საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-172(კ-20) 6 ნოემბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ი. ს-ემ 2016 წლის 8 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მისი მეუღლის - ტ. ს-ის 2012 წლის კუთვნილი შვებულებიდან გამოუყენებელი დღეების თანხით ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელისთვის ტ. ს-ის 2012 წლის კუთვნილი, გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურება 1 405. 35 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ტ. ს-ე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, 2012 წლის კუთვნილი 45-დღიანი შვებულების გამოყენებისა და სამხედრო კომისიის გავლის გარეშე. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-15 თავის მე-6 პუნქტის თანახმად კი, სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო დათხოვნის შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურეს არ უსარგებლია ყოველწლიური კუთვნილი შვებულებით, მას მიეცემა მიმდინარე წლის კუთვნილი შვებულების (გამოუყენებელი ნაწილის) ანაზღაურება.
საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, მოკლევადიანი შვებულება შესაძლებელია გაცემულიყო მხოლოდ 10 დღემდე ვადით. ტ. ს-ემ მოკლევადიანი შვებულებით 2012 წლის მარტში, დედის მძიმე ავადმყოფობის გამო, ისარგებლა 8 დღით, ხოლო აპრილში - დედის გარდაცვალების გამო, 4 დღით. კასატორი აღნიშნავს, რომ სამხედრო მოსამსახურეს, ოჯახური მდგომარეობით ან სხვა საპატიო მიზეზით, მოკლევადიანი შვებულების მიღების საფუძველი ერთი წლის განმავლობაში შეიძლება საერთოდ არ წარმოეშვას ან წარმოეშვას რამდენჯერმე. გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ტ. ს-ის 2012 წლის კუთვნილი შვებულების ხანგრძლივობა უსაფუძვლოდ გამოიანგარიშა 2012 წელს ნამუშევარი პერიოდის პროპორციულად. საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესი“.
კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ მაიორი ტ. ს-ე იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისუფლდებოდა საშემოსავლო გადასახადისგან.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ი. ს-ისათვის, მისი გარდაცვლილი მეუღლის - ტ. ს-ის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების დღეების ფულადი სახით ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, §61, Garcia Ruiz v. Spain [GC] §26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], §81).
საკასაციო სასამართლო, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადის დაცვის საკითზე, ვინაიდან ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით მიმართვა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. კერძოდ, მოთხოვნის უფლება აგრძელებს არსებობას, მაგრამ, მისი კანონიერებისა და დასაბუთებულობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ვერ დაექვემდებარება იძულებით აღსრულებას და დარღვეული უფლების აღდგენა მხოლოდ დამრღვევის მიხედულებაზე იქნება დამოკიდებული.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ტ. ს-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 20 ივნისიდან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 6 აგვისტოს №2383 ბრძანებით. ამდენად, ამ პერიოდიდან მას წარმოეშვა სამსახურისგან ნებისმიერი დავალიანების გადახდის მოთხოვნის უფლება, ხოლო ი. ს-ის წარმომადგენელმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართა და ტ. ს-ის 2012 წლის კუთვნილი 45-დღიანი გამოუყენებელი შვებულების დღეების ფულადი სახით ანაზღაურება მოითხოვა 2015 წლის 16 ნოემბერს. სარჩელი კი სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 8 თებერვალს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, წარმოდგენილია კანონით დადგენილი სამწლიანი ვადის დარღვევით, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობასა და მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობის აუცილებლობას. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე