#ბს-1264(კ-19) 30 ნოემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 4 აპრილს ვ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 მარტის #47 ბრძანების ბათილად ცნობა და ვ. ს-ის ნოტარიუსის თანამდებობაზე აღდგენის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის ივლისში მოხდა მისი, როგორც ნოტარიუსის, საქმიანობის შემოწმება, რასთან დაკავშირებითაც შედგა შემოწმების აქტები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დისციპლინური კომისიის დასკვნის შესაბამისად, ვ. ს-ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომები ჩაითვალა განსაკუთრებით მძიმედ, რის გამოც იგი გათავისუფლდა თანამდებობიდან და შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება. სარჩელის თანახმად, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სასამართლო დავა, რის შედეგადაც სასამარლოს გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, ვ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ვ. ს-ის თანამდებობიდან გათავისუფლების, მისთვის ნოტარიუსის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ნოტარიუსთა რეესტრიდან ამორიცხვის ნაწილში საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის #1499 ბრძანება და მოპასუხეს მოცემული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ვ. ს-ის მიმართ ახალი აქტის გამოცემა დაევალა. მოსარჩელის მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტროს საქმის შესწავლისას არ გამოუკვლევია მოსარჩელის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მიმართ უფრო მკაცრი დისციპლინარული სახდელის გამოყენების აუცილებლობა მაშინ, როდესაც იდენტური დარღვევის პირობებში, სხვა ნოტარიუსთა მიმართ გამოყენებული იყო უფრო მსუბუქი სახდელი.
სარჩელის მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სამინისტრომ გამოსცა სადავო აქტი, რომლითაც ჩაითვალა, რომ დისციპლინური კომისიის 2014 წლის 26 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ვ. ს-ის მიერ ჩადენილ იქნა განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური გადაცდომები, რის გამოც მის მიმართ სახდელის სახედ თანამდებობიდან გათავისუფლების შეფარდება იყო მართებული. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინებით ვ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სადავო საკითხის პროცედურულ ნაწილთან მიმართებით აღნიშნა, რომ მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ნოტარიუს ვ. ს-ის საქმიანობის შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების არსებობა, შესაბამისად, იმ ვითარებაშიც, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ 2014 წლის 9 ივლისს გასული იყო იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემოწმების ვადა, აღნიშნული ვერ გააქარწყლებდა იმ დარღვევების არსებობას, რომლებიც ასახულ იქნა 2014 წლის 17 ივლისის #980 ბრძანებით შექმნილი კომისიის 24 ივლისის დასკვნაში, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე და რომელში დაფიქსირებულ დარღვევებსაც დაეთანხმა ვ. ს-ი, მიუხედავად იმისა, შემოწმების რომელ ეტაპზე იქნა ისინი გამოვლენილი.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 22 იანვრის #62 ბრძანება (რომლითაც საქართველოს ნოტარიუსების სამსახურებრივი საქმიანობის შემოწმების მიზნით შეიქმნა კომისია, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 ივლისამდე) და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის #980 ბრძანება (რომლითაც კომისიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე) შედგენილია „საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის #177 ბრძანებით დამტკიცებული ნოტარიუსის საქმიანობის ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ“ დებულების მე-8 მუხლის საფუძველზე. ამავე დებულების მე-7 მუხლის მეორე პუნქტში მითითებული დათქმა - შემოწმების დაწყება ფორმდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პალატის მოსაზრებით, ცალსახად არ გულისხმობს და არ მოიაზრებს ცალკე ბრძანების გამოცემის სავალდებულოობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული საკითხი სავსებით შესაძლებელია დარეგულირდეს ერთი ბრძანებითაც, რომელიც შინაარსობრივად მოიცავს როგორც მე-7, ასევე მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ დებულებებს.
სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტში მითითებულია, რა გარემოებებზე დაყრდნობით მოხდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნოტარიუს ვ. ს-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არგუმენტირებულია აპელანტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების (თანამდებობიდან გათავისუფლება) გამოყენების აუცილებლობა, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება კანონიერია და ადგილი არა აქვს კანონის მოთხოვნათა დარღვევას, შესაბამისად, არ არსებობდა აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული გამოკვლეულიყო უშუალოდ მოსარჩელის შემოწმებასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, კომისიის შემადგენლობა, მის მიერ განხორციელებული შემოწმების პერიოდი. ასევე, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი იყო 2014 წლის 9 ივლისისა და 24 ივლისის აქტების შედგენასთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევა. ამასთან, დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მიმართ უფრო მკაცრი დისციპლინარული სახდელის გამოყენების აუცილებლობა მაშინ, როდესაც იდენტური დარღვევის პირობებში, სხვა ნოტარიუსთა მიმართ გამოყენებული იყო შედარებით მსუბუქი სახდელი.
კასატორის მითითებით, რეალურად, 2014 წლის 24 ივლისს ნოტარიუს ვ. ს-ის სანოტარო საქმიანობის შემოწმება არ განხორციელებულა, ამ აქტში მოხდა მხოლოდ 9 ივლისის აქტის ზუსტი ფორმულირება. ამასთან, არ არსებობდა მისი საქმიანობის შემოწმების დაწყების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს „ნოტარიუსთა საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლზე. კასატორის მითითებით, კონკრეტული ნოტარიუსის შემოწმება უნდა დაიწყოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც უნდა გამოიცეს ზემოაღნიშნული დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად. კასატორის მითითებით, ასეთი ბრძანება გამოცემული არ არის, შესაბამისად, ღიად რჩება საკითხი, ვინ დაადგინა მოსარჩელის შემოწმების საკითხი, ვინ განსაზღვრა შემოწმების პერიოდი და შემმოწმებელი კომისიის შემადგენლობა. კასატორის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც, თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა მოსარჩელის 2014 წლის 24 ივლისის შემოწმების დაწყების სამართლებრივი საფუძველი, შემოწმება მაინც უკანონოა, ვინაიდან ნოტარიუსის საქმიანობის ერთი და იმავე პერიოდის 2-კვირიან მონაკვეთში მიმდინარე შემოწმების სახით ინსპექტირება ეწინააღმდეგება დებულებით დადგენილ მოწესრიგებას.
კასატორის განმარტებით, არც შემოწმების აქტში და არც დისციპლინურო კომისიის დასკვნაში დასაბუთებული არ არის, რატომ იქნა მიჩნეული კონკრეტული გადაცდომა განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად. ამასთან, კასატორის მითითებით, ვინაიდან სასამართლო დავის ფარგლებში სადავო არ გამხდარა შემოწმების შედეგად დაფიქსირებული დარღვევები, არ ნიშნავს, რომ მას ეთანხმება. იგი სადავოდ ხდის თავად შემოწმების განხორციელების კანონიერებას და თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ შემოწმება უკანონოდ განხორციელდა, ასეთი შემოწმების შედეგად დადგენილი გარემოებებიც ძალას კარგავს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შერჩევითობის პრინციპით, განხორციელდა ნოტარიუს ვ. ს-ის სანოტარო საქმიანობის შემოწმება, რის შედეგადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 27 აგვისტოს #1292 ბრძანებით აღიძრა დისციპლინური წარმოება ვ. ს-ის მიმართ და საკითხის განხილვის მიზნით შეიქმნა დისციპლინური კომისია. ამავე ბრძანებით დისციპლინური წარმოება აღიძრა ასევე სხვა ნოტარიუსების მიმართაც.
დადგენილია, რომ 2014 წლის 26 სექტემბრის დასკვნით კომისიამ მიიჩნია, რომ ვ. ს-მა ჩაიდინა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის“ შესახებ დებულების მე-4 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე დებულების მე-6 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევები.
დადგენილია, რომ კომისიის მიერ დადასტურებულად ჩაითვალა ნოტარიუს ვ. ს-ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტები; ნოტარიუსის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ხარისხი განისაზღვრა როგორც განსაკუთრებით მძიმე გადაცდომა, რის შედეგადაც, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის #1499 ბრძანებით, ნოტარიუსი ვ. ს-ი 2014 წლის 10 ოქტომბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება და ამოირიცხა საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან, რაც ფიზიკური პირის მიერ გასაჩივრებულ იქნა სასარჩელო წარმოების გზით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ვ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ვ. ს-ის თანამდებობიდან გათავისუფლების, მისთვის ნოტარიუსის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ნოტარიუსთა რეესტრიდან ამორიცხვის ნაწილში საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის #1499 ბრძანება და მოპასუხეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ვ. ს-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 მარტის #47 ბრძანების კანონიერება, რომლითაც დადგენილად ჩაითვალა, რომ დისციპლინური კომისიის 2014 წლის 26 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ნოტარიუს ვ. ს-ის მიერ ჩადენილ იქნა განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური გადაცდომები, რის გამოც მის მიმართ სახდელის სახედ თანამდებობიდან გათავისუფლების შეფარდება იყო მართებული. ამასთან დადგენილია, რომ სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა 2014 წლის 24 ივლისის შემოწმების აქტში მითითებული დარღვევები, რომელთა არსებობასაც, თავის მხრივ, ვერ გამორიცხავს მოსარჩელე. ვ. ს-ის მიერ ასევე მოთხოვნილია ნოტარიუსის თანამდებობაზე აღდგენის დავალება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ შერჩევითი შემოწმების პროცესში გამოვლინდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი ცამეტი სხვადასხვა ხარისხის გადაცდომა, საიდანაც 4 დარღვევა ხვდებოდა განსაკუთრებით მძიმე გადაცდომათა კატეგორიაში. როგორც საქმის მასალებით დგინდება, ნოტარიუს ვ. ს-ის მიერ ჩადენილი გადაცდომებიდან, როგორც განსაკუთრებით მძიმე ხარისხის გადაცდომა, მიჩნეულ იქნა მის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე გაცემული 32 სამკვიდრო მოწმობა. ასევე ის გარემოება, რომ იგი არ ფლობდა სათანადოდ სახელმწიფო ენას, შესაბამისად, სანოტარო აქტებს ადგენდა რუსულ და სომხურ ენებზე, რომელთა ქართულ ენაზე შედგენასაც ახორციელებდა პირი, რომელთანაც არ ჰქონდა გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება, სადაც იქნებოდა აღნიშნული სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის შესახებ. ამასთან, მის მიერ შედგენილ სანოტარო აქტში მინდობილობის გამცემის პირადობა დადგენილია ...ის მუნიციპალიტეტის ...ის სოფ. ...ის რწმუნებულის მიერ გაცემული მოწმობით და დაბადების მოწმობით (აღნიშნული რწმუნებულების მოწმობით დადასტურებულია ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის იგივეობა). სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მხარის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით ყველაზე მძიმე სახე - სამსახურიდან გათავისუფლება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ნოტარიუსის გადაცდომათა სიმძიმე, ხარისხი და შესაბამისი პასუხისმგებლობა უშუალოდ კანონმდებლობით არის განსაზღვრული. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტში მითითებულია, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მოხდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნოტარიუს ვ. ს-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ამასთან საყურადღებოა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვის ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთებულია დისციპლინური გადაცდომის სახისა და მისი რაოდენობის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების (თანამდებობიდან გათავისუფლება) გამოყენების აუცილებლობა სხვა ნოტარიუსებთან შედარებით, რომელთა მიმართაც გამოყენებულ იქნა ნაკლებად მძიმე დისციპლინური სახდელები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის #177 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსის საქმიანობის ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ“ დებულების მე-8 მუხლითა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გამოხატული ორი ნება სავსებით შესაძლებელია მოქცეულ იქნეს ერთი სამართლებრივი დოკუმენტის - ბრძანების ფარგლებში. ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ სადავოდ არ არის გამხდარი ნოტარიუსის საქმიანობის შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების არსებობა, იმ ვითარებაშიც, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ 2014 წლის 9 ივლისს გასული იყო იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემოწმების ვადა, აღნიშნული ვერ გააქარწყლებს იმ დარღვევების არსებობას, რომელიც ასახული იქნა 2014 წლის 17 ივლისის #980 ბრძანებით შექმნილი კომისიის 24 ივლისის დასკვნაში, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე და რომელსაც დაეთანხმა ვ. ს-ი, მიუხედავად იმისა, შემოწმების რომელ ეტაპზე იქნა ისინი გამოვლენილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე