Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1273(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 31 მაისს ბ. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, დასაქმებულია სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ ...ის პოზიციაზე.

2013 წლის პირველი სექტემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვა. რის გამოც 2018 წლის 14 მაისს №36389 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საპენსიო პაკეტის დანიშვნის თაობაზე, რაზედაც 2018 წლის 15 მაისის №36389/18-1 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ არ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რის გამოც მასთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დასაქმებაზე არ ვრცელდება შეღავათი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №36389/18-01 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, რომლითაც ბ. ტ-ეს საპენსიო ასაკის მიღწევის გამო 2018 წლის 1 ივნისიდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია, გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №36389/18-01 გადაწყვეტილება. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ბ. ტ-ეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის საფუძველზე, დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2018 წლის 1 ივნისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 1 სექტემბრამდე, მოსარჩელე ბ. ტ-ეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის საფუძველზე დანიშნული ჰქონდა და იღებდა სახელმწიფო კომპენსაციას კანონით დადგენილი წესით და ოდენობით, ხოლო 2013 წლის 1 სექტემბრიდან მას შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის გამო.

2018 წლის 14 მაისს მოსარჩელე ბ. ტ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და კვლავ მოითხოვა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის საფუძველზე, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისან-სამგორის სერვის ცენტრმა 2018 წლის 15 მაისს განმცხადებელს უარი უთხრა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ ბ. ტ-ე სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა-ში“ მუშაობდა და ახორციელებდა საჯარო საქმიანობას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეწყდება შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, კერძოდ, საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ბ. ტ-ე მუშაობს სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო- ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა იმ გარემოების დადგენა, სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მისი დებულებით განსაზღვრული საქმიანობის სფეროდან, ამოცანებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, რამდენად წარმოადგენდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ არ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვასიტყვითი და ლოგიკური მეთოდით შეფასების შედეგად, განმარტა, რომ კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ნებისმიერი სახის შრომითი საქმიანობა, განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებისა და მიზნების ხელშეწყობას. აშკარაა, რომ კანონმდებელმა, აღნიშნული გამონაკლისი სამეცნიერო- კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო საქმიანობას და არა იქ დასაქმებულ პირთა შრომითი საქმიანობის (სამეცნიერო) ხასიათს დაუკავშირა. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ დაწესებულის საქმიანობის ხასიათს მიენიჭა და არა დასაქმებული პირის, მოცემულ შემთხვევაში, ბ. ტ-ის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შინაარსს.

პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75(კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ, სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო- ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასმართლომ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო- ტექნიკური ცენტრი „დელტა-ს“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, სადაც მოსარჩელე ბ. ტ-ე მუშაობს, მისი დებულებით განსაზღვრული საქმიანობის სფეროდან, ამოცანებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. ამდენად, ბ. ტ-ე საქმიანობს რა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის თანახმად, არ ეზღუდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარი იმ საფუძვლით, რომ იგი ახორციელებს საჯარო საქმიანობას, ეწინააღმდეგება კანონს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებს ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპის სოციალური ქარტიის მიზნებიდან გამომდინარე, იღებს ვალდებულებას მე-12 მუხლის მიხედვით: 1. შექმნან ან შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა და 2. ეცადონ ეტაპობრივად მაღალ დონეზე აიყვანონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს სამართლებრივი შეფასება დავის საგანთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში საქართველოს რატიფიცირება არ მოუხდენია.

კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი ბს-77-75 (კ-15) სადაც უზენაესმა სასამართლომ ,,სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,,დელტას“ საქმიანობის მიმართულებიდან და მისი მიზნებიდან გამოდინარე დაადგინა, საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი". კასატორი თვლის, რომ დელტას საქმიანობის პროფილი არ წარმოადგენს უდავო ფაქტობრივ გარემოებას, ვინაიდან პრეიუდიცია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტისა და 266-ე მუხლის შესაბამისად, ვრცელდება მხოლოდ იგივე მხარეებზე.

საქართველოს ორგანული კანონის ,,საერთო სასამართლოების შესახებ" მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მხოლოდ ,,უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასებაა (ნორმის განმარტება) სავალდებულო ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის. საქმის საკასაციო წესით განმხილველი სასამართლო მოტივირებული განჩინებით საქმეს განსახილველად გადასცემს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას)."

შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას არ ჰქონდა სამართლებრივი ვალდებულება, უპირობოდ გაეზიარებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება №ბს-77-75(კ-15) მიმდინარე ადმინისტრაციულ დავასთან დაკავშირებით.

კასატორის განმარტებით, საქართველოს არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არსებობს მითითება ან სამართლებრივი განმარტება, რომ „დელტა“ უშუალოდ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, სამეცნიერო-კვლევით ადმინისტრაციულ ორგანოს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება. დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, წარმოადგენს თუ არა სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ საქმიანობა - საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას, რაც, გამორიცხავს სახელმწიფო პენსიის გაცემის შესაძლებლობას.

პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში ..... ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პირისთვის სახელმწიფო კომპენსაციის წარმოშობის ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება. საკითხს იმის შესახებ, თუ რა ჩაითვლება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საჯარო საქმიანობის განხორციელებად, განსაზღვრავს ამავე კანონის მე-4 მუხლი, რომლის შესაბამისად: საჯარო საქმიანობა არის ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა.

საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა. სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის, განურჩევლად მათი საქმიანობის შინაარსისა, სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულების ინტერესებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, ბუნებრივია კანონმდებლის მიზანი, საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია დადგინდეს, რას წარმოადგენს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ შემოსავლის წყარო და არის თუ არა „დელტა“ ბიუჯეტზე დამოკიდებული დაწესებულება. „დელტას“ დებულების შესაბამისად, მისი შემოსავლის წყაროა: სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები; გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსულობები; საქველმოქმედო შემოწირულობები და კანონით ნებადართული სხვა შემოსავლები. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს, აღნიშნული, „დელტას“ დებულების 24-ე მუხლის შესაბამისად, შემოიფარგლება მხოლოდ მიზნობრივი სახსრებით.

საკასაციო სასამართლო არ უარყოფს იმ მოსაზრების მართებულობას რაც უკავშირდება გადაწყვეტილებისათვის პრეუდიციული მნიშვნელობის მინიჭების შეზღუდვას, თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)) მითითების მიზანს წარმოადგენს არა ამ გადაწყვეტილების პრეუდიციაზე ხაზგასმა, არამედ ანალოგიურ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის წარმოჩენა. საკასაციო სასამართლო, თავის მხრივ, კვლავაც მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, რომელშიც საკასაციო სასამართლომ სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო- ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად და განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტა-ს“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე