ბს-1192(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ხ-მა 22.02.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ კომისიის 14.01.2019წ. N93 განკარგულების ბათილად ცნობის და კომისიისათვის ა. ხ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.03.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 14.01.2019წ. N93 განკარგულება და კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საკუთრების აღიარების შესახებ ა. ხ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ ფიზიკური პირისათვის საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. დაინტერესებულმა პირმა აღიარების კომისიაში უნდა წარადგინოს ის მტკიცებულებები, რომლებიც მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას ადასტურებს, ამასთანავე, კომისიაში კონკრეტული დოკუმენტაციის წარდგენა არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევის ვალდებულებისაგან, კომისია ვალდებულია სრულყოფილად ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას და არ არის მიღებული საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად. ა. ხ-ი ითხოვს ქ. თბილისში, ...ის ქ. N1-ის მიმდებარედ არსებულ 394 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას იმ საფუძვლით, რომ ნაკვეთს მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან ფლობდნენ ჯერ მისი მშობლები, ხოლო მათი გარდაცვალების შემდგომ - მოსარჩელე, ნაკვეთი შემოღობილია, მასზე განთავსებულია ორი ნაგებობა და მრავალწლიანი ნარგავები. საქმეში წარმოდგენილია ვ. ბ-ისა და მ. დ-ის სანოტარო წესით დამოწმებული ახსნა-განმარტებები, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ არიან ა. ხ-ის მეზობლები, ა.ხ-ს 1975 წლიდან დღემდე ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს 394 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც ასახულია სარეგისტრაციო წარდგენილ უძრავი ნივთის ნახაზზე. მ. დ-ი აგრეთვე უთითებს, რომ ა. ხ-ი 2004 წლიდან სარგებლობდა მისი ელექტრო სადენით და ელექტრო მრიცხველით. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კომისიას სადავოდ არ გაუხდია ნაკვეთზე ნაგებობების არსებობა, უფრო მეტიც, ადგილზე დათვალიერების ოქმით, კომისიამ თავადვე დაადასტურა ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ნაგებობების არსებობა და აღნიშნა, რომ გამოკვლევას საჭიროებს ნაგებობების ხანდაზმულობა, თუმცა არ დგინდება რა ღონისძებები განხორციელდა ნაგებობების ხანდაზმულობის დასადგენად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად ვერ დადგინდა ა. ხ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი 2007 წლამდე, რადგან 2005 და 2010 წლების ორთოფოტოებზე ნაკვეთზე მდებარე ნაგებობები არ ჩანს, რაც ქმნიდა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. კომისია მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმეთა ჩვენებები, რადგან მოწმის ჩვენება ატარებს სუბიექტურ ხასიათს და ნაკლებ სარწმუნოა. მითითება, რომ 2005 წლიდან ა. ხ-ი სარგებლობდა მეზობლის ელექტრო სადენითა და მრიცხველით, არ ადასტურებს ნაკვეთზე ნაგებობის 2007 წლამდე არსებობას. შენობის ხანდაზმულობას არ ადასტურებს აგრეთვე ექსპერტიზის დასკვნა ნაკვეთზე ვაზისა და სხვა მრავალწლიანი ნარგავების არსებობის შესახებ, ხოლო ექსპერტიზის მეორე დასკვნა, სადაც ნაგებობათა ხანდაზმულობაზე ხდება მითითება, არასარწმუნოა, რადგან შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის განსაზღვრის მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი მეთოდიკა არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
საქმის მასალებით დასტურდება ნაკვეთზე ორი ნაგებობის(1 კაპიტალური ნაგებობის და 1 დროებითი ნაგებობის) არსებობის ფაქტი, ამასთანავე, საქმეში დაცული შპს „...ის“ საექსპერტო დასკვნის მიხედვით, შემოღობილი მიწის ნაკვეთის ფართია 410 კვ.მ., ნაკვეთი ნაწილობრივ ხის მესერით, ნაწილობრივ კი ძველი თუნუქის ფურცლებით არის შემოღობილი, რაც შეეხება შენობებისა და ღობის არქიტექტურულ იერსახესა და ხნოვანებას, გამოყენებული მასალებისა და მათი კონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე (კედლის წყობის, ხის მასალების მდგომარეობა), მიჩნეულ იქნა, რომ ხნოვანება არანაკლებ 30-35 წელია. საქმეში დაცულია აგრეთვე ერთი მხრივ ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები, რომელთა მიხედვით ნაკვეთი შემოღობილია, მასზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა, მრავალწლიანი ნარგავები და მეორე მხრივ, ექსპერტიზის დასკვნა „მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების შესახებ“, რომლის მიხედვით, ტერიტორიაზე მრავლად არის წარმოდგენლი კარგად განვითარებული, ზრდასრული ხეები და ვაზის მრავალი ძირი, ტერიტორია წარმოადგენს საკარმიდამო ნაკვეთს და მასზე არსებული კაკლის ხეები 25-35 წლისაა, ობიექტზე არსებული ყველა მცენარე ჯანსაღია, კარგად განვითარებული და მსხმოიარეა, არ საჭიროებენ ამოძირკვას ან გამოხშირვას. ამდენად, დასტურდება ნაკვეთის შემოღობვა, მასზე ორი ნაგებობისა და მრავალწლიანი ნარგავების არსებობა, აგრეთვე ნაკვეთის მოვლა-პატრონობა (ნაკვეთზე მოწყობილია ვაზის ხეივანი, მრავალწლიანი ნარგავები ჯანსაღი და მსხმოიარეა). აღნიშნულის მიუხედავად კომისიამ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი 2007 წლამდე, რადგან 2005 წლის ორთოფოტოზე არ ჩანდა შენობა-ნაგებობები. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე უთითებს, რომ ორთოფოტო გადაღებულია წელიწადის ისეთ დროს, როდესაც არსებობდა ბუნებრივი გამწვანება, რამაც ხელი შეუშალა ნაგებობის სრულად გამოჩენას, თუმცა ნაგებობის ფრაგმენტები ჩანს. გასათალისწინებელია, რომ კომისიას არ შეუფასებია აღნიშნული არგუმენტის და მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძვლიანობა. მითითება მხოლოდ 2005წ. ორთოფოტოზე არ ქმნიდა სხვა მტკიცებულებათა სრულად უგულებელყოფის, ა. ხ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ მეზობელთა ნოტარიალურად დამოწმებულ ახსნა-განმარტებებზე, რომლის თანახმად, ა. ხ-ს ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მფლობელობაში აქვს 1975 წლიდან, ამასთანავე ა. ხ-ი 2004 წლიდან სარგებლობდა მეზობლის ელექტრო სადენითა და მრიცხველით. კასატორის მოსაზრება, რომ აღნიშნული არ არის კავშირში ნაკვეთზე არსებული ნაგებობების ხანდაზმულობასთან, არ არის დასაბუთებული, რადგან კომისიას არ გამოუკვლევია მეზობლის ელექტრო სადენითა და მრიცხველით სარგებლობის მიზანი და დანიშნულება, არ უმსჯელია ახსნა-განმარტებების ურთიერთკავშირზე სხვა მტკიცებულებებთან.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კანონის ამოქმედებამდე ასაღიარებელ ნაკვეთზე ნაგებობის არსებობის ფაქტის სათანადოდ გამოკვლევის შემთხვევაში, შესაძლოა დადასტურებულიყო საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ საკითხის გადაწყვეტისას კომისიამ გამოიკვლია რაიმე მნიშნელობის მქონე გარემოება, მხოლოდ ადგილზე დათვარიელება არ ადატურებს ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილ ჩატარებას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე დათვარიელების შედეგები კომისიის მიერ უგულებელყოფილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ.ცინცაძე