#ბს-1167(კ-19) 30 ნოემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 20 თებერვალს ჯ. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 15 იანვრის #... გადაწყვეტილების, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 7 ნოემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ი. რ-ა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჯ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 ნოემბრის #... გადაწყვეტილება და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 იანვრის #... გადაწყვეტილება; მოპასუხეს საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. პ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით ჯ. პ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წერილით დგინდება, რომ ნოტარიუს ე. ყ-ის მიერ ნაწარმოებ სანოტარო დოკუმენტებში 1994 წლის 6 იანვარს დამოწმებული მინდობილობა არ მოიძებნა. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა ნოტარიუსის მიერ 1994 წლის ნაწარმოებ სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში 6 იანვარს რეგისტრირებული ჩანაწერის ელექტრონული ასლი, რომლის თანახმად, მინდობილობაზე დამოწმებულია ი. რ-ას ხელმოწერის ნამდვილობა. კასატორის მითითებით, მოცემული ინფორმაციით დგინდება, რომ 1994 წლის 6 იანვარს დამოწმებული მინდობილობა არ მოიძებნა. ამასთან, ვერ დგინდება აღნიშნული მინდობილობა წარმოადგენს თუ არა ძალაში მყოფ დოკუმენტს.
კასატორის მითითებით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისში წარდგენილი მინდობილობით ვერ ხდება მიმნდობი (მარწმუნებლის) და მინდობილი პირების იდენტიფიცირება. შესაბამისად, ვერ ხდება სარეგისტრაციო უძრავი ნივთის მესაკუთრის იდენტიფიცირებაც. ჯ. პ-ის მიერ წარდგენილ სსგს საინფორმაციო ბარათში სსრკ-ის პასპორტის მონაცემები დაცული არ არის, შესაბამისად, ვერ ხდება მინდობილობაში მითითებული ჯ. პ-ის პასპორტის იდენტიფიცირება.
კასატორის მითითებით, მესამე პირი ამოწერილია ქ. რუსთავის ...ის გამზ. #8, ბ. #8-დან და 06.01.1994წ. წასულია ...ის ოლქში, ხოლო მისი პირადობის მოწმობის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში არ არის დაცული. შესაბამისად, მოძიებული ინფორმაციით ვერ ხდება მისი იდენტიფიცირება. კასატორის მითითებით, მის მიერ გამოთხოვილ იქნა ყველა დოკუმენტაცია, რაც მოცემული საქმის სრულყოფილი გამოკვლევისთვის არის საჭირო, ზეპირი მოსმენის ჩატარებით კი, აღნიშნული გარემოებებისგან განსხვავებული გარემოებები ვერ დადგინდებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 იანვრის #... გადაწყვეტილების, ასევე 2017 წლის 7 ნოემბრის #... გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც ჯ. პ-ს, როგორც ი. რ-ას მინდობილ პირს, უარი ეთქვა ქ. რუსთავში, ...ის გამზ., კორპ. #8-ში მდებარე ბინა #8-ზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემებისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ #2-2900 პრივატიზაციის ხელშეკრულებით (დამოწმების თარიღი: 13.11.1992წ., ნოტარიუსი: ყ-ი) რ-ა ი. ა. პირად საკუთრებაში მიიღო საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ. რუსთავი, ...ის გამზ. #8-8.
განსახილველ შემთხვევაში, ასევე დადგენილია, რომ 1994 წლის 6 იანვარს ი. ა. რ-ას მიერ გაცემულია მინდობილობა, რომლითაც ჯ. ი. პ-ს მიენიჭა უფლება განეკარგა და ემართა მარწმუნებლის მთელი ქონება. ამასთან, მინდობილობა გაცემულია უვადოდ. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დაცულია ნოტარიუს ე. ყ-ის მიერ 1994 წელს ნაწარმოებ სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში გატარებული 6 იანვარს რეგისტრირებული ჩანაწერი (#1-27). საყურადღებოა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მინდობილობა გაუქმებულია. ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ მინდობილობაში მითითებულია ი. ა. რ-ას საიდენტიფიკაციო მონაცემები - პასპორტი XVII - ტი (ти) #...). მოსარჩელის განმარტებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით იგი შეესაბამება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათებასა და #2-2900 პრივატიზაციის ხელშეკრულებაში (დამოწმების თარიღი: 13.11.1992წ., ნოტარიუსი: ყ-ი) ასახულ ი. რ-ას საიდენტიფიკაციო მონაცემებს. ზემოაღნიშნული გარემოება კი, სადავო გახადა მოპასუხემ. ასევე, 1994 წლის 6 იანვრის ამავე მინდობილობაში მითითებულია ჯ. ი. პ-ის საიდენტიფიკაციო მონაცემები - პასპორტი XVII - ტი (ти) #...), რომლის შესაბამისობა ჯ. პ-ის (პ/ნ ...) საიდენტიფიკაციო მონაცემებთან, ასევე სადავო გახადა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის გარემოებები, რის გამოც საკითხის ხელახალი განხილვისას მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, ჯ. პ-ის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამასთან, დამატებით გასათვალისწინებელია, რომ საქმის მასალების მიხედვით, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომა არ ჩატარებულა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 22.10.2019წ. #32377 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.10.2019წ. #32377 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე