Facebook Twitter

#ბს-1055(2კ-19) 30 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 22 მაისს თ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ თ. ხ-ის ნაწილში „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონში დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის გაცემის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 აგვისტოს #01/02/10, 2016 წლის 29 სექტემბრის #01/02/11 ბრძანებებისა და თ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 მარტის #1-714 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობისთვის თ. ხ-ის სასარგებლოდ 2016 წლის მარტის თვიდან 2017 წლის მარტის თვის ჩათვლით, კანონით დადგენილი წესით, ზიანის სახით ბინის ქირის კომპენსაციის გადახდის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი შვილთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის, ... კვარტალის, ... კორპუსის ბინა #...-ში. მოცემული კორპუსი იყო ავარიული და დაინგრა, რის შედეგადაც მისი ოჯახი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის მიერ გადაყვანილ იქნა ქირით და 2013 წლიდან 2015 წლის 19 დეკემბრამდე ცხოვრობდა ...ის ქ. #...-ში მდებარე #... ბინაში.

მოსარჩელის მითითებით, მისი მდგომარეობის გადამოწმების შედეგად შედგენილ იქნა ინსპექტირების ოქმები, რაც გახდა სამგორის რაიონის გამგებლის ბრძანებების გამოცემის საფუძველი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბრძანებები, რაც მის მიერ გასაჩივრებულ იქნა, ლახავდა მის უფლებებსა და ინტერესებს. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელემ დაიქირავა სხვა საცხოვრებელი ბინა, მის მესაკუთრესთან დადო ქირავნობის ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა სამგორის რაიონის გამგეობაში, რათა მიეღო ბინის ქირის კომპენსაცია. სამგორის რაიონის გამგეობის ბრძანებების საფუძველზე კი, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ამორტიზებული ფართის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თ. ხ-ის ნაწილში „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონში დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის გაცემის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 აგვისტოს #01/02/10 და 29 სექტემბრის #01/02/11 ბრძანებები; ბათილად იქნა ცნობილი თ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 მარტის #1-714 ბრძანება; მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას თ. ხ-ის სასარგებლოდ, 2016 წლის მარტის თვიდან 2017 წლის მარტის თვის ჩათვლით, კანონით დადგენილი წესით, ზიანის სახით ბინის ქირის კომპენსაციის გადახდა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სამგორის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სამგორის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, მოსარჩელისთვის ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდაზე უარის თქმის საფუძველია მისი განცხადების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის #33-138 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა. კასატორის მითითებით, მოსარჩელეს სამგორის რაიონის გამგებლის 2015 წლის 26 ივნისის ბრძანების საფუძველზე შეუწყდა ქ. თბილისში, ...ის #...-ში მდებარე ბ. #...-ში ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდა. შესაბამისად, იმისათვის, რომ წესის მიხედვით, მოსარჩელე კვლავ დაქვემდებარებოდა ბინის ქირით უზრუნველყოფას, იმპერატიული მოთხოვნაა ახალ მისამართზე გაფორმებული ახალი ქირავნობის ხელშეკრულების წარდგენა, რაც მხარის მიერ წარმოდგენილია, თუმცა მოცემულ შემთხვევაშიც სავალდებულოა ამორტიზებული ფართის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

კასატორის მითითებით, ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება არ წარმოადგენს იმგვარ დოკუმენტს, რომელიც დაადასტურებდა თ. ხ-ის მიერ ამორტიზებული ფართის მფლობელობის ფაქტს, ვინაიდან მოცემული გადაწყვეტილება შეეხება ე. შ-ის აღნიშნულ მისამართზე რეგისტრაციას. კასატორის მოსაზრებით, მოცემული ფართის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს ასევე არ წარმოადგენს საქმეში წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათი, ვიანიდან ასეთი დოკუმენტი არ შედის ზემოაღნიშნული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ჩამონათვალში.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის განმარტებით, გამგეობები ბინის ქირის საკომპენსაციო თანხას გასცემენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის #33-138 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ თავის განცხადებაზე, რომლითაც ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე ითხოვდა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის დაფინანსებას, ვერ წარადგინა დადგენილების მოთხოვნათა დაცვით საჭირო დოკუმენტაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ თ. ხ-ის განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ბინის ქირის გადახდის მიზანშეწონილობის მიზნით, 2016 წლის 19 აგვისტოს შემოწმებულ იქნა თ. ხ-ის მიერ დაქირავებული ფართი და დადგინდა, რომ თ. ხ-ი ნამვილად იმყოფებოდა მის მიერ დაქირავებულ ფართში, რომელიც შედგებოდა ერთი სარემონტო ოთახისგან და იყო საცხოვრებლად ვარგისი. თუმცა, მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული ბინის ქირის საკომპენსაციო თანხით განმცხადებლის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ამორტიზებული ფართის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 29 აგვისტოს #01/02/10 ბრძანებითა და 2016 წლის 29 სექტემბრის #01/02/11 ბრძანებით თ. ხ-ს უარი ეთქვა ბინის ქირის კომპენსაციაზე, რაც წარმოადგენს მოცემული დავის საგანს.

აღსანიშნავია, რომ თ. ხ-ს გამგეობის მხრიდან ერთხელ უკვე შეუწყდა საკომპენსაციო თანხის გაცემა, თუმცა არა იმ საფუძვლით, რომ ის არ წარმოადგენდა ამორტიზებული ფართის მესაკუთრეს/მფლობელს, არამედ იმ მოტივით, რომ თ. ხ-ი არ ცხოვრობდა გამგეობის მიერ დაქირავებულ ფართში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილებულია და არაკანონიერადაა ცნობილი მითითებული საფუძვლით თ. ხ-ისათვის კომპენსაციის შეწყვეტა.

სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის #33-138 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის 2.1 მუხლის თანახმად, ქვეპროგრამის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადასხვა გარემოების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი (შემდგომში - ამორტიზებული ფართი), თუ პირი ამ საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობდა უშუალოდ მის ამორტიზებამდე, მას და მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი საკუთრებაში, ამასთან მოცემული მომენტისათვის არ აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის გადახდის საშუალება და განცხადების წარდგენის მომენტამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებული მისამართი ჰქონდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ. ხ-ი სამგორის რაიონის გამგეობიდან ბინის ქირის კომპენსაციას იღებდა სწორედ იმ საფუძვლით, რომ იყო ქ. თბილისში, ...ში, ... კვარტალში, ... კორპუსში მდებარე #... ბინის მაცხოვრებელი, რომელიც ავარიულობის გამო დაინგრა. საქმეში დაცულია ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 02.07.2008წ. წერილი, რომლითაც დგინდება, რომ 2006 წელს თ. ხ-ი გაყვანილ იქნა ...ის, ... კვარტალის, ... კორპუსიდან მისი უმწვავესი ავარიული მდგომარეობის გამო ქირით.

ზემოაღნიშნული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის მისაღებად დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა დაერთოს ამორტიზებული ფართის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ამონაწერი საბინაო წიგნიდან, ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან/ბიუროს ცნობა-დახასიათება, კომუნალური გადასახადების ქვითრები, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.), მესაკუთრის ან მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, საკუთრების დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი).

საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან მიმართებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, რატომ არ არის მითითებული მტკიცებულება რელევანტური თ. ხ-ის მოცემულ ბინაში ცხოვრების მტკიცების თვალსაზრისით, იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილება შეიცავს ცალსახა მითითებას, რომ ე. შ-ი მიწერილ იქნა სწორედ მისი მშობლების საცხოვრებელ ადგილზე. ამასთან, საყურადღებოა საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათები, რომლითაც დასტურდება, რომ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის, ... კვარტალის, ... კორპუსის ბინა #...-ში რეგისტრირებულნი არიან ს. შ-ი, თ. ხ-ი და ე. შ-ი.

საქმეში ასევე წარმოდგენილია ქალაქ თბილისის კალინინის სახ. რაიონის მშრომელთა დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1961 წლის 3 ივლისს, რაისაბჭოს აღმასკომის რაიონის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული #42 ორდერი, რომლითაც დასტურდება, რომ -ების ოჯახს მიეცა უფლება დაეკავებინა ... ოთახი, ბინა #..., ფართობით 38,48 კვ.მ, მისამართზე: კვარტალი #..., კორპუსი #... სადარბაზო #..., სართული #.... ამასთან, სერვისული მომსახურების ცენტრის საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობით დგინდება, რომ თ. ხ-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის, ... კვარტალის, კორპუს #...-ში მდებარე #... ბინაში, რომელიც ეკუთვნოდა ადგილობრივ საბჭოს და არ იყო პრივატიზებული.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ თ. ხ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-4 მუხლში მითითებულ დოკუმენტაციასთან, რის გამოც ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე