Facebook Twitter

#ბს-353(2კ-20) 07 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 01 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ვ. რ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. რ-მა 2018 წლის 16 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ ვ. რ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის #1595177 ბრძანებისა და ვ. რ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის #2594117 ბრძანების არარა აქტებად აღიარება, მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის ვ. რ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ვ. რ-ისათვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ვლადიმერ რეხვიაშილის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარა აქტებად იქნა აღიარებული ვ. რ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის #1595177 ბრძანება და ვ. რ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის #2594117 ბრძანება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს ვ. რ-ის დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და მოსარჩელისათვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურება დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 01 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 21 სექტემბრის №1863735 ბრძანების თანახმად, სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების ყოფილი უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვ. რ-ი დაინიშნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხარისხის მართვისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოს შიდა დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის №1595177 ბრძანების თანახმად, ვ. რ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის №2594117 ბრძანების თანახმად კი ვ. რ-ი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2015 წლის 22 ნოემბრიდან.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამსახურის გავლის წესს; სამსახურის გავლა კი ასევე გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებას. პალატის მითითებით, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების მე-2 მუხლი ახდენს დიფერენცირებას და განასხვავებს ერთმანეთისაგან „სამინისტროს მოსამსახურეს“ და „სსიპ-ის მოსამსახურეს“. კერძოდ, ხსენებული მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე არის პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ხოლო ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურე არის სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე; ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტში ასევე განმარტებულია ტერმინი „პოლიციელი“, ეს არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სამინისტროს მოსამსახურის ჩამონათვალ პირებში მითითებულია ტერმინი ,,პოლიციელი“, სწორედ მე-2 მუხლში მოცემული ტერმინთა განმარტებები არ იძლევა ნორმის ინტერპრეტაციის საშუალებას იმდაგვარად, რომ სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირში დასაქმებული წოდების მქონე პირი (პოლიციელი) მიჩნეული იქნეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამინისტროს მოსამსახურედ; ცალსახაა, რომ ასეთი პირი შედის ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ „სსიპ-ის მოსამსახურის“ ჩამონათვალში და როდესაც, საკითხი დგება ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე, იგი უნდა გადაწყდეს იმ ნორმების შესაბამისად, რომელიც ეხება „სსიპ-ის მოსამსახურის“ დანიშვნა-გათავისუფლებას.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. ამდენად, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება მინისტრს არ გააჩნდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 01 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ განსახილველ საქმეში გასაჩივრებულია მოსარჩელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და არა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოდან დათხოვნის თაობაზე ბრძანება. კასატორების განმარტებით, პირის კადრების განკარგულებაში აყვანა ადამიანური რესურსის რაციონალურ გამოყენებასა და სისტემაში პირთა შრომითი მოწყობის საკითხის ეფექტიან გადაწყვეტას ემსახურება. კონკრეტულ შემთხვევაში, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორს არ ჰქონდა პირის დათხოვნის უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან პატაკით მიმართა მინისტრს და მოსარჩელის კადრების განკარგულებაში აყვანა მოითხოვა. ამდენად, სსიპ-ის დირექტორმა ხსენებული პატაკით გამოხატა საკუთარი ნება.

კასატორები მიუთითებენ „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-4 და 34-ე მუხლებზე და აღნიშნავენ, რომ პირის კადრების განკარგულებაში აყვანა არ გულისხმობს მის გათავისუფლებას, არამედ შეიძლება გულისხმობდეს მხოლოდ ფუნქცია-მოვალეობათა დროებით შეჩერებას. კასატორების მითითებით, რეალურად, პირის დათხოვნა ხდება კადრების განკარგულებაში აყვანიდან 4 თვის შემდეგომ, თუ მისი სამსახურში მოწყობის საკითხი დადებითად ვერ გადაწყდა.

კასატორები მიუთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის #337 დადგენილებაზე და აღნიშნავენ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის გათავისუფლების უფლებამოსილება შინაგან საქმეთა მინისტრს გააჩნდა. სამინისტროს მოსაზრებით, სადავო აქტები დაუსაბუთებულად იქნა ცნობილი არარა აქტებად, რადგან აქტებმა პირდაპირი და უშუალო შედეგი გამოიწვია ადრესატისათვის. ამასთან, კასატორები აღნიშნავენ, რომ სადავო აქტების არარად აღიარების შემთხვევაშიც კი დაუსაბუთებელია ვ. რ-ის თანადებობაზე აღდგენა და მისთვის განაცდურის ანაზღაურება, რადგან შეუძლებელია არარა აქტებს მისთვის უარყოფითი სამართლებრივი შედეგი მოეტანა. უარყოფითი შესაძლოა მოეტანა არა არარა აქტებს, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებას. სამინისტრო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული ნორმა ითვალისწინებს განაცდურის ანაზღაურება აქტის ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების და არა არარად აღიარების შემთხვევაში. ამასთან, არამართებულია განაცდურის სრულად ანაზღაურება დამატებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რადგან თუ პირი სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდში მუშაობდა სხვა სამსახურში და იღებდა შემოსავალს, აღნიშნული უნდა გამოაკლდეს განაცდურის თანხას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 21 სექტემბრის №1863735 ბრძანების თანახმად, სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების ყოფილი უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვ. რ-ი დაინიშნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხარისხის მართვისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოს შიდა დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის №1595177 ბრძანების თანახმად, ვ. რ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის №2594117 ბრძანების თანახმად კი ვ. რ-ი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. კონკრეტულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის №1595177 და 2015 წლის 20 ნოემბრის №2594117 ბრძანებების, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული აქტების, არარა აქტებად აღიარება წარმოადგენს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად უნდა დადგინდეს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სსიპ მომსახურების სააგენტო წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონტროლს სამინისტრო უწევს, იგი დამოუკიდებლად ახოციელებს საქმინაობას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „დამოუკიდებლობა“ აგრეთვე მოიცავს სსიპ-ის დირექტორის მიერ მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილებას. აღნიშნულს ცალსახად მოწმობს სადავო აქტების გამოცემის პერიოდში მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება“, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ თანახმად, სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 74-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონზე, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს მინისტრის უფლებამოსილებას თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების სფეროში. კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრულ მოხელეებს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, რაც შეეხება საჯარო სამართლის იურიდიული პირებს, ხსენებული ნორმა ადგენს მინისტრის უფლებამოსილებას მხოლოდ მათი ხელმძღვანელების დანიშვნათან დაკავშირებით. ამდენად, ზემოხსენებული ნორმები ცალსახად ადასტურებენ შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილების არ არსებობას ვ. რ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე, მისი კადრების განკარგულებაში აყვანასა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნაზე.

ამასთან, მსგავსი სამართლებრივი საკითხი შეფასებული და განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის #ბს-1037(კ-18) გადაწყვეტილებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, კასატორებმა საკასაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 01 ივლისის განჩნება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე