ბს-914(კ-19) 29 ოქტომბერი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჰ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 19.03.2008წ. №1251 ოქმის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 17.10.2008წ. №523 ბრძანების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 10.08.2017წ. №1-1/354 ბრძანების ბათილად ცნობა.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩვრდა ჰ.მ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მიღება-ჩაბარების აქტით მიღებული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ვერ განახორციელა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს მიერ ჩატარებულ სპეციალურ აუქციონში გამარჯვების შედეგად სოფ. ...ში მდებარე 3,53 ჰა მიწის ნაკვეთის თ. გ-ის მიერ შეძენის და საკუთრების საჯარო რეესტრში აღრიცხვის გამო, კერძოდ, მოსარჩელის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთი ზედდებაშია თ. გ-ის სახელზე აღრიცხულ მიწის ნაკვეთთან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასკ-ის 281 მუხლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა არ არის შეზღუდული სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით და შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. მოსამართლე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის ტრანსფორიმირების მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის შესახებ. მაშინ, როდესაც მხარე პროცესუალურად სწორად ვერ აყალიბებს თავის მოთხოვნას, პროცესის დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსამართლემ სარჩელის ტრანსფორმირებისას სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი – რა უფლების აღსადგენად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი მოსარჩელის გამოუცდელობის გამო, მოსამართლეს შეუძლია ხელი შეუწყოს მოთხოვნის სწორად ფორმულირებას (სუს 17.05.2018წ. Nბს-969-965(კ-17) განჩინება). პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტების შინაარსისა და არსებული სასარჩელო მოთხოვნების მიუხედავად, მოსარჩელის რეალური ინტერესია მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვა. აღნიშნულის ხელშემშლელ გარემოებას წარმოადგენს მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის მონაცემების შეუსაბამობა თ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მონაცემებთან, საქმის მასალებით დადგენილია ჰ. მ-ის მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების შეუსაბამობა თ. გ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ, ვანის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთთან (ს/კ ..., მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი - 35305 კვ.მ.). ამდენად, მოსარჩელის ინტერესია იმ პროცედურების კანონიერების შემოწმება (მათ შორის სადავო უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაციის), რის საფუძველზეც სადავო უძრავი ქონება საბოლოოდ დარეგისტრირდა თ. გ-ის სახელზე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ჰ. მ-ის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა არ არის შესაბამისობაში მის რეალურ მიზანთან, მოსარჩელის მიზანი შეუსაბამობაშია მისი დარღვეული უფლებისა და კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად გამოყენებულ საპროცესო საშუალებასთან. პალატამ აღნიშნა, რომ სასკ-ის 281 მუხლი, ასევე სსკ-ის 83-ე მუხლი იძლევა მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის სწორად - სარჩელის მიზნის შესაბამისად ფორმულირების შესაძლებლობას. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ნათელია მხარის რეალური ინტერესი, სასარჩელო მოთხოვნების ნათლად ჩამოყალიბების აუცილებლობა, პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე შეუძლებელია ტრანფორმირებული მოთხოვნების ფარგლებში განჩინების (გადაწყვეტილების) გამოტანა, რადგან სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს არსებული დავის საგნის ფარგლებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით მხარეები განსაზღვრავენ დავის საგანს, მოსარჩელე აყალიბებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით. მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ტრანსფორმირების შესაძლებლობა არ გულისხმობს სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელემ, რომელიც უზრუნველყოფილი იყო წარმომადგენლით, სწორედ არსებული სახით ჩამოაყალიბა სასარჩელო მოთხოვნა. გასათვალისინებელია აგრეთვე, რომ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისთვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მოპასუხის თანხმობით (სსკ-ის 83-ე მუხ.). ამდენად, კასატორი თვლის, რომ სარჩელის ტრანსფორმირებაც შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქმის წინასწარი მომზადების დასრულებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათის მიუხედავად, სარჩელის უფლება დისპოზიციურია, სასამართლო შებოჭილია მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებით. მოთხოვნის (სარჩელის საგნის) შეცვლის ან მისი გადიდების უფლება აქვს მხოლოდ მოსარჩელეს (სსკ-ის 83.2 მუხ.), სასამართლოს არ აქვს უფლება მიაკუთნოს მოსარჩელეს იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, საქმის მასალებით კიდეც რომ დასტურდებოდეს უფრო მეტის მოთხოვნის საფუძველი(სსკ-ის 258-ე მუხ.). ამასთანავე, სასკ-ის 281-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. მართალია, მოსარჩელე თავად ირჩევს სარჩელის სახეს, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განსაზღვრავს დავის საგანს, სარჩელის შინაარსს, მოცულობას და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს ვალდებულებას დაადგინოს სარჩელის აღძვრის მიზანი და დაეხმაროს მოსარჩელეს მიზნის შესაბამისად მოთხოვნის ჩამოყალიბებაში. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სურს მიღება-ჩაბარების აქტისა და საკომლო ჩანაწერების საფუძველზე უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრაცია, რასაც ვერ ახორციელებს თ. გ-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელე ითხოვს თ. გ-ის საკუთრების უფლების წარმომშობი აქტების ბათილად ცნობას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ იქნება უზრუნველყოფილი ჰ. მ-ის მიზნის (უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღრიცხვა) მიღწევის შესაძლებლობა, რადგან თ. გ-ემ აუქციონზე შეიძინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. ამდენად, თ. გ-ის საკუთრების წარმომშობი დოკუმენტაციის ბათილად ცნობის შემთხვევაშიც ნაკვეთზე შენარჩუნდება სახელმწიფოს საკუთრება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო პალატის მითითება, რომ სარჩელის მიზნის მიღწევა სასარჩელო მოთხოვნათა არსებული ფორმულირების გათვალისწინებით, შეუძლებელია. ამასთანავე, სარჩელის მიზნისა და შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სასარჩელო მოთხოვნის სახელდობრ დაზუსტება და არა გაზრდა, არ იცვლება სარჩელის საგანი ან საფუძველი. ამასთანავე, კასატორის მოსაზრება, რომ სარჩელის ტრანსფორმირების საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე, ხოლო შემდგომ საჭიროებს მოპასუხის თანხმობას, არ არის დასაბუთებული და არ ეფუძნება შესაბამის ნორმატიულ საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ.ცინცაძე