Facebook Twitter

საქმე #ბს-966(კ-19) 1 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ა(ა)იპ ... ცენტრი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – არამიზნობრივად გახარჯული საგრანტო თანხის უკან დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 28 აპრილს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ა(ა)იპ ... ცენტრის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ა(ა)იპ ... ცენტრმა გაიმარჯვა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ 2016 წლის 15 მარტსა და 17 ივნისს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის #7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით თანდართული „გრანტის გაცემის წესის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უზრუნველყო საგრანტო თანხის საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ხარჯვასთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხის მხრიდან ერთი პროექტის ფარგლებში 11760.71 ლარისა და მეორე პროექტის ფარგლებში 5975.88 ლარის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტი გამოვლინდა.

მოსარჩელის მითითებით, საკონკურსო კომისიამ გამოიყენა „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ (11760.71 ლარი და 5975.88 ლარი) უკან გამოთხოვა. მოპასუხის მიერ თანხის ნებაყოფლობით დაბრუნების თარიღად განისაზღვრა არაუგვიანეს 2017 წლის 29 მარტისა. „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-40 და #1-44 ბრძანებებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მხარემ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ დააბრუნა არამიზნობრივად გახარჯული თანხა. სწავლების ცენტრის დირექტორის ზემოხსენებული ბრძანებები ა(ა)იპ ... ცენტრმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა და მათი ბათილად ცნობა მოითხოვა, თუმცა მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, მოსარჩელემ ა(ა)იპ ... ცენტრისთვის არამიზნობრივად გახარჯული საგრანტო თანხის, სულ 17 736.59 ლარის (2016 წლის 30 მაისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი 11 760.71 ლარისა და 2016 წლის 3 აგვისტოს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი 5 975.88 ლარის) უკან დაბრუნება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველსაყოფის სახით მოპასუხე მხარის (ს/კ ...) GE... ანგარიშზე, საქართველოში არსებულ სხვა საბანკო დაწესებულებებში მოპასუხის არსებულ ანგარიშებსა და მის უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ყადაღა დაედო ა(ა)იპ ... ცენტრის (ს/კ ...) ანგარიშს - GE... და საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში მოპასუხის არსებულ ანგარიშებს 17 736.59 ლარის ფარგლებში; სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა; ა(ა)იპ ... ცენტრს არამიზნობრივად გახარჯული საგრანტო თანხის, სულ 17 736.59 ლარის (2016 წლის 30 მაისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი 11760.71 ლარისა და 2016 წლის 3 აგვისტოს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი 5975.88 ლარის) უკან დაბრუნება დაევალა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის #2 ოქმის (სხდომის ჩატარების თარიღი 25.04.2016წ.) თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ... ცენტრმა მოიპოვა დაფინანსება (საშუალო შეფასება 80.60) დანართ #1-ში მითითებული დამატებითი მოთხოვნების შესრულების პირობით.

დანართი #1-ის თანახმად, I კატეგორიის სამიზნე ჯგუფი დაკომპლექტებული უნდა იყოს კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის უფლების მქონე პოლიტიკური პარტიების წრმომადგენლობით. კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს განვითარების უზრუნველსაყოფად, სამიზნე ჯგუფის დაკომპლექტების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია შეასრულოს დადგენილი მოთხოვნები კერძოდ: სწავლების ცენტრს უნდა წარუდგინოს პროექტის მონაწილეობის შესახებ მოწვევის წერილის შვიდი კვალიფიციური პოლიტიკური პარტიისთვის დაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაგზავნილი მოწვევის წერილის შესაბამისად პროექტში მონაწილეობის თაობაზე არანაკლებ ოთხი კვალიფიციური პარტიიდან მიღებული თანხმობის წერილი, ხელმოწერილი პარტიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ; პარტიებისთვის დაგზავნილი მოწვევის წერილი და პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილები სწავლების ცენტრს უნდა წარედგინოს არასამთავრობო ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შეტყობინების განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (წერილის წარმოდგენა უნდა მოხდეს ნაბეჭდი ელექტრონულ ფორმით (CD)).

ზემოაღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.

თანაბარი პირობებისა და პროპორციულობის უზრუნველყოფის მიზნით, პროექტში მონაწილეობის სურვილის მქონე თითოეულ პარტიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა სამიზნე ჯგუფში პარტიის წარმომადგენლები წარადგინოს შესაბამის რეგიონში მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიების რაოდენობის გათვალისწინებით, კერძოდ: თბილისი (10 საოლქო საარჩევნო კომისია); კახეთი (8 საოლქო საარჩევნო კომისია); ქვემო ქართლი (7 საოლქო საარჩევნო კომისია); შიდა ქართლი-მცხეთა-მთიანეთი (8 საოლქო საარჩევნო კომისია); სამცხე-ჯავახეთი (6 საოლქო საარჩევნო კომისია); იმერეთი (თერჯოლა ტყიბულის გარდა) (10 საოლქო საარჩევნო კომისია); რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, თერჯოლა და ტყიბული (6 საოლქო საარჩევნო კომისია); სამეგრელო და ზემო სვანეთი (9 საოლქო საარჩევნო კომისია); გურია-აჭარა (9 საოლქო საარჩევნო კომისია);

II კატეგორიის სამიზნე ჯგუფი: კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს განვითარების უზრუნველსაყოფად, აღნიშნული სამიზნე ჯგუფის დაკომპლექტების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია შეასრულოს დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ: სწავლების ცენტრს უნდა წარუდგინოს პროექტში მონაწილეობის შესახებ მოწვევის წერილის თერთმეტი კვალიფიციური პოლიტიკური პარტიისთვის გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაგზავნილი მოწვევის წერილის შესაბამისად პროექტში მონაწილეობის თაობაზე არანაკლებ ექვსი კვალიფიციური პარტიიდან მიღებული თანხმობის წერილი, ხელმოწერილი პარტიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ; სწავლების ცენტრს ასევე უნდა წარუდგინოს, ბოლო ოთხი წლის მანძილზე გამართულ ერთ-ერთ საერთო არჩევნებში მონაწილე არაუმეტეს ექვსი არაკვალიფიციური პარტიისთვის პროექტში მონაწილეობის შესახებ მოწვევის წერილის დაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაგზავნილი მოწვევის წერილის შესაბამისად პროექტში მონაწილეობის თაობაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, აღნიშნული თანხმობის წერილი, ხელმოწერილი პარტიის ხელმძღვანელობაზე წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ;

პარტიებისთვის დაგზავნილი მოწვევის წერილი და პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილები სწავლების ცენტრს უნდა წარედგინოს არასამთავრობო ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შეტყობინების განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (წერილების წარმოდგენა უნდა მოხდეს ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)); ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ. თანაბარი პირობებისა და პროპორციულობის უზრუნველყოფის მიზნით, პროექტში მონაწილეობის სურვილის მქონე თითოეულ პარტიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა სამიზნე ჯგუფში პარტიის წარმომადგენლები წარადგინოს შესაბამის რეგიონში მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიების რაოდენობის გათვალისწინებით, კერძოდ: თბილისი (10 საოლქო საარჩევნო კომისია); კახეთი (8 საოლქო საარჩევნო კომისია); ქვემო ქართლი (7 საოლქო საარჩევნო კომისია); შიდა ქართლი - მცხეთა-მთიანეთი (8 საოლქო საარჩევნო კომისია); სამცხე-ჯავახეთი (6 საოლქო საარჩევნო კომისია); იმერეთი (თერჯოლისა და ტყიბულის გარდა) (10 საოლქო საარჩევნო კომისია); რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, თერჯოლა და ტყიბული (6 საოლქო საარჩევნო კომისია); სამეგრელო და ზემო სვანეთი (9 საოლქო საარჩევნო კომისია); გურია - აჭარა (9 საოლქო საარჩევნო კომისია). თუ პარტიებიდან პროექტში მონაწილეობის შესახებ მიღებული თანხმობის წერილებიდან გამოიკვეთება, რომ შემცირდა პროექტით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფებში მონაწილეთა რაოდენობა, არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია სწავლების ცენტრს წარუდგინოს პროექტის კორექტირებული ბიუჯეტი გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მოთხოვნებით პროექტის დაფინანსებისთვის დადგენილი დაანგარიშების პრინციპის გათვალისწინებით. არასამთავრობო ორგანიზაციამ კორექტირებული ბიუჯეტი სწავლების ცენტრს უნდა წარუდგინოს პარტიებისთვის დაგზავნილ მოწვევისა და პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილებთან ერთად (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)). აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის 2016 წლის 18 მაისის #4 სხდომის ოქმის თანახმად, ოქმის 2.1. პუნქტით „გრანტის გაცემის წესის“ მე-13 მუხლის მე-19 პუნქტის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ... ცენტრის მიმართ დადგინდა საგრანტო პროექტის ბიუჯეტში ქვემოთ მოყვანილი ცვლილებების განხორციელების მოთხოვნა: პროექტის ბიუჯეტის პირველი მუხლის 1.1. პუნქტით გათვალისწინებული სახელფასო ფონდი შემცირებულ იქნა 3000 ლარის ოდენობით (პროექტის ბიუჯეტის პირველი მუხლის 1.1.1; 1.1.2.; 1.1.3.; 1.1.4. ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ადამიანური რესურსების შენარჩუნებით); პროექტის ბიუჯეტის პირველი მუხლის 1.2.1.; 1.2.2.; 1.2.3.; 1.2.4.; 1.2.5. ქვეპუნქტებში (ტრენერების შრომის ანაზღაურება) შევიდა ცვლილება და ტრენერების ჰონორარი განისაზღვრა საათობრივ მომსახურებაზე არაუმეტეს 45 ლარის გაანგარიშებით (პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ტრენერების რესურსის შენარჩუნებით); პროექტის ბიუჯეტში ამოღებულ იქნა მე-4 მუხლის 4.1. პუნქტი (პროექტორი); დადგინდა პროექტის ბიუჯეტის მე-4 მუხლის 4.2. პუნქტის (ხარჯი (ნოუთბუქი)) შესაბამისობაში მოყვანა „გრანტის გაცემის წესის“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან. ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, დადგინდა საგრანტო პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების, ღონისძიების ნაწილში ცვლილებების განხორციელება. კენჭისყრის შედეგი: მომხრე - 4; წინააღმდეგი - 0.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის #1 სხდომის ოქმის (სხდომის ჩატარების თარიღი 27.07.2016წ.) თანახმად, „გრანტის გაცემის წესის“ მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ა(ა)იპ ... ცენტრის დაფინანსების მათ მიერ საგრანტო პროექტების ბიუჯეტებში დადგენილი მოთხოვნების შესრულების პირობით განხორციელების შესახებ. პროექტის ბიუჯეტში დაკორექტირდა მე-4 მუხლი (ოფისის ხარჯი).

2016 წლის 27 მაისის სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის #1-118 ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ა(ა)იპ ... ცენტრის დაფინანსების შესახებ.

2016 წლის 3 აგვისტოს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის #1-208 ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ა(ა)იპ ... ცენტრის დაფინანსების შესახებ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 30 მაისს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და ა(ა)იპ ... ცენტრს შორის დაიდო #2 საგრანტო ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1., 1.2. და 1.3. პუნქტების (ხელშეკრულების საგანი) თანახმად, გრანტის გამცემის მიერ გრანტის მიმღებისათვის გადაცემული მიზნობრივი დაფინანსების ფარგლებში, გრანტის მიმღები იღებდა ვალდებულებას განეხორციელებინა საგრანტო კონკურსის გრანტის გამცემისათვის წარდგენილი პროექტი დანართი #1 შესაბამისად. საგრანტო პროექტი უნდა განხორციელებულიყო 2016 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. მხარეთა უფლება-მოვალეობანი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, წესით, საგრანტო კონკურსში გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.

ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემის მიერ საგრანტო პროექტის შესრულებისა და საგრანტო თანხის მიზნობრივად ხარჯვის კონტროლის განხორციელების მიზნით, გრანტის მიმღები ვალდებული იყო გრანტის გამცემისათვის წარედგინა შემაჯამებელი ანგარიში წესის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 2.3. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებული იყო გრანტის გამცემისათვის წარედგინა შუალედური ანგარიში წესის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად არაუგვიანეს 2016 წლის 15 ივლისისა. 2.4. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებული იყო წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, შემდგომში არაუგვიანეს 25 ივნისისა და არაუგვიანეს 25 ივლისისა, სწავლების ცენტრისათვის ელექტრონულ ფოსტაზე „grants@electionreforms.ge“ მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია შესაბამისად ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეების განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიების გრაფიკის შესახებ, მათი შინაარსის, პასუხისმგებელი პირის მონაცემების, განხორციელების ზუსტი ადგილისა და დროის მითითებით. 2.5. პუნქტის თანახმად, წესის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ღონისძიებების გრაფიკში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში გრანტის მიმღები ვალდებული იყო, აღნიშნული ინფორმაცია ეცნობებინა გრანტის გამცემისათვის მანამდე წარდგენილ გრაფაში განსაზღვრული ღონისძიების განხორციელების თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე.

ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემს გრანტის მიმღებისათვის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად უნდა გადაეცა 105 068 ლარი, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით. 3.2. პუნქტის თანახმად, საგრანტო თანხა გადაირიცხებოდა ორ ეტაპად: ა) ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში 50 000 ლარის ოდენობით; ბ) თუ აღნიშნული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის შესაბამისად, წარდგენილი შუალედური ანგარიშის საფუძველზე განხორციელებული შუალედური მონიტორინგის შედეგად არ გამოვლინდებოდა დარღვევები - 55 068 ლარის ოდენობით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 3 აგვისტოს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და ა(ა)იპ ... ცენტრს შორის დაიდო საგრანტო ხელშეკრულება #38. ხელშეკრულების 1.1., 1.2. და 1.3. პუნქტების (ხელშეკრულების საგანი) თანახმად, გრანტის გამცემის მიერ გრანტის მიმღებისათვის გადაცემული მიზნობრივი დაფინანსების ფარგლებში, გრანტის მიმღები იღებდა ვალდებულებას, განეხორციელებინა საგრანტო კონკურსის გრანტის გამცემისათვის წარდგენილი პროექტი დანართი #1 შესაბამისად. საგრანტო პროექტი უნდა განხორციელებულიყო 2016 წლის 7 აგვისტოდან 2016 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით. მხარეთა უფლება-მოვალეობანი დარეგულირდა საქართველოს კანონმდებლობით, საგრანტო კონკურსში გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.

ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემის მიერ საგრანტო პროექტის შესრულებისა და საგრანტო თანხის მიზნობრივად ხარჯვის კონტროლის განხორციელების მიზნით, გრანტის მიმღები ვალდებული იყო გრანტი გამცემისათვის წარედგინა შემაჯამებელი ანგარიში წესის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 2.3. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებული იყო გრანტის გამცემისათვის წარედგინა შუალედური ანგარიში წესის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად არაუგვიანეს 2016 წლის 7 სექტემბრისა. 2.4. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებული იყო წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, შემდგომში არაუგვიანეს 7 სექტემბრისა, სწავლების ცენტრისათვის ელექტრონულ ფოსტაზე „grants@electionreforms.ge“ მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია შესაბამისად აგვისტოს, სექტემბერ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიების გრაფიკის შესახებ, მათი შინაარსის, პასუხისმგებელი პირის მონაცემების, განხორციელების ზუსტი ადგილისა და დროის მითითებით. 2.5. პუნქტის თანახმად, წესის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ღონისძიებების გრაფიკში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებული იყო აღნიშნული ინფორმაცია ეცნობებინა გრანტის გამცემისათვის მანამდე წარდგენილ გრაფაში განსაზღვრული ღონისძიების განხორციელების თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე.

ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემს გრანტის მიმღებისათვის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად უნდა გადაეცა 29 975 ლარი, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით. 3.2. პუნქტის თანახმად, საგრანტო თანხა გადაირიცხებოდა ორ ეტაპად: ა) ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში 14 987 ლარის ოდენობით; ბ) თუ აღნიშნული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შუალედური ანგარიშის საფუძველზე განხორციელებული შუალედური მონიტორინგის შედეგად არ გამოვლინდებოდა დარღვევები - 14 987.50 ლარის ოდენობით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 13 მარტს გაცემული #001366917 დასკვნის თანახმად, საგრანტო ხელშეკრულებების მიხედვით, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ გრანტის სახით გაცემული ა(ა)იპ ... ცენტრის მიერ მიღებული 105 068 ლარიდან, პროექტის - „...ში“ განხორციელებისათვის გახარჯულია სწორად 73 501.12 ლარი, 11 480 ლარზე მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი, 276.71 ლარზე არ არის წარმოდგენილი ხარჯვის დოკუმენტაცია, 4 ლარის 4.2. მუხლში/პუნქტში ხარჯვის გაზრდის თანხმობის შესახებ საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი წერილობითი დასტური, ხოლო ნაშთად ერიცხება 19 806.17 ლარი, რომელიც 2016 წლის 30 აგვისტოს დაბრუნდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, #2 საგრანტო ხელშეკრულების (30.05.2016წ.) თანახმად, გრანტის ოდენობა შეადგენს 105 068 ლარს. საქმეში წარმოდგენილი დამატებითი მასალების მიხედვით, პროექტის დაგეგმილი ბიუჯეტის მე-4 მუხლის (ოფისის ხარჯი) 4.2 პუნქტით (პრინტერის შესყიდვა) გათვალისწინებული თანხის ოდენობა განსაზღვრულია 360 ლარით, ხოლო ფაქტობრივად გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 400 ლარი. აღნიშნული სხვაობა ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხაზე 10%-ით მეტია. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის მიერ 396 ლარის ოდენობით გახარჯულია სწორად, ხოლო დარჩენილ თანხაზე სულ 4 ლარზე აღნიშნულ მუხლში/პუნქტში ხარჯვის თანხმობის შესახებ საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი წერილობითი დასტური. ამასთან, საქმეში წარდგენილი იყო კომუნიკაციის ხარჯის გადარიცხვის საგადახდო დავალებები, ხოლო ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის 445 ლარიდან 276.71 ლარზე.

რაც შეეხება მე-2 მუხლში ასახულ მივლინების ხარჯებს (მგზავრობა, ცხოვრება, დღიური), დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე დამატებით წარდგენილი იყო სამივლინებო ბრძანებები. თანხების გაცემის უწყისები, მივლინების მოწმობები, მივლინების ხარჯების ანგარიში და ტრენინგზე დასწრების ფურცლები. აღნიშნული დოკუმენტაციის კვლევის შედეგად დგინდებოდა, რომ სულ 13 275 ლარი ორგანიზაციის მიერ გაცემული იყო სამივლინებო ხარჯებისათვის. კერძოდ, სატრანსპორტო, ცხოვრების და დღიური ხარჯისთვის, აღნიშნული თანხები სრულად დაბეგრილი იყო საშემოსავლო გადასახადით, რომელიც გადარიცხული იყო ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე. სამსახურეობრივი მივლინების დადგენილი სადღეღამისო დღიური ნორმა შეადგენდა 15 ლარს, რომელიც არ ექვემდებარებოდა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნულ შემთხვევაში, სამსახურეობრივი მივლინების დადგენილი სადღეღამისო დღიური ნორმა არ იყო გამოწერილი მივლინებაში მყოფ პირებზე. ორგანიზაციის მიერ პროექტში დასაქმებულ თანამშრომლებზე ბრძანებით განსაზღვრული იყო ტრენინგების ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით, ერთდღიან პერიოდზე სამივლინებო ხარჯები არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით, ხოლო ერთზე მეტ დღიან პერიოდზე - არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით. ვინაიდან ანგარიშვალდებულ პირებს არ ჰქონდათ წარდგენილი მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია, გასაცემი თანხების გამოთვლას ორგანიზაცია ახორციელებდა აღნიშნული ბრძანების შესაბამისად მივლინების ხარჯების ანგარიშის მიხედვით, რომლის შემდგომაც ხდებოდა საშემოსავლო გადასახადის დაკავება და დაბეგრილი თანხა ერიცხებოდა მიმღებ პირს შესაბამის საბანკო ანგარიშზე. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული თანხები წარმოადგენდა პირის მიერ მიღებულ სარგებელს.

დასკვნის თანახმად, სულ მივლინების დღეთა რაოდენობა შეადგენდა 98 დღეს. აღნიშნულის და დადგენილი სადღეღამისო დღიურო ნორმის - 15 ლარის გათვალისწინებით, სულ სადღეღამისო ხარჯი შეადგენდა 1470 ლარს. 325 ლარი წარმოადგენდა სასტუმროს ხარჯს, რომელზეც წარმოდგენილი იყო მიზნობრივად ხარჯვის შესაბამისი დოკუმენტაცია. ამდენად, ექსპერტიზაზე არ იყო წარმოდგენილი საერთო ჯამში 11 480 ლარის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია.

დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ სამსახურეობრივი დავალების შესასრულებლად დამქირავებლის ბრძანებით მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ - ქვეყნის შიგნით დაქირავებულის მივლინებისას, სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვრებოდა 15 ლარის ოდენობით, ხოლო მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრებოდა ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით, დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.

ამასთან, საგადასახადო კანონმდებლობით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ასევე, სარგებლად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ანაზღაურებული ხარჯები, ხოლო ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩარიცხული 105 068 ლარი, ა(ა)იპ ... ცენტრის მიერ პროექტის - „...ში“ განხორციელებისათვის, გახარჯული იყო სწორად 73 501.12 ლარი, 11 480 ლარზე მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი არ იყო წარდგენილი, 276.71 ლარზე არ იყო წარდგენილი ხარჯვის დოკუმენტაცია, 4 ლარის 4.2 მუხლში/პუნქტში ხარჯვის გაზრდის თანხმობის შესახებ საქმეში არ მოიპოვებოდა შესაბამისი წერილობითი დასტური, ხოლო ნაშთად ერიცხებოდა 19 806.17 ლარი, რომელიც 2016 წლის 30 აგვისტოს დაბრუნდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული 2017 წლის 16 მარტის #001466017 დასკვნის მიხედვით, ა(ა)იპ ... ცენტრის მიერ მიღებული 29 975 ლარიდან, პროექტის - „...ა მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში“ განხორციელებისათვის გახარჯული იყო სწორად 22 726.6 ლარი, 5825 ლარის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია ექსპერტიზაზე არ იყო წარდგენილი, 150.88 ლარზე არ იყო წარდგენილი ხარჯვის დოკუმენტაცია, ხოლო ნაშთად რიცხული 1 272.52 ლარი 2016 წლის 7 ოქტომბერს დაბრუნდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

დასკვნის თანახმად, #38 საგრანტო ხელშეკრულების პირველი მუხლის მიხედვით, გრანტის გამცემის მიერ გრანტის მიმღებისათვის გადაცემული მიზნობრივი დაფინანსების ფარგლებში, გრანტის მიმღები იღებს ვალდებულებას, განახორციელოს საგრანტო კონკურსში გრანტის გამცემის წარდგენილი პროექტი დანართი #1-ის შესაბამისად; საგრანტო პროექტი უნდა განხორციელდეს 2016 წლის - 7 აგვისტოდან 7 ოქტომბრის ჩათვლით; მხარეთა უფლება-მოვალეობანი რეგულირდება საქართვლოს კანონმდებლობით, წესით, საგრანტო კონკურსში გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.

დასკვნის მიხედვით, მითითებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია გრანტის გაცემის წესი, რომლის მიხედვითაც, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად გადაცემს 29 975 ლარს, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით. საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ა(ა)იპ ... ცენტრის მიერ საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნობრივი 29 975 ლარის გრანტიდან გახარჯულია 28 702.48 ლარი, მათ შორის, შრომის ანაზღაურება - 9 500 ლარი; მგზავრობის ხარჯი - 8 000 ლარი; კონფერენციების, სწავლებების, ღონისძიებების ორგანიზების ხარჯი - 10 784.87 ლარი; ოფისის ხარჯი - 400 ლარი; სხვა ხარჯი - 17.61 ლარი.

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, პროექტის დაგეგმილი ბიუჯეტის მუხლში/პუნქტში 10% ზემოთ ცვლილება მიმღების მიერ არ განხორციელებულა.

რაც შეეხება მე-2 მუხლში ასახულ მივლინების ხარჯებს, დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო სამივლინებო ბრძანებები, მივლინების მოწმობები, მივლინების ხარჯების ანგარიში. აღნიშნული დოკუმენტაციის კვლევის შედეგად დგინდება, რომ ორგანიზაციის მიერ სამივლინებო ხარჯებისათვის გაცემულია 8 000 ლარი, საიდანაც 1590 წარმოადგენს სასტუმროს მომსახურების ანაზღაურების თანხას, ხოლო დარჩენილი თანხა, მათ შორის, 585 ლარი (სამსახურებრივი მივლინების დადგენილ სადღეღამისო (დღიური 15 ლარი) ხარჯების ნორმა) დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. ამდენად, ექსპერტიზაზე არ იყო წარდგენილი 5825 ლარის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია. აღნიშნული თანხიდან საშემოსავლო გადასახადს წარმოადგენდა 1282 ლარი. ამასთან ერთად, მე-4 მუხლის 4.1. პუნქტით (საკომუნიკაციო ხარჯი) განსაზღვრული 400 ლარიდან ხარჯვის დოკუმენტაცია წარდგენილი იყო მხოლოდ 249.12 ლარზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ ... ცენტრის მიერ მიღებული 29 975 ლარიდან, პროექტის - „...ა მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში“ განხორციელებისათვის გახარჯული იყო სწორად 22 726.6 ლარი, 5828 ლარის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია ექსპერტიზაზე არ იყო წარდგენილი, 150.88 ლარზე არ იყო წარდგენილი ხარჯვის დოკუმენტაცია, ხოლო ნაშთად რიცხული 1 272.52 ლარი 2016 წლის 7 ოქტომბერს დაბრუნდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 20 მარტს მომზადებული 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის #5 სხდომის ოქმის თანახმად, დღის წესრიგს წარმოადგენდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის #7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით თანდართული „გრანტის გაცემის წესის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მონიტორინგის ჯგუფის მიერ საკონკურსო კომისიისთვის კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული პროექტის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციის წარდგენა. ოქმის თანახმად, ა(ა)იპ ... ცენტრს სწავლების ცენტრის მიერ ჩაერიცხა 105 068 ლარი, რომლიდანაც გახარჯული იყო სწორედ 73 501.12 ლარი. 11480 ლარზე (სამივლინებო ხარჯი) მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი წარდგენილი არ იყო. პროექტის ბიუჯეტის მე-4 მუხლის 4.2. პუნქტში (ოფისის ხარჯი) ხარჯვის 10%-ით ზრდაზე საგრანტო საკონკურსო კომისიის თანხმობის შესახებ საქმეში არ მოიპოვებოდა შესაბამისი წერილობითი დასტური (შეადგინა 4 ლარი).

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შედეგად, კომისიის სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი, ა(ა)იპ ... ცენტრის მიმართ გამოყენებულიყო „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა, გამოსათხოვი თანხის ჯამურ ოდენობად განისაზღვრა 11 760.71 ლარი (მოიცავს: 276.71 ლარის, 4 ლარისა და 11 480 ლარის ჯამს). კენჭისყრის შედეგები: მომხრე - 4, წინააღმდეგი - 0. კენჭისყრის შედეგად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ა(ა)იპ ... ცენტრის მიმართ გამოყენებულიყო „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა, გამოსათხოვი თანხის ოდენობად კი განისაზღვრა 11 760.71 ლარი. თანხის დაბრუნების თარიღად დადგინდა არაუგვიანეს 2017 წლის 29 მარტისა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 20 მარტს მომზადებული 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის #5 სხდომის ოქმის თანახმად, დღის წესრიგს წარმოადგენდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის #7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით თანდართული „გრანტის გაცემის წესის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მონიტორინგის ჯგუფის მიერ საკონკურსო კომისიისთვის კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული პროექტის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციის წარდგენა. ოქმის თანახმად, ა(ა)იპ ... ცენტრს სწავლების ცენტრის მიერ ჩაერიცხა 29 975 ლარი, რომლიდანაც გახარჯული იყო სწორედ 22 726.6 ლარი. 5825 ლარზე (სამივლინებო ხარჯები) მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი წარდგენილი არ იყო. 150.88 ლარზე (საკომუნიკაციო ხარჯი) არ იყო წარდგენილი ხარჯვის დოკუმენტაცია.

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შედეგად, კომისიის სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი ა(ა)იპ ... ცენტრს“ მიმართ გამოყენებულიყო „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა, გამოსათხოვი თანხის ოდენობად კი განისაზღვრა 5975.88 (მოიცავს 150.88 ლარისა და 5825 ლარის ჯამს) ლარი. კენჭისყრის შედეგები: მომხრე - 3, წინააღმდეგი - 0. კენჭისყრის შედეგად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ ... ცენტრის მიმართ გამოყენებულიყო „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა, გამოსათხოვი თანხის ოდენობად კი განისაზღვრა 5975.88 ლარი. თანხის დაბრუნების თარიღად დადგინდა არაუგვიანეს 2017 წლის 29 მარტისა.

სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2017 წლის 20 მარტს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის #1-40 ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ა(ა)იპ ... ცენტრის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად საგრანტო თანხის ნაწილობრივ - 5975.88 ლარის ოდენობით უკან გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული თანხის დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2017 წლის 29 მარტისა.

2017 წლის 20 მარტს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის #1-44 ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ა(ა)იპ ... ცენტრის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად საგრანტო თანხის ნაწილობრივ - 11760.71 ლარის ოდენობით უკან გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული თანხის დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2017 წლის 29 მარტისა.

სასამართლომ აგრეთვე დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 27 მარტს ა(ა)იპ ... ცენტრმა ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-40 ბრძანებისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-39 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის #24/2017 განკარგულებით ა(ა)იპ ... ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი (ცესკოში რეგისტრაციის #585) არ დაკმაყოფილდა სამართლებრივი საფუძვლების არ არსებობის გამო. ძალაში დარჩა „ა(ა)იპ ... ცენტრის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ სარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-40 და #1-44 ბრძანებები, როგორც მართლზომიერი გადაწყვეტილებები.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის #7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში – სწავლების ცენტრი) არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფოებრივ, საგანმანათლებლო და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საჯარო საქმიანობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სწავლების ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

სასამართლომ ასევე მიუთითა იმავე დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სწავლების ცენტრის უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და წინამდებარე დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს ცესკო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად კი, სწავლების ცენტრის ფუნქციებს განეკუთვნება პარტიებზე თანხის გაცემა კვლევების, სწავლების, კონფერენციების, მივლინებების, რეგიონული პროექტების, ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო განათლების პროექტების დაფინანსების მიზნით; აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემა პარტიების განვითარების ხელშეწყობისა და ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლების მიზნით წარდგენილი პროექტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, სწავლების ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის განხორციელებას ახდენს გრანტის გაცემის თანდართული წესის შესაბამისად.

სასამართლომ მიუთითა „გრანტის გაცემის წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების კონტროლს ახორციელებს სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი, ხოლო საგრანტო თანხის საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ხარჯვასთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ მოწვეული შესაბამისი უფლებამოსილი პირი/ორგანო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონიტორინგი ხორციელდება შემაჯამებელი მონიტორინგის ფორმით. მონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს, აგრეთვე, შუალედური მონიტორინგის ფორმით საგრანტო თანხის ეტაპობრივი გაცემის შემთხვევაში. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, არასამთავრობო ორგანიზაციის საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების კონტროლი ხორციელდება გასვლითი შემოწმებებისა ან/და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი შუალედური/შემაჯამებელი ანგარიშის საფუძველზე. ზემოაღნიშნული წესის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შუალედური მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით სწავლების ცენტრს წარუდგინოს შუალედური ანგარიში (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)), რომელშიც გაწერილი უნდა იყოს: ა) შესაბამისი პერიოდისათვის განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებები, მათი ჩატარების კონკრეტული დროისა და ადგილის მითითებით, განხორციელებული სამუშაოები, გამოყენებული მასალები (ნაბეჭდი ან/და აუდიო-ვიდეო-ფოტომასალა); ბ) დარჩენილი პერიოდის საქმიანობის დეტალური გეგმა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, შემაჯამებელი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია საგრანტო პროექტის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში სწავლების ცენტრს წარუდგინოს შემაჯამებელი ანგარიში (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს და მასში გაწერილი უნდა იყოს: ა) პროექტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების ანალიზი; ბ) პროექტის ეფექტი (მიღწეული შედეგები); გ) პროექტის სამიზნე ჯგუფი, ვინც მონაწილეობდა პროექტში; დ) პროექტის ფარგლებში განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებები; ე) ნაბეჭდი მასალა, აუდიო-ვიდეო-ფოტო ან სხვა მასალები, რომლებიც შეიქმნა პროექტის განხორციელების შედეგად (ასეთის არსებობისას); ვ) შემაფერხებელი გარემოებები (ასეთის არსებობისას) და გადაჭრის გზები; ზ) პროექტის განხორციელებისას მიღებული დახმარებები (ასეთის არსებობისას მიეთითება დახმარების ფორმა, ორგანიზაციების დასახელებები); თ) ფინანსური ანგარიში დანართი #3-ის შესაბამისად. ხსენებული წესის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე წარდგენილ შემაჯამებელ ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა დაურთოს მისთვის გადაცემული თანხის ხარჯვის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაციის ასლები 2 ეგზემპლარად. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-4, მე-6-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციას ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ 2 სამუშაო დღისა შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად.

სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ა(ა)იპ ... ცენტრმა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს წარუდგინა შემაჯამებელი ანგარიში ფინანსურ დოკუმენტაციასთან ერთად შემაჯამებელი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. ზემოაღნიშნული წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მეშვეობით უზრუნველყო.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნების შინაარსზე. ამასთან, სასამართლომ მიუთითა „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კომისია უფლებამოსილია არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სახის პასუხისმგებლობის ზომები: ა) გაფრთხილება; ბ) მიმდინარე საგრანტო პროექტის შეწყვეტა ან/და საგრანტო თანხის ნაწილობრივ ან სრულად უკან გამოთხოვა; გ) საგრანტო თანხის ნაწილობრივ ან სრულად უკან გამოთხოვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, კომისიის გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ მტკიცდება სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს გასაჩივრებული აქტის მოქმედებას.

სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შინაარსზე და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულებებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებების მონაწილე მხარეებს წარმოეშვათ ამავე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ, მოპასუხე მხარის ქმედებამ გამოიწვია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის მიზნობრივად გამოყოფილი თანხის - 11 760.71 ლარისა და 5975.88 ლარის „გრანტის გაცემის წესის“ მე-14 მუხლის დარღვევით ხარჯვა, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ზემოაღნიშნული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების ვალდებულება. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის ქმედებებმა გამოიწვია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის #7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით თანდართული „გრანტის გაცემის წესის“ მე-14 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებისა და #5, #22 საგრანტო ხელშეკრულებების პირობების დარღვევა, მოპასუხემ ასევე არ შეასრულა ამავე წესის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, მან არ დააბრუნა საგრანტო თანხა უკან.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოვლენილ იქნა მოპასუხის მხრიდან 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან ხარჯვის 10%-ზე მეტი ოდენობით ზრდის - 4 ლარის, კომუნიკაციის ხარჯის - 276.71 ლარისა და არამიზნობრივი სამივლინებო ხარჯების - 11 480 ლარის ჯამის (4+276.71+11480) - 11760.71 ლარისა და 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან არამიზნობრივი კომუნიკაციის ხარჯის - 150.88 ლარის, არამიზნობრივი სამივლინებო ხარჯების - 5825 ლარის ჯამის (150.88+5825) - 5975.88 ლარის „გრანტის გაცემის წესის“ მე-14 მუხლის დარღვევით ხარჯვა, რაც წამოადგენდა არამიზნობრივ ხარჯვას, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ზემოაღნიშნული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ... ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ... ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა მათზე და დამატებით აღნიშნა, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მითითებულ დასკვნებზე დაყრდნობით, სადავოდ ხდიდა გადახდილი თანხების მიზნობრიობას, ვინაიდან ა(ა)იპ ... ცენტრის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ერთი პროექტის ფარგლებში 11760.71 ლარისა და მეორე პროექტის ფარგლებში 5975.88 ლარის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო- კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. გრანტს ახასიათებს მიზნობრიობა, რაც გულისხმობს იმას, რომ გრანტი გაიცემა განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის, სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით („გრანტების შესახებ“ კანონის 5.2 მუხ.).

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და ა(ა)იპ ... ცენტრს შორის 2016 წლის 30 მაისსა და 2016 წლის 3 აგვისტოს საგრანტო ხელშეკრულებები ...ში საარჩევნო თემატიკაზე სასწავლო ტრენინგების ჩატარების მიზნით დაიდო.

სააპელაციო პალატის აღნიშვნით, საქმის მასალებით დადგენილი იყო და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ა(ა)იპ ... ცენტრის მიერ ორივე საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში შედგენილ იქნა პროექტის შესრულების განრიგი და პროექტის ბიუჯეტი, რომელშიც კონკრეტულად და დეტალურად გაიწერა ტრენინგების ჩატარებისათვის გასაწევი ხარჯების ოდენობა და მათი მიზნობრიობა. მაგ: შრომის ანაზღაურება, ხელფასების სახით გადასახდელი თანხმები (გადასახადების ჩათვლით), პროექტის ხელმძღვანელის, პროექტის ხელძღვანელის ასისტენტის, მძღოლის, ფინანსური მენეჯერისათვის განსაზღვრული ოდენობით, ტრენერებისათვის ასანაზღაურებელი ჰონორარის თანხები (გადასახადების ჩათვლით), მგზავრობის ხარჯები, რაც მოიცავდა ადმინისტრაციის და ტრენერების სამივლინებო ხარჯების (მგზავრობა, ცხოვრება, დღიური, ტრენინგების ორგანიზება - ჩატარების ხარჯებს), ტრენინგის მონაწილეების მგზავრობის ხარჯებს, კონფერენციების, სწავლებების, სემინარებისა და სხვა სამუშაო შეხვედრების ორგანიზების ხარჯებს, ოფისის ხარჯებსა და სხვას.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ქვითრები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ფინანსური ანგარიშით გათვალისწინებული თანხები (შრომის ხარჯები, ჰონორარები, სამივლინებო ხარჯები, მგზავრობის, დღიური, ცხოვრების ხარჯები და ა.შ.) ა(ა)იპ ... ცენტრის მიერ გადარიცხული იქნა შესაბამისი ადრესატებისათვის. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი იყო სამივლინებო ბრძანებები, თანხების გაცემის უწყისები, მივლინების მოწმობები, მივლინების ხარჯების ანგარიში, ტრენინგებზე დასწრების ფურცლები, რომელთა მიხედვითაც, დასტურდებოდა, რომ ორგანიზაციის მიერ გაცემული თანხები, მათ შორის სატრანსპორტო ხარჯი, ცხოვრების ხარჯი და დღიური თანხები სრულად იყო დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით, რომელიც გადარიცხულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნული გარემოებები ასევე დადასტურებული იყო საქმეში არსებული 2017 წლის 13 მარტის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნებითაც.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელისა და საქალაქო სასამართლოს მითითება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნებზე დაყრდნობით, ა(ა)იპ ... ცენტრის მიერ ერთი პროექტის ფარგლებში 11760.71 ლარისა და მეორე პროექტის ფარგლებში 5975.88 ლარის არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ, ვინაიდან დადგენილი იყო, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაკვეთით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის #7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით თანდართული „გრანტის გაცემის წესის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უზრუნველყო საგრანტო თანხის, საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად, ხარჯვასთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარება. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ დასკვნას მტკიცებულებითი ძალა შესაძლებელია მინიჭებოდა საგადასახადო მიზნებიდან გამომდინარე სასამართლო დავის მიზნებისათვის და არა განსახილველი დავის ფარგლებში, ვინაიდან პროქტში დასაქმებულ პირთა მიერ ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობა იმთავითვე არ გულისხმობდა იმას, რომ კონკრეტული თანხები არ იქნა გაცემული ორგანიზაციის მიერ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის #220 ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად დამქირავებლის ბრძანებით მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ – ქვეყნის შიგნით დაქირავებულის მივლინებისას, სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვრა 15 ლარის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეების გამოურიცხავად. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით, დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებული პირების მიერ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მოსარჩელე ორგანიზაციისათვის წარუდგენლობა შესაძლებელი იყო გამხდარიყო საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო მიზნებისათვის ა(ა)იპ ... ცენტრისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლიდან დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების გამოქვითვაზე უარის თქმის საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ვერ გამოდგებოდა აპელანტი ორგანიზაციის მიერ საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხების არამართლზომიერად, ანუ პროექტის მიზნის შეუსაბამოდ განკარგვის მტკიცებად, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის, ტრენინგებზე დასწრების აღრიცხვის უწყისითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, დასტურდებოდა ა(ა)იპ ... ცენტრის მიერ ...ში ტრენინგების სრულყოფილად ჩატარებისა და პროექტში დასაქმებული პირებისათვის ჰონორარებისა თუ მივლინების ხარჯების, მათ შორის, დღიური, ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯების პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად, მიზნობრივად გადარიცხვის ფაქტი. სააპელაციო პალატამ ასევე გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ა(ა)იპ ... ცენტრი წლების განმავლობაში ახორციელებდა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საგრანტო პროექტებს და ორგანიზაციის მხრიდან გრანტის სახით მიღებული თანხების არამიზნობრივად გახარჯვის ფაქტს ადგილი არასოდეს ჰქონია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლის მე-2, მე-3 და მე-8 პუნქტებზე, რომლის თანახმად, სწავლების ცენტრი ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტის გაცემას პარტიების განვითარების ხელშეწყობისა და ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლების მიზნით წარდგენილი პროექტების საფუძველზე. საგრანტო კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს არეგულირებს გრანტის გაცემის წესი. კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარე დაფინანსდა სწავლების ცენტრის მიერ 2016 წლის 15 მარტსა და 17 ივნისს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში, რის თაობაზეც, მასსა და სწავლების ცენტრს შორის „გრანტის გაცემის წესის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 2016 წლის 30 მაისსა და 3 აგვისტოს დაიდო #2 და #38 საგრანტო ხელშეკრულებები. „გრანტის გაცემის წესის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგრანტო თანხის საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ხარჯვასთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ მოწვეული შესაბამისი უფლებამოსილი პირი/ორგანო. კასატორის მითითებით, მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, სწავლების ცენტრი ზემოაღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მეშვეობით. განსახილველ შემთხვევაში, სწავლების ცენტრის მიმართვის საფუძველზე, ექსპერტიზის ბიურომ ამ კონკურსების ფარგლებში უზრუნველყო ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარება მოპასუხე მხარის მიერ განხორციელებულ საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით.

კასატორი მიუთითებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ სამართლებრივ შეფასებებზე, კერძოდ, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მტკიცებულებითი ძალა შესაძლებელია მიენიჭოს საგადასახადო მიზნებიდან გამომდინარე სასამართლო დავის ფარგლებში და არა განსახილველი დავის პირობებში, ვინაიდან პროექტში დასაქმებულ პირთა მიერ ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა იმთავითვე არ გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული თანხები არ იქნა გაცემული ორგანიზაციის მიერ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესაბამისად.

კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობით სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, როგორც მტკიცებულება, მიუხედავად, იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არც პირველ და არც მეორე ინსტანციის სასამართლოში არ ჰქონია წარდგენილი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა და არც აღნიშნული დასკვნის გამაბათილებელი რაიმე სხვა მტკიცებულება. ამასთან, კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატა სამართლებრივ შეფასებას არ აძლევს მოწინააღმდეგე მხარის მიერ მივლენილ პირებზე ფაქტობრივად ხელფასის სახით დამატებით თანხების გაცემის ფაქტს, რითაც მან დაარღვია „გრანტის გაცემის წესის“ მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია დაფინანსებული პროექტის ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლში თანხის გადატანა, აგრეთვე, ისეთი ხარჯის გაწევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული პროექტის ბიუჯეტით.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განმარტებები პრაქტიკულად ადგენს, რომ გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს შეუძლიათ არ წარადგინონ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც მათ დარღვევად არ ჩაეთვლებათ, მიუხედავად იმისა, რომ „გრანტის გაცემის წესის“ მე-16 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მათ ეკისრებათ თანხის ხარჯვის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაციის სწავლების ცენტრისათვის წარდგენის ვალდებულება. კასატორი მიიჩნევს, რომ თუკი მომავალში დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიეცემათ ამგვარად მოქმედების შესაძლებლობა, მათ ექნებათ საშუალება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გასწიონ გარკვეული ტიპის ხარჯები ისე, რომ არ წარადგინონ მათი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც, საბოლოოდ, გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ გაცემული სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის განჩინებით სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის #2 ოქმის (სხდომის ჩატარების თარიღი 25.04.2016წ.) თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ... ცენტრმა მოიპოვა დაფინანსება (საშუალო შეფასება 80.60) დანართ #1-ში მითითებული დამატებითი მოთხოვნების შესრულების პირობით.

დანართი #1-ის თანახმად, I კატეგორიის სამიზნე ჯგუფი დაკომპლექტებული უნდა იყოს კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის უფლების მქონე პოლიტიკური პარტიების წრმომადგენლობით. კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს განვითარების უზრუნველსაყოფად, სამიზნე ჯგუფის დაკომპლექტების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია შეასრულოს დადგენილი მოთხოვნები კერძოდ: სწავლების ცენტრს უნდა წარუდგინოს პროექტის მონაწილეობის შესახებ მოწვევის წერილის შვიდი კვალიფიციური პოლიტიკური პარტიისთვის დაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაგზავნილი მოწვევის წერილის შესაბამისად პროექტში მონაწილეობის თაობაზე არანაკლებ ოთხი კვალიფიციური პარტიიდან მიღებული თანხმობის წერილი, ხელმოწერილი პარტიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ; პარტიებისთვის დაგზავნილი მოწვევის წერილი და პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილები სწავლების ცენტრს უნდა წარედგინოს არასამთავრობო ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შეტყობინების განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (წერილის წარმოდგენა უნდა მოხდეს ნაბეჭდი ელექტრონულ ფორმით (CD)).

ზემოაღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.

თანაბარი პირობებისა და პროპორციულობის უზრუნველყოფის მიზნით, პროექტში მონაწილეობის სურვილის მქონე თითოეულ პარტიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა სამიზნე ჯგუფში პარტიის წარმომადგენლები წარადგინოს შესაბამის რეგიონში მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიების რაოდენობის გათვალისწინებით, კერძოდ: თბილისი (10 საოლქო საარჩევნო კომისია); კახეთი (8 საოლქო საარჩევნო კომისია); ქვემო ქართლი (7 საოლქო საარჩევნო კომისია); შიდა ქართლი-მცხეთა-მთიანეთი (8 საოლქო საარჩევნო კომისია); სამცხე-ჯავახეთი (6 საოლქო საარჩევნო კომისია); იმერეთი (თერჯოლა ტყიბულის გარდა) (10 საოლქო საარჩევნო კომისია); რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, თერჯოლა და ტყიბული (6 საოლქო საარჩევნო კომისია); სამეგრელო და ზემო სვანეთი (9 საოლქო საარჩევნო კომისია); გურია-აჭარა (9 საოლქო საარჩევნო კომისია);

II კატეგორიის სამიზნე ჯგუფი: კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს განვითარების უზრუნველსაყოფად, აღნიშნული სამიზნე ჯგუფის დაკომპლექტების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია შეასრულოს დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ: სწავლების ცენტრს უნდა წარუდგინოს პროექტში მონაწილეობის შესახებ მოწვევის წერილის თერთმეტი კვალიფიციური პოლიტიკური პარტიისთვის დაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაგზავნილი მოწვევის წერილის შესაბამისად პროექტში მონაწილეობის თაობაზე არანაკლებ ექვსი კვალიფიციური პარტიიდან მიღებული თანხმობის წერილი, ხელმოწერილი პარტიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ; სწავლების ცენტრს ასევე უნდა წარუდგინოს, ბოლო ოთხი წლის მანძილზე გამართულ ერთ-ერთ საერთო არჩევნებში მონაწილე არაუმეტეს ექვსი არაკვალიფიციური პარტიისთვის პროექტში მონაწილეობის შესახებ მოწვევის წერილის დაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაგზავნილი მოწვევის წერილის შესაბამისად პროექტში მონაწილეობის თაობაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, აღნიშნული თანხმობის წერილი, ხელმოწერილი პარტიის ხელმძღვანელობაზე წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ;

პარტიებისთვის დაგზავნილი მოწვევის წერილი და პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილები სწავლების ცენტრს უნდა წარედგინოს არასამთავრობო ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შეტყობინების განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (წერილების წარმოდგენა უნდა მოხდეს ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)); ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ. თანაბარი პირობებისა და პროპორციულობის უზრუნველყოფის მიზნით, პროექტში მონაწილეობის სურვილის მქონე თითოეულ პარტიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა სამიზნე ჯგუფში პარტიის წარმომადგენლები წარადგინოს შესაბამის რეგიონში მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიების რაოდენობის გათვალისწინებით, კერძოდ: თბილისი (10 საოლქო საარჩევნო კომისია); კახეთი (8 საოლქო საარჩევნო კომისია); ქვემო ქართლი (7 საოლქო საარჩევნო კომისია); შიდა ქართლი - მცხეთა-მთიანეთი (8 საოლქო საარჩევნო კომისია); სამცხე-ჯავახეთი (6 საოლქო საარჩევნო კომისია); იმერეთი (თერჯოლისა და ტყიბულის გარდა) (10 საოლქო საარჩევნო კომისია); რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, თერჯოლა და ტყიბული (6 საოლქო საარჩევნო კომისია); სამეგრელო და ზემო სვანეთი (9 საოლქო საარჩევნო კომისია); გურია - აჭარა (9 საოლქო საარჩევნო კომისია). თუ პარტიებიდან პროექტში მონაწილეობის შესახებ მიღებული თანხმობის წერილებიდან გამოიკვეთება, რომ შემცირდა პროექტით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფებში მონაწილეთა რაოდენობა, არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია სწავლების ცენტრს წარუდგინოს პროექტის კორექტირებული ბიუჯეტი გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მოთხოვნებით პროექტის დაფინანსებისთვის დადგენილი დაანგარიშების პრინციპის გათვალისწინებით. არასამთავრობო ორგანიზაციამ კორექტირებული ბიუჯეტი სწავლების ცენტრს უნდა წარუდგინოს პარტიებისთვის დაგზავნილ მოწვევისა და პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილებთან ერთად (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)). აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.

დადგენილია, რომ 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის 2016 წლის 18 მაისის #4 სხდომის ოქმის თანახმად, ოქმის 2.1. პუნქტით „გრანტის გაცემის წესის“ მე-13 მუხლის მე-19 პუნქტის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ... ცენტრის მიმართ დადგინდა საგრანტო პროექტის ბიუჯეტში ქვემოთ მოყვანილი ცვლილებების განხორციელების მოთხოვნა: პროექტის ბიუჯეტის პირველი მუხლის 1.1. პუნქტით გათვალისწინებული სახელფასო ფონდი შემცირებულ იქნა 3000 ლარის ოდენობით (პროექტის ბიუჯეტის პირველი მუხლის 1.1.1; 1.1.2.; 1.1.3.; 1.1.4. ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ადამიანური რესურსების შენარჩუნებით); პროექტის ბიუჯეტის პირველი მუხლის 1.2.1.; 1.2.2.; 1.2.3.; 1.2.4.; 1.2.5. ქვეპუნქტებში (ტრენერების შრომის ანაზღაურება) შევიდა ცვლილება და ტრენერების ჰონორარი განისაზღვრა საათობრივ მომსახურებაზე არაუმეტეს 45 ლარის გაანგარიშებით (პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ტრენერების რესურსის შენარჩუნებით); პროექტის ბიუჯეტში ამოღებულ იქნა მე-4 მუხლის 4.1. პუნქტი (პროექტორი); დადგინდა პროექტის ბიუჯეტის მე-4 მუხლის 4.2. პუნქტის (ხარჯი (ნოუთბუქი)) შესაბამისობაში მოყვანა „გრანტის გაცემის წესის“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან. ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, დადგინდა საგრანტო პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების, ღონისძიების ნაწილში ცვლილებების განხორციელება. კენჭისყრის შედეგი: მომხრე - 4; წინააღმდეგი - 0.

დადგენილია, რომ 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის #1 სხდომის ოქმის (სხდომის ჩატარების თარიღი 27.07.2016წ.) თანახმად, „გრანტის გაცემის წესის“ მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ა(ა)იპ ... ცენტრის დაფინანსების მათ მიერ საგრანტო პროექტების ბიუჯეტებში დადგენილი მოთხოვნების შესრულების პირობით განხორციელების შესახებ. პროექტის ბიუჯეტში დაკორექტირდა მე-4 მუხლი (ოფისის ხარჯი).

2016 წლის 27 მაისის სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის #1-118 ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ა(ა)იპ ... ცენტრის დაფინანსების შესახებ.

2016 წლის 3 აგვისტოს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის #1-208 ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ა(ა)იპ ... ცენტრის დაფინანსების შესახებ.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ 2016 წლის 30 მაისს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და ა(ა)იპ ... ცენტრს შორის დაიდო #2 საგრანტო ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1., 1.2. და 1.3. პუნქტების (ხელშეკრულების საგანი) თანახმად, გრანტის გამცემის მიერ გრანტის მიმღებისათვის გადაცემული მიზნობრივი დაფინანსების ფარგლებში, გრანტის მიმღები იღებდა ვალდებულებას განეხორციელებინა საგრანტო კონკურსის გრანტის გამცემისათვის წარდგენილი პროექტი დანართი #1 შესაბამისად. საგრანტო პროექტი უნდა განხორციელებულიყო 2016 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. მხარეთა უფლება-მოვალეობანი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, წესით, საგრანტო კონკურსში გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.

ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემის მიერ საგრანტო პროექტის შესრულებისა და საგრანტო თანხის მიზნობრივად ხარჯვის კონტროლის განხორციელების მიზნით, გრანტის მიმღები ვალდებული იყო გრანტის გამცემისათვის წარედგინა შემაჯამებელი ანგარიში წესის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 2.3. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებული იყო გრანტის გამცემისათვის წარედგინა შუალედური ანგარიში წესის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად არაუგვიანეს 2016 წლის 15 ივლისისა. 2.4. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებული იყო წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, შემდგომში არაუგვიანეს 25 ივნისისა და არაუგვიანეს 25 ივლისისა, სწავლების ცენტრისათვის ელექტრონულ ფოსტაზე „grants@electionreforms.ge“ მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია შესაბამისად ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეების განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიების გრაფიკის შესახებ, მათი შინაარსის, პასუხისმგებელი პირის მონაცემების, განხორციელების ზუსტი ადგილისა და დროის მითითებით. 2.5. პუნქტის თანახმად, წესის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ღონისძიებების გრაფიკში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში გრანტის მიმღები ვალდებული იყო, აღნიშნული ინფორმაცია ეცნობებინა გრანტის გამცემისათვის მანამდე წარდგენილ გრაფაში განსაზღვრული ღონისძიების განხორციელების თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე.

ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემს გრანტის მიმღებისათვის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად უნდა გადაეცა 105 068 ლარი, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით. 3.2. პუნქტის თანახმად, საგრანტო თანხა გადაირიცხებოდა ორ ეტაპად: ა) ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში 50 000 ლარის ოდენობით; ბ) თუ აღნიშნული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის შესაბამისად, წარდგენილი შუალედური ანგარიშის საფუძველზე განხორციელებული შუალედური მონიტორინგის შედეგად არ გამოვლინდებოდა დარღვევები - 55 068 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ 2016 წლის 3 აგვისტოს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და ა(ა)იპ ... ცენტრს შორის დაიდო საგრანტო ხელშეკრულება #38. ხელშეკრულების 1.1., 1.2. და 1.3. პუნქტების (ხელშეკრულების საგანი) თანახმად, გრანტის გამცემის მიერ გრანტის მიმღებისათვის გადაცემული მიზნობრივი დაფინანსების ფარგლებში, გრანტის მიმღები იღებდა ვალდებულებას, განეხორციელებინა საგრანტო კონკურსის გრანტის გამცემისათვის წარდგენილი პროექტი დანართი #1 შესაბამისად. საგრანტო პროექტი უნდა განხორციელებულიყო 2016 წლის 7 აგვისტოდან 2016 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით. მხარეთა უფლება-მოვალეობანი დარეგულირდა საქართველოს კანონმდებლობით, საგრანტო კონკურსში გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.

ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემის მიერ საგრანტო პროექტის შესრულებისა და საგრანტო თანხის მიზნობრივად ხარჯვის კონტროლის განხორციელების მიზნით, გრანტის მიმღები ვალდებული იყო გრანტი გამცემისათვის წარედგინა შემაჯამებელი ანგარიში წესის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 2.3. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებული იყო გრანტის გამცემისათვის წარედგინა შუალედური ანგარიში წესის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად არაუგვიანეს 2016 წლის 7 სექტემბრისა. 2.4. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებული იყო წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, შემდგომში არაუგვიანეს 7 სექტემბრისა, სწავლების ცენტრისათვის ელექტრონულ ფოსტაზე „grants@electionreforms.ge“ მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია შესაბამისად აგვისტოს, სექტემბერ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიების გრაფიკის შესახებ, მათი შინაარსის, პასუხისმგებელი პირის მონაცემების, განხორციელების ზუსტი ადგილისა და დროის მითითებით. 2.5. პუნქტის თანახმად, წესის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ღონისძიებების გრაფიკში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებული იყო აღნიშნული ინფორმაცია ეცნობებინა გრანტის გამცემისათვის მანამდე წარდგენილ გრაფაში განსაზღვრული ღონისძიების განხორციელების თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე.

ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემს გრანტის მიმღებისათვის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად უნდა გადაეცა 29 975 ლარი, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით. 3.2. პუნქტის თანახმად, საგრანტო თანხა გადაირიცხებოდა ორ ეტაპად: ა) ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში 14 987 ლარის ოდენობით; ბ) თუ აღნიშნული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შუალედური ანგარიშის საფუძველზე განხორციელებული შუალედური მონიტორინგის შედეგად არ გამოვლინდებოდა დარღვევები - 14 987.50 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 13 მარტს გაცემული #001366917 დასკვნის თანახმად, საგრანტო ხელშეკრულებების მიხედვით, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ გრანტის სახით გაცემული ა(ა)იპ ... ცენტრის მიერ მიღებული 105 068 ლარიდან, პროექტის - „...ში“ განხორციელებისათვის გახარჯულია სწორად 73 501.12 ლარი, 11 480 ლარზე მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი, 276.71 ლარზე არ არის წარმოდგენილი ხარჯვის დოკუმენტაცია, 4 ლარის 4.2. მუხლში/პუნქტში ხარჯვის გაზრდის თანხმობის შესახებ საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი წერილობითი დასტური, ხოლო ნაშთად ერიცხება 19 806.17 ლარი, რომელიც 2016 წლის 30 აგვისტოს დაბრუნდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, #2 საგრანტო ხელშეკრულების (30.05.2016წ.) თანახმად, გრანტის ოდენობა შეადგენს 105 068 ლარს. საქმეში წარმოდგენილი დამატებითი მასალების მიხედვით, პროექტის დაგეგმილი ბიუჯეტის მე-4 მუხლის (ოფისის ხარჯი) 4.2 პუნქტით (პრინტერის შესყიდვა) გათვალისწინებული თანხის ოდენობა განსაზღვრულია 360 ლარით, ხოლო ფაქტობრივად გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 400 ლარი. აღნიშნული სხვაობა ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხაზე 10%-ით მეტია. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის მიერ 396 ლარის ოდენობით გახარჯულია სწორად, ხოლო დარჩენილ თანხაზე სულ 4 ლარზე აღნიშნულ მუხლში/პუნქტში ხარჯვის თანხმობის შესახებ საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი წერილობითი დასტური. ამასთან, საქმეში წარდგენილი იყო კომუნიკაციის ხარჯის გადარიცხვის საგადახდო დავალებები, ხოლო ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის 445 ლარიდან 276.71 ლარზე.

რაც შეეხება მე-2 მუხლში ასახულ მივლინების ხარჯებს (მგზავრობა, ცხოვრება, დღიური), დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე დამატებით წარდგენილი იყო სამივლინებო ბრძანებები. თანხების გაცემის უწყისები, მივლინების მოწმობები, მივლინების ხარჯების ანგარიში და ტრენინგზე დასწრების ფურცლები. აღნიშნული დოკუმენტაციის კვლევის შედეგად დგინდებოდა, რომ სულ 13 275 ლარი ორგანიზაციის მიერ გაცემული იყო სამივლინებო ხარჯებისათვის. კერძოდ, სატრანსპორტო, ცხოვრების და დღიური ხარჯისთვის, აღნიშნული თანხები სრულად დაბეგრილი იყო საშემოსავლო გადასახადით, რომელიც გადარიცხული იყო ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე. სამსახურეობრივი მივლინების დადგენილი სადღეღამისო დღიური ნორმა შეადგენდა 15 ლარს, რომელიც არ ექვემდებარებოდა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნულ შემთხვევაში, სამსახურეობრივი მივლინების დადგენილი სადღეღამისო დღიური ნორმა არ იყო გამოწერილი მივლინებაში მყოფ პირებზე. ორგანიზაციის მიერ პროექტში დასაქმებულ თანამშრომლებზე ბრძანებით განსაზღვრული იყო ტრენინგების ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით, ერთდღიან პერიოდზე სამივლინებო ხარჯები არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით, ხოლო ერთზე მეტ დღიან პერიოდზე - არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით. ვინაიდან ანგარიშვალდებულ პირებს არ ჰქონდათ წარდგენილი მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია, გასაცემი თანხების გამოთვლას ორგანიზაცია ახორციელებდა აღნიშნული ბრძანების შესაბამისად მივლინების ხარჯების ანგარიშის მიხედვით, რომლის შემდგომაც ხდებოდა საშემოსავლო გადასახადის დაკავება და დაბეგრილი თანხა ერიცხებოდა მიმღებ პირს შესაბამის საბანკო ანგარიშზე. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული თანხები წარმოადგენდა პირის მიერ მიღებულ სარგებელს.

დასკვნის თანახმად, სულ მივლინების დღეთა რაოდენობა შეადგენდა 98 დღეს. აღნიშნულის და დადგენილი სადღეღამისო დღიურო ნორმის - 15 ლარის გათვალისწინებით, სულ სადღეღამისო ხარჯი შეადგენდა 1470 ლარს. 325 ლარი წარმოადგენდა სასტუმროს ხარჯს, რომელზეც წარმოდგენილი იყო მიზნობრივად ხარჯვის შესაბამისი დოკუმენტაცია. ამდენად, ექსპერტიზაზე არ იყო წარმოდგენილი საერთო ჯამში 11 480 ლარის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია.

დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ სამსახურეობრივი დავალების შესასრულებლად დამქირავებლის ბრძანებით მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ - ქვეყნის შიგნით დაქირავებულის მივლინებისას, სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვრებოდა 15 ლარის ოდენობით, ხოლო მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრებოდა ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით, დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.

ამასთან, საგადასახადო კანონმდებლობით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ასევე, სარგებლად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ანაზღაურებული ხარჯები, ხოლო ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩარიცხული 105 068 ლარი, ა(ა)იპ ... ცენტრის მიერ პროექტის - „...ში“ განხორციელებისათვის, გახარჯული იყო სწორად 73 501.12 ლარი, 11 480 ლარზე მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი არ იყო წარდგენილი, 276.71 ლარზე არ იყო წარდგენილი ხარჯვის დოკუმენტაცია, 4 ლარის 4.2 მუხლში/პუნქტში ხარჯვის გაზრდის თანხმობის შესახებ საქმეში არ მოიპოვებოდა შესაბამისი წერილობითი დასტური, ხოლო ნაშთად ერიცხებოდა 19 806.17 ლარი, რომელიც 2016 წლის 30 აგვისტოს დაბრუნდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული 2017 წლის 16 მარტის #001466017 დასკვნის მიხედვით, ა(ა)იპ ... ცენტრის მიერ მიღებული 29 975 ლარიდან, პროექტის - „...ა მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში“ განხორციელებისათვის გახარჯული იყო სწორად 22 726.6 ლარი, 5825 ლარის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია ექსპერტიზაზე არ იყო წარდგენილი, 150.88 ლარზე არ იყო წარდგენილი ხარჯვის დოკუმენტაცია, ხოლო ნაშთად რიცხული 1 272.52 ლარი 2016 წლის 7 ოქტომბერს დაბრუნდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

დასკვნის თანახმად, #38 საგრანტო ხელშეკრულების პირველი მუხლის მიხედვით, გრანტის გამცემის მიერ გრანტის მიმღებისათვის გადაცემული მიზნობრივი დაფინანსების ფარგლებში, გრანტის მიმღები იღებს ვალდებულებას, განახორციელოს საგრანტო კონკურსში გრანტის გამცემის წარდგენილი პროექტი დანართი #1-ის შესაბამისად; საგრანტო პროექტი უნდა განხორციელდეს 2016 წლის - 7 აგვისტოდან 7 ოქტომბრის ჩათვლით; მხარეთა უფლება-მოვალეობანი რეგულირდება საქართვლოს კანონმდებლობით, წესით, საგრანტო კონკურსში გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.

დასკვნის მიხედვით, მითითებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია გრანტის გაცემის წესი, რომლის მიხედვითაც, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად გადაცემს 29 975 ლარს, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით. საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ა(ა)იპ ... ცენტრის მიერ საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნობრივი 29 975 ლარის გრანტიდან გახარჯულია 28 702.48 ლარი, მათ შორის, შრომის ანაზღაურება - 9 500 ლარი; მგზავრობის ხარჯი - 8 000 ლარი; კონფერენციების, სწავლებების, ღონისძიებების ორგანიზების ხარჯი - 10 784.87 ლარი; ოფისის ხარჯი - 400 ლარი; სხვა ხარჯი - 17.61 ლარი.

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, პროექტის დაგეგმილი ბიუჯეტის მუხლში/პუნქტში 10% ზემოთ ცვლილება მიმღების მიერ არ განხორციელებულა.

რაც შეეხება მე-2 მუხლში ასახულ მივლინების ხარჯებს, დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო სამივლინებო ბრძანებები, მივლინების მოწმობები, მივლინების ხარჯების ანგარიში. აღნიშნული დოკუმენტაციის კვლევის შედეგად დგინდება, რომ ორგანიზაციის მიერ სამივლინებო ხარჯებისათვის გაცემულია 8 000 ლარი, საიდანაც 1590 წარმოადგენს სასტუმროს მომსახურების ანაზღაურების თანხას, ხოლო დარჩენილი თანხა, მათ შორის, 585 ლარი (სამსახურებრივი მივლინების დადგენილ სადღეღამისო (დღიური 15 ლარი) ხარჯების ნორმა) დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. ამდენად, ექსპერტიზაზე არ იყო წარდგენილი 5825 ლარის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია. აღნიშნული თანხიდან საშემოსავლო გადასახადს წარმოადგენდა 1282 ლარი. ამასთან ერთად, მე-4 მუხლის 4.1. პუნქტით (საკომუნიკაციო ხარჯი) განსაზღვრული 400 ლარიდან ხარჯვის დოკუმენტაცია წარდგენილი იყო მხოლოდ 249.12 ლარზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ ... ცენტრის მიერ მიღებული 29 975 ლარიდან, პროექტის - „...ა მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში“ განხორციელებისათვის გახარჯული იყო სწორად 22 726.6 ლარი, 5828 ლარის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია ექსპერტიზაზე არ იყო წარდგენილი, 150.88 ლარზე არ იყო წარდგენილი ხარჯვის დოკუმენტაცია, ხოლო ნაშთად რიცხული 1 272.52 ლარი 2016 წლის 7 ოქტომბერს დაბრუნდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

დადგენილია, რომ 2017 წლის 20 მარტს მომზადებული 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის #5 სხდომის ოქმის თანახმად, დღის წესრიგს წარმოადგენდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის #7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით თანდართული „გრანტის გაცემის წესის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მონიტორინგის ჯგუფის მიერ საკონკურსო კომისიისთვის კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული პროექტის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციის წარდგენა. ოქმის თანახმად, ა(ა)იპ ... ცენტრს სწავლების ცენტრის მიერ ჩაერიცხა 105 068 ლარი, რომლიდანაც გახარჯული იყო სწორედ 73 501.12 ლარი. 11480 ლარზე (სამივლინებო ხარჯი) მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი წარდგენილი არ იყო. პროექტის ბიუჯეტის მე-4 მუხლის 4.2. პუნქტში (ოფისის ხარჯი) ხარჯვის 10%-ით ზრდაზე საგრანტო საკონკურსო კომისიის თანხმობის შესახებ საქმეში არ მოიპოვებოდა შესაბამისი წერილობითი დასტური (შეადგინა 4 ლარი).

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შედეგად, კომისიის სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი, ა(ა)იპ ... ცენტრის მიმართ გამოყენებულიყო „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა, გამოსათხოვი თანხის ჯამურ ოდენობად განისაზღვრა 11 760.71 ლარი (მოიცავს: 276.71 ლარის, 4 ლარისა და 11 480 ლარის ჯამს). კენჭისყრის შედეგები: მომხრე - 4, წინააღმდეგი - 0. კენჭისყრის შედეგად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ა(ა)იპ ... ცენტრის მიმართ გამოყენებულიყო „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა, გამოსათხოვი თანხის ოდენობად კი განისაზღვრა 11 760.71 ლარი. თანხის დაბრუნების თარიღად დადგინდა არაუგვიანეს 2017 წლის 29 მარტისა.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2017 წლის 20 მარტს მომზადებული 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის #5 სხდომის ოქმის თანახმად, დღის წესრიგს წარმოადგენდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის #7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით თანდართული „გრანტის გაცემის წესის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მონიტორინგის ჯგუფის მიერ საკონკურსო კომისიისთვის კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული პროექტის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციის წარდგენა. ოქმის თანახმად, ა(ა)იპ ... ცენტრს სწავლების ცენტრის მიერ ჩაერიცხა 29 975 ლარი, რომლიდანაც გახარჯული იყო სწორედ 22 726.6 ლარი. 5825 ლარზე (სამივლინებო ხარჯები) მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი წარდგენილი არ იყო. 150.88 ლარზე (საკომუნიკაციო ხარჯი) არ იყო წარდგენილი ხარჯვის დოკუმენტაცია.

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შედეგად, კომისიის სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი ა(ა)იპ ... ცენტრს“ მიმართ გამოყენებულიყო „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა, გამოსათხოვი თანხის ოდენობად კი განისაზღვრა 5975.88 (მოიცავს 150.88 ლარისა და 5825 ლარის ჯამს) ლარი. კენჭისყრის შედეგები: მომხრე - 3, წინააღმდეგი - 0. კენჭისყრის შედეგად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ ... ცენტრის მიმართ გამოყენებულიყო „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა, გამოსათხოვი თანხის ოდენობად კი განისაზღვრა 5975.88 ლარი. თანხის დაბრუნების თარიღად დადგინდა არაუგვიანეს 2017 წლის 29 მარტისა.

საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ 2017 წლის 20 მარტს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის #1-40 ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ა(ა)იპ ... ცენტრის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად საგრანტო თანხის ნაწილობრივ - 5975.88 ლარის ოდენობით უკან გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული თანხის დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2017 წლის 29 მარტისა.

2017 წლის 20 მარტს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის #1-44 ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ა(ა)იპ ... ცენტრის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად საგრანტო თანხის ნაწილობრივ - 11760.71 ლარის ოდენობით უკან გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული თანხის დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2017 წლის 29 მარტისა.

დადგენილია, რომ 2017 წლის 27 მარტს ა(ა)იპ ... ცენტრმა ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-40 ბრძანებისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-39 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის #24/2017 განკარგულებით ა(ა)იპ ... ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი (ცესკოში რეგისტრაციის #585) არ დაკმაყოფილდა სამართლებრივი საფუძვლების არ არსებობის გამო. ძალაში დარჩა „ა(ა)იპ ... ცენტრის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ სარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #1-40 და #1-44 ბრძანებები, როგორც მართლზომიერი გადაწყვეტილებები.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის #7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში – სწავლების ცენტრი) არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფოებრივ, საგანმანათლებლო და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საჯარო საქმიანობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სწავლების ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით. ამავე დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სწავლების ცენტრის უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და წინამდებარე დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს ცესკო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სწავლების ცენტრის ფუნქციებს წარმოადგენს პარტიებზე თანხის გაცემა კვლევების, სწავლების, კონფერენციების, მივლინებების, რეგიონული პროექტების, ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო განათლების პროექტების დაფინანსების მიზნით, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემა პარტიების განვითარების ხელშეწყობისა და ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლების მიზნით წარდგენილი პროექტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, სწავლების ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის განხორციელებას ახდენს გრანტის გაცემის თანდართული წესის შესაბამისად.

საკასაციო პალატა მიუთითებს „გრანტის გაცემის წესის“ პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, წინამდებარე წესი არეგულირებს პარტიების განვითარების ხელშეწყობისა და ამომრჩეველთა სამოქალაქო/საარჩევნო განათლების პროექტების დაფინანსების მიზნით კონკურსის საფუძველზე გრანტის გაცემის წესსა და ამ კონკურსში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს. ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო) განკარგულებით განსაზღვრავს გამოსაცხადებელი კონკურსის დაფინანსების მიმართულებებს. ცესკოს თანხმობით საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომში – სწავლების ცენტრი) დირექტორი ბრძანებით განსაზღვრავს კონკურსის გამოცხადების თარიღს, საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადებს, საკონკურსო თემატიკას, საკონკურსო მიმართულებისა და პროექტის დაფინანსების ფარგლებს, პროექტის ხანგრძლივობას, კონკურსის დამატებით მოთხოვნებს (საჭიროებისამებრ) და საკონკურსო კომისიის შემადგენლობას. ცესკოს თანხმობა მიიღება ცესკოს განკარგულებით. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, კონკურსს აცხადებს სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით. კონკურსის გამოცხადების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „გრანტის გაცემის წესის“ მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების კონტროლს ახორციელებს სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი, ხოლო საგრანტო თანხის საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ხარჯვასთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ მოწვეული შესაბამისი უფლებამოსილი პირი/ორგანო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონიტორინგი ხორციელდება შემაჯამებელი მონიტორინგის ფორმით. მონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს, აგრეთვე, შუალედური მონიტორინგის ფორმით საგრანტო თანხის ეტაპობრივი გაცემის შემთხვევაში. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, არასამთავრობო ორგანიზაციის საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების კონტროლი ხორციელდება გასვლითი შემოწმებებისა ან/და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი შუალედური/შემაჯამებელი ანგარიშის საფუძველზე. ზემოაღნიშნული წესის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შუალედური მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით სწავლების ცენტრს წარუდგინოს შუალედური ანგარიში (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)), რომელშიც გაწერილი უნდა იყოს: ა) შესაბამისი პერიოდისათვის განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებები, მათი ჩატარების კონკრეტული დროისა და ადგილის მითითებით, განხორციელებული სამუშაოები, გამოყენებული მასალები (ნაბეჭდი ან/და აუდიო-ვიდეო-ფოტომასალა); ბ) დარჩენილი პერიოდის საქმიანობის დეტალური გეგმა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, შემაჯამებელი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია საგრანტო პროექტის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში სწავლების ცენტრს წარუდგინოს შემაჯამებელი ანგარიში (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს და მასში გაწერილი უნდა იყოს: ა) პროექტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების ანალიზი; ბ) პროექტის ეფექტი (მიღწეული შედეგები); გ) პროექტის სამიზნე ჯგუფი, ვინც მონაწილეობდა პროექტში; დ) პროექტის ფარგლებში განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებები; ე) ნაბეჭდი მასალა, აუდიო-ვიდეო-ფოტო ან სხვა მასალები, რომლებიც შეიქმნა პროექტის განხორციელების შედეგად (ასეთის არსებობისას); ვ) შემაფერხებელი გარემოებები (ასეთის არსებობისას) და გადაჭრის გზები; ზ) პროექტის განხორციელებისას მიღებული დახმარებები (ასეთის არსებობისას მიეთითება დახმარების ფორმა, ორგანიზაციების დასახელებები); თ) ფინანსური ანგარიში დანართი #3-ის შესაბამისად. ხსენებული წესის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე წარდგენილ შემაჯამებელ ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა დაურთოს მისთვის გადაცემული თანხის ხარჯვის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაციის ასლები 2 ეგზემპლარად. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-4, მე-6-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციას ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ 2 სამუშაო დღისა შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ა(ა)იპ ... ცენტრმა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს ფინანსურ დოკუმენტაციასთან ერთად შემაჯამებელი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა. ზემოაღნიშნული წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა ექსპერტიზის ჩატარება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მეშვეობით უზრუნველყო.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნების შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კომისია უფლებამოსილია არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სახის პასუხისმგებლობის ზომები: ა) გაფრთხილება; ბ) მიმდინარე საგრანტო პროექტის შეწყვეტა ან/და საგრანტო თანხის ნაწილობრივ ან სრულად უკან გამოთხოვა; გ) საგრანტო თანხის ნაწილობრივ ან სრულად უკან გამოთხოვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, კომისიის გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ მტკიცდება სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს გასაჩივრებული აქტის მოქმედებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გრანტის გაცემას ახასიათებს მიზნობრიობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მიმღებზე გარკვეული სახსრების უსასყიდლოდ გაცემა ხორციელდება განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. ამასთან, თავად გრანტისა და საგრანტო ხელშეკრულებით წარმოშობილი ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება გრანტის მიმღებს ავალდებულებს, მიზნობრივად გამოყოფილი ფულადი თუ ნატურალური სახსრები სწორედ კონკრეტული მიზნების მისაღწევად გამოიყენოს. შესაბამისად, გრანტის მიმღების მხრიდან საგრანტო ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების შესრულებისათვის საკმარისია არა მხოლოდ მიღებული გრანტის კონკრეტული მიზნის მისაღწევად გახარჯვის მიმართ ნების გამოხატვა, არამედ ამგვარი მიზნობრიობით მისი რეალურად გახარჯვაც. ამდენად, საგრანტო ხელშეკრულების კონტრაჰენტის - გრანტის მიმღების სახელშეკრულებო ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება სწორედ მაშინ, როდესაც დადასტურდება მიზნობრივად გადაცემული სახსრების კონკრეტული მიზნების შესრულების უზრუნველსაყოფად გამოყენება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს განსახილველი დავის ფარგლებში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნების მტკიცებულებითი ძალის არარსებობასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა განმეორებით მიუთითებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის #7/2012 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულებაზე“ თანდართული „გრანტის გაცემის წესის“ მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების კონტროლს ახორციელებს სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი, ხოლო საგრანტო თანხის საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ხარჯვასთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ მოწვეული შესაბამისი უფლებამოსილი პირი/ორგანო. მითითებული დანაწესი ცხადყოფს, რომ გრანტის მიმღების მხრიდან საგრანტო თანხის მიზნობრივი ხარჯვის კონტროლს სწავლების ცენტრი ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარების გზით ახორციელებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ამგვარი ექსპერტიზის შედეგად გაცემული დასკვნის მტკიცებულებითი ძალის ცალსახა გამორიცხვა ეწინააღმდეგება განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ საკანონმდებლო დანაწესებს. ამასთან, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატის შეფასებებზე, რომლის თანახმადაც, საგრანტო თანხების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობა იმთავითვე არ გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული თანხები არ იქნა გაცემული ორგანიზაციის მიერ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ დასაქმებული პირების მიერ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მოსარჩელე ორგანიზაციისათვის წარუდგენლობა შესაძლებელია გახდეს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო მიზნებისათვის ა(ა)იპ ... ცენტრისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლიდან დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების გამოქვითვაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ განმარტებებს და მათ საწინააღმდეგოდ აღნიშნავს, რომ გრანტის გაცემა ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება. საგრანტო თანხების კონკრეტული სუბიექტისათვის გადაცემით ხორციელდება გრანტის მიმღების წინასწარ განსაზღვრულ მიზანზე დაფუძნებული ფინანსური მხარდაჭერა და არა აღნიშნული სუბიექტის დაუსაბუთებელი დაფინანსება. შესაბამისად, გრანტის გაცემის დროს გადამწყვეტია საგრანტო თანხების მიზნობრივად გახარჯვა მხოლოდ იმ ოდენობით, რაც განსაზღვრული მიზნის მიღწევის საჭიროებით იქნა განპირობებული. ამდენად, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ ორგანიზაციის მიერ კონკრეტული თანხის საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესაბამისად ხარჯვა საჭიროებს სწორედ შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციით დადასტურებას, რამდენადაც მოცემული საკითხისადმი სხვაგვარი მიდგომა შეუძლებელს გახდიდა გრანტის სახით გაცემული თანხების ხარჯვის კონტროლს. ამასთან, მხედველობაშია მისაღები თავად იმ დოკუმენტაციათა შინაარსობრივი მხარეც, რომელზედაც სააპელაციო პალატა აყრდნობს ზემოაღნიშნულ განმარტებებს, კერძოდ, სასამართლო მიუთითებს მოპასუხის მიერ დასაქმებულ პირებთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებსა და მის მიერ გაცემულ იმ ბრძანებებზე, რომლითაც განისაზღვრა კონკრეტულ პირთა სამივლინებო ხარჯების ოდენობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების არსებობის ან/და მათი მივლინებისათვის შესაბამისი ხარჯების გამოყოფის თაობაზე ბრძანებების გამოცემის ფაქტი ადასტურებს გრანტის მიმღების მხრიდან საგრანტო თანხების საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნობრიობით გახარჯვის განზრახულობას, თუმცა არა ფინანსური სახსრების მიზნობრივად ფაქტობრივ, რეალურ ხარჯვას. საკასაციო პალატა არ გამორიცხავს მოპასუხის - ა(ა)იპ ... ცენტრის მიერ კონკრეტული თანხების საგრანტო მიზნების შესაბამისად გაცემას, თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნული საჭიროებს უშუალოდ ფინანსური სახსრების მიზნობრივად გაღების უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებებით დამტკიცებას. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ უნდა მიმართოს ყველა საშუალებას, რაც ხელს შეუწყობს იმის გამორკვევას, ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი გრანტის სახით გაცემული ფინანსური სახსრების მოპასუხის მხრიდან რეალურ, მიზნობრივ გახარჯვას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროცესის მონაწილეთა ვალდებულებას წარმოადგენს, თავიანთ მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ. თავის მხრივ, სასამართლოს ვალდებულებაა, მხარეებს მისცეს მტკიცებულებათა წარდგენისა და საკუთარი პოზიციების დაცვის პროცესუალური შესაძლებლობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათი მოსამართლეს პროცესში აქტიურ როლს ანიჭებს და აძლევს შესაძლებლობას, იზრუნოს საქმის მართებული გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციისა თუ მტკიცებულებათა დამატებით მოპოვებისათვის. განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხისაგან განსხვავებით, მოსარჩელემ დაძლია ის მტკიცების ტვირთი, რომელიც მისი პოზიციის დასაბუთებისათვის მოქმედი კანონმდებლობით იყო მოთხოვნილი, კერძოდ, მან სასამართლოს წარუდგინა ყველა ის მტკიცებულება, რომლის წარდგენასაც მას შესაბამისი კანონმდებლობა ავალდებულებდა. რაც შეეხება მოპასუხეს, მისი მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემდა დაემტკიცებინა წარმოდგენილი სარჩელის უსაფუძვლობა. ამდენად, საქმის ხელახალი განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ ხელი უნდა შეუწყოს მოპასუხის მხრიდან იმგვარი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომელსაც ობიექტურად შეეძლება სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სარჩელის საფუძვლიანობის გამორიცხვა. ამასთან, საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ განსახილველი დავა წარმოშობილია სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. შესაბამისად, დავის ხელახალი განხილვის პროცესში, მოპასუხის მხრიდან დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის შესაძლებლობის შემთხვევაში, აღნიშნულ მტკიცებულებათა და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ფარგლებში, მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულებათა ჯეროვან შესრულებას, არაჯეროვან შესრულებას თუ ვალდებულებათა შეუსრულებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე