გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 328-აპ 18 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ი. ტყეშელაშვილი,
მ. ისაევი
განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის თანაშემწე ხ. ლაბარტყავას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის განაჩენზე, რომლითაც თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 11 თებერვლის განაჩენი ს. სააკოვის მიმართ დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 11 თებერვლის განაჩენით ს. სააკოვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
ამავე საქმეზე მსჯარდებულები არიან გ. მოსეშვილი და ველემი ანისიმოვი, რომლებიც განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებენ.
განაჩენით ს. სააკოვს მსჯავრი დაედო იმაში, რომ იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ვ. ანისიმოვს, გ. მოსეშვილსა და მ. პაპალიშვილს. მათ გადაწყვიტეს ჰ. ოსკანოვისათვის გამოერთმიათ 2000 ლარი და 300 აშშ დოლარი, რომელიც ვ. ანისიმოვს 1999 წელს სესხად ჰქონდა მიცემული ჰ. ოსკანოვისათვის. 2000წ. ზაფხულში ჰ. ოსკანოვს აღნიშნული თანხა უკვე ჩასესხებული ჰქონდა ვ. ანისიმოვისათვის.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2003წ. ივლისში იგი ვ. ანისიმოვთან, გ. მოსეშვილსა და მ. პაპალიშვილთან ერთად მივიდა ჰ. ოსკანოვის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისში, ... 6-ის, 65ბ-ში და მოითხოვა 2000 ლარი და 300 აშშ დოლარი, რაზედაც ჰ. ოსკანოვისაგან უარი მიიღო, ვინაიდან ეს თანხა მას უკვე დაბრუნებული ჰქონდა. ამ პასუხის შემდეგ ს. სააკოვმა აღნიშნულ პირებთან ერთად ძალით ჩასვა ჰ. ოსკანოვი ვ. ანისიმოვის კუთვნილ ავტომანქანაში, მიიყვანა მოფარებულ ადგილას, სცემა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ს. სააკოვმა ჰ. ოსკანოვისაგან იცოდა, რომ მას ვ. ანისიმოვისათვის 2000 ლარი და 300 აშშ დოლარი დაბრუნებული ჰქონდა, მაინც გადაწყვიტა თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა და მას შემდეგ ვ. ანისიმოვის დავალებით რამდენჯერმე ჩავიდა ჰ. ოსკანოვთან და ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად მუქარისა და ძალის გამოყენებით შეეცადა ამ თანხის გამოძალვას. 2004წ. 20 აპრილს, დაახლოებით 22.00 საათზე, ვ. ანისიმოვის დავალებით ს. სააკოვი გ. მოსეშვილთან და მ. პაპალიშვილთან ერთად მივიდა ჰ. ოსკანოვთან საცხოვრებელ ბინაში საღამოს,. მან კატეგორიულად მოსთხოვა 2000 ლარი და 300 აშშ დოლარი. ჰ. ოსკანოვმა კვლავ უარი უთხრა ამ თანხის გადაცემაზე, ვინაიდან მას ფული ჩასესხებული ჰქონდა ვ. ანისიმოვისათვის. ს. სააკოვმა იგი წააქცია, სცემა და აგინა, ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად და დაემუქრა, თუ რამდენიმე დღეში არ მისცემდა მათ მიერ მოთხოვნილ თანხას, პირადად გაუსწორდებოდა.
2004წ. 2 მაისს ს. სააკოვი გ. მოსეშვილთან და მ. პაპალიშვილთან კვლავ მივიდა ვ. ანისიმოვის დავალებით ჰ. ოსკანოვთან, ერთად მის საცხოვრებელ ბინაზე, სადაც ჰ. ოსკანოვმა მათ გადასცა შს სამინისტროს პოლიციის თანამშრომლების მიერ წინასწარ დანომრილი და დამუშავებული “თოჯინა” _ აქეთ-იქიდან 20 აშშ დოლარიანი კუპიურებით, თითქოსდა მასში მოთავსებული იყო 1000 აშშ დოლარი, რა დროსაც ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად დაკავებულ იქნა ადგილზევე, ჰ. ოსკანოვის საცხოვრებელ ბინაში შს სამინისტროს პოლიციის თანამშრომლების მიერ. მათგან ამოღებულ იქნა “თოჯინა” და დანომრილი და დამუშავებული 2 ცალი 20 აშშ დოლარიანი კუპიურა.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის თანაშემწე ხ. ლაბარტყავა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ს. სააკოვისათვის, სსკ-ის 540-ე მუხლის შესაბამისად, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა რ. სისაურმა მხარი დაუჭირა პროკურორ ხ. ლაბარტყავას საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, იშუამდგომლა ს. სააკოვის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის, ვინაიდან ს. სააკოვის მიმართ შეფარდებული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ს. სააკოვმა მოითხოვა განაჩენის გაუქმება და მის მიმართ საქმის შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას.
მსჯავრდებული ს. სააკოვი წინასწარ გამოძიებაში მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა.
არც პირველი ინსტანციით საქმის განხილვის დროს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია და არის უდანაშაულო.
სასამართლომ ს. სააკოვს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეუფარდა 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობით, 2 წლით გამოსაცდელი ვადით და პატიმრობიდან სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დროს _ 2004წ. 8 სექტემბრიდან 2005წ. 11 თებერვლამდე.
ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის უფროსმა თანაშემწემ დ. ჯაბიძემ აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში იმ მოტივით, რომ ს. სააკოვის მიმართ დადგენილი განაჩენით დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. მოსამართლემ ს. სააკოვის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებისას მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოს წინაშე ს. სააკოვი არ იყო გულწრფელი და არ მოინანია ჩადენილი დანაშაული. ასეთ შემთხვევაში ს. სააკოვის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი ვერ იქნება ეფექტური და განაჩენში მითითება, რომ სავალდებულო არ არის ს. სააკოვის საზოგადოებისაგან იზოლაცია, უსამართლოა. ამასთანავე, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და მისი გავრცელების ხასიათი. ს. სააკოვის მიმართ განაჩენი არის აშკარად ლმობიერი და სასჯელის ზომად მას უნდა დაენიშნოს 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
პროკურორის აღნიშნული სააპელაციო საჩივარი განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ, არ დააკმაყოფილა იგი და განაჩენი ს. სააკოვის მიმართ დატოვა უცვლელად. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმსა და განაჩენში აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დროს ს. სააკოვმა ჩადენილი დანაშაული გულწრფელად აღიარა, მოინანია და ითხოვა რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განაჩენი ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის თანაშემწე ხ. ლაბარტყავამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, როგორც აშკარად ლმობიერი და მოითხოვა მისი გაუქმება.
საკასაციო პალატის სხდომაში მონაწილე პროკურორმა რ. სისაურმა მხარი დაუჭირა პროკურორ ხ. ლაბარტყავას საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, იშუამდგომლა ს. სააკოვის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის, ვინაიდან ს. სააკოვის მიმართ შეფარდებული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ს. სააკოვმა მოითხოვა განაჩენის გაუქმება და მის მიმართ საქმის შეწყვეტა, ვინაიდან არის უდანაშაულო. განაცხადა, რომ მას არც წინასწარი გამოძიების დროს, არც ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას და არც თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დროს არ უღიარებია, რომ დანაშაული ჩაიდინა და თითქოს მოინანია კიდეც. მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, არის უდანაშაულო და მისთვის უცნობია, თუ რატომ ჩაწერეს სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმსა და განაჩენში, რომ თითქოს მან დანაშაული აღიარა. ის არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, ითხოვს მის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. ს. სააკოვი შუამდგომლობს საკასაციო პალატის წინაშე, რათა დაკმაყოფილდეს მისი თხოვნა.
ასეთ გარემოებებში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ს. სააკოვის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
ხელახალი სასამართლო განხილვის დროს, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად, გულდასმით უნდა შემოწმდეს და გამოკვლეულ იქნეს როგორც წინასწარი გამოძიებისა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე მსჯავრდებულ ს. სააკოვის გამოთქმული მოსაზრებები და არგუმენტები. უნდა გაირკვეს, რამდენად რეალურია და რამდენად შეესაბამებიან ისინი საქმეში არსებულ მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებს. უნდა აღმოიფხვრას არსებული წინააღმდეგობები და აღნიშნული გამოკვლევის სრულყოფილად ჩატარების შემდეგ მოხდეს საბოლოო, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი სრულყოფილი განხილვისა და შეკრებილ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების შემდეგ, სასამართლომ უნდა მიიღოს სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება, ხოლო უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში ს. სააკოვის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს მისი პიროვნული მონაცემები და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის განაჩენი ს. სააკოვის მიმართ და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.