ბს- 461 (კ-19) 29 ოქტომბერი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2018წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. დ-ემ 15.05.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.01.2017წ. N... და 18.04.2017წ. N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.05.2017წ. განჩინებით თ. დ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.03.2018წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, მ. ქ-ი, ზ. დ-ე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.04.2018წ. გადაწყვეტილებით თ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.01.2017წ. N... და 18.04.2017წ. N... გადაწყვეტილებები, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმით თ. დ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.04.2017წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. დ-ის ადმინისტრაციული საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 16.03.2017წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2018წ. გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.04.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.04.2017წ. N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი აქტის გამოცემა თ. დ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ უპირველესად უნდა შეაფასოს საქმეში დაცული მტკიცებულებები, მათ შორის სარეგისტრაციო მოწმობა, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტები, ხოლო თუკი ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე გამოირიცხება უფლების დამდგენი დოკუმენტების არსებობა, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია იმსჯელოს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღირების საფუძვლებზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მიღებული საქმის სათანადო მოკვლევის შედეგად. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 3.1 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტრურებელ დოკუმენტებს. განსახილველ შემთხვევაში თ. დ-ემ, რომელიც წარმოადგენს ვ. ქ-ის მემკვიდრეს, სარეგისტრაციო განცხადებით მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარდაბანში, სოფელ ...ში მდებარე 7200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. სარეგისტრაციოდ მის მიერ წარმოდგენილ იქნა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა და სამკვიდრო მოწმობა. მარეგისტრირებელმა ორგანომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია 7200 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, თუმცა მოწოდებული ინფორმაციით არ დადგინდა თ. დ-ის მარწმუნებლის მართლზომიერი მფლობელობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციას ახორციელებს ისეთი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც უშუალოდ წარმოშობს საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის უფლებას, მიმდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ახსნა-განმარტება, მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, ვერ იქნება განხილული უფლების დამდგენ დოკუმენტად. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 01.08.2016წ. N153 ბრძანების 11.10 მუხლის თანახმად, უშუალოდ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა კანონით დადგენილი წესით დამოწმებული თანხმობით შესაძლებელია დადასტურდეს მხოლოდ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, იმ შემთხვევში თუ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სააგენტოში დაცულ მონაცემებს.
კასატორი აღნიშნავს, რომ რეესტრის მიერ მომზადებულ სიტუაციურ ნახაზზე დაყრდნობით, სასამართლომ არასწორად აღნიშნა, რომ ვ. ქ-ის უფლება აღრიცხულია ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე. ზემოაღნიშნულ საკადასტრო კოდზე არ არის გახსნილი სააღრიცხვო ბარათი, შესაბამისად უძრავი ნივთი რეგისტრირებულად არ ითვლება. ე.წ. „ყვითელი ფენები“ წარმოადგენს მხოლოდ მარეგისტრირებელ ორგანში დაცულ, უმეტეს შემთხვევაში არასწორ გრაფიკულ მონაცემებს და არა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
კასატორი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონზე მითითებით აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო მოწმობაში მოცემულია მიწისა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების დახასიათება და უფლებრივი დატვირთვა რეგისტრაციის მონაცემების შესაბამისად, ხოლო სaაღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი. ამდენად, მიწის სარეგისტრაციო მოწმობა ვერ იქნება მიჩნეული ვერც საკუთრების უფლების და ვერც მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. N327 ბრძანებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული არცერთი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება გამხდარიყო ჯერ რეგისტრაციის განხორციელების, შემდეგ შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საფუძველი.
კასატორი სასკ-ის 32.4 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ სასამართლომ აღნიშნული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების შეფასება. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სადავო გადაწყვეტილებაში არ უთითებს რაიმე ისეთ გარემოებებზე, რომელთა გამოკვლევა და შეფასება სასამართლო წარმოებისას შეუძლებელი იყო, ამასთან ამგვარი გარემოებების დადგენა და შეფასება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა. სასამართლოს სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა თავად მიეღო არსებითი გადაწყვეტილება და არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, დაფუძნებულია არასწორ სამართლებრივ დასკვებზე და სახეზეა მისი გაუქმების წინაპირობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით თ. დ-ემ N... განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარდაბნის რიონის სოფელ ...ში მდებარე 0.72 ჰა მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით N.... განმცხადებელმა უფლების რეგისტრაციის მიზნით წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სამკვიდრო მოწმობა და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.02.2017წ. გადაწყვეტილებით თ. დ-ეს განემარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N... საკადასტრო კოდით სააღრიცხვო ბარათი არ ინახება, შესაბამისად აღნიშნულ კოდზე რეგისტრაციის ფაქტი არ დგინდება. ასევე ეცნობა, რომ მამკვიდრებელი ვ. ქ-ი შემოსავლების სამსახურში მიწის გადამხელად ფიქსირდებოდა 6200 კვ.მ. უძრავ ქონებაზე, რაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განმცხადებლის სახელზე უკვე რეგისტრირებული იყო. ამდენად, განმცხადებელს განემარტა, რომ წარმოსადგენი იყო საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი ან/და წერილობითი თანხმობა აღიარების კომისიაში დოკუმენტაციის გადასაგზავნათ. შესაბამისი დოკუმენტაციის წარუდგენლობის საფუძვლით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 16.03.2017წ. მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ განცხადება წარდგენილ იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მიზნით, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს ავალდებულებს ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად. მარეგისტრირებელი ორგანო კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს შესაბამის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ინფორმაციის/ დოკუმენტაციის მოძიებას, დამუშავებასა და სისტემატიზაციას. განსახილველ შემთხვევაში სარეგისტრაციო ობიექტზე, საკადასტრო კოდით N..., სააღრიცხვო ბარათის არარსებობის გამო, წარდგენილი დოკუმენტაციის განუხილველად, განმცხადებელს მოეთხოვა საკუთრების უფლების დამდგენი სხვა დოკუმენტაციის მოძიება. აღსანიშნავია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო ფორმალურად მიუდგა საკითხს და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოსაფხვრელად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა ცალმხრივად დააკისრა განცხადების ავტორს, რაც არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებისა და კანონით დადგენილი ვალდებულების არსიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების განსაზღვრა. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა შეისწავლოს განმცხადებლის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, ასევე უნდა შეაფასოს საქმეში დაცული სადავო ნაკვეთის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება თ. დ-ის ოჯახის მიერ ნაკვეთის 1999 წლიდან ფლობის შესახებ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის თ. დ-ის სახელზე რეგისტრაციის მიზანშეწონილობის შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მოქმედი რედაქციის 32-ე მუხლზე, რომელიც მიწის ნაკვეთზე შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოუძიებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს დაინტერესებული პირის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესაძლებლობას, საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად მისი გაცემის დადასტურების შემთხვევაში. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა დაადგინოს მიწის ნაკვეთის უფლებრივი მდგომარეობა მოქმედი კანონომდებლობის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2018წ. გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621 ) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.04.2019წ. N09589 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე