Facebook Twitter
#ბს-1152(კ-19) 30 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 26 ივნისს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ გასაჩივრებულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ნოემბრის #006329 საგადასახადო მოთხოვნა, 2015 წლის 25 თებერვლის #5557 ბრძანება და 2016 წლის #006257 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსარჩელეს, მოპასუხის 2015 წლის 25 თებერვლის ბრძანებით და, ამასთან, თავად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, დაევალა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისათვის მოეძიებინა ინფორმაცია მოსარჩელის კონტრაჰენტი კომპანიის - ბაჰამაში რეგისტრირებული კომპანია ...-ის, რეზიდენტობის შესახებ. მოსარჩელის მითითებით, მის მიერ მრავალი წერილი და დეპეშა იქნა გაგზავნილი, თუმცა ...-ის რეზიდენტობის ცნობა ვერ იქნა მოპოვებული. 2017 წლის 10 იანვარს შპს „...მა“ განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მას ბაჰამასა და საქართველოს შორის გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, ...-ის რეზიდენტობის შესახებ ცნობის მოპოვება მოთხოვა. ერთთვიანი გასვლის მიუხედავად, მოპასუხემ არ შეასრულა მოსარჩელის მოთხოვნა.
მოსარჩელის მითითებით, რამდენადაც მოპასუხე უარს აცხადებს მისი საჯარო და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლების განხორციელებაზე - ინფორმაციის გამოთხოვაზე, მოსარჩელეს ადგება გამოუსწორებელი ზიანი, კერძოდ, შესაძლოა, მას დაეკისროს გარკვეული საგადასახადო ვალდბულება იმ საფუძვლით, რომ შპს „...“ წარმოადგენს ბაჰამის რეზიდენტს.
ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხისათვის - სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის „საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, ბაჰამის თანამეგობრობიდან ბაჰამის თანამეგობრობაში შპს „...ის“ (... LTD, NASAU, BAHAMAS) რეზიდენტობის შესახებ ცნობის მოპოვების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ 2017 წლის 10 იანვარს, რა დროისთვისაც „საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ შეთანხმება ჯერ კიდევ არ იყო ძალაში, შპს „...ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და ხსენებული შეთანხმების საფუძველზე, ბაჰამის თანამეგობრობაში შპს „...ის“ (... LTD, NASAU, BAHAMAS) რეზიდენტობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ შეთანხმების მე-8 მუხლზე და დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ შეთანხმების მიზანი არის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირებისა და აღსრულების მიზნით ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ერთმანეთის ურთიერთდახმარება შეთანხმებით განსაზღვრულ გადასახადებთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველოში მხოლოდ საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადის ადმინისტრირების მიზნით. ამასთან, ინფორმაციის მოთხოვნის დროს აუცილებელია დასაბუთებულ იქნეს მოთხოვნილი ინფორმაციის სავარაუდო საჭიროება, ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყება მხოლოდ თავისი უფლებამოსილებების განხორციელებიდან გამომდინარე, ითხოვს ინფორმაციის მიღებას ხელშემკვრელი მხარიდან, რასაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმება ამომწურავად განსაზღვრავს ინფორმაციის გაცვლის შესაძლო შემთხვევებს, შპს „...ის“ მიერ წარდგენილი მოთხოვნა კი, არ იყო შესაბამისობაში მითითებულ შემთხვევებთან, ამდენად, შეთანხმების ძალაში არსებობის პირობებშიც კი, სსიპ შემოსავლების სამსახურს არ გააჩნდა ვალდებულება, მოთხოვნის საფუძველზე მოეპოვებინა ინფორმაცია ბაჰამას თანამეგობრობიდან, მით უფრო მაშინ, როდესაც შეთანხმების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამჟღავნება დაუშვებელია ნებისმიერ სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე და იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ ხელშემკვრელი მხარის იურისდიქციაში მყოფი იმ პირების ან უფლებამოსილი უწყებებისათვის (სასამართლო და ადმინისტრაციული უწყებების ჩათვლით) რომელთა საქმიანობა უკავშირდება ამ შეთანხმებით განსაზღვრული გადასახადების გაანგარიშებას ან აკრეფას, იძულებითი წესით ამოღებას ან სასამართლო წარმოებას, საჩივრების განხილვას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანო ედავება, რომ მისი ბაჰამელი კონტრაჰენტი ბაჰამის რეზიდენტია. ამავე დროს, საგადასახადო ორგანოს ბაჰამასთან გააჩნია სპეციალური ხელშეკრულება იმის დასადგენად, არის თუ არა ესა თუ ის კომპანია ბაჰამის რეზიდენტი. კასატორის მოსაზრებით, სსიპ შემოსავლების სამსახური აღნიშნულ უფლებამოსილებას არ იყენებს იმის გამო, რომ თავი აარიდოს ჭეშმარიტების დადგენას. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ორმხრივი ხელშეკრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის - სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის „საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, ბაჰამის თანამეგობრობიდან ბაჰამის თანამეგობრობაში შპს „...ის“ (... LTD, NASAU, BAHAMAS) რეზიდენტობის შესახებ ცნობის მოპოვების დავალება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2017 წლის 10 იანვარს, რა დროისთვისაც „საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ შეთანხმება ჯერ კიდევ არ იყო ძალაში, შპს „...ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და ხსენებული შეთანხმების საფუძველზე, ბაჰამის თანამეგობრობაში შპს „...ის“ (... LTD, NASAU, BAHAMAS) რეზიდენტობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება მოითხოვა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ შეთანხმების მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეთანხმების ფარგლებში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, ჩაითვლება კონფიდენციალურად. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ხელშემკვრელი მხარის იურისდიქციაში მყოფი იმ პირების ან უფლებამოსილი უწყებებისათვის (სასამართლო და ადმინისტრაციული უწყებების ჩათვლით), რომელთა საქმიანობა უკავშირდება ამ შეთანხმებით განსაზღვრული გადასახადების გაანგარიშებას ან აკრეფას, იძულებითი წესით ამოღებას ან სასამართლო წარმოებას, საჩივრების განხილვას. ეს პირები ან უწყებები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამჟღავნება სასამართლოს სხდომის მსვლელობის ან სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამასთან, ინფორმაციის გამჟღავნება დაუშვებელია ნებისმიერ სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე ან უწყებაზე, ან სხვა ნებისმიერ მხარეზე, მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური უწყების წერილობითი თანხმობის გარეშე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ შეთანხმების მიზანი არის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირებისა და აღსრულების მიზნით ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ერთმანეთის ურთიერთდახმარება შეთანხმებით განსაზღვრულ გადასახადებთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველოში მხოლოდ საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადის ადმინისტრირების მიზნით. ამასთან, ინფორმაციის მოთხოვნის დროს აუცილებელია დასაბუთებულ იქნეს მოთხოვნილი ინფორმაციის სავარაუდო საჭიროება, ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყება მხოლოდ თავისი უფლებამოსილებების განხორციელებიდან გამომდინარე, ითხოვს ინფორმაციის მიღებას ხელშემკვრელი მხარიდან, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმება ამომწურავად განსაზღვრავს ინფორმაციის გაცვლის შესაძლო შემთხვევებს, შპს „...ის“ მიერ წარდგენილი მოთხოვნა კი, არ არის შესაბამისობაში მითითებულ შემთხვევებთან, ამდენად, შეთანხმების ძალაში არსებობის პირობებშიც კი, სსიპ შემოსავლების სამსახურს არ გააჩნდა ვალდებულება, მოთხოვნის საფუძველზე მოეპოვებინა ინფორმაცია ბაჰამას თანამეგობრობიდან, მით უფრო მაშინ, როდესაც შეთანხმების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამჟღავნება დაუშვებელია ნებისმიერ სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე და იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ ხელშემკვრელი მხარის იურისდიქციაში მყოფი იმ პირების ან უფლებამოსილი უწყებებისათვის (სასამართლო და ადმინისტრაციული უწყებების ჩათვლით) რომელთა საქმიანობა უკავშირდება ამ შეთანხმებით განსაზღვრული გადასახადების გაანგარიშებას ან აკრეფას, იძულებითი წესით ამოღებას ან სასამართლო წარმოებას, საჩივრების განხილვას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ე. კ-ას (პ/ნ ...) შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 28.10.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ე. კ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება;
3. ე. კ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 28.10.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ა. წულაძე