#ბს-1156(კ-19) 30 ნოემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 26 თებერვალს მ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს განათლების სამინისტროს ...ის ...ის თანამდებობაზე მ. ნ-ის მუშაობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 9 ოქტომბრის #MES 8 17 01230465 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და სამინისტროსთვის მოსარჩელე მ. ნ-ის მიმართ საქართველოს განათლების სამინისტროს ...ის ...ის თანამდებობაზე 1991 წლის 1 თებერვლიდან 1996 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობის ფაქტის დადასტურების თაობაზე, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2016 წლის 24 აგვისტოს განცხადებით მიმართა სამინისტროს საქართველოს განათლების სამინისტროს ...ის ...ის თანამდებობაზე მუშაობის შესახებ ცნობის აღების თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, მოცემულ პოზიციაზე იგი დაინიშნა 1991 წლის 1 თებერვალს (რაც დასტურდება მ. ნ-ის ხელთ არსებული შრომის წიგნაკითა და ხელფასის უწყისის ასლით, რომელიც გაცემულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ). წერილის პასუხად განმცხადებელს ეცნობა, რომ სამინისტროში საქართველოს განათლების სამინისტროს ...ის საარქივო დოკუმენტაცია დაცული არ იყო, შესაბამისად, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა სამუშაო სტაჟის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე. სამინისტროს თანამშრომელთა ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტაცია განადგურდა ხანძრის დროს. 2017 წლის 28 სექტემბერს ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მოსარჩელემ კვლავ მიმართა სამინისტროს, რომელმაც მიაწოდა არქივში დაცული დოკუმენტაცია (სახელფასო უწყისი), თუმცა მათ შორის ასევე არ იყო განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი.
სარჩელის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა სამინისტროს შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით, რასაც არც ერთ შემთხვევაში არ მოჰყოლია შედეგი, მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ დადგინდეს მოცემულ თანამდებობაზე მოსარჩელის მუშაობის ხანგრძლივობა, ვინაიდან მას აღნიშნულის მიმართ აქვს კანონიერი ინტერესი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე მ. ნ-ის საქართველოს განათლების სამინისტროს ...ის ...ის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 9 ოქტომბრის #MES 8 17 01230465 წერილობითი მიმართვა; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოსარჩელე მ. ნ-ისათვის საქართველოს განათლების სამინისტროს ...ის ...ის თანამდებობაზე 1991 წლის 1 თებერვლიდან 1996 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობის ფაქტის დადასტურების თაობაზე, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად (სამართლის ანალოგია). სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსით გაუთვალისწინებელი შემთხვევა, მთელი პერიოდის უწყვეტად განხორციელებული შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობა, არ შეიძლება გახდეს პირისათვის შესრულებული სამუშაოს თაობაზე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა სამართლებრივი ურთიერთობის უწყვეტად არსებობის პრეზუმციას ითვალისწინებს, თუ კონკრეტული პერიოდის დასაწყისსა და დასასრულს ასეთი სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 166-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სავარაუდოა, რომ მოსარჩელე მ. ნ-ე უწყვეტად ახორციელებდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას, კერძოდ, 1991 წლის 1 თებერვლიდან დაინიშნა საქართველოს განათლების სამინისტროს ...ის ...ის თანამდებობაზე და მუშაობდა 1996 წლის 31 დეკემბრამდე.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს ...ი შეიქმნა საქართველოს სახალხო განათლების სამინისტროს ბრძანებით. ამასთანავე, სასამართლო სხდომაზე აპელანტმა დაადასტურა, რომ რეალურად, სადავოდ ხდის არა სამინისტროს სისტემაში მოსარჩელის მუშაობის ფაქტის, არამედ მისი შრომის სტაჟის უწყვეტობის ფაქტს. პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელე მ. ნ-ეს შესრულებული სამუშაოს თაობაზე ცნობის გაცემაზე უარი უთხრა იმ პირობებში, როდესაც სათანადო დოკუმენტებით არის დადასტურებული მისი აღნიშნულ პერიოდში მუშაობისა და ...ის საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემაში შექმნის ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული დოკუმენტი, რომელიც მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებაზე გაიცა, ინფორმაციული ხასიათისაა. განცხადებაში მითითებული იყო, რომ სამინისტრო ვალდებულია დაადგინოს მ. ნ-ის მუშაობის ფაქტი და ხანგრძლივობა. ამასთან, მითითებული იყო, რომ დოკუმენტები ხანძრის შედეგად განადგურდა. კასატორის მითითებით, ...ის დოკუმენტაციის ხანძრის შედეგად განადგურების ფაქტი არ დასტურდება, თუმცა კანონით დადგენილი წესით გაფორმებული საბუთი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მ. ნ-ის ცენტრში მუშაობის ხანგრძლივობას, არ არსებობს. კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაშიც არ არსებობს ინფორმაცია მ. ნ-ის სამუშაო სტაჟის შესახებ. ამასთან, არც ერთ არქივში არ არის დაცული დოკუმენტაცია, რომელიც ასევე უტყუარად დაადგენდა ცენტრის სამართალმემკვიდრედ სამინისტროს ცნობის ფაქტს. კასატორის მითითებით, განმცხადებლისთვის სამინისტროს არ უთქვამს უარი ინფორმაციის გაცემაზე, არამედ მას სრულად გადაეცა არქივში დაცული დოკუმენტაცია, კერძოდ, 6 თვის სახელფასო უწყისი (1994 წლის იანვრისა და დეკემბრის, 1995 წლის იანვრისა და დეკემბრის, 1996 წლის იანვრისა და დეკემბრის).
კასატორის მოსაზრებით, მტკიცების ტვირთის მხოლოდ მოპასუხეზე დაკისრება არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. მოსარჩელემ სამინისტროს მიერ გადაცემული დოკუმენტაციის გარდა, ვერ წარადგინა სასამართლოში ვერც ერთი მტკიცებულება, ასევე ვერ შეძლო ერთი მოწმის მოყვანაც პროცესზე, რომელიც დაადასტურებდა ცენტრში მისი მუშაობის ხანგრძლივობას. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. ნ-ე არ ფლობს ინფორმაციას ცენტრის ფუნქციონირებისა და თანამშრომლების შესახებ. ერთადერთი პირი, რომელიც მოსარჩელემ იცის, ...ის ყოფილი დირექტორი - რ. ს-ეა. კასატორის მითითებით, რ. ს-ე სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მისი საქართველოს განათლების სამინისტროს ...ის ...ის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტის დადასტურება. ამ მიზნით, მან 2017 წლის 28 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა მისი მუშაობის ფაქტისა და ხანგრძლივობის დადგენა, შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემით. ასევე დადგენილია, რომ მითითებულ განცხადებას მ. ნ-ემ დაურთო შრომის წიგნაკის ასლი და ხელფასის უწყისები, რომელთა მიხედვით, მოსარჩელე მ. ნ-ე 1991 წლის 1 თებერვლიდან დაინიშნა საქართველოს განათლების სამინისტროს ...ის ...ის თანამდებობაზე და 1996 წლის იანვარსა და დეკემბერში, ასევე 1995 წლის იანვარსა და დეკემბერში, 1994 წლის იანვარსა და დეკემბერში მიღებული აქვს ხელფასი. 2017 წლის 28 სექტემბერს წარდგენილი განცხადების პასუხად, 2017 წლის 9 ოქტომბრის #MES 81701230465 წერილით მ. ნ-ეს ეცნობა, რომ ელექტრონულ ფოსტაზე დანართის სახით ეგზავნებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტაცია, სზაკ-ის 44-ე მუხლით დადგენილი პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით. ამასთანავე, განმცხადებელს განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა მიემართა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლით დადგენილი რეგულაციებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების პასუხად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017 წლის 9 ოქტომბერს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ. ნ-ის საქართველოს განათლების სამინისტროს ...ის ...ის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული წერილის შინაარსი შეეხება სწორედ მოსარჩელის მიერ განცხადებაში მითითებული საკითხის უარყოფითად გადაწყვეტას, რასაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო აქტის კანონიერება. აღნიშნულის საპირისპიროდ, კი დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ნ-ე 1991 წლის 1 თებერვლიდან დაინიშნა საქართველოს განათლების სამინისტროს ...ის ...ის თანამდებობაზე და მუშაობდა 1996 წლის 31 დეკემბრამდე. წარმოდგენილია შრომის წიგნაკის ასლი და ხელფასის უწყისები. ამასთანავე, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მოწმის ჩვენების არარსებობის პირობებშიც ადასტურებს, რომ მოსარჩელე 1991 წლის 1 თებერვლიდან 1996 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს ...ის ...ის თანამდებობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე