება მასზედ, რომ საქმის მასალებით არ დგინდება სს „...ას“ სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთსა და ვ. ქ-ის მიერ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საქმეში დაცული სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით ერთმნიშვნელოვნად დგინდება აღნიშნული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. მართალია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარ განაჩენს არ აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვისას, თუმცა კანონმდებლობა არ ადგენს განაჩენით დადგენილი გარემოებების გათვალისწინების შეუძლებლობას ან აკრძალვას. საქმის მასალების, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი გარემოებების ერთობლიობაში გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ ვ. ქ-ის მიერ გაყალბებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და სს „...ას“ სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სხვადასხვაობის თაობაზე მოსაზრება უსაფუძვლოა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სს „...ას“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნენ დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.2018წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.04.2019წ. N№09498 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. სს „...ას“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.02.2019წ. N№1549366390 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე