Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 491-აპ 22 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),

მ. გოგელია,

დ. სულაქველიძე

განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ს. ფცქიალაძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005წ. 10 მარტის განაჩენით ტ. ქველაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ.რედ.), სსკ-ის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და, სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის განაჩენით მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005წ. 10 მარტის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ტ. ქველაძეს ამოერიცხა სსკ-ის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ.რედ.) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, განსაზღვრული სასჯელი შეეცვალა პირობით – 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

განაჩენით ტ. ქველაძეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, აგრეთვე ძარცვა, ე.ი. მოქალაქეთა პირადი ქონების აშკარა გატაცება პირთა ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, დაკავშირებული ძალადობასთან, რაც საშიში არ არის დაზარალებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს და რაც გამოიხატა შემდეგში:

1994წ. 26 მარტს ტ. ქველაძემ, პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, კერძოდ - აწ გასამართლებულ ვ. ცხადიაშვილსა და გედევან ქიმაძესთან ერთად, პირადი ქონების დაუფლების მიზნით, ქ. თბილისში გააჩერა გ. ტოგონიძის მართვის ქვეშ მყოფი “ვაზ-2106” მარკის ავტომანქანა,. მათ მძღოლს სთხოვეს ქ. მარნეულში წაყვანა, რაზეც იგი დაეთანხმა. ქ. მარნეულში ჩასვლისას, დაახლოებით 16 საათზე, მათ მოტყუებით წაიყვანეს გ. ტოგონიძე თეთრიწყაროს მიმართულებით. ქ. მარნეულის საქონლის ბაზრიდან 400 მეტრის მოშორებით იგი გადაიყვანეს დაუსახლებელ ადგილას, ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიტაცეს მისი კუთვნილი ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი ს. ფცქიალაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ტ. ქველაძის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის განაჩენის გაუქმებას და საქმის გადაგზავნას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად.

პროკურორი პ. მსხილაძე მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, შუამდგომლობს ტ. ქველაძის მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

მსჯავრდებულ ტ. ქველაძის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ხარაზიშვილი არ ეთანხმება პროკურორ ს. ფცქიალაძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

მსჯავრდებული ტ. ქველაძე არ უჭერს მხარს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის მიმართ დადგენილი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის მოტივებს, მოისმინა მხარეთა პოზიცია, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ტ. ქველაძის ქმედებას მიცემული აქვს სწორი კვალიფიკაცია, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ ტ. ქველაძეს შეფარდებული აქვს მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი და ამ მოტივით განაჩენი უნდა გაუქმდეს, პალატა თვლის, რომ აღნიშნული არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გაითვალისწინა მსჯავრდებულ ტ. ქველაძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი შემდეგი გარემოებები: იგი პირველადაა სამართალში, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მიყენებული ზიანი სრულადაა ანაზღაურებული და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არა აქვს, ტ. ქველაძეს ჰყავს II ჯგუფის ინვალიდი მეუღლე და ავადმყოფი შვილი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ზემოაღნიშნული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ჩადენიდან გასულია 11 წელზე მეტი და ამ დროის განმავლობაში ტ. ქველაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მას შეუფარდა სამართლიანი სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და სწორად გამოიყენა პირობითი მსჯავრი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის განაჩენი ტ. ქველაძის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.