საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-402(კ-20) 27 ნოემბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ა-ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ. ა-მა 2018 წლის 20 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოითხოვა ამავე ბიუროს 2018 წლის 2 აპრილის №22701 წერილის ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის 2018 წლის 25 იანვრის განცხადების საფუძველზე დაწყებული №18014730 სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებისა (სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტი) და 2015 წლის 24 სექტემბრის №2/15406-14 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 აპრილის №22701 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ამავე ბიუროს დაევალა 2018 წლის 25 იანვრის განცხადების საფუძველზე დაწყებული №18014730 სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებისა (სარეზოლუციო ნაწილის 1.3. პუნქტი) და 2015 წლის 24 სექტემბრის №2/15406-14 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. ა-ის განცხადების საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება მოვალის - შპს „...-ს“ მიმართ. ამასთან, ვინაიდან მოვალის მიმართ მოგვიანებით ასევე დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო აღარ არის უფლებამოსილი, გააგრძელოს იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელება. კასატორის მითითებით, იძულებითი აღსრულების გაგრძელების შესაძლებლობა შეიზღუდა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განჩინებითაც და თუკი ეს განჩინება მოსარჩელის ინტერესებს ზიანს აყენებდა, მას კერძო საჩივარი უნდა წარედგინა.
კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ ნ. ა-მა 2018 წლის 2 მარტს განცხადებით მიმართა ბიუროს, №15079579 სააღსრულებო საქმის აღსრულების გაჭიანურებაზე მითითებით. ბიუროს 2018 წლის 2 აპრილის №22701 გასაჩივრებული წერილი კი წარმოადგენს ხსენებულ განცხადებაზე პასუხს და არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი, რაც გამორიცხავს მისი ბათილად ცნობის შესაძლებლობას.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სასამართლოების მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებით დაწყებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების შეჩერების კანონიერება, მოვალის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. იმავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ხოლო იმავე მუხლის მე-9 პუნქტიდან გამომდინარე, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის კატეგორიის საქმეებზე, მოვალისთვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას. ამრიგად, კრედიტორი უფლებამოსილია, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც ვალდებულია, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მოვალის მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობისას, განახორციელოს იძულებითი სააღსრულებო ღონისძიებები და შედეგად დააკმაყოფილოს კრედიტორის მოთხოვნა. ამასთან, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინებით ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ხორციელდება) და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება. აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა სამეურვეო ქონებაში მიიმართება.
სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის №2/15406-14 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ა-ის სარჩელი შპს „...-ს“ მიმართ; შედეგად, კომპანიის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ...ის ქუჩა №66-ში მდებარე უძრავი ნივთი (ს.კ. №...). მითითებული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად ნ. ა-მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 სექტემბრის სააღსრულებო ფურცელი.
ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივნისის №2/15527-16 განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...-ს“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის საოქმო განჩინებით საწარმოს მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება. სწორედ მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძვლით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეაჩერა ნ. ა-ის კუთვნილი ნივთის კომპანიის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მიზნით დაწყებული აღსრულების იძულებითი ღონისძიებები და განუმარტა აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეს 2018 წლის 2 აპრილის №22701 სადავო წერილით.
საკასაციო პალატა, აღმასრულებლის ქმედების კანონიერებისა და წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებზე - თანაბარზომიერად დაიცვას მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესები, შესაძლებლობის შემთხვევაში გადაიჭრას მოვალის ფინანსური სიძნელეები და დაკმაყოფილდეს კრედიტორთა მოთხოვნები, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში - მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხებით დაკმაყოფილდეს კრედიტორთა მოთხოვნები. მითითებული მიზნების მისაღწევად კანონი ითვალისწინებს მოვალის რეაბილიტაციას ან გაკოტრებას. რეაბილიტაცია, დასახელებული კანონის მე-3 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, არის საპროცესო, ხელმძღვანელობითი და მმართველობითი მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით ეტაპობრივ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად მოვალის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მართვის სისტემის სრულყოფის, მოვალის კომერციული საქმიანობის წარმატებულობისა და მომგებიანობის ზრდის, აგრეთვე სამეურვეო ქონების შესაძლო ოპტიმიზაციის გზით. იმავე მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, გაკოტრების საქმის წარმოება გულისხმობს საპროცესო და ხელმძღვანელობითი მოქმედებების ერთობლიობას, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით შესაძლო სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად სამეურვეო ქონების რეალიზაციის გზით. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით, ასევე, განმარტებულია, რომ სამეურვეო ქონება არის ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილი ან/და წარმოებული (შექმნილი) ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი მიმართულია მოვალის ფინანსური ვალდებულებების შესრულებისა და კრედიტორთა მატერიალური მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ. სწორედ ამ მიზნით ითვალისწინებს კანონი იძულებითი აღსრულების ღონისძიებების შეჩერებას, რათა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის ფარგლებში შენარჩუნებულ იქნეს მოვალის სამეურვეო ქონება, რომლის ხარჯზეც უნდა მოხდეს მოგვიანებით, კანონით გაწერილი ყველა პროცედურის დაცვით, რიგითობის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. სადავო შემთხვევაში კი იძულებითი აღსრულება არ არის მიმართული მოვალის სამეურვეო ქონებისადმი, რადგან მოსარჩელე ითხოვს მისი კუთვნილი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, ასეთი ნივთი კი არ არის სამეურვეო ქონების ნაწილი. გარდა ამისა, ნ. ა-ის მოთხოვნა არ ატარებს ფულად ხასიათს და არ საჭიროებს მოვალის ქონების გასხვისებას. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის იძულებითი აღსრულება არ გამოიწვევს სამეურვეო ქონების შემცირებას და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხზეც ვერ მოახდენს გავლენას. საგულისხმოა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე ნ. ა-ის მოთხოვნა არ არის დაკავშირებული გაკოტრების საქმის წარმოების მიმდინარეობასთან, ასეთი მოთხოვნის ფარგლებში იგი არ არის გაკოტრების საქმეში კრედიტორად ჩართული და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის საფუძველზე ვერ მოხდება მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. სწორედ ამიტომ, მისი მოთხოვნა უნდა აღსრულდეს ზოგადი წესების დაცვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, იძულებითი აღსრულების ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი, ხოლო ნ. ა-ის კანონიერი უფლება უკანონოდ და უსაფუძვლოდ შეილახება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უკანონოდ ეთქვა უარი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებაზე, სააღსრულებო ბიურომ უსაფუძვლოდ შეაჩერა ნ. ა-ის კუთვნილი ნივთის კომპანიის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მიზნით დაწყებული აღსრულების იძულებითი ღონისძიებები. ასეთ პირობებში კი, საკასაციო პალატამ რომც გაიზიაროს კასატორის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული წერილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ წარმოადგენს, საქმის გადაწყვეტის საბოლოო შედეგზე მოცემული საკითხი გავლენას ვერ მოახდენს, რადგან მას მაინც უნდა დაევალოს სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ 205263873) დაუბრუნდეს 2020 წლის 29 მაისის №07479 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე