Facebook Twitter

№ბს-1185(კ-19) 07 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ა-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 22 ნოემბერს ნ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, თბილისის მერიის ...ის განყოფილების უფროსის - ნ. ს-ასა და თბილისის მერიის ...ის განყოფილების უფროსის მოადგილის - ვ. გ-ას მიმართ.

სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 24 ოქტომბრის №1318 ბრძანების ბათილად ცნობა მისი ძალაში შესვლის დღიდან; მერიისათვის ნ. ა-ის სამსახურში აღდგენა, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე განაცდური ხელფასის ანაზღაურება და ქ. თბილისის მუნიციალიტეტის მერიის მიერ მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობისა და შევიწროების დადასტურების შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 5 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება. ამასთან, მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მხოლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია დაასახელა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი. მისი გამარტებით, თბილისის მერიაში სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობაში პოლიტიკური ორგანიზაცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაიწყო. ნ. ა-ემ აღნიშნა, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ, როგორც დედაქალაქში, ისე სხვადასხვა რეგიონში, თვითმმართველობის ორგანოებიდან საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლება დაიწყო, რაც ბადებს ეჭვს და იძლევა მაღალი ალბათობით ვარაუდის საფუძველს, რომ სამსახურიდან მოხელეების მსგავს გათავისუფლებაში ადგილი აქვს მიკერძოებულ, დისკრიმინაციულ მიდგომებს, პოლიტიკური პარტიისადმი ,,კუთვნილების“ გამო. თავდაპირველად მას სამსახურიდან წასვლის განცხადების დაწერა შესთავაზეს, რის შემდეგაც, მათი განმარტებით, მოვალეობის შემსრულებლად უფრო დაბალი თანრიგის პოზიციაზე აიყვანდნენ. აღნიშნულზე ნ. ა-ემ კატეგორიული უარი განაცხადა, რის შემდეგაც მოხდა მისი გათავისუფლება. გათავისუფლების ბრძანების საფუძვლად მითითებულია რეორგანიზაცია, რასაც ...ის შემცირება მოჰყვა, თუმცა რეალურად რეორგანიზაციის შედეგად ...ი გაიზარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 იანვრის განჩინებით ნ. ა-ის სარჩელიდან ცალკე წარმოებად გამოიყო დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნები და ამ ნაწილში საქმე განსახილველად გადაეგზავნა განსჯად - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 24 ოქტომბრის №1318 ბრძანება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ნ. ა-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება ნ. ა-ემ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით სამოქალაქო საქმე ნ. ა-ის სარჩელისა გამო, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 აგვისტოს განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ. ა-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მხარეთა მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ნ. ა-ის სარჩელი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ა-ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 24 ოქტომბრის №1318 ბრძანება და მოპასუხეს საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ნ. ა-ის მიმართ ახალი აქტის გამოცემა და ნინო ანდრიაძის სასარგებლოდ, დისკრიმინაციული მოყრობის გამო, მორალური ზიანის - 500 ლარის ანაზღაურება დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ნ. ა-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 24 ოქტომბრის №1318 ბრძანება, ნ. ა-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ა-ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და ნ. ა-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით, აგრეთვე, დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ რეორგანიზაციას შტატების შემცირება არ მოჰყოლია. ამასთან, ყველა ახლადშექმნილი წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა, ისევე როგორც ნ. ა-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა, ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში ერთსა და იმავე საფეხურზე იდგა. პალატის მოსაზრებით, ძირითად უფლებამოსილებათა წრის თვალსაზრისით, ნ. ა-ის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობასთან ფუნქციურად ყველაზე დაახლოებული ქ. თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის კულტურისა და ხელოვნების მუნიციპალური დაწესებულებების მართვის და კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტისა და ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის კულტურისა და ხელოვნების მუნიციპალური ობიექტების განვითარების ხელშეწყობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობები იყო. მსგავსი იყო ხსენებული თანამდებობების დასაკავებლად დადგენილი ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნ. ა-ის მიერ დაკავებული თანამდებობის უცვლელად შენარჩუნება და რეორგანიზაციის შედეგად დაწესებულებაში შტატების ზრდის მიუხედავად, შტატების შემცირების მოტივით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში, ადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები: ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა აღარ არსებობდა. ამასთან, ნ. ა-ეს შეეთავაზა სხვა თანამდებობა, რაზეც მან უარი განაცხადა. კასატორის განმარტებით, საქმეში დაცული დოკუმენტაცია ადასტურებს შტატების შემცირებას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა, შტატების გაზრდასთან დაკავშირებით, არასწორია. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ნ. ა-ე სამსახურიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა. შესაბამისად, თანამშრომლლის პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის გამოკვლევის ვალდებულება არ არსებობდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული თანასწორობის პრინციპის დარღვევის ფაქტი ან რაიმე სახის შეზღუდვა, რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ნ. ა-ის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას დაადასტურებდა. უფრო მეტიც, ნ. ა-ის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმება და მისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზება გამორიცხავს დისკრიმინაციულ მოპყრობას. კასატორის მოსაზრებით, არამართლზომიერია მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რადგან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ამასთან, 2020 წლის 23 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ნ. ა-ე მუშაობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილებაში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე ნ. ა-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, თუმცა როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამდენად, სადავო - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 24 ოქტომბრის №1318 ბრძანების კანონიერების შეფასება საჭიროებდა რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების ფაქტის დადგენას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ადგილი არ ჰქონია საშტატო ერთეულების შემცირებას და აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად მერიაში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახური; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ რეორგანიზაციამდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში გათვალისწინებული იყო წამყვანი სპეციალისტის 3 საშტატო ერთეული. ახლადშექმნილ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახური ჯამში ითვალისწინებდა 4 წამყვანი სპეციალისტის შტატს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური - 5 წამყვანი სპეციალისტის შტატს, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური - 6 წამყვანი სპეციალისტის შტატს. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ახლადშექმნილ სამსახურებში შენარჩუნებული იყო ნ. ა-ის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქციურად მსგავსი შტატები.

საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა, რომ საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ ადასტურებს მის გაუქმებას. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს მსგავსი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმებია დადგენილი. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას (სუსგ 08.12.2015წ, №ბს- 449-442(კ-15)).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მკაფიოდ უნდა იყოს დასაბუთებული შტატების შემცირების საფუძველზე, კონკრეტული მოხელის გათავისუფლების აუცილებლობა და სხვა მოხელეებისათვის უპირატესობის მინიჭების საჭიროება. მხოლოდ ამ პირობებშია შესაძლებელი შტატების შემცირება საფუძვლად დაედოს თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის მითითება ნ. ა-ისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების თაობაზე საქმეში წარმოდგენილი არც ერთი წერილობითი მტკიცებულებით არ დასტურდება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით კონკრეტული შტატის შემცირება არ დასტურდება, ხოლო საქმის მასალებში არსებული სხვა დოკუმენტების ერთობლიობა იძლევა პოლიტიკური მოტივით მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლების ვარაუდის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მოსარჩელის მიმართ მის მიერ დისკრიმინაციის განუხორციელებლობის მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში ასახული ფაქტები და გარემოებები წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე