ბს- 71 (2კ-19) 29 ოქტომბერი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ტ. კ-ის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.2018წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. კ-მა 03.07.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.05.2017წ. N... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.05.2017წ. N... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.06.2017წ. N... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.06.2017წ. N... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.06.2017წ. N... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.06.2017წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ტ. კ-ის სახელზე უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება ...ა, მშენებარე სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ (ნაკვეთი ... კომერციული ფართი N7 (მშენებარე) ნიშნული -3.30 ბლოკი „გ“, ფართი 10.80 კვ.მ. ს.კ. ...), საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.07.2017წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...ი“. თ. ჯ-ი და თ. ლ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.10.2017წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ თ. ჯ-ი და თ. ლ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.12.2017წ. გადაწყვეტილებით ტ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ტ. კ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.2018წ. გადაწყვეტილებით ტ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილსის საქალაქო სასამართლოს 21.12.2017წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.06.2017წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ტ. კ-ის მოთხოვნა ზემოაღნიშნულ ნაწილში - ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.06.2017წ. N... გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებათა კანონიერების შემოწმების მიზნით მიმართოს როგორც მარეგისტრირებელ ორგანოს, ასევე სასამართლოს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლი არ გამორიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გადაამოწმოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ტ. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი - ტ. კ-ი აღნიშნავს, რომ სადავო ქონებაზე შპს „...ის“ წარმომადგენელსა და ე. მ-ს შორის 23.05.2017წ. გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. 23.05.2017წ. მითითებული ხელშეკრულება სარეგისტრაციოდ წარედგინა მარეგისტრირებელ ორგანოს. იმავე დღეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა შპს „...ის“ დირექტორმა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ შეტანილი განცხადების თაობაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ მინდობილობა, რომლის საფუძველზეც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, შეცდომით იყო შედგენილი, კერძოდ მინდობილობაში ეწერა ფართის საკუთრებით უფლებით გადაცემის უფლებამოსილება, ნაცვლად ფართის სამომავლო საკუთრების უფლებით გადაცემის უფლებამოსილებისა. 25.05.2017წ. სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. მარეგისტრირებელმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა მოხდა მხოლოდ ერთი მხარის განცხადების საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტაზე მყიდველის თანხმობის არარსებობის პირობებში.
სადავო უძრავ ნივთზე 29.05.2017წ. შპს „...ის“ წარმომადგენელსა და თ. ლ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც ამავე თარიღით დარეგისტრირდა თ. ლ-ის საკუთრებად. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.05.2017წ. გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო რეესტრის 02.06.2017წ. გადაწყვეტილებით განმცხადებელს საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი. ე. მ-მა მოთხოვნის უფლება დაუთმო ტ. კ-ს. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, სზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნების უგულებელყოფით.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მარეგულირებელი კანონმდებლობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლის თანახმად რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. სააგენტოს გააჩნია უფლებამოსილება თავად გადასინჯოს მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების საკითხი, თუმცა ეს არ აკისრებს მას ვალდებულებას განიხილოს აქტის კანონიერება. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად (სუს 25.05.2011წ. Nბს-1695-1651(კ-10), 25.02.2016წ. Nბს-598-591(კ-15), 02.11.2017წ. Nბს-231-227(კ-15)), „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.61 მუხლი თავისი არსით დისკრეციული ხასიათისაა. ის სააგენტოს აკისრებს არა ვალდებულებას, არამედ დისკრეციულ უფლებამოსილებას. სააგენტოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება თავად გადაწყვიტოს, გადასინჯავს თუ არა მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების საკითხს. საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობას სააგენტოს მიერ, თუმცა არ ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას განიხილის რეგისტრაციის კანონიერებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი. ასეთი საჩივრის განხილვა არის სააგენტოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება.
აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.05.2017წ. N... გადაწყვეტილება „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 22 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებს სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას, ატარებს სრულიად ფორმალურ ხასიათს, იგი ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და ეფუძნება დადგენილი პრაქტიკის არასწორ განმარტებას. ამდენად, სააგენტოს მიერ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით, რაც ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. კ-ის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში განმცხადებელმა ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა. მოცემულ შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.05.2017წ. N... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა ზემოაღნიშნული მუხლის საფუძვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარეგისტრაციო სამსახურს შპს „...ის“ წარმომადგენელმა ი. ფ-მა დასარეგისტრირებლად წარუდგინა ი. ფ-სა (როგორც შპს „...ის“ წარმომადგენელსა) და ე. მ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. იმავე დღეს მარეგისტრირებელ ორგანოს განცხადებით მიმართა შპს „...ის“ წარმომადგენელმა ა. ბ-ემ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ ი. ფ-ზე გაცემული მინდობილობა იყო გაუქმებული მასში დაშვებული ხარვეზის გამო, კერძოდ მას არ ჰქონდა ფართის საკუთრების უფლებით გადაცემის უფლებამოსილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ი. ფ-ი არ იყო უფლებამოსილი არსებული ფორმით დაედო ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ამავდროულად მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იყო განმცხადებლის (გამყიდველი მხარის) მოთხოვნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე, არსებობდა მყიდველის ნებისგან დამოუკიდებლად სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი „საჯარო რეესტრის შესახებ კანონის“ შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლი იძლევა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მისი ტერიტორიული სამსახურების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობას. 29-ე მუხლის დანაწესი არ გამორიცხავს პირის უფლებას რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს - სააგენტოს, როგორც ერთიანი, ცენტრალიზებული სარეგისტრაციო სისტემის უმაღლეს ორგანოს, სააგენტო განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, რომელიც წარმოადგენს სარეგისტრაციო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების გადამოწმების, სარეგისტრაციო ორგანოს პრაქტიკის კორექტირების ქმედით საშუალებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არც საკასაციო საჩივარში და არც სადავო გასაჩივრებულ აქტში (02.06.2017წ. N...) ფაქტიურად არ იქონია არსებითი მსჯელობა საჩივარში დასმულ საკითხზე, ორგანო სადავო გადაწყვეტილების მართლზომიერებას ასაბუთებს მხოლოდ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლზე მითითებით და მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ 29-ე მუხლზე მითითება არ ადასტურებს საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას, სარეგისტრაციო ურთიერთობა ეფექტურ კონტროლს საჭიროებს, რაც ერთის მხრივ გამოვლენას უნდა პოულობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში განახორციელოს გადაწყვეტილებებზე და მოქმედებებზე თვითკონტროლი და მეორე მხრივ სრული ციკლის სასამართლოს კონტროლქვეშ მოქცევაში. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მითითება იმაზე, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით, ადასტურებს პირის შესაძლებლობას ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა - განხილვის პროცედურების გარეშე პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში არ იმოქმედებს სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი სარჩელის აღძვრამდე აქტის სავალდებულოდ ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების შესახებ. ამასთანავე, 29-ე მუხლის დანაწესი არ გამორიცხავს პირის უფლებას რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს - სააგენტოს, როგორც ერთიანი, ცენტრალიზებული სარეგისტრაციო სისტემის უმაღლესი ორგანოს, სააგენტო განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, რომელიც წარმოადგენს სარეგისტრაციო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების გადამოწმების, სარეგისტრაციო ორგანოს პრაქტიკის კორექტირების ქმედით საშუალებას. ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებას არ აქვს სუსპენსიური ეფექტი, გასაჩივრება არ აჩერებს სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილების და რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას. ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის წარდგენას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი არის ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალება, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სრულყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორი. მოცემულ შემთხვევაში აქტის შინაარსი ავლენს ორგანოს ფორმალურ დამოკიდებულებას სადავო საკითხის მიმართ. სასამართლო იურისდიქციის არსებობა არ გამოირცხავს ადმინისტრაციული წესით აქტის გასაჩივრების უფლებას, რომელიც პირის არა მხოლოდ უფლებაა, არამედ იმავდროულად მისი უფლებების დაცვის საშუალებაც, თავის მხრივ ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილება და საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები მოცულია სასამართლო კონტროლით. ის გარემოება, რომ სზაკ-ის 60-62-ე მუხლების საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტილების გაუქმების უფლებამოსილება, ადასტურებს აგრეთვე იმასაც, რომ ასეთი უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზეც (სუსგ 24.05.2018წ. Nბს-743-735(კ-16)). შესაბამისად სააპელაციო სასამარლოს მგადაწყვეტილება საფუძვლიანია და შეესაბამება დადგენილი პრაქტიკისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ტ. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.2018წ. გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621 ) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.02.2019წ. N04311 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე