#ბს-1309(კ-19) 30 ნოემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრისა და გ. ღ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 27 აგვისტოს გ. ღ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გ. ღ-ის სასარგებლოდ 2015 წლის 5 იანვრიდან 2017 წლის 17 მაისამდე პერიოდში 22 910 ლარის ოდენობით განაცდური ხელფასის, 12640 ლარის ოდენობით მიუღებელი პრემიის, 7272.65 ლარის ოდენობით ხელფასის დაყოვნებისთვის მისაღები კუთვნილი საპროცენტო თანხის, 4264.70 ლარის ოდენობით პრემიის დაყოვნებისათვის მისაღები კუთვნილი საპროცენტო თანხის, 1869,66 ლარის ოდენობით ანაზღაურებადი შვებულებისათვის მიუღებელი თანხის, სულ - 47 087.35 ლარის ანაზღაურების, ასევე, 300 ლარის ოდენობით საადვოკატო მომსახურების თანხისა და 375 ლარის ოდენობით აუდიტის მომსახურების ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, გ. ღ-ი 2013 წლის 15 თებერვლიდან მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სოფ. ...ში. 2015 წლის 5 იანვრის #01-20/15 ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ იგი განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელე მიუთითებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც იგი აღდგენილ იქნა თანამდებობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მაისის #506 ბრძანებით გ. ღ-ი დაბრუნებულ იქნა იმავე თანამდებობაზე, სადაც დღესაც მუშაობს. მოსარჩელის მითითებით, უკანონო გათავისუფლების გამო სამუშაო პერიოდის წყვეტამ შეადგინა 2 წელი, 4 თვე და 11 დღე, რა დროსაც მას ანაზღაურება არ მიუღია. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი მიუღებელი ხელფასის, პრემიების, დანამატებისა და ორი გამოუყენებელი - 30-30 დღიანი, ანაზღაურებადი შვებულების სახით. სარჩელის თანახმად, შპს „...ის“ გამოთვლით, გ. ღ-ს სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების გამო არ მიუღია 47087.35 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ ხელვაჩაურის მერიაში წარდგენილია მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურებაზე, მერია თანხას ნებაყოფლობით არ იხდის.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას გ. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 5 იანვრიდან 2017 წლის 17 მაისამდე იძულებით განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) 22 910 ლარისა და ამ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების თანხის 1869,66 ლარის, სულ - 24 779.66 ლარის გადახდა; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას გ. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის ანაზღაურება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა გ. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. ღ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას გ. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დანამატის (პრემია) მიუღებელი თანხის - 12640 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა გ. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია არ იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას პრემია-დანამატის ნაწილში და აღნიშნავს, რომ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოიყენა სააპელაციო სასამართლომ, ვერ იქნება სარწმუნო, ვინაიდან საჯარო მოხელეს პრემია, ჯილდო და დანამატი მიეცემა დამსახურების მიხედვით, სამსახურში მუშაობის პერიოდში. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არ მუშაობდა მოცემულ პერიოდში მერის რწმუნებულად, ნაკლებად სარწმუნოა, რომ მიიღებდა ფინანსურ წახალისებას პრემია-დანამატის სახით. კასატორის მითითებით, სასამართლომ გამოიყენა მასალა, სადაც მართლაც გარკვეული თანამდებობის პირებისთვის გაცემულია ანაზღაურება, თუმცა არიან თანამშრომლები, ვისზეც პრემია-დანამატი გაცემული არ ყოფილა.
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის - გ. ღ-ის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და არასწორად უთხრა მას უარი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსარჩელის უკანონოდ განთავისუფლებით მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურებაზე, რის გამოც ითხოვს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრისა და 2020 წლის 9 იანვრის განჩინებებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი და გ. ღ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი და გ. ღ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი საკასაციო და შეგებებულ საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 5 იანვრის #01-20/15 ბრძანებით 2015 წლის 5 იანვრიდან გ. ღ-ი გათავისუფლდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ...ის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტური თანამდებობის ჩამონათვალის #26-ე გრაფაში, სოფელ ...ში გამგებლის ...ის 1 შტატის შეტანისა და ამ შტატზე კონკურსის გამოცხადების ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2014 წლის 7 ნოემბრის #1 ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი გ. ღ-ის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2014 წლის 29 დეკემბრის #4 სხდომის ოქმი და კონკურსის შედეგები; ბათილად იქნა ცნობილი „გ. ღ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ...ის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 5 იანვრის #01-20/15 ბრძანება; მოპასუხეს „ჯ. ბ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ...ის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში დანიშვნის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 6 იანვრის #01-20/35 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება დაევალა.
დადგენილია, რომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების პერიოდში გ. ღ-ს განაცდური ხელფასი არ აქვს მიღებული, რის გამოც განსახილველი დავის ფარგლებში მის მიერ მოთხოვნილია მოცემულ პერიოდში განაცდური ხელფასის, მიუღებელი პრემიის, ხელფასისა და პრემიის დაყოვნებისთვის მისაღები კუთვნილი საპროცენტო თანხისა და ანაზღაურებადი შვებულებისათვის მიუღებელი თანხის ანაზღაურება.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.
განსახილველ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებულია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა, რაც წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობისა და შესაბამისად, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველს. ამდენად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მართებულად დაეკისრა სადავო პერიოდში ყოველთვიურად განსაზღვრული შრომითი გასამრჯელოსა (ხელფასი) და მიუღებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის გადახდა.
რაც შეეხება გ. ღ-ისათვის პრემიის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო სასამრთლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით გამოთხოვილ და ხელვაჩაურის მერიის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ თანამშრომლებზე 2015-2017 წლებში გაცემული პრემიის შესახებ წერილობით ინფორმაციაზე (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საპრემიო კომისიის სხდომის ოქმები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებები), რომლითაც სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ გ. ღ-ის გათავისუფლების დღიდან ყველა მოქმედ თანამშრომელზე ხელფასის გარდა, ხელფასის ტოლი ოდენობით გაცემულ იქნა თანხები პრემიის სახით, რასაც თანამდებობაზე ყოფნის შემთხვევაში მოსარჩელეც მიიღებდა. შესაბამისად, მართალია, თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არა ადმინისტრაციის ვალდებულებას, არამედ მის უფლებამოსილებას წარმოადგენდა, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, უტყუარად დადგენილია, რომ პრემიის სახით თანამშრომლებზე ხელფასთან ერთად თანხის გაცემა არ იყო დაკავშირებული პირის შრომით შედეგებზე და არ წარმოადგენდა თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას (ყოველკვარტალური, სადღესასწაულო პრემია). ამდენად, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, პრემიის სახით გაცემული თანხები ხელფასის დანამატს წარმოადგენდა და ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.
რაც შეეხება შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნას, ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლიანობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო და შეგებებულ საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი და გ. ღ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი და გ. ღ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე