Facebook Twitter

ბს-302 (კ-19) 22 ოქტომბერი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 19.05.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მ-ის მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტში 7130.70 ლარის დაბრუნების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.09.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდებოდა ა. მ-ის მიერ სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტის სახით გამოყოფილი თანხის შესაბამის სასწავლო დაწესებულებაში გადახდა. არ იქნა გაზიარებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსაზრება მასზედ, რომ ა. მ-ის მიერ სწავლების დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატის წარმოუდგენლობა სასწავლო გრანტის არამიზნობრივად ხარჯვას ადასტურებდა და თანხის დაბრუნების მოთხოვნის საფუძველს ქმნიდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასწავლო გრანტით ა. მ-ის სწავლების ნაწილობრივ დაფინანსება განხორციელდა. გრანტის სახით მისთვის გადაცემული თანხა გადარიცხული იქნა შესაბამის სასწავლო დაწესებულებაში, რაც დადასტურებულია საქმის მასალებით. სწავლების ის ნაწილი, რომელიც არ დაფინანსებულა სასწავლო გრანტით ა. მ-ეს არ გაუვლია, შესაბამისად, მან ვერ მიიღო სწავლების დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა არა სერთიფიკატის წარდგენას, არამედ საგრანტო თანხის გამოყენების მიზნობრიობას. საგრანტო თანხა ა. მ-ის მიერ გამოყენებული იქნა სასწავლო მიზნით, სასწავლო დაწესებულებაში გადახდის გზით, ხოლო სწავლების დაუსრულებლობა და სერთიფიკატის სამინისტროსთვის წარუდგენლობა არ ქმნიდა თანხის მისი მხრიდან დაბრუნების საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა მართებულად დაიწყო იმ პერიოდიდან, როდესაც შეწყდა გრანტის გაცემა (2010 წლის 10 ივნისი). არ იქნა გაზიარებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსაზრება მასზედ, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა სასწავლო პროგრამის დასრულების თარიღიდან - 2013 წლიდან უნდა მომხდარიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ ა. მ-ეს ხელშეკრულებით განესაზღვრა გრანტის თანხის მიზნობრივად გამოყენების ვალდებულება. ამავე ხელშეკრულებით გრანტის გამცემს მიენიჭა გრანტის მიმღების მიერ თანხების ხარჯვის მონიტორინგის უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გრანტის თანხა გაიცა აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნით, რომლის მიღება შესაძლებელია დადასტურდეს მხოლოდ სწავლების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატით. ა. მ-ეს არ წარმოუდგენია აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატი. აღნიშნული სერთიფიკატის წარმოუდგენლობა ქმნის გრანტის თანხების არამიზნობრივად გახარჯულად მიჩნევის და თანხის დაბრუნების მოთხოვნის საფუძველს.

არასწორია სასამართლოს მიერ მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2010 წლიდან, ვინაიდან ა. მ-ის სწავლების ვადა სრულდებოდა 2013 წელს, მას აღნიშნულ პერიოდში უნდა წარმოედგინა სწავლების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მან არ წარმოადგინა. სარჩელი აღიძრა 2016 წელს ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დაცვით, ამდენად სარჩელი არ არის ხანდაზმული.

საკასაციო სასამართლოს 11.03.2019წ. განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეული იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და ა. მ-ეს შორის დაიდო „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლითაც გრანტის გამცემმა ა. მ-ის მიმართ „საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების სასწავლო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის“ ფარგლებში გასცა გრანტი, რომლის ხარჯვის მონიტორინგის უფლებამოსილება მიენიჭა ნებისმიერ დროს და საშუალებით. ამავე ხელშეკრულებით ა. მ-ეს დაეკისრა გრანტის უცხოეთის სასწავლო დაწესებულების სწავლის ღირებულებასთან ან საზღვრგარეთ მგზავრობასთან, ცხოვრებასა და სწავლასთან, ამავე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით ხარჯვის ვალდებულება (1.2, 3.2 პუნქტები) (ტ.1.ს.ფ.14-15). ამავე ხელშეკრულების თანახმად გრანტის მიმღების მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გრანტის გამცემს გააჩნდა ხელშეკრულების ცალხრივად შეწყვეტის უფლებამოსილება (4.2 პუნქ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის გრანტის ხელშეკრულების შესაბამისად ა. მ-ის მიერ მიღებული თანხების მის მიერვე შესაბამის სასწავლო დაწესებულებაში გადახდის ფაქტს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. მ-ე სწავლობდა აშშ-ში ...ის უნივერსიტეტში 2009 წლის შემოდგომის სემესტრში, 2010 წლის ზამთრის სემესტრში და 2010 წლის გაზაფხულის სემესტრში. ამ პერიოდში მიღებული სასწავლო კრედიტები აღიარებულია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 06.12.2014წ. გადაწყვეტილებით (ტ.1.ს.ფ.53). კასატორი სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს ა. მ-ის მიერ სწავლების დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატის წარუდგენლობას და მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ა. მ-ის მიერ გრანტის თანხის მიზნობრივად ხარჯვას დაადასტურებდა სწავლების დასრულების დოკუმენტი, რაც მას არ წაუდგენია სამინისტროსთვის. საკასაციო პალატა იზიარებს აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას სწავლების დასრულების სერთიფიკატის წარდგენის საჭიროებაზე. ხელშეკრულების თანახმად გრანტის მიმღებს დაეკისრა გრანტის ხარჯვის ვალდებულება უცხოეთის სასწავლო დაწესებულების სწავლის ღირებულებასთან ან საზღვრგარეთ მგზავრობასთან, ცხოვრებასა და სწავლასთან, ამავე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით (1.2, 3.2 პუნქტები). საქმის მასალებით არ დასტურდება ა. მ-ის მიერ ხელშეკრულების აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა. კასატორის მოსაზრება სწავლების დასრულების სერთიფიკატის წარმოდგენის საჭიროების თაობაზე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს. აღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს აგრეთვე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან, რომლის თანახმად გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის (5.2 მუხ.). ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა სარჩელის უსაფუძვლოდ მიჩნევის თაობაზე. საკასაციო პალატა იზიარებს აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. კასატორი ა. მ-ის მიმართ მოთხოვნას არასწორად უკავშირებს სწავლების დასრულებას, ამდენად მის მიერ არასწორად მოხდა ხანდაზმულობის ვადის ათვლა ა. მ-ის სწავლების დასრულების სავარაუდო თარიღიდან (2013წ.). მართებულია სასამართლოების დასკვნა მასზედ, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მომენტიდან, სწორედ ამ პერიოდიდან 3 წლის განმავლობაში შეეძლო ედავა კასატორს ა. მ-ის მიერ გრანტის თანხის არამიზნობრივად ხარჯვის თაობაზე. 2016 წელს სარჩელის აძღვრით მან დაკარგა მოთხოვნის უფლება ა. მ-ის მიმართ. ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაში უფლებამოსილ სუბიექტს შეუძლია მოახდინოს თავისი მოთხოვნის იძულებითი რეალიზაცია, რადგან ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. სასამართლოსთვის ხანდაზმულობის ვადის გაცდენით მიმართვა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური თვალსაზრისით და ქმნის სარჩელის უარყოფის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე