Facebook Twitter

საქმე №ბს-334(კ-20) 7 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-მა 2018 წლის 31 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 1 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, №3/8180-18 ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შ. ქ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მიწის ნაკვეთის 1995 წლის 20 თებერვლის №430 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად ირკვევა, რომ მცხეთის რაიონის სოფელი ...ის საკრებულოს მიერ ლ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი ერთ ნაკვეთად, მდებარე: ...ი, „...ი“.

ნ. ზ-ის, ბ. კ-ისა და მ. გ-ის 2013 წლის 8 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით დასტურდება, რომ ლ. გ-ი 1992 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებს, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ში, „...ში“.

მიწის ნაკვეთის 1995 წლის 20 თებერვლის №416 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად ირკვევა, რომ მცხეთის რაიონის სოფელი ...ის საკრებულოს მიერ შ. ქ-ს საკუთრებაში გადაეცა 0,1 ჰა მიწის ნაკვეთი ერთ ნაკვეთად, მდებარე: ...ი, „...ი“.

2007 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მიწის ნაკვეთის 1995 წლის 20 თებერვლის №416 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ი, „...ი“, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., დაუზუსტებელი ფართობი: 1002 კვ.მ, 2007 წლის 14 აგვისტოს საკუთრების უფლებით აღირიცხა შ. ქ-ის სახელზე.

შ. ქ-მა 2014 წლის 14 აპრილს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ...ი, „...ი“.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 აპრილის №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, განმცხადებელს განემარტა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიაზე არ იყვნენ მითითებულნი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეებისა და მართლზომიერი მფლობელები. შესაბამისად, საჭირო იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის წარდგენა, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე და 27-ე მუხლების მოთხოვნებს.

შ. ქ-ის მიერ 2014 წლის 25 აპრილს სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა 2014 წლის 22 აპრილის №... გადაწყვეტილებით მოთხოვნილი დოკუმენტი, კერძოდ, მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 1 მაისის №... გადაწყვეტილებით, შ. ქ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. თბილისი, ...ი, „...ი“, განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია.

ქ. თბილისში, ...ი, „...ში“ მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., დაზუსტებული კონფიგურაციით 2014 წლის 1 მაისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა შ. ქ-ის სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1002.00 კვ.მ.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 19 სექტემბრის №... წერილით საქართველოს ეროვნულ არქივს, შემოსავლების სამსახურს და მცხეთის მერიას სთხოვა მიეწოდებინათ, მათ უწყებაში დაცული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ასლები, სადაც ასახული იქნებოდა ...ში, „...ში“ მოქ. ლ. გ-ის კომლის შემადგენლობის (სხვა კომლში წევრად არსებობის), მასზე რიცხული ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია, 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით. ასევე, მათთან დაცული, გაცემული სხვა დოკუმენტაცია (მიწის განაწილების სია და სხვ.).

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 სექტემბრის №16967-2 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემულ ...ის საკრებულოს (2002 წლის მონაცემებით) და იმავე საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარე მებაღეობის ამხანაგობების (2003 წლის მონაცემებით) მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში ლ. გ-ი არ ირიცხებოდა.

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 26 სექტემბრის №21-02-1/121674 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ი „...ი“, მიწის გადასახადის გადამხდელთა 2002 წლის (მებაღეობა) და 2003 წლის სიაში ლ. გ-ი არ ფიქსირდებოდა.

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 3 ოქტომბრის №31/130738 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული, მცხეთის რაიონის ...ის სასოფლო საბჭო საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1996წწ., 1997-2000წწ. და 2001-2006წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნებში, 2004 წლით დათარიღებულ რეფორმამდე არსებული და რეფორმის დროს გაცემული ნაკვეთების მეპატრონეთა სიაში ჩანაწერი ლ. გ-ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2007 წლის საკომლო წიგნები, 1992-2007წწ. მიწის ნაკვეთების საგადასახადო სიები, მიღება-ჩაბარების აქტები და სარეგისტრაციო მოწმობები არქივში დაცვაზე არ შესულა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 1 მაისის №... გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, რომლითაც შ. ქ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. თბილისი, ...ი, „...ი“, განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.

სააპელაციო პალატამ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით თავდაპირველად მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი განსაზღვრავს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის თანახმად კი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შ. ქ-მა 2014 წლის 14 აპრილს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ...ი, „...ი“. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 აპრილის №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, განმცხადებელს განემარტა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიაზე არ იყვნენ მითითებულნი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეები და მართლზომიერი მფლობელები. შესაბამისად, საჭირო იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის წარდგენა, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე და 27-ე მუხლების მოთხოვნებს. შ. ქ-ის მიერ 2014 წლის 25 აპრილს სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა 2014 წლის 22 აპრილის №... გადაწყვეტილებით მოთხოვნილი დოკუმენტი, კერძოდ, მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 1 მაისის №... გადაწყვეტილებით, შ. ქ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, ...ი, „...ში“ მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., დაზუსტებული კონფიგურაციით 2014 წლის 1 მაისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა შ. ქ-ის სახელზე (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1002.00 კვ.მ).

მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შ. ქ-მა წარადგინა რა განცხადება შესაბამისი მტკიცებულებებით უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, მარეგისტრირებელ ორგანოს წარმოეშვა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ვალდებულება, ვინაიდან არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულის საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტმა ვერ მიუთითა კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ ნორმაზე, რაც შექმნიდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. ყოველივე აღნიშნული კი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავდა იმის შესაძლებლობას, შ. ქ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია შეფასებულიყო კანონშეუსაბამოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტაცია სადავო აქტის უკანონობასთან დაკავშირებით და აღნიშნულთან მიმართებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები, რომ მოსარჩელის მიერ არც მარეგისტრირებელ ორგანოში და არც სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა ლ. გ-ის სახელზე გადაცემული 1995 წლის 20 თებერვლის №430 მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას. უფრო მეტიც, ლ. გ-ისათვის გადაცემულ №430 მიღება-ჩაბარების აქტში, გარდა იმისა, რომ არ იყო მითითებული მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების შესახებ, მიწის ნაკვეთების პარამეტრები შეუსაბამობაში იყო მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ აზომვით ნახაზზე მითითებულ პარამეტრებთან, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სიგრძე ორივე გვერდზე იყო 50/50, სიგანე - ორივე გვერდზე 30/30, წარმოდგენილი საკადასტრო ნახაზით კი აზომილი იყო ექვსკუთხედი ნაკვეთი, რომლის არც ერთი გვერდი არ შეესაბამებოდა ზემოაღნიშნულ ზომებს. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, თუნდაც დაუზუსტებელი მონაცემებით, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შ. ქ-ის მიერ წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის პირობებში, ზედდება ხდებოდა ლ. გ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის, შემოსავლების სამსახურისა და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წერილებზე. კერძოდ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 სექტემბრის №16967-2 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემულ ...ის საკრებულოს (2002 წლის მონაცემებით) და ამავე საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარე მებაღეობის ამხანაგობების (2003 წლის მონაცემებით) მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში ლ. გ-ი არ ირიცხებოდა. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 26 სექტემბრის №21-02-1/121674 წერილის თანახმად, მიწის ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ი-...ი, მიწის გადასახადის გადამხდელთა 2002 წლის (მებაღეობა) და 2003 წლის სიაში ლ. გ-ი არ ფიქსირდებოდა. ხოლო სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 3 ოქტომბრის №31/130738 წერილის თანახმად, დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული, მცხეთის რაიონის ...ის სასოფლო საბჭო - საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1996წწ. 1997-2000წწ. და 2001-2006წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნებში, 2004 წლით დათარიღებულ რეფორმამდე არსებული და რეფორმის დროს გაცემული ნაკვეთების მეპატრონეთა სიაში ჩანაწერი ლ. გ-ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2007 წლის საკომლო წიგნები, 1992-2007წწ. მიწის ნაკვეთების საგადასახადო სიები, მიღება-ჩაბარების აქტები და სარეგისტრაციო მოწმობები არქივში დაცვაზე არ შესულა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაიკითხა ნ. ზ-ე; მან განმარტა, რომ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან სადავო მიწის ნაკვეთის გაწმენდა-დამუშავებას ახორციელებდა ლ. გ-ის ოჯახი, ააშენეს თავდაპირველად პატარა შენობა, რომელსაც 2002-2003 წლებიდან ფლობდნენ, რაც შეეხება შ. ქ-ს, მოწმის განმარტებით, იცნობს მას, ვინაიდან აღნიშნული პიროვნება სამმართველოში მუშაობდა. მისივე ჩვენებით, როგორც ცნობილია, მათ მეზობლად, 150 მეტრის მოშორებით ქ-ის დას გადაცემული ჰქონდა მიწის ნაკვეთი, თუმცა მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ან დაკარგა ეს მიწის ნაკვეთი ან სხვა შესთავაზეს, ხოლო მოგვიანებით, გ-ების მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა შ. ქ-ის მიწის ნაკვეთი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში, რადგან სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო საჩივარი სწორედ იმას ეფუძნება, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, რამეთუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. „სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტი ვერ უთითებს კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ ნორმაზე, რაც შექმნიდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს“. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან სააპელაციო საჩივრის მე-10 გვერდზე, ბოლო აბზაცში იგი მიუთითებდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, „მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად“. ამ პუნქტს, როგორც სპეციალური კანონის დანაწესს ენიჭება უპირატესობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლთან შედარებით, რომელზეც აფუძნებს შედავებას მოპასუხე; საჯარო რეესტრს არ ჰქონდა აკრძალული დამატებით გამოეკვლია საქმის ვითარება გადაწყვეტილების მიღებამდე და რომ გამოეკვლია, სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში სახელმწიფო უწყებებს შორის მათ მიერ წარდგენილი მიმოწერა, საიდანაც არ ირკვევა, თუ რატომაა შეუძლებელი ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. კასატორის ნაკვეთი მდებარეობს სამი ადმინისტრაციული საზღვრის კვეთაზე და არც ერთი ადგილობრივი ორგანო არ იღებს პასუხისმგებლობას მისი იდენტობის დასადგენად, მიუხედავად 6 თვის მანძილზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არაერთი მოთხოვნისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 1 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

სადავო გადაწყვეტილებით შ. ქ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა შემდეგ ქონებაზე: ქ. თბილისში, ...ი, „...ში“ მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., დაზუსტებული კონფიგურაციით, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1002.00 კვ.მ.

კასატორი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ძირითად საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის აღნიშნული მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას არ იძლევა საქმეზე დადგენილი, განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 სექტემბრის №16967-2 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემულ ...ის საკრებულოს (2002 წლის მონაცემებით) და ამავე საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარე მებაღეობის ამხანაგობების (2003 წლის მონაცემებით) მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში ლ. გ-ი არ ირიცხებოდა. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 26 სექტემბრის №21-02-1/121674 წერილის თანახმად, მიწის ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ი „...ი“, მიწის გადასახადის გადამხდელთა 2002 წლის (მებაღეობა) და 2003 წლის სიაში ლ. გ-ი არ ფიქსირდებოდა. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 3 ოქტომბრის №31/130738 წერილის თანახმად კი, დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული, მცხეთის რაიონის ...ის სასოფლო საბჭო - საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1996წწ. 1997-2000წწ. და 2001-2006წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნებში, 2004 წლით დათარიღებულ რეფორმამდე არსებული და რეფორმის დროს გაცემული ნაკვეთების მეპატრონეთა სიაში ჩანაწერი ლ. გ-ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2007 წლის საკომლო წიგნები, 1992-2007წწ. მიწის ნაკვეთების საგადასახადო სიები, მიღება-ჩაბარების აქტები და სარეგისტრაციო მოწმობები არქივში დაცვაზე არ შესულა.

საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლების არარსებობის შესახებ და მიიჩნევს, რომ სადავო აღმჭურველი აქტი გამოცემულია დარგის მარეგულირებელი ნორმების დაცვით. ამდენად, შ. ქ-ის 2014 წლის 14 აპრილის №... სარეგისტრაციო განცხადებაზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის კანონიერებაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით კასატორს - ლ. გ-ს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინება;

3. ლ. გ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე