Facebook Twitter

#ბს-359(კ-20) 07 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. კ-ა; მესამე პირები - გ. კ-ა, მ. ხ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 04 თებერვალს თ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1235/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის თ. კ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

2019 წლის 18 თებერვლის განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 მაისის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთნენ მ. ხ-ა და გ. კ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით თ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1235/ო ბრძანება და მოპასუხეს თ. კ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. კ-ა რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქ. №5, ...ა, რომელიც 2018 წლის 5 ივნისის მდგომარეობით წარმოადგენდა სახელმწიფოს გადაუდებელი ინტერესის ობიექტს და შესაბამისმა უწყებამ წერილობით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1235/ო ბრძანებით, თ. კ-ას ოჯახს (მეუღლე და შვილი), როგორც სახელმწიფო დაინტერესებაში არსებულ ობიექტში - ...ში მაცხოვრებელს, ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, თ. კ-ას რეგისტრირებული ადგილისაგან განსხვავებულ ადგილას მუდმივად ცხოვრებასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ თ. კ-ას მეუღლემ - მ. ხ-ამ საცხოვრებლის უზრუნველყოფის შესახებ განაცხადის გაკეთებისას საცხოვრებელ ადგილად დააფიქსირა სხვა მისამართი, სადაც ცხოვრობდა სხვის საკუთრებაში, ქირის გარეშე, ხოლო მოსარჩელის მამამ - ბ. კ-ამ მონიტორინგისას ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს მიუთითა თ. კ-ას, სხვა მისამართზე ქირით ცხოვრებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხსენებული ინფორმაცია ეხებოდა, ერთის მხრივ, 2015 წლის თებერვალში გაკეთებულ განაცხადსა და შევსებულ კითხვარს და მეორეს მხრივ, 2017 წლის თებერვალში განხორცილებულ მონიტორინგს, ხოლო კომისიის მიერ სადავო გადაწყვეტილებები მიღებული იყო 2018 წლის ივნისი-ივლისის თვეებში, ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა თუ გადამოწმების გარეშე. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბ. კ-ას და მ. ხ-ას მიერ მიწოდებული ინფორმაცია იდენტური იქნებოდა, ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული წინა წლების ინფორმაცია ავტომატურად არ გულისხმობდა სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოსარჩელის ქ. თბილისში, ...ის ქ. №5-ში არ ცხოვრებას და განსახლების საჭიროების არარსებობას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მართალია, კომისია უფლებამოსილი იყო თავად განესაზღვრა დევნილი ოჯახის განსახლების საჭიროება, მაგრამ აღნიშნული გამყარებული უნდა ყოფილიყო სათანადო გარემოებებითა თუ მტკიცებულებებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, გადამოწმების ოქმითა და საქმის სხვა მასალებით დადასტურებული იყო, რომ თ. კ-ას ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნდა უძრავი ქონება. ამდენად, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავდა მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებული ყოფილიყო ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით. ამასთანავე, მოწმეთა განმარტებით, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში კეკელიების მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 28-29 კვ. მეტრს შეადგენს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებებზე, რომლითა მიხედვით დადასტურდა თ. კ-ას სადავო მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტიც. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მეუღლემ - მ. ხ-ამ 2015 წლის 02 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გრეძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. განმცხადებლის ინფორმაციით იგი ფაქტობრივად ცხოვრობდა არა ...ის ქ. №5-ში, არამედ ქ. თბილისში, ...ის მე-4 კვ, კორპ. #7, ბინა #14. ამასთანავე, 2017 წლის 22 თებერვალს დევნილთა აღწერის მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ...ის ქ. #5, მე-2 სართ., ბინა #7-ში. აღწერის ფორმის თანახმად, მითითებულ მისამართზე ცხოვრობდნენ ი. გ-უა, ბ. კ-ა და რ. კ-ა, ხოლო მეორე შვილი - თ. კ-ა ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა ქირით სხვა მისამართზე. აღნიშნული, კასატორის მოსაზრებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი არის ყოფილა ...ის ქ. №5.

კასატორის მითითებით, ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა დაწინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. კონკრეტულ შემთხვევაში, ქ. თბილისში, ...ის ქ. #5-ში მდებარე ყოფილ „...ის“ შენობაში მონიტორინგისას დადგინდა, რომ მოსარჩელის ოჯახი რეალურად არ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე.

კასატორის განმარტებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 6 ივლისის სხდომაზე (ოქმი №32) განმეორებით მოხდა ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა, რის საფუძველზეც, თ. კ-ას ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისში, ...ის ქ.№5) ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. შესაბამისად, გამოიცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1235 ბრძანება.

კასატორის მითითებით, ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. კასატორის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისათის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა, გამოიკვლია და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის #01-1235/ო სადავო ბრძანებით მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი სახოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ ოჯახი რეალურად არ ცხოვრობდა მის მიერ მითითებულ ობიექტში. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მეუღლის მიერ 2015 წელს შევსებულ კითხვარში ოჯახის მისამართად არ იყო მითითებული ქ. თბილისი, ...ის ქ. №5, ყოფილი „...ა“. ამასთანავე, 2017 წელს დევნილთა აღწერის მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ...ის ქ. #5, მე-2 სართ., ბინა #7-ში. აღწერის ფორმის თანახმად, მითითებულ მისამართზე ცხოვრობდნენ მოსარჩელის მშობლები - ი. გ-უა და ბ. კ-ა, აგრეთვე მოსარჩელის და - რ. კ-ა, ხოლო მეორე შვილი - თ. კ-ა ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა ქირით სხვა მისამართზე. სწორედ ხსენებული გარემოებები დაედო საფუძვლად სადავო ბრძანების გამოცემას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტროს სადავო აქტი არ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ თანახმად, აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით წესი განსაზღვრავს, ერთის მხრივ, კრიტერიუმებს, ხოლო, მეორეს მხრივ, საგამონაკლისო შემთხვევებს რა დროსაც შესაძლებელია კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს უპირატესობა/პრიორიტეტი, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთი გამონაკლისია განმცხადებელი ოჯახის ცხოვრება იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ. კ-ა რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქ. №5, „...აში“, რომელიც 2018 წლის 5 ივნისის მდგომარეობით წარმოადგენდა სახელმწიფოს გადაუდებელი ინტერესის ობიექტს. ამდენად, არსებობდა მოსარჩელის ოჯახის საგამონაკლისო წესით განსახლების წინაპირობები.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით არ დასტურდება მოსარჩელის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობა. ამასთანავე, მოსარჩელის დევნილის მოწმობის თანახმად, მის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) - ქ. თბილისი, ...ის ქ. №5, „...ა“ წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პირველი ინტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებზე, რომელთა თანახმად, მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ქ. თბილისი, ...ის ქ. #5, „...ა“ წარმოადგენს. ამდენად, დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა მოსარჩელის სადავო მისამართზე არცხოვრების შესახებ. საკასაციო პალატა აგრეთვე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ ფართის სიმცირის გამო, მოსარჩელის ოჯახის დროებით სხვა მისამართზე ქირით ან ქირის გარეშე ცხოვრების ფაქტი არ გამორიცხავს ხსენებული ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე