საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1328(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 24 აპრილს გ. დ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მარტვილის რაიონის, სოფელ ...ში მემკვიდრეობით მიიღო 1258,00 კვ.მ მიწის ნაკვეთით, მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობებით. 2017 წლის 3 ივლისს აღნიშნული უძრავი ქონება (ს/კ ...) დაარეგისტრირა საკუთრებაში სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.
საჯარო რეესტრში ოჯახის კუთვნილი ქონების დარეგისტრირებიდან გარკვეული დროის შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრმა შეასწორა რეგისტრირებული უფლების ჩანაწერი და დაზუსტებული ფართის სარეგისტრაციო ჩანაწერი შეცვალა დაუზუსტებელი ფართის სარეგისტრაციო ჩანაწერად, იმ მოტივით, რომ საჭიროა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილება და ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზი და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტურია.
2018 წლის 17 იანვარს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და უარი უთხრა მოსარჩელეს მიწის იდენტიფიცირებაზე იმ საფუძვლით, რომ გ. დ-ას მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთისა. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 17 იანვრის №1 ბრძანება და ადგილზე დათვალირების ოქმი გაასაჩივრა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 მარტის №165 ბრძანებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 19 მარტის №165 ბრძანების, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის მიერ გაფორმებული №0001 ოქმისა და ამ ოქმის საფუძველზე გამოცემული მიწების არაიდენტიფიცირების თაობაზე 2018 წლის 17 იანვრის №1 ბრძანების ბათილად ცნობა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მარტვილის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 1258,00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირების დადგენის თაობაზე, გამოცემის დავალება.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. ფ-ა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. დ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 19 მარტის №165 ბრძანება ,,გ. დ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ”. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 იანვრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00001 ოქმი; მოპასუხეს - ქალაქ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. მარტვილში, სოფელ ...ში მდებარე 1258 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე გ. დ-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით გ. დ-ას უარი ეთქვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. დ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს ასევე ნ. ფ-ამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განჩინება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის თაობაზე, კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. დ-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით გ. დ-ას სააპელაციო საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით ნ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით გ. დ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 იანვრის განჩინება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.
მოცემულ შემთხვევაში მარტვილის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1257.58 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი მონაცემებით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის მამკვიდრებლის სახელზე ს/კ .... უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სიის N....
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.02.2013წ. №ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა.
მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები.
მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის „გ’’, „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზანია მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას და მათი ცვლილების რეგისტრაციას, ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, საპილოტო პროექტის ფარგლებში ახორციელებს საკუთარი ინიციატივით, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის მიმართვის საფუძველზე, ხოლო სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში – დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე და უზრუნველყოფს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ადგილზე შეამოწმოს საკადასტრო აღწერის შედეგების სისწორე მესაკუთრის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის, დაინტერესებული პირის ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მონაწილეობით. მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელში იგულისხმება - მუნიციპალიტეტის მერი ან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მერიის თანამდებობის პირი ან მოხელე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 იანვრის №1 ბრძანებით და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00001 ოქმით არ დადგინდა გ. დ-ას მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებულ მიწის ნაკვეთთან.
აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის შეუვსებელი ბლანკი (მონაწილე პირების გარეშე, ხელმოუწერელი), რაც დაუშვებელია. შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის მითითება დათვალიერებაში მონაწილე პირთა მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ, რადგანაც ასეთ მითითებას ოქმი შენიშვნის სახით არ შეიცავს.
სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ რადგანაც „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რომლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაინტერესებული პირის განცხადების განხილვისას, სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკითხის განმხილველი ორგანო ვალდებულია შეაფასოს არა მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოძიებული მტკიცებულებებიც, საჭიროების შემთხვევაში ორგანო უფლებამოსილია მოახდინოს ადგილზე დათვალიერება, დანიშნოს ექსპერტიზა, მოსთხოვოს მხარეს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა (სზაკ-ის 97-ე მუხლი).
საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე და გ. დ-ას სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთი, 1258 მ3 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (ს/კ ...) სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (29.06.2017 ექსპერტ მ. ს-ას მომზადებული) წარმოადგენს გ. დ-აზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ 1258 მ3 მიწის ნაკვეთს და სრულ შესაბამისობაშია/იდენტურია, დედისაგან მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთთან და ასევე იდენტურია მ. ს-ას (მომზადებული 12/08/2018) მიერ შედგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემებთან.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას, მათ შორის დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია. აღნიშნული გარემოებების დადგენა კი საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციას განეკუთვნება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორის განმარტებით, მერიის უფლებამოსილი პირის მიერ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში შესწავლილ იქნა გ. დ-ას მიერ წარდგენილ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის საკადასტო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხი. ზემოაღნიშნული პირის მიერ მოხდა სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესწავლა ადგილზე გასვლით, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 ივლისის No150 ბრძანების შესაბამისად შედგენილი 2018 წლის 15 იანვრის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 00001 ოქმი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში მითითებულია, რომ „საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის შეუვსებელი ბლანკი (მონაწილე პირების გარეშე, ხელმოუწერელი). ამ სახით ოქმის შევსება განაპირობა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა წინააღმდეგობამ ოქმის ხელისმოწერაზე. როგორც უფლებამოსილი პირი განმარტავს, მათ კატეგორიული უარი განაცხადეს დაეფიქსირებინათ თავიანთი ხელმოწერა ოქმზე იქიდან გამომდინარე, რომ ისინი (გალაქტიონ ფანცულაია, თამაზ ფანცულაია და სხვები) წინააღმდეგი იყვნენ გაცემულიყო ზემოაღნიშნულ მიწაზე ბრძანება იდენტურობის თაობაზე. უფრო მეტიც, მისივე განმარტებით, მეზობელი მიწის ნაკვეთის ვერც ერთი მესაკუთრე ვერ ადასტურებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას, მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით. გარდა ამისა, სადავო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე პრეტენზიას აცხადებს საქმეში მესამე პირად ჩართული ნ. ფ-ა, რომლის წარმომადგენელმაც გ. დ-ას მიერ 2018 წლის 16 აპრილს ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა მოითხოვა. მან 2017 წლის 24 ნოემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასაც მიმართა წერილობითი განცხადებით, რომელშიც აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მის საკუთრებას, სადაც დგას საცხოვრებელი სახლი და წლების განმავლობაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. გარდა ამისა, ნ. ფ-ას განმარტებით, სოფელში მცხოვრები უხუცესი მაყვალა ურიდია ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ჯელიების ოჯახს.
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო სხვა მტკიცებულებებთან ერთად დაეყრნო გ. დ-ას მიერ წარმოდგენილ 2018 წლის 16 აპრილს ნოტარიულად დამოწმებულ მოწმეთა ხელწერილს, რომლითაც მოწმეები - თ. დ-ა, ვ. დ-ა და ზ. ფ-ა ადასტურებენ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას იმ მიწასთან, რომელსაც ფლობდნენ გ. დ-ას მშობლები. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირები არ არიან სოფელ ...ის მკვიდრნი, ისინი არ არიან მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, შესაბამისად, მათ არ შეეძლოთ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობისა და იდენტურობის თაობაზე სწორი ჩვენების მიცემა სასამართლოსათვის. ამასთან, საქმეში დაცულია ასევე ზ. ფ-ას მიერ წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული მისივე ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ გ. დ-ამ ის შეიყვანა შეცდომაში და ისე დააწერინა ხელწერილი. ამით ის უარყოფს მის მიერ დ-ას სასარგებლოდ მიცემულ ჩვენებას. რაც არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა.
საქმეში დაცულია ასევე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი No00065, ხელმოწერილი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის მიერ და არა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ, როგორც ეს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომლის თანახმად დადგენილია, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის, ხოლო გადაწყვეტილების თანახმად, ზემოაღნიშნული ოქმით დადასტურებულია მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 19 მარტის №165 ბრძანების, ქალაქ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის მიერ გაფორმებული №0001 ოქმისა და ამ ოქმის საფუძველზე გამოცემული მიწების არაიდენტიფიცირების თაობაზე 2018 წლის 17 იანვრის №1 ბრძანების ბათილად ცნობა და ასევე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მარტვილის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 1258,00 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირების დადგენის თაობაზე, გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქონების რეგისტრაციის მიზნით (1258,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მდებარე, მარტვილის რაიონი, სოფ. ...ი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. ვინაიდან, სწორედ იმ საფუძვლით, რომ გ. დ-ას მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთი იდენტური არ იყო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილებით შეასწორა გ. დ-ას სახელზე რეგისტრირებული უფლება და დაზუსტებული ფართის სარეგისტრაციო ჩანაწერი შეცვალა დაუზუსტებელი ფართის სარეგისტრაციო ჩანაწრით. მოსარჩელის მოსაზრებით, მისი უფლება შეილახა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არასრულფასოვნად ჩატარებული ადგილზე დათვალიერების შედეგად მიღებული ბრძანებით, რაც საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილზე შემოწმების ოქმისა და მის საფუძველზე მიღებული 2018 წლის 17 იანვრის №1 ბრძანების კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს 2016 წლის 3 ივნისიდან მოქმედ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” კანონზე, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფას. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „გ’’, „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზანია მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 6.2 მუხლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დგინდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონთ განსაზღვრულია აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებები, კერძოდ, მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ტერიტორული ორგანოს წარმომადგენელი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება , გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, საქმეში დაცული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების სადავო ოქმი არ არის სათანადო წესით შევსებული და ხელმოწერილი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა საჭიროებს საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. სადავო აქტები შემოიფარგლება მხოლოდ კანონით განსაზღვრული უარის თქმის საფუძვლის ფორმალური მითითებით და არ შეიცავს დასაბუთებას. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ არსებობს გ. დ-ას მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მარეგისტრირებელ ორგანოში ერთხელ უკვე იყო საკუთრება აღრიცხული. საქმეში დაცულია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N00065 ოქმი (ხელმოწერილია ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ), რომლის თანახმად, დადასტურდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
საქმეში წარმოდგენილია თ. დ-ას, ზელმიხან ფანცულაიასა და ვახტანგი დ-ას სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი, რომლითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 19 სექტემბრის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი ს/კ ..., რომლის წინამორბედია 2017 წლის 29 ივნისს შედგენილი საკადასტრო ნახაზი ს/კ ..., სრულიად შეესაბამება და იდენტურია მარტვილის რაიონის, სოფელ ...ში, არსებული 1258 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, რომელიც ეკუთვნოდა და ფლობდნენ მამია დ-ა და გალინა ნადარეიშვილი, ხოლო მათი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფლობს მათი შვილი გ. დ-ა.
საქმეშია ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე და გ. დ-ას სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთი, 1258 მ3 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (ს/კ ...2) სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (29.06.2017 ექსპერტ მ. ს-ას მომზადებული) წარმოადგენს გ. დ-აზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ 1258 მ3 მიწის ნაკვეთს და სრულ შესაბამისობაშია/იდენტურია, დედისაგან მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთთან და ასევე იდენტურია მ. ს-ას (მომზადებული 12/08/2018) მიერ შედგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემებთან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ მის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ახალი წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელის, ასევე სხვა პირთა უფლების არსებობა და ფარგლები, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობის (ან მასზე უარის თქმის) საკითხი, მოახდინოს ადგილის დათვალიერება სპეციალისტების მონაწილეობით, შეადგინოს ნახაზი, საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ექსპერტიზა, რაც შესაძლებელს გახდის განისაზღვროს ზუსტი საზღვრები, მოქმედებები უნდა ჩატარდეს საქმეში დაინტერესებული პირების მონაწილეობით და მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე