Facebook Twitter

ბს-691 (2კ-19) 29 ოქტომბერი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სს „...ის“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...ომ“ 10.05.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა „საყოველთაო ჯანმრთლეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 03.01.2018წ. N04/16 გადაწყვეტილების, „საყოველთაო ჯანმრთლეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 23.01.2018წ. N04/3899 გადაწყვეტილების, შპს „...ოს“ 31.01.2018წ. N113/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 27.04.2018წ. N04/24432 გადაწყვეტილების, შპს „...ოს“ 31.01.2018წ. N109/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 27.04.2018წ. N04/24429 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.10.2018წ. გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთლეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 23.01.2018წ. N04/3899 გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი შპს „...ოს“ 31.01.2018წ. N109/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 27.04.2018წ. N04/24429 გადაწყვეტილება; ნაწილობრივ, პაციენტ ნ. მ-ის სამედიცინო შემთხვევის (N...) ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 03.01.2018წ. N04/16 გადაწყვეტილება, ნაწილობრივ, პაციენტ ნ. მ-ის სამედიცინო შემთხვევის (N...) ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 27.04.2018წ. N04/24432 გადაწყვეტილება შპს „...ოს“ 31.01.2018წ. N113/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ოს“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2018წ. განჩინებით შპს „...ოს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „...ი“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2019წ. განჩინებით სს „...ის“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების N1.2 დანართში მითითებული კოდირების სისტემაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პაციენტების ნ. ნ-ის და ნ. მ-ის სამედიცინო შემთხვევების ნაწილში ადგილი არ ჰქონია შეტყობინების წესის დარღვევას და არ არსებობს შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. რაც შეეხება ა. ლ-ის სამედიცინო შემთხვევას, სააპელაციო პალატა თვლის, რომ საქმეში დაცული დოკუმენტაციის თანახმად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სადავო აქტების ბათილად ცნობის თაობაზე ა. ლ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სს "...ის" უფლებამონაცვლის სს „...ის“ მიერ.

კასატორი - სს „...ი“ აღნიშნავს, რომ სასამართლომ უგულებელყო სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 12.04.2010წ. N92/ნ ბრძანებით დამტკიცებული სკანდინავიური ქვეყნების ქირურგიული პროცედურების კლასიფიკატორის (NCSP) გამოყენების წესი. სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია, რომ პაციენტ - ა. ლ-ს ჩაუტარდა ჩარევა - NGSJ41 და არა NGSJ42. პაციენტი, 12 წლის ა. ლ-ი, ჰოსპიტალიზირებული იყო შპს „...ში“ 2017 წლის 1-ლი ივლისიდან 2017 წლის 9 ივლისის ჩათვლით, დიაგნოზით - მარჯვენა დიდი წვივის ძვლის ქვედა ბოლოს მოტეხილობა“ – S82.3., მარჯვენა წვივის სხვა ნაწილების მოტეხილობა S82.8. 02.07.2017წ. პაციენტს ჩაუტარდა ჩარევა - მარჯვენა დიდი წვივის ძვლის ქვედა ბოლოს მოტეხილობის ოსტეოსინთეზი - მუხლის ან წვივის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია ჩხირის, ღეროს, სერკლაჟის, ან ლურსმნის/ჭანჭიკის გამოყენებით, დიდი წვივი - NGSJ41. პაციენტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის N1.1 დანართით განსაზღვრული სამედიცინო პირობებით მოსარგებლეს. იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულ შემთხვევაში პაციენტისთვის გაწეულ კონკრეტულ მომსახურებას და ჩარევას არ მოიცავს ამავე დადგენილების N1.2 დანართის დიაგნოზების და ჩარევების ჩამონათვალი, შეტყობინების სისტემაში დიაგნოზი გადაცემულია გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით, ხელოვნური კოდით - ..., რაც ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან. პაციენტის მკურნალობის მომენტში მოქმედი საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით განსაზღვრული კოდირების სისტემა მოიცავდა ჩარევის განხორციელებას დიდი წვივის დიაფიზზე, აღნიშნულ პაციენტს კი აღენიშნებოდა დიდი წვივის პროქსიმალური ბოლოს მოტეხილობა. პაციენტთან ჩარევა განხორციელდა დიდი წვივის ზედა მედიალურ მესამედზე და არა დიაფიზზე.

კასატორი მიუთითებს, რომ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარების და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად ექიმი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ექიმს აქვს პაციენტის მდგომარეობის შეფასების და მკურნალობის ღონისძიებების განსაზღვრის შესაძლებლობა და უფლებამოსილება. სასამართლომ არ უნდა იხელმძღვანელოს მოპასუხე მხარის ზეპირსიტყვიერი განმარტებებით, რასაც არანაირი დასაბუთება და მტკიცებულებები არ მოსდევს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. სამწუხაროდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მუდმივად უგულებელყოფს აქტის დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერ ვალდებულების მნიშვნელობის, ადმინისტრაციული წარმოების კანონის მოთხოვნის შესაბამისად ჩატარების და აქტის დასაბუთების აუცილებლობაზე კასატორი მიუთითებს სუს 23.09.2014წ. ბს-246-243(კ-14) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ შესაბამისი დასაბუთების და მტკიცებულებების გარეშე იმის გადაწყვეტა, რომ ექიმმა არასწორად განსაზღვრა ჩარევა, ხოლო შემდეგ სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარი, ეწინააღმდეგება ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას. კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 30.10.2017წ. N486 დადგენილების თანახმად განხორციელდა რიგი ცვლილებები საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებაში. აღნიშნული დადგენილების 1.2 დანართით განსაზღვრული დიაგნოზებისა და ჩარევების ჩამონათვალს დაემატა დიაგნოზი და ჩარევა - დიდი წვივის პროქსიმალური ბოლოს მოტეხილობა/ დიდი წვივის დიაფიზური(სხეულის) მოტეხილობა/ დიდი წვივის დისტალური ნაწილის მოტეხილობა S82.3- მუხლის ან წვივის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია; დიდი წვივი - NGSJ41. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ კოდირების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებული იყო მიმწოდებლისათვის დაედგინა ხარვეზი. ზემოაღნიშნული დადგენილების 15.2 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს ანაზღაურებაზე უარის თქმის შემთხვევებს და შეტყობინებისას კოდირების წესის დარღვევას არ ითვალისწინებს ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად. შესაბამისად, სახეზეა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების წინაპირობები.

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აღნიშნავს, რომ პაციენტ ნ. ნ-ის სამედიცინო შემთხვევის დროს გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები: იგი მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით 06.03.2017წ.-09.03.2017წ. პერიოდში, დიაგნოზით - J06.9 ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, შეტყობინება განხორციელებულია G44.8 თავის ტკივილის სხვა დაუზუსტებელი სინდომების დიაგნოზით. მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 11.1 მუხლი, სამედიცინო შემთხვევის დაფინანსება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. პაციენტ ნ. მ-ის შემთხვევის ნაწილში ადგილი ჰქონდა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: იგი მკურნალობდა მოსარჩელე დაწესებულებაში 05.07.2017წ.-07.07.2017წ. პერიოდში გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით G92.5 ტერფის სხვა თითების მოტეხილობა, რაც ითვალისწინებს ჩარევას კოჭ-წვივის ან ტერფის მოტეხილობის შიდა ფიქსაციას ჩხირის, ღეროს, სერკლაჟის, ან ლურსმნის გამოყენებით, რაც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. რაც შეეხება პაციენტ - ა. ლ-ის შემთხვევას, იგი მკურნალობდა მოსარჩელე დაწესებულებაში 01.07.2017წ.-09.07.2017წ. პერიოდში გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით S82.3 დიდი წვივის დისტალური ნაწილის მოტეხილობა, რაც ითვალისწინებს ჩარევას მუხლის ან წვივის მოტეხილობის შიდა ფიქსაციას ჩხირის, ღეროს, სერკლაჟის ან ლურსმნის/ჭანჭიკის გამოყენებით, რაც ასევე სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების დარღვევის პირობებში არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სს „...ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით პაციენტი ნ. ნ-ე მკურნალობდა შპს „...ში“ დიაგნოზით ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (J06.9) და თავის ტკივილის სხვა დაუზუსტებელი სინდრომები (G44.8), ჩაუტარდა შემდეგი დიაგნოსტიკური გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, თავის ტვინის კტ., მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, პედიატრის კონსულტაცია, ჩარევის კოდი: სტაციონარი (ZYZA00). ინსპექტირების შედეგად შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნტის შესაბამისად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძლად ზემოაღნიშნული მუხლის მითითება, ასევე უსაფუძვლოა სააგენტოს პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ნ-ე ჰოსპიტალიზირებულ იქნა მხოლოდ გეგმიური კვლევების ჩასატარებლად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცულია ა. ლაჭყეპიანის სახელობის ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის 28.06.2018წ. დასკვნა, რომლის თანახმად, პაციენტის - ნ. ნ-ის სტაციონირება აუცილებელი იყო, ესაჭიროებოდა სტაციონალური მეთვალყურეობა, საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად ძლიერი ინტენსივობის თავის ტკივილი ითვლება ჰოსპიტალიზაციის ჩვენებად. ამდენად, არსებობდა ჰოსპიტალური კომპონენტის ფარგლებში ნ. ნ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების საფუძველი.

პაციენტი - ნ. მ-ი მკურნალობდა ასევე სტაციონალური მომსახურების კომპონენტის ფარგლებში დიაგნოზით ტერფის სხვა თითების მოტეხილობა (S92.5), განხორციელდა ჩარევა: მარჯვენა ტერფის მე-5 თითის ოსტეოსინთეზი ჩხირით (NHSJ48), რომელიც ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან. მოცემულ შემთხვევაში ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მითითებული დიაგნოზი/ჩარევა იდენტურია საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით გათვალისწინებული დიაგნოზის/ ჩარევის კოდების: შესაბამისად S92.5-ტერფის სხვა თითების მოტეხილობა და NHSJ29 - კოჭ-წვივის ან ტერფის მოტეხილობის გარე ფიქსაცია, რაც არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დიაგნოზის - ტერფის სხვა თითების მოტეხილობის S92.5 კოდით გადაცემა სააგენტოს მიერ სადავოდ არ არის გამხდარი, ხოლო საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილება S92.5 კოდისათვის გაწერილ ჩარევებზე მიუთითებს მხოლოდ კოჭ-წვივის და ტერფის მოტეხილობასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებზე და არაფერია ნათქვამი ფეხის თითის მოტეხილობის შესახებ, არ იკვეთება სამედიცინო დაწესებულების მიერ ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული კოდირების სისტემის დარღვევა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დაწესებულების მიერ გამოყენებული ჩარევის კოდი - NHSJ48 შესაბამისობაშია სკანდინავიური ქვეყნების ქირურგიული პროცედურების კლასიფიკატორთან, რომლის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას გამოყენება დამტკიცებულია საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 12.04.2010წ. N92/ნ ბრძანებით.

რაც შეეხება პაციენტ ა. ლ-ის შემთხვევას, საქმის მასალების მიხედვით პაციენტი მკურნალობდა ასევე გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით დიდი წვივის დისტალური ნაწილის მოტეხილობა (S82.3), განხორციელდა ჩარევა: მუხლის ან წვივის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია ჩხირის, ღეროს, რეკლაჟის ან ლურსმნის/ჭანჭიკის გამოყენებით (NGSJ41), რაც ითვალიწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან. ზემოაღნიშნულ შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ იმ საფუძვლით, რომ შეტყობინება არ იყო გადაცემული 21.02.2013წ. N36 დადგენილებით განსაზღვრული კოდირების შესაბამისად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მიხედვით დიდი წვივის დისტალური ნაწილის მოტეხილობისთვის ჩარევის კოდათ განსაზღვრული იყო არა NGSJ41, არამედ NGSJ42, რომელიც ითვალისწინებდა ჩარევის განხორციელებას არა მხოლოდ დიდი წვივის დიაფიზზე, არამედ დიდი წვივის დისტალურ ნაწილზე. ამდენად, ანაზღაურება მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო შესაბამისი ჩარევის კოდის საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სს „...ის“ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სს „...ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2019წ. განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.06.2019წ. N18717 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. სს "...ს" (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.05.2019წ. NExcNo: 2098162 (რეფერენს ნომერი: ...) ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე