#ბს-348(კ-20) 7 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ს-ა; მესამე პირები (16.1 მუხ.) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ს-ამ 2018 წლის 27 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს MIA 6 18 01985810 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას - ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების განხორციელების დროს ზ. ს-ას ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის დადასტურების შესახებ მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთნენ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს MIA 6 18 01985810 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას - ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების განხორციელების დროს ზ. ს-ას ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის დადასტურების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსისა და შესაბამისი კომპენსაციის მოსაპოვებლად უნდა დადგენილიყო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, შეზღუდული იყო თუ არა მისი შესაძლებლობები, ხოლო შემდეგ, მიზეზობრივი კავშირი ამ მდგომარეობასა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობისას მიღებულ ტრამვას/დაავადებას შორის.
სააპელაციო პალატამ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს №3/8097-16 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ზ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 13 ოქტომბრის MIA 6 16 02575384 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სწორედ, ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და გამოიცა სადავო აქტი.
სააპელაციო პალატამ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის 11 ივნისის დადგენილების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ს-ას III-IV ხარისხის სმენის სენსო-ნევრალგიური დაქვეითება (მძიმე) მიღებული აქვს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. ამდენად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით დადასტურდა ზ. ს-ას შესაძლებლობების შეზღუდვის ფაქტი სამხედრო სამსახურის გავლისას. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ს-ა 1992-1993 წლებში დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და ამავე დროს მონაწილეობდა ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საომარ მოქმედებებში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. პალატის მითითებით, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით დგინდებოდა, რომ ზ. ს-ამ დაზიანება უშუალოდ საომარი მოქმედებების შედეგად მიიღო. საქმეში აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება ზ. ს-ას დაავადებასა და საომარი მოქმედებებს შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში დაშვებულია ფაქტობრივი უსწორობები, რაც მისი გაუქმების საფუძველია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზ. ს-ასთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუმცა მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და მისი კონფლიქტურ ზონაში მივლინებით გაგზავნის ფაქტები ვერ დადასტურდა. კასატორის მოსაზრებით, მხოლოდ ზ. ს-ას ყოფილი თანამშრომლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები ვერ გახდებოდა იმ მიზეზობრივი კავშირის უპირობოდ დადასტურების საფუძველი, რომ ზ. ს-ას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოწვეული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მისი კონფლიქტურ ზონაში მივლინებით გაგზავნით. კასატორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ზ. ს-ა 1992-1993 წლებში მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, თუმცა არ დასტურდება ზ. ს-ას სამინისტროს მიერ მივლინებით გაგზავნა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. კასატორის მითითებით, ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით ვერ დადასტურდება.
კასატორი აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს ის გარემოება, რომელზეც ამყარებს თავის სარჩელს/შესაგებელს. ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი, თუ კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარებს, ეკისრება აქტის გამომცემ ორგანოს, თუმცა, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული არ გულისხმობს მოთხოვნის დასაბუთების ვალდებულებისაგან მოსარჩელის სრულ გათავისუფლებას. სამინისტრო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ზ. ს-ას ეკისრება საომარ მოქმედებებში მონაწილეობის დროს მისი ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის მტკიცების ვალდებულება. კასატორი აღნიშნავს, რომ არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ზ. ს-ას სასარჩელო მოთხოვნას. ამ პირობებში მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება არამართებულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს №3/8097-16 გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საომარ მოქმედებებში ზ. ს-ას ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაევალა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 16 აგვისტოს MIA 6 18 01985810 გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებულია, რომ ზ. ს-ას სმენის სენსონევრალგიური დაქვეითება მიღებული აქვს სამხედრო სამსახურში გავლის პერიოდში. სასარჩელო მოთხოვნას კი არა სამხედრო სამსახურში გავლის პერიოდში ჯანმრთელობისს დაზიანების ფაქტის, არამედ საომარი მოქმედებების განხორცილებისას ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის დადასტურება წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშავს, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 28 აგვისტოს №281 ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვეტერანთა აღრიცხვის სწორად წარმართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის და ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარადგინოს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (საბრძოლო მოქმედებებში მივლინების ბრძანება, ცნობა კადრებიდან სად და რა თანამდებობაზე იმყოფებოდა საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, დაჯილდოების, წახალისების, წოდების მინიჭების ბრძანებები, ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.). მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანის სტატუსის არანაკლებ სამი პირი – ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორითანამებრძოლი. ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს შესაბამისი უწყების ბეჭდით(ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ნოტარიულად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზ. ს-ა არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტრანი. იგი 1992-1993 წლებში დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და ამავე დროს მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართულ საომარ მოქმედებებში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ზ. გ-ას მიღებული აქვს III-IV ხარისხის სმენის სენსო-ნევრალგიური დაქვეითება (მძიმე). ამასთან, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის 11 ივნისის დადგენილების თანახმად, ზ. ს-ამ ხსენებული დაზიანება მიიღო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ამბულატორიული ავადმყოფის სამედიცინო ბარათის მონაცემზე, რომლის მიხედვით, ზ. ს-ას 1993 წლის იანვარში, აფხაზეთი ყოფნის დროს კონტუზიის შემდეგ დაეწყო სმენის პრობლემები. მოსარჩელის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის დროს კონტუზიის მიღების ფაქტს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით აგრეთვე ადასტურებენ ზ. ს-ას თანამებრძოლები. ხსენებული გარემოების საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულებები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ წამოდგენილა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე