კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1169(კს-20) 03 ნოემბერი,2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა შპს „...ის“, თ. წ-ის, შპს „ი...-ს“, გ. ხ-ის, გე. ხ-ის, გ. ა-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2019წ. განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 19.04.2017წ. სარჩელით მიამრთა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: შპს „...ის“, თ. წ-ის, შპს „ი...-ს“, გ. ხ-ის, გე. ხ-ის, გ. ა-ის მიმართ მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის მოთხოვნით. სსიპ შემოსავლების სამსახურმა იშუამდგომლა აგრეთვე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.2017წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.05.2017წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.2017წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.04.2017წ. განჩინება, სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო თ. წ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებას: 100%-იან წილს შპს „...ის“ კაპიტალში, 45%-იან წილს შპს „ბ...ას“ კაპიტალში და ქ. ბათუმში, ...ის ქ. N54/62-ში მდებარე უძრავ ქონებას; ყადაღა დაედო აგრეთვე შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ სამ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, გ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, გ. ა-ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებას: 100%-იან წილს შპს „ე...ის“ კაპიტალში, 30%-იან წილს შპს „დ...ის“ კაპიტალში, ავტოსატრანსპორტო საშულებას და დ. რ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებას: 100%-იან წილს შპს „ო...ის“ კაპიტალში, 100%-იან წილს შპს „ი...-ის“ კაპიტალში და 100%-იან წილს შპს „გ...ის“ კაპიტალში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.08.2018წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.2017წ. განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
13.08.2018წ. თ. წ-ემ შპს „...იმ“, გ. ა-მა, დ. რ-ემ, გ. ხ-ემ და გე. ხ-ემ განცხადებით მიმართეს თბილისიის სააპელაციო სასამართლოს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო სააპელაციო პალატის 31.07.2017წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2019წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“, თ. წ-ის, გ. ხ-ის, გე. ხ-ის, გ. ა-ის და დ. რ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს „...ის“, თ. წ-ის, შპს „ი...-ს“, გ. ხ-ის, გე. ხ-ის, გ. ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2019წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.08.2018წ. განჩინება და სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმე დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დადგენილი პრაქტიკის მიხედვით (იხ. მაგ.: სუსგ 01.10.2015წ. Nბს-408-402(კ-15), 31.05.2018წ. Nას-614-614-2018, 10.09.2019წ. Nბს-939(3კ-19), 10.09.2019წ. Nბს-371(კ-19), 10.09.2019წ. Nბს-1007(2კ-19), 27.09.2019წ. Nბს-794(კ-19), 27.09.2019წ. Nბს-522 (კ-19) და სხვ.), საპროცესო კანონმდებლობაში ისეთი სახის ცვლილების შეტანა, რომელიც კონკრეტულ დავებს საკასაციო პალატის ქვემდებარობიდან გამორიცხავს, იწვევს საკასაციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების დასრულებას, საჩივრის განუხილველად დატოვებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია ცრუმაგიერ პირებად ცნობა. საგადასახადო კოდექსის როგორც ცვლილებამდე, ასევე ამჟამად მოქმედი რედაქციიდან გამომდინარე ცრუმაგიერი პირების დადგენა სასამართლოს პრეროგატივას შეადგენს, თუმცა კანონმდებლობაში 28.06.2019წ. განხორციელებული ცვლილებების შედეგად არსებითად შეიცვალა სასამართლოს მიერ მსგავსი დავების განხილვის, გადაწყვეტისა და გასაჩივრების წესი. 28.06.2019წ. ცვლილებების განხორციელებამდე საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის განხილვის განსხვავებულ, სპეციალურ წესს. აღნიშნულ სარჩელებს პირველი ინსტანციის სასამართლო იხილავდა სასარჩელო წარმოების წესით, სასკ-ის 25-ე მუხლის საფუძველზე და სადავო საკითხთან დაკავშირებით იღებდა არსებით გადაწყვეტილებას, რომელიც საჩივრდებოდა როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული წესი შეიცვალა 28.06.2019წ. საგადასახადო და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად.
საგადასახადო კოდექსში 28.06.2019წ. №4906-IIს საქართველოს კანონით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) განხორციელებული ცვლილებისა და დამატებების საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და განისაზღვრა, რომ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (მე-3 ნაწ.). საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 28.06.2019წ. N4908-IIს კანონის (ამოქმედდა 04.07.2019წ.) პირველი მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კოდექსს დაემატა VII16 თავი - „ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით“. ახალი მოწესრიგებით განისაზღვრა პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტის სპეციალური, სასარჩელო წარმოებისაგან განსხვავებული წესი, დადგინდა, რომ ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს ბრძანებას და არა გადაწყვეტილებას (2163 მუხ.). აღნიშნული ბრძანება საჩივრდება ერთჯერადად სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება (2165.9 მუხ.). ამდენად, 04.07.2019წ. ამოქმედებული ცვლილებების შედეგად, ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ დავების განხილვა აღარ შედის საკასაციო სასამართლოს კომპეტენციაში. შესაბამისად, საპროცესო ნორმების დროში მოქმედების წესის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კერძო საჩივარი, უნდა დარჩეს განუხილველი, რადგან საკასაციო სასამართლო მოკლებულია მისი არაქვემდებარე დავის განხილვის პროცესუალურ შესაძლებლობას.
მართალია საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების არდაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ზოგად შესაძლებლობას (სსკ-ის 430.2 მუხ.), თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებითი, ძირითადი დავის განხილვის საპროცესო შესაძლებლობა აქვს იმ სასამართლოს, რომელშიც კერძო საჩივარია წარდგენილი. განსახილველ შემთხვევაში არსებითი დავის საგანია მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად ცნობა. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებული დავების განხილვის უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამჟამად აღარ აქვს. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებულ დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სსკ-ის 420-ე მუხ.). ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი, გასაჩივრების შეზღუდვა არა მხოლოდ არსებით გადაწყვეტილებას, არამედ დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც გულისხმობს და კრძალავს უზენაესი სასამართლოს მიერ არა მხოლოდ საკასაციო, არამედ კერძო საჩივრის განხილვის შესაძლებლობასაც. ამასთანავე, სააპელაციო პალატის მიერ 30.07.2019წ. განჩინების მეორე პუნქტში გასაჩივრების უფლების განმარტება, დამოუკიდებლად არ წარმოშობს განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილებას, რადგან განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ნორმატიული საფუძველი და არა სასამართლოს განმარტება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2165 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“, თ. წ-ის, შპს „ი...-ს“, გ. ხ-ის, გე. ხ-ის, გ. ა-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2019წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე