Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-873(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ფ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა მიწის ნაკვეთზე დ. ფ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს 2018 წლის 22 მარტის N421 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის დ. ფ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

დ. ფ-მა სარჩელში აღნიშნა, რომ 2002 წლიდან სარგებლობდა და ფლობდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 1424 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ, საცხოვრებელი დანიშნულების შენობას, რომლის დანგრევაც განხორციელდა 2009 წელს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლება ექვემდებარება აღიარებას და ადმინისტრაციული ორგანოს 2018 წლის 22 მარტის N421 განკარგულება უკანონოა. შესაბამისად, დ. ფ-მა სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 22 მარტის N421 განკარგულება მიწის ნაკვეთზე დ. ფ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.

მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის არსებობის თაობაზე მსჯელობისას, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი და დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, რადგან არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად სარგებლობისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

კასატორის განმარტებით, არ დგინდება მიწის ნაკვეთზე ნანგრევის არსებობა და არც ის, რომ ნანგრევი წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის დარჩენილ ნაწილს. აღნიშნულის დასადასტურებლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც მიწის ნაკვეთზე არსებულ სამშენებლო მასალის ცალკეულ ელემენტებს გააჩნიათ საცხოვრებელი სახლისთვის დამახასიათებელი ნიშნები, თუმცა ადგილზე დარჩენილი კონსტრუქციების რაოდენობა სრულყოფილად არ მიუთითებს ადრე არსებული საცხოვრებელი შენობის არსებობაზე.

ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებით აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი ორთოფოტოებით (2005, 2010 და 2014 წლები) არ დგინდება მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობის ფაქტი.

კასატორის შეფასებით, საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე გათვალისწინებულია ქონების განკარგვის შეზღუდვა. კერძოდ, მიწის ნაკვეთის ნაწილი მდებარეობს სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1), რის გამოც საკუთრების უფლება არ ექვემდებარება აღიარებას ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად.

კასატორი აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის და არა სახელმწიფოს საკუთრებას, რის გამოც იგი არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მისი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა სწორად.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება არ არის საკმარისად იურიდიულად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა ნორმატიული აქტები და მიუთითა მათი გამოყენების მოტივებზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა იმ მოთხოვნის იურიდიული საფუძველი, რომელიც უკავშირდება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას და ასევე სწორად გამოიყენა და განმარტა შესაბამისი ნორმები. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტების თანახმად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მიწის ნაკვეთის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ყოფნა წარმოადგენს მასზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ გარემოებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეზე გაკეთებული განმარტების მიხედვით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მოქმედება ვრცელდება როგორც სახელმწიფოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით (სუსგ, №ბს-504-501(კ-17), თარიღი: 28/10/2019).

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება არ ექვემდებარება აღიარებას, რადგან მასზე გათვალისწინებულია ქონების განკარგვის შეზღუდვა, კერძოდ, მიწის ნაკვეთი ნაწილი მდებარეობს სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1). განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დასკვნის თანახმად, რომელიც გაცემულ იქნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 20 იანვრის წერილის საპასუხოდ, არ დასტურდება საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე სატრანსპორტო ზონის (ტზ-1) გავრცელება (ტ. I, ს.ფ. 58). შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ვერ იქნებოდა მიჩნეული საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რის შედეგადაც მიღებულ უნდა ყოფილიყო დ. ფ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. განსახილველ საქმეს თან ერთვის მასალები რომლებიც მიუთითებენ საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობების შესაძლო არსებობაზე: კერძოდ, რამდენიმე პირის მიერ ხელმოწერილი და 2016 წლის 29 თებერვალს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების მიხედვით, დ. ფ-ი 2002 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთითა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 26 ოქტომბრის №007445118 დასკვნის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებობს სამშენებლო მასალები, მოწყობილია ბეტონის წერტილოვანი საძირკვლები კვეთით 40X 40სმ ჩაღრმავებული მიწის ზედაპირიდან 20 სმ-ით თიხნარ გრუნტზე(ფოტო 7), საძირკვლის ზედა ნაწილში წვრილი ბეტონის ბლოკებით და აგურით შესრულებულ წყობაზე დაგებულია ხის კოჭები(ფოტო 8). შესაბამისად, კასატორის მითითება უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ნანგრევის არ არსებობის თაობაზე უსაფუძვლოა.

საკასაციო სასამართლო ერთის მხრივ არ უარყოფს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ საქმეზე წარმოდგენილი ორთოფოტოებით (2005, 2010 და 2014 წლები) არ დგინდება მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობის ფაქტი; თუმცა მეორეს მხრივ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობა შესაძლოა გახდეს უძრავი ობიექტი, რომლის მშენებლობა წარმოებდა 2005 წლიდან მოყოლებული საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების თარიღამდე პერიოდში და რომლის დემონტაჟიც შემდგომ განხორციელდა 2010 წლამდე. ასეთ შემთხვევაში, უძრავი ობიექტი ასახული არ იქნება 2005, 2010 და 2014 წლის ორთოფოტოებზე, თუმცა ზემოხსენებულ დროის მონაკვეთში მშენებლობის წარმოების ფაქტის დადასტურებამ შესაძლოა განაპირობოს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობის არსებობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას განსახილველი საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გამოყენების თაობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მიუთითა 2016 წლის 29 თებერვალს სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაში ასახული ინფორმაციის უარმყოფელი მოსაზრებები, ასევე გამოკვლეულ და შეფასებულ არ იქნა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ნანგრევის არსებობა და შესაბამისად მისი განთავსების პერიოდი. ამდენად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გარემოებების გამოკვლევის მიზნით უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მექანიზმებით და დაადგინოს, რამდენად დასტურდება კანონის ამოქმედებამდე აღიარების წინაპირობად გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე უძრავი ობიექტის მშენებლობის წარმოების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო, საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობად უძრავი ობიექტის მახასიათებლებთან დაკავშირებით, დამატებით ამახვილებს ყურადღებას „„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონზე. ცვლილების შედეგად ჩამოყალიბებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ასევე დაექვემდებარა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია მშენებარე ან დანგრეული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა. აქედან გამომდინარე, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გათვალიწინებულ უნდა იქნას აქტის გამოცემის მომენტში მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე