ბს-416 (კ-19) 22 ოქტომბერი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. მ-მა 11.05.2018წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა ვ. ბ-ის საკუთრებაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1709 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, (საკადასტრო კოდით N...) სისტემური რეგისტრაციის შესახებ 16.06.2003წ. ჩანაწერის გაუქმება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 27.03.2018წ. N... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 27.04.2018წ. N... გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.05.2018წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 30.05.2018წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბულ იქნა ვ. ბ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 26.07.2018წ. გადაწყვეტილებით ხ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ვ. ბ-ის საკუთრებაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1709 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით N...) სისტემური რეგისტრაციის შესახებ 16.06.2003წ. ჩანაწერი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 27.03.2018წ. N... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 27.04.2018წ. N... გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.05.2018წ. N... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა, საკითხის ხელახალი განხილვისას სადავო მიწის ნაკვეთზე ვ. ბ-ის (აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობის შესწავლა და ამ ქონებაზე ვ. ბ-ის (ან სხვა პირის) საკუთრების უფლების რეგისტრაციისა თუ მასზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2018წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო, საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე არ იყო უფლებამოსილი დაერეგისტრირებინა ვ. ბ-ის საკუთრებაში სადავო ქონება, რამდენადაც ზუსტად და ნათლად უნდა გარკვეულიყო წარმოადგენდა თუ არა ეს მიწა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ფართს და ისე მიეღო გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა ხ. მ-ის ჯერ კიდევ არარსებულ სამომავლო უფლებას, იმ პირობებში, როდესაც ვ. ბ-ის საკუთრების უფლება ითვლება რეგისტრირებულად და არ არსებობს ამ რეგისტრაციის უკანონობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. კასატორი სკ-ის 170-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ვ. ბ-ის საკუთრების უფლების გაუქმება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ის არ სარგებლობს მიწის ნაკვეთით. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულია სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა, რომელზეც დასმულია მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბეჭედი და რეგისტრატორის ხელმოწერა. აღნიშნული სააღრიცხვო ბარათის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 1709 კვ.მ. ფართობის მქონე უძრავ ნივთზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით (ს.კ. ...) N232 საგადასახადო სიის საფუძველზე აღირცხულია ვ. ბ-ის საკუთრების უფლება, აღნიშნული უძრავი ნივთი ითვლება ვ. ბ-ის საკუთრებად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. განსახილველ შემთხვევაში არც სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში და არც სასამართლო განხილვის დროს არ დადგენილა ისეთი გარემოება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ვ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უკანონობა/უსწორობას.
აღსანიშნავია, რომ ვ. ბ-ის საკუთრების უფლება უკვე რეგისტრირებულია, შესაბამისად აღნიშნული მიწის ნაკვეთი ვერ იქნება სხვის მიერ თვითნებურად დაკავებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ საქმის განხილვის ფარგლებში სხვადასხვა უწყებებიდან დამატებით მოიძია ინფორმაცია ვ. ბ-ის და მისი ოჯახის წევრების სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა თავად გადაეწყვიტა სადავო საკითხი და არ დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ უთითებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომლის გამოკვლევა და შეფასება სასამართლო წარმოებისას შეუძლებელი იყო და მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა. სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება.
კასატორი სსკ-ის 37-ე, 53-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარისათვის ადვოკატის მომსახურების საფასურის დაკისრებისას სასამართლომ უნდა შეაფსოს რამდენად შეესაბამება მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებული თანხა გაწეული მომსახურების ღირებულებას, რამდენად მნიშვნელოვანი ან/და რთული კატეგორიის საქმეა. განსახილველ შემთხვევაში სააგენტოსათვის საადვოკატო ხარჯის სახით 800 ლარის დაკისრება არაგონივრულია, სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ აღნიშნული დავა არ წარმოადგენს ფაქტობრივად და სამართლებრივად რთული კატეგორიის საქმეს. ამდენად, სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 09.02.2018წ. N7 განკარგულებით ხ. მ-ს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნულ ქონებაზე ფიქსირებოდა სისტემური რეგისტრაცია სხვა მესაკუთრეზე, კერძოდ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1709 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2003 წლის 16 ივნისიდან სისტემური რეგისტრაციის საფუძველზე (ს.კ. ...) ირიცხებოდა ვ. ბ-ის სახელზე. ხ. მ-მა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს ვ. ბ-ის სახელზე განხორციელებული სისტემური რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, რამეთუ წლების მანძილზე თავად ფლობს და სარგებლობს აღნიშნული მიწით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 27.03.2018წ. N... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო შემდეგ შეწყდა განმცხადებლის მიერ რეგისტრაციის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის საფუძვლით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.05.2018წ. N... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ხ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვ. ბ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის საგადასახადო სია N232, რომელიც საჯარო რეესტრში დაცული არ არის. ამასთანავე, საქმის მასალების მიხედვით ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1986-2007 წლების საკომლო წიგნებში და სოფელს ...ის 1992-2001 წლების მიწის განაწილების სიებში ვ. ბ-ის კომლის და მის სახელზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერები არ მოიპოვება. საქმეში დაცულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მომართვები, რომელთა მიხედვით არ დასტურდება ვ. ბ-ის და მისი ოჯახის წევრების გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხ. მ-ის მიერ ვ. ბ-ის სახელზე განხორციელებული სისტემური რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვა თავისი შინაარსით წარმოადგენდა ადმინისტრაციული წარმოების წესით ვ. ბ-ის სახელზე განხორციელებული სისტემური რეგისტრაციის კანონიერების შესწავლას. აღსანიშნავია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს აქვს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში იგი ფორმალურად მიუდგა საკითხს და რეგისტრაციის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა ცალმხრივად დააკისრა განცხადების ავტორს, რაც არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებისა და კანონით დადგენილი ვალდებულების არსიდან. ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში არ ინახება ვ. ბ-ის სახელზე სისტემური რეგისტრაციით აღრიცხული უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ დგინდება ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, ქმნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევა-შესწავლის საჭიროებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების განსაზღვრა. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში აქვს ფართო შესაძლებლობა შეისწავლოს სადავო მიწის ნაკვეთის ვ. ბ-ის სახელზე აღრიცხვის კანონიერება, ამასთანავე დაადგინოს მიწის ნაკვეთის გეოგრაფიული მდებარეობა, რაც საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე, სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციას განეკუთვნება.
მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ.). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (სუსგ 14.07.2016წ. Nბს-776-768(2კ-4კს-15)). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვ.. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში დაცულია 29.10.2018წ. მომსახურების ხელშეკრულება და 29.10.2018წ. საადვოკატო მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ადვოკატის მომსახურების ღირებულება საპროცესო კანონმდებლობის თანახმად წაგებულ მხარეს უნდა დაეკისროს. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, საფუძვლიანია ხ. მ-ის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის სააგენტოსათვის დაკისრება, ხოლო ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა გონივრული და სამართლიანია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2018წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.04.2019წ. N09500 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე