საქმე №ბს-143(კ-20) 27 ნოემბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ქ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
I აღწერილობითი ნაწილი:1. ნ. ქ-ამ 2019 წლის 19 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა იმავე სააგენტოს 2019 წლის 1 თებერვლის №04/4913 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ნ. ქ-ას ოჯახისათვის 3 ქულის დამატებისა და საერთო ჯამში 4.5 ქულის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ნ. ქ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი;
3.2. 2014 წლის 3 დეკემბერს პოლიციამ, უძრავი ნივთის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, ნ. ქ-ას ოჯახს „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ“ გაფრთხილება მისცა, რათა დაეტოვებინა თვითნებურად დაკავებული, თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე №23/042 ნაკვეთი (ყოფილი ...ი);
3.3. ნ. ქ-ას ზემოაღნიშნული ფართის დაკავების სამართლებრივი საფუძველი, რაიმე სათანადო დოკუმენტის სახით, არ გააჩნია;
3.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ნ. ქ-ას შორის 2015 წლის 15 დეკემბერს დაიდო წერილობითი შეთანხმება, რომლითაც სამინისტრომ აიღო ვალდებულება მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის თაობაზე, ხოლო ნ. ქ-ამ იკისრა ვალდებულება, დაეტოვებინა მის მიერ თვითნებურად დაკავებული უძრავი ნივთი;
3.5. ნ. ქ-ას განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლის 13 ივლისს, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეაფასა მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა და მიანიჭა 4.5 ქულა, მათ შორის, სოციალური კრიტერიუმების მიხედვით, ბინის ქირის ნაწილში - 1.5 ქულა, ხოლო მესაკუთრის მიერ ობიექტების გამოთავისუფლების პროცესის ნაწილში - 3 ქულა;
3.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ხელახლა შეაფასა ნ. ქ-ას ოჯახის პირობები. შედეგად, მოსარჩელის ოჯახს მოაკლდა 3 ქულა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნივთში (ფართში) ცხოვრების კრიტერიუმში და საბოლოოდ განესაზღვრა 1.5 ქულა სოციალური კრიტერიუმის მიხედვით, ბინის ქირის ნაწილში;
3.7. ნ. ქ-ამ 2019 წლის 17 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნივთში (ფართში) ცხოვრების კრიტერიუმში მისი ოჯახისათვის 3 ქულის მომატება მოითხოვა;
3.8. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 თებერვლის №04/4913 წერილობითი მიმართვით ნ. ქ-ას უარი ეთქვა 3 ქულის მომატებაზე იმ საფუძვლით, რომ მისი ოჯახი არ ცხოვრობდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნივთში (ფართში).
4. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს აკისრია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსის მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს დევნილთა განსახლებასთან დაკავშირებულ რიგითობას. კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ (დანართი №1) დადგენილია კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც, დევნილ ოჯახებს განესაზღვრებათ ქულა და დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მათ შორის, შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახის ცხოვრება მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, ან მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა. აღნიშნული კრიტერიუმით ოჯახი ფასდება 3 ქულით.
5. საქალაქო სასამართლომ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნა, რომ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი გულისხმობს სათანადო სამართლებრივი საფუძვლით, მესაკუთრის მიერ პირისათვის ასეთი ფართის მფლობელობაში გადაცემას. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის ოჯახს თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე №23/042 ნაკვეთი (ყოფილი ...ი) თვითნებურად ჰქონდა დაკავებული, მესაკუთრის მიერ ნების გამოვლენის გარეშე. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობდა ნ. ქ-ასთვის დამატებით 3 ქულის მინიჭების საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება ნ. ქ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 თებერვლის №04/4913 წერილობითი მიმართვა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ნ. ქ-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მისი ოჯახისათვის 3 (სამი) ქულის დამატებისა და საერთო ჯამში 4.5 ქულის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
8. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნ. ქ-ას ოჯახის 2015 და 2018 წლებში შემოწმებისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანება განსხვავებულად არეგულირებდა ქულის მინიჭების საფუძველს. კერძოდ, 2015 წელს მოქმედი რედაქციით 3 ქულის მინიჭებისთვის აუცილებელი არ იყო პირის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ნივთში ცხოვრება, ხოლო ნორმის 2018 წლიდან მოქმედი რედაქციით, მესაკუთრის მხრიდან ობიექტის დევნილთაგან გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურის პირობებში, დევნილისათვის 3 ქულის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დევნილი ოჯახი ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში. ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ მოქმედი ნორმების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახს აღარ ეკუთვნოდა „მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული ფართიდან გამოსახლების“ კრიტერიუმში მინიჭებული 3 ქულა, ვინაიდან ოჯახს თვითნებურად ჰქონდა დაკავებული ფართი „...ის შენობაში“ და შენობა არ იყო რეგისტრირებული დევნილთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში, როგორც დევნილთა ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტი.
9. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლებიდან გამომდინარე, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას.
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ნ. ქ-ას ოჯახის პირველად შემოწმებისას, კანონმდებლობა ოჯახისათვის 3 ქულის მინიჭების აუცილებელ პირობად არ ადგენდა ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრებას, საქალაქო სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობაშია კანონისათვის უკუძალის მინიჭების დაუშვებლობის კონსტიტუციურ პრინციპთან. სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტის შესაბამისი ნორმის ახალი რედაქცია აუარესებს მოსარჩელის მდგომარეობას. 3 ქულის დამატებაზე უარის თქმა გავლენას ახდენს მოსარჩელის ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობის განსაზღვრაზე, რამაც უნდა განაპირობოს ოჯახის უზრუნველყოფა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ნ. ქ-ას უკანონოდ ეთქვა უარი 3 ქულის მინიჭებაზე.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომლის უფლებამონაცვლედ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით, ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
13. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით ახალი კრიტერიუმის დაწესება და ამ კრიტერიუმის შესაბამისად ქულების მინიჭება ვერ გახდება ნორმატიული აქტისთვის უკუძალის მინიჭების საკითხზე მსჯელობის საგანი. ნორმის ცვლილება არ აკისრებს მოსარჩელეს პასუხისმგებლობას და ვერც იურიდიული პასუხისმგებლობის დამძიმებას გაუთანაბრდება. საკასაციო საჩივრის ავტორი დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 21 ივნისის №ბს-21-21(კ-07) განჩინებაზე და მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კანონის უკუქმედითი ძალის გამოყენების აკრძალვაზე მითითება უსაფუძვლოა. ამასთან, კასატორის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულია დაპირება, კანონიერი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს, თუკი შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
II სამოტივაციო ნაწილი:15. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნ. ქ-ას დევნილი ოჯახისთვის, საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, ქულის მომატებაზე უარის თქმის კანონიერება.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. დევნილთა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიას ქმნის დევნილის უფლება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, რაც, დასახელებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას. ამასთან, დევნილთა განსახლების საკითხის გადაწყვეტის კონკრეტულ პროცედურასა და წესს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“.
18. მითითებული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა.
19. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილება ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შედეგად მინიჭებული ქულების მიხედვით, რაც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ დევნილთა მიმართ ნაკისრი ვალდებულებების ეტაპობრივ შესრულებას, სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან და მატერიალური რესურსიდან გამომდინარე, მეორე მხრივ კი, თავდაპირველად ისეთი დევნილების უფლებების დაცვასა და განსახლებას, რომლებიც განსაკუთრებით, სხვებზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს დახმარებას. სწორედ ამიტომ, ვინაიდან მინიჭებულ ქულებზე არის დამოკიდებული დევნილთა უფლებების სრულყოფილი დაცვა და სოციალური გარანტიებით სათანადოდ სარგებლობა, აუცილებელია, რომ ოჯახის შეფასებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ზედმიწევნით და ჯეროვნად დაიცვას კანონმდებლობის მოთხოვნები, გაითვალისწინოს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ნორმატიულად განსაზღვრული კრიტერიუმები და ოჯახს მიანიჭოს შესაბამისი ქულა.
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართის „ა.ა“ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, 3 ქულა ენიჭება დევნილ ოჯახს, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას; ან მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ნორმის მითითებული რედაქცია მიღებულია 2018 წლის 4 ივნისს. მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების იქამდე მოქმედი რედაქცია - „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართის „ა“ პუნქტი კი განსაზღვრავდა, რომ დევნილებს, რომლებიც ცხოვრობდნენ კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებში და ამ ობიექტის მესაკუთრე ახორციელებდა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, ენიჭებოდათ 3 ქულა. ამრიგად, თუკი 2018 წლამდე ქულის მინიჭებისთვის საკმარისი იყო დევნილის ცხოვრება ისეთ ობიექტში, რომლის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურასაც ახორციელებს მესაკუთრე, მოქმედი რედაქციით განმსაზღვრელია დევნილის ასეთ ობიექტში ცხოვრების სამართლებრივი საფუძველი - ფართი უნდა იყოს დევნილისთვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული.
21. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ნ. ქ-ა არის დევნილი, რომელსაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თვითნებურად ჰქონდა დაკავებული თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე №23/042 ნაკვეთი (ყოფილი ...ი). მითითებული ნივთი მოსარჩელემ 2015 წელს გამოათავისუფლა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან 2015 წლის 15 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. სანაცვლოდ, სამინისტრომ იკისრა ნ. ქ-ას ოჯახის საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის ვალდებულება.
22. ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ, ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელის დევნილი ოჯახის შეფასება, შესაბამისი ქულების მინიჭების მიზნით, განხორციელდა ორჯერ - 2015 და 2018 წლებში. ვინაიდან მითითებულ პერიოდებში განსხვავებული სამართლებრივი რეგულაციები მოქმედებდა, მოსარჩელის ოჯახს განსხვავებული ქულები მიენიჭა. კერძოდ, 2015 წლის 13 ივლისს ოჯახს მიენიჭა 4.5 ქულა, მათ შორის, სოციალური კრიტერიუმების მიხედვით, ბინის ქირის ნაწილში - 1.5 ქულა, ხოლო მესაკუთრის მიერ ობიექტების გამოთავისუფლების პროცესის ნაწილში - 3 ქულა. მეორე შეფასებისას კი, ოჯახს მოაკლდა „მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული ფართიდან გამოსახლების“ კრიტერიუმში მინიჭებული 3 ქულა, ვინაიდან ოჯახს თვითნებურად ჰქონდა დაკავებული ფართი და შენობა არ იყო რეგისტრირებული დევნილთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში, როგორც დევნილთა ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტი. შედეგად, მოსარჩელის ოჯახს განესაზღვრა 1.5 ქულა სოციალური კრიტერიუმის მიხედვით, ბინის ქირის ნაწილში. ამრიგად, მოსარჩელის ოჯახს 2015 და 2018 წლებში ქულები მიენიჭა შესაბამის პერიოდებში მოქმედი ნორმების მიხედვით, რამაც, საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, მისი ხელახალი შემოწმებისას ქულის შემცირება გამოიწვია.
23. საკასაციო სასამართლო, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად კი, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ამრიგად, ცალსახაა, რომ ნორმატიული აქტი მოქმედებას იწყებს მისი ძალაში შესვლის მომენტიდან და სწორედ ამ პერიოდიდან წარმოშობილ ან მიმდინარე ურთიერთობებს არეგულირებს. ნორმას უკუძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, როდესაც ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით და როდესაც იგი არ ამძიმებს/არ აუარესებს პირის მდგომარეობას. „ამ პრინციპის დაუცველობის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა არა მარტო ცალკეული ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, არამედ ღირებულებათა წესრიგი, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც თავად წარმოადგენს კონსტიტუციურ უფლებათა არსებობის (დაცვის) საძირკველს. ღირებულებათა ნორმატიული წესრიგი ცალკეული მოქალაქის ქცევათა დეტერმინაციის საშუალებაა. ასეთი წესრიგის პირობებში ადამიანებს აქვთ გონივრული მოლოდინი იმისა, რომ სახელმწიფო იმოქმედებს სამართლით დადგენილ ფარგლებში და მის მიერ ჩადენილ მოქმედებას შეაფასებს არსებული ნორმატიული სინამდვილის პირობებში.“ ამასთან, „უკუძალის აკრძალვით კონსტიტუცია იძლევა იმის გარანტიას, რომ სამართლის სუბიექტები დაცული იქნენ კანონთა მოქმედების შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგებისაგან. ვინაიდან ნებისმიერი კანონი საზოგადოების ცხოვრების უშუალო პროდუქტია, არ არის გამორიცხული, რომ ახალი კანონი, წინასთან შედარებით, აუარესებდეს სუბიექტის მდგომარეობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; 6).
24. რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში 2018 წელს განხორციელებული ცვლილებისთვის უკუძალის მინიჭებას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ცვლილების მიზნებზე. კერძოდ, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული ფართიდან გამოსახლების აუცილებლობაზე მითითება მიზნად ისახავს, არ იქნეს წახალისებული ობიექტის თვითნებურად დაკავება, ასევე, უპირატესობა მიენიჭოს დევნილს, რომელიც სახელმწიფოსთან შეთანხმებით და ინფორმირებით არის კონკრეტულ ობიექტში შესახლებული. სადავო შემთხვევაში კი, ვინაიდან მოსარჩელემ ჯერ კიდევ 2015 წელს გამოათავისუფლა თვითნებურად დაკავებული ობიექტი, მასზე მითითებული ცვლილებით გათვალისწინებული მოთხოვნის გავრცელება არ იქნება ნორმის მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი და პროპორციული. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ 2018 წელს მიღებული რეგულაციის მოსარჩელეზე გავრცელებით საუარესოდ და მისი ბრალის გარეშე, უკვე შექმნილი მოლოდინის საპირისპიროდ იცვლება ნ. ქ-ას ოჯახის მდგომარეობა, ისეთ გარემოებაზე მითითებით, რომელიც უკვე განხორციელებული და დასრულებულია და რომელზეც მოსარჩელე გავლენას ვერ მოახდენს. ამასთანავე, ვინაიდან სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული დევნილის საცხოვრებლით დაკმაყოფილების რიგითობა, ქულის შემცირებით ნ. ქ-ას განსახლების შესაძლებლობა დროში გადაიდო მაშინ, როდესაც იგი 2015 წლიდან ელოდა თავის რიგს - 4.5 ქულის მხედველობაში მიღებით. ასეთ პირობებში კი, მოსარჩელე ვერ განჭვრეტდა მოგვიანებით მისი მდგომარეობის გაუარესების შესაძლებლობას, მას წლების განმავლობაში ჰქონდა მინიჭებული ქულების შენარჩუნების მიმართ გონივრული მოლოდინი და კანონიერი ნდობა. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა კი მოითხოვს სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპის გამყარებასა და სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობის დაცვას.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ქ-ას შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ნორმატიულ აქტს უკანონოდ მიანიჭა უკუქცევითი ძალა, რადგან შეცვალა უკვე არსებული ვითარება და შედეგად გააუარესა მოსარჩელის მდგომარეობა. ვინაიდან სასამართლოთა მიერ დადგენილია და კასატორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ 2015 წელს მოსარჩელეს კანონის მოთხოვნათა დაცვით მიენიჭა 4.5 ქულა და იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა მესაკუთრის მხრიდან ობიექტის დევნილთაგან გამოთავისუფლებისას ქულის მინიჭებისთვის არ მოითხოვდა, რომ დევნილი ასეთ ობიექტში მართლზომიერად ყოფილიყო შესახლებული, არ არსებობს მოსარჩელისთვის „მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული ფართიდან გამოსახლების“ კრიტერიუმში 3 ქულის მომატებაზე უარის თქმის საფუძველი.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და მართებულად იქნა ბათილად ცნობილი, შესაბამისად, სააგენტოს კანონიერად დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ქ-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მისი ოჯახისათვის 3 (სამი) ქულის დამატებისა და საერთო ჯამში 4.5 ქულის მინიჭების შესახებ. ამრიგად, მოცემულ საქმეზე მიღებული, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის კანონიერი და დასაბუთებული და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.
III სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე