Facebook Twitter

#ბს-1068(კ-19) 30 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 2 მარტს რ. ზ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელემ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 3 ნოემბრის #140 ბრძანებისა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 25 იანვრის #17 ბრძანების ბათილად ცნობა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის რ. ზ-ის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ო კომისიის ექსპერტ-სპეციალისტად აღდგენის დავალება და რ. ზ-ის სასარგებლოდ 2017 წლის ნოემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მისი ყოველთვიური ხელფასის - ... ლარის გათვალისწინებით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 12 აგვისტოს #11 ბრძანებით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „შრომის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რ. ზ-ი მიწვეულ იქნა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ო კომისიაში ექსპერტ-სპეციალისტად. მოსარჩელეს თავდაპირველად გაუფორმდა შრომითი ხელშეკრულება 2014 წლის 12 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან, რ. ზ-სა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, იდებოდა ახალი შრომითი ხელშეკრულებები. სარჩელის თანახმად, რ. ზ-ი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ო კომისიაში უწყვეტად მუშაობდა 2014 წლის 12 აგვისტოდან 2017 წლის 31 ოქტომბრამდე, 38 თვის განმავლობაში.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, რასთან დაკავშირებითაც მიუთითებს შრომის კოდექსის მე-6 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მასთან დადებული ხელშეკრულება ითვლებოდა უვადო შრომით ხელშეკრულებად (30 თვეზე მეტი ვადით). სარჩელის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ რ. ზ-ი ჯეროვნად ასრულებდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, შეუძლებელი იყო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ხელშეკრულების დარღვევის გამო.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რ. ზ-ს აცნობა, რომ იგი დასაქმებული იყო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 28.2 მუხლის საფუძველზე, საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. ამასთან, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და რ. ზ-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა 2017 წლის 31 ოქტომბერს, ხოლო თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდა 2017 წლის 14 ნოემბრიდან. იმის გამო, რომ რ. ზ-ს შრომითი ურთიერთობა ჰქონდა მუნიციპალიტეტთან, რომელმაც განიცადა ლიკვიდაცია, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ხელშეკრულების ვადის გასვლა და არა სხვა რაიმე გარემოება.

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 3 ნოემბრის #140 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 25 იანვრის #17 ბრძანება; მოსარჩელე რ. ზ-ი აღდგენილ იქნა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ო კომისიის ექსპერტ-სპეციალისტად; თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსარჩელე რ. ზ-ის სასარგებლოდ, 2017 წლის ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის (ხელფასის შესაბამისი - ... ლარი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული) ანაზღაურება დაეკისრა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინებით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თელავის რაიონულ სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან პირველი ინსტანციით საქმე განხილული იყო სამოქალაქო წესით, ხოლო მეორე ინსტანციით განსჯად სასამართლოდ დადგინდა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მოდავე მხარეთა მიერ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად დაცვისათვის, მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებისა და სასამართლოთა კომპეტენციის თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად, პალატამ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმებულიყო თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ადმინისტრაციული წესით ხელახალი განხილვის მიზნით დაბრუნებოდა თელავის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ზ-მა.

კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შინაარსი შეესაბამება საქართველოს „შრომის კოდექსს“. კასატორის მითითებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საკრებულოს რეგლამენტის ნორმები საკრებულოს ანიჭებს ექსპერტ-სპეციალისტის (კონსულტანტის) მიწვევის უფლებამოსილებას, შემდგომი ურთიერთობა კი ექცევა არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, არამედ „შრომის კოდექსის“ რეგულირების სფეროში. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულებები იდებოდა 2007 წლიდან 2017 წლის ჩათლით. ხელშეკრულებებში დაფიქსირებულია, რომ სახეზეა შრომითი ხელშეკრულება, ასევე რ. ზ-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანებაში შრომის კოდექსია მითითებული. კასატორის მითითებით, ხელშეკრულებაში არ გვხვდება დანაწესები არც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და არც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდან. ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელე ...ო კომისიას უწევდა საკონსულტაციო მომსახურებას, იგი არ იყო გადაწყვეტილების მიმღები პირი.

კასატორის მითითებით, ერთი მხრივ, საჯარო კანონმდებლობამ ადმინისტრაციულ ორგანოს მიანიჭა უფლება, გააფორმოს სამოქალაქო ხელშეკრულება, ხოლო მეორე მხრივ, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ისარგებლა აღნიშნული უფლებით, რ. ზ-თან შევიდა სამოქალაქო შრომით ურთიერთობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ზ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე ხელახლა განსახილველად მართებულად დაუბრუნა თელავის რაიონულ სასამართლოს.

განსახილველ შემთხვევაში თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 3 ნოემბრის #140 სადავო ბრძანებით დადგინდა, რომ რ. ზ-ის სახელზე გასაცემი იყო კომპენსაცია ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება 9 სამუშაო დღის ოდენობით. მოცემული ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლამდე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 4 იანვრის #1 ბრძანების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნული აქტის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, რაზედაც მიწვეულ იქნა რ. ზ-ი. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 25 იანვრის #17 სადავო ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 3 ნოემბრის #140 ბრძანება რ. ზ-ისათვის კომპენსაციის მიცემისა და დარჩენილი გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების შესახებ.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის #8/01 წერილით რ. ზ-ს ეცნობა, რომ იგი დასაქმებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. ამასთან, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და რ. ზ-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა 2017 წლის 31 ოქტომბერს, ხოლო თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდა 2017 წლის 14 ნოემბრიდან. იმის გამო, რომ რ. ზ-ს შრომითი ურთიერთობა ჰქონდა მუნიციპალიტეტთან, რომელმაც განიცადა ლიკვიდაცია, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ხელშეკრულების ვადის გასვლა და არა სხვა რაიმე გარემოება.

დადგენილია, რომ რ. ზ-ი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიწვეულ იქნა ...ო კომისიაში ექსპერტ-სპეციალისტად, რასთან დაკავშირებითაც გამოიცა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „შრომის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. ამასთან, მხარეებს - საჯარო სამსახურსა და ფიზიკურ პირს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთაგან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ, დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით შეიძლება სხვა პირთა მოწვევაც.

სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი 2017 წლის 24 ნოემბრის #06 დადგენილებით დამტკიცებული თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს, გარდა იმ ფაქტისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი მიზანი. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ის, რომ დავის ერთ-ერთი მხარე საჯარო სამართლის სუბიექტია, ვინაიდან შესაძლებელია საჯარო სამართლის სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე დასაქმებულის სამსახურებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორცილება. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დავის ადმინისტრაციულსამართლებრივად მიჩნევის წინაპირობები, სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო დასაქმებულის - რ. ზ-ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას ჰქონდა საჯარო-სამართლებრივი მიზანი. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოცემული დავის საჯარო-სამართლებრივად მიჩნევისა და შესაბამისად, მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებისა და სასამართლოთა კომპეტენციის თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად საქმის ადმინისტრაციული წესით ხელახალი განხილვის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოსთვის დაბრუნების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე