ბს-216(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ 17.05.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ მოსარჩელის გაფრთხილების შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის 19.04.2017წ. N1207 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.05.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.08.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „...ის“ გაფრთხილების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 19.04.2017წ. N1207 გაკარგულება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით 22.04.2013წ. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოსა და შპს ,,...ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N162/01/51 ხელშეკრულება (... - სახურავის გადახურვა), რომლის ობიექტსაც წარმოადგენდა ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ქ. თბილისის N79 საჯარო სკოლის შენობის გადახურვის სამუშაოების შესყიდვა. შესყიდვის საერთო ღირებულება განისაზღვრა 129 035,40 ლარით, ხოლო შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადად - 06.06.2013 წ.. ამავე მხარეებს შორის 14.05.2013წ. გაფორმდა შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, მხარეები შეთანხმდნენ შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულების შემცირებულ თანხაზე - 127 168,72 ლარზე. იმავე წლის 06 ივნისს დამატებით გაფორმდა შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ჩამოყალიბდებოდა კორექტირებული სახით, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად განისაზღვრა დამატებითი ვადა - 2013 წლის 07 ივნისიდან 2013 წლის 15 ივნისის ჩათვლით. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 29.10.2015წ. N19 ბრძანებით დამტკიცებულ „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვა მომწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა შეიცავდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს (მე-4 მუხ.). სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად და ადგენს მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლებს. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი (მე-7 მუხ.). ამდენად, პალატამ აღნიშნა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით განაცხადის წარდგენისას სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო პირველ რიგში იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ნორმატიულ დანაწესებთან შესაბამისობის საკითხს, შემდგომ კი სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად იკვლევს წარდგენილ მტკიცებულებებს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების ან გაფრთხილების თაობაზე. პალატის მოსაზრებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ სადავო აქტის გამოცემისას არ იქნა შეფასებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. 22.04.2013წ. ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდგომ 15 წლის განმავლობაში, რაიმე წუნის (ნაკლოვანების, დეფექტის) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანება, დეფექტი) გამოწვეული იყო მიმწოდებლის (შპს ,,...ის’’) მიზეზით, იგი ვალდებული იყო აღმოეფხვრა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯით, თუმცა პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით არ დადგინდა განხორციელებული სამუშაოების წუნის გამოწვევა მიმწოდებლის მიერ სამუშაოების უხარისხოდ განხორციელებით, მით უფრო იმ პირობებში, რომ 04.07.2013წ. მხარეების მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით შპს ,,...ის’’ მიერ განხორციელდა ქ. თბილისის N79 საჯარო სკოლის ბრტყელი გადახურვის სამუშაოები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვიდრე სათანადო უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული შესაბამისი აქტით არ დადგინდება შესრულებული სამუშაოს წუნის გამოწვევა მიმწოდებლის მიზეზით (მისი ბრალეულობით), მიმწოდებელს ხელშეკრულების თანახმად არ წარმოეშობა ვალდებულება შესრულებული სამუშაოების წუნის საკუთარი ხარჯით აღმოფხვრის შესახებ. ამდენად, ვიდრე არ დადგინდება მიზეზობრივი კავშირი შესრულებულ სამუშაოს ხარისხსა და დამდგარ შედეგს შორის (წუნი, ნაკლოვანებები, დეფექტი), ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება ვერ დადგინდება. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ შესყიდვის ობიექტის ღირებულებაზე და ასეთად განსაზღვრეს 129 035,40 ლარი, თუმცა შემდგომში განხორციელებული შეთანხმებებით დააკორექტირეს მოცემული თანხა და ღირებულებად განსაზღვრეს 127 168,72 ლარი, საბოლოოდ, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 118 288,18 ლარი, მოსარჩელემ განახორციელა შეთანხმებულ თანხაზე ნაკლები ღირებულების სამუშაო, რასაც შემსყიდველი ორგანიზაცია დაეთანხმა, მიღება-ჩაბარების დროს მოიწონა შესრულებული სამუშაო და პრეტენზია არ განუცხადებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატა მხოლოდ საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევაზე უთითებს. კასატორი თვლის, რომ მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული სახელშეკრულებო ვალდებულებები, კერძოდ, არ აღმოფხვრა შესრულებულ სამუშაოებში არსებული ხარვეზები. ამასთანავე, დგინდება, რომ მიმწოდებელმა შეასრულა მხოლოდ 118288,18 ლარის ღირებულების სამუშაო, ანუ ვალდებულების სრული მოცულობის 93%. გასათვალისწინებელია, რომ ზამთრის პერიოდში დაზიანდა სკოლის სახურავი, რის შესახებაც ეცნობა მიმწოდებელს, თუმცა მის მიერ შეკეთებული სახურავი კვლავ დაზიანდა, რის შემდეგაც იგი აღარ ასრულებდა აღდგენით სამუშაოებს. მიმწოდებელი ორგანიზაცია არ ასრულებდა შემსყიდველის მოთხოვნას ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ, რაც ქმნიდა კედლებისა და ინვენტარის დაზიანების საშიშროებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 29.10.2015წ. N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იყო, მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიემართა სააგენტოსთვის წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობოდა მიმწოდებლის, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული, შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი (4.1 მუხ.), წერილობითი შეტყობინება უნდა ყოფილიყო დასაბუთებული (4.4 მუხ.). სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (7.1 მუხ.). საკითხის გადაწყვეტისას სააგენტოს ერთმნიშვნელოვნად უნდა დაედგინა შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის არსებობა და გადაეწყვიტა მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის ან გაფრთხილების მიცემის საკითხი (7.2 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ 22.04.2013წ. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ქ. თბილისის N79 საჯარო სკოლის შენობის გადახურვის სამუშაოების განხორციელების მიზნით. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვილებების შედეგად ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 15 ივნისის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების ობიექტის საერთო ღირებულებად დადგინდა 127168,72 ლარი. 04.03.2013წ. შედგა N162/01/51 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით 22.04.2013წ. ხელშეკრულების თანახმად შპს „...მა“ განახორციელა ქ. თბილისის N79 საჯარო სკოლის ბრტყელი გადახურვის სამუშაოები, რომელიც დასრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შპს „...ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებაა 118288,18 ლარი. შემსყიდველი ორგანიზაცია და სადავო აქტის გამომცემი ორგანო მიიჩნევენ, რომ ვინაიდან დადასტურდა შპს „...ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების უფრო ნაკლები ღირებულება, ვიდრე ეს ხელშეკრულებაშია მითითებული, შესაბამისად, აღნიშნულით დადასტურდა შპს „...ის“ მიერ ვალდებულებათა არასრულად შესრულება. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორისა და შემსყიდველი ორგანიზაციის აღნიშნულ მოსაზრებას, რადგან სამუშაოთა შესრულებაზე უფრო ნაკლები თანხის დახარჯვა არ ადასტურებს სამუშაოთა არასრულად ან უხარისხოდ შესრულებას, ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული მიღება-ჩაბარების აქტი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას გადახურვის ხარვეზების ან სამუშაოს არასრულად, ნაწილობრივ შერულების შესახებ, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესრულებული სამუშაო მიიღო არსებული სახით და რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია. მხოლოდ ის ფაქტი, რომ სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზე ნაკლები თანხა დაიხარჯა, არ ადასტურებს სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ საქმეში დაცულია შემსყიდველი ორგანიზაციის - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო სამსახურის უფროსის 14.05.2013წ. და 03.06.2013წ. შედგენილი სამსახურებრივი ბარათები, რომელთა თანახმად, დამატებით შემოწმდა დამათბუნებელი შრისა და ბეტონის მოჭიმვის მდგომარეობა, რა დროსაც დადგინდა, რომ ბეტონის სიმტკიცე დამაკმაყოფილებელია.
კასატორი უთითებს, რომ შემსყიდველის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად მიმწოდებელმა ორგანიზაციამ არ გამოასწორა სახურავზე წარმოქმნილი დაზიანება. საქმეში დაცულია 15.05.2017წ. შედგენილი აქტი მასზედ, რომ შპს „...მა“ განახორციელა ქ. თბილისის N79 საჯარო სკოლის შენობის დაზიანებული სახურავის აღდგენა, მოხდა ქვიშა-ცემენტის ხსნარის მოჭიმვის მოწყობა და დაეგო ორი ფენა ბიკროსტი, ამასთანავე, ვინაიდნ შპს „...ის“ მიერ აღნიშნული სამუშაოების შესრულებამდე მოხდა დაზიანებული სახურავის ფრაგმენტული აღდგენა და დამუშავება წყალგაუმტარი ხსნარებით, შენობაში არ მომხდარა წყლის ჩასვლა (ს.ფ. 62). საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე 2017 წლის 05 აპრილსა და 07 აპრილს გაცემული სასაქონლო ზედნადებები, რომელთა თანახმად, შპს „...მა“ უზრუნველყო გლდანში, N79 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სამშენებლო მასალის (ქვიშის, ცემენტის, ჰიდროს.მას.) ტრანსპორტირება. სადავო აქტი გამოცემულ იქნა 19.04.2017წ. ანუ მას შემდეგ, რაც მიმწოდებელმა სახურავის შესაკეთებელი სამშენებლო მასალა განათავსა შესაბამის ადგილზე და დაიწყო მზადება სახურავის შესაკეთებლად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის, დაზიანებული ობიექტის ადგილზე დათვარიელების, შესაბამისი ინფორმაციის მქონე პირების გამოკითხვის შედეგად, სააგენტო შეძლებდა აღნიშნული გარემოების დადგენას.
სადავო აქტის გამოცემისას სააგენტომ არ გაითვალისწინა აგრეთვე ის გარემოება, რომ სახურავის დაზიანებას არ გამოუწვევია სკოლის შენობაში ბუნებრივი ნალექების ჩადინება, რადგან სახურავზე განხორციელებული იყო დროებითი ღონისძიებები, რითაც თავიდან იქნა აცილებული შენობაში წყლის ჩასვლა და მისი დაზიანება. საკასაციო პალატა თვლის, რომ მხოლოდ შენობისა და მასში არსებული ინვენტარის დაზიანების თეორიული საფრთხის არსებობა არ ქმნიდა შპს „...ის“ გაფრთხილების საკმარის საფუძველს. მართებულია აგრეთვე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სადავო აქტის გამოცემისას არ შეფასებულა სახურავის დაზიანების გამომწვევი მიზეზი, არ დადგენილა სახურავის დაზიანება შპს „...ის“ მიერ თავის სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ქ. ცინცაძე