Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 487-აპ 22 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),

მ. გოგელია

განიხილა ადვოკატ ზ. ხატიაშვილის საკასაციო საჩივარი აჭარის ა\რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივნისის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 8 აპრილის განაჩენი ა. გოგიტიძის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 8 აპრილის განაჩენით ა. გოგიტიძეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით განესაზღვრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.

აჭარის ა\რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ა. გოგიტიძის მიმართ დარჩა უცვლელად.

განაჩენით ა. გოგიტიძეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა “რგდ-5” ტიპის ხელყუმბარა და “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტის 4 ვაზნა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა. აღნიშნული საბრძოლო მასალა მას აღმოაჩნდა ბათუმში დაკავების დროს _ 2004წ. 30 მაისს.

საკასაციო საჩივრით ადვოკატი ზ. ხატიაშვილი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ ა. გოგიტიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას შემდეგი მოტივებით:

1. სასამართლომ გამოძიებით ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მსჯავრდებულის ბრალეულობას;

2. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა ჩხრეკის ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ;

3. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები და არ შეაფასა მოწმეების _ დები კოკობინაძეების ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ მსჯავრდებულის უდანაშაულობას.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ზ. ხატიაშვილმა მოითხოვა თავისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ნ. ნაკაშიძემ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, განაჩენი ა. გოგიტიძის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი, რომელიც ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ ა. გოგიტიძის მიმართ საქმის შეწყვეტას, არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ამასთან ერთად პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივნისის განაჩენი ა. გოგიტიძის მიმართ უნდა გაუქმდეს და მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას შემდეგი გარემოებების გამო:

პალატა თვლის, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ა. გოგიტიძის მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს, სააპელაციო სასამართლოს სრულად და ყოველმხრივ არ გამოუკვლევია; ამასთან, არ შეფასებულა რიგი მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც, მსჯავრდებულის განმარტებით, ადასტურებენ მის უდანაშაულობას. კერძოდ, სააპელაციო პალატამ არ დაკითხა მოწმეები _ მაია და ა. კოკობინაძეები, რომლებიც წინასწარი გამოძიების დროს და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ადასტურებდნენ მსჯავრდებულის განცხადებას იმის თაობაზე, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა მას ხელყუმბარა და ვაზნები ჩაუდეს.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელმეორედ განხილვისას საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმისა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, ასევე საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ა. გოგიტიძის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, უნდა გამოიკვლიოს მისი როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

სასამართლო გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების ანალაზისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა\რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივნისის განაჩენი ა. გოგიტიძის მიმართ გაუქმდეს და მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.

ა. გოგიტიძის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება _ ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ _ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.