ბს- 390 (კ-19) 07 დეკემბერი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 11.06.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შპს „...ის“ მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა შპს „...ისათვის“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 129000 ლარისა და 14400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.07.2018წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „...ს“ მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 72000 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...ის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2018წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.07.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „...ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 7200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნაკისრი ვალდებულების შინაარსისა და პირობების გათვალისწინებით, ვინაიდან შპს „...მა“ ინვესტირება განახორციელა ნაწილობრივ - 84290.54 ლარის ოდენობით და შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულება - მოაწყო საკემპინგე ადგილი, გამოირიცხება პასუხისმგებლობა ყოველი მომდევნო პირობის შეუსრულებლობისათვის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „...ისათვის“ ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ოდენობის საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაწესებული პირგასამტეხლოს 14400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ნახევრის - 7200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შპს „...ის“ მიერ დარღვეულ იქნა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამი ვალდებულება, კერძოდ, ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის თანახმად, მყიდველმა იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო ხელშეკრულების პირველი მუხლით განსაზღვრულ ქონებაზე სამთო ქოხის მშენებლობა და საკემპინგე ტერიტორიის მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის განმავლობაში, ხოლო 3.1.3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით უნდა უზრუნველეყო არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით ინვესტიციის განხორციელება. ხელშეკრულების 5.2.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გამყიდველი მყიდველს გადასცემს დარღვევის ხასიათის აღმწერ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და იმავდროულად დააკისრებს პირგასამტეხლოს 500 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესაბამისად შპს „...ს“ ეკისრება პირგასამტეხლო 72 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 5.2.3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.3 მუხლით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გამყიდველი მყიდველს გადასცემს დარღვევის ხასიათის აღმწერ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და იმავდროულად დააკისრებს პირგასამტეხლოს დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესაბამისად შპს „...ს“ ეკისრება პირგასამტეხლო 14 400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 5.2.4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გამყიდველი მყიდველს გადასცემს დარღვევის ხასიათის აღმწერ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და იმავდროულად დააკისრებს პირგასამტეხლოს 500 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესაბამისად შპს „...ს“ ეკისრება პირგასამტეხლო 57 000 ლარის ოდენობით.
კასატორი მიუთითებს სზაკ-ის 65-ე მუხლზე, ასევე 66.2 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 16.09.2010წ. N1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების 4.9 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე.
კასატორი მიუთითებს სკ-ის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361.2, 416-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შპს „...ის“ მიერ დარღვეულია სამი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ვალდებულება, რომელთაგან თითოეულის დარღვევისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს დაკისრება. თითოეული ვალდებულების შესრულებას თავისი მიზანი და მნიშვნელობა აქვს. ამასთან, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად საკემპინგე ტერიტორიის მოწყობა, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის. დაუსაბუთებელია სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.
პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა განიცადა თუ არა მან ზიანი (სუსგ Nას-848-814-2016, 28.12.2016წ., Nას-816-767-2015, Nას-953-918-2016, 22.11.2016წ.). განსახილელ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია შპს „...ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, აღარ არსებობს სააგენტოსათვის ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების საჭიროება პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებისთვის, ამდენად სახეზეა კასატორის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, 18.10.2012წ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროცნულ სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „...ისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 10.10.2012წ. N10/10/01 განკარგულების საფუძველზე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ყაზბეგის მუნიციაპლიტეტში, „...ში“ მდებარე 8000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...). დასახელებული ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის თანახმად, მყიდველმა იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო ხელშეკრულების პირველი მუხლით განსაზღვრულ ქონებაზე სამთო ქოხის მშენებლობა და საკემპინგე ტერიტორიის მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის განმავლობაში, 3.1.3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით უნდა უზრუნველეყო არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება, 3.1.4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.2 და 3.1.3 მუხლებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების დადასტურების მიზნით მყიდველს გამყიდველისათვის უნდა წარედგინა შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნა ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია შპს „...ის“ მიერ ვალდებულების ნაწილობრივი შესრულების ფაქტი და ამ მიზნით განხორციელებული ინვესტიცია 84 290.54 ლარის ოდენობით. შესასრულებელი ვალდებულების ფარგლებში შპს „...მა“ მოაწყო საკემპინგე ტერიტორია, თუმცა არ განახორციელა სამთო ქოხის მშენებლობა.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი თითოეული ვალდებულება ურთიერთდაკავშირებულია და გამომდინარეობს ერთმანეთისაგან, შესაბამისად ცალკეული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ცალ-ცალკე დაკისრება ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს. მოცემულ შემთხვევაში შპს „...ის“ მიერ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულება-მოეწყო საკემპინგე ადგილი, რა მიზნითაც განახორციელა 84 290.54 ლარის ინვესტიცია, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის (სამთო ქოხის მშენებლობა და საკემპინგე ტერიტორიის მოწყობა) შესრულების მიზნით არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს. შესაბამისად, საინვესტიციო ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება ქმნის აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს ნახევრის დაკისრების საფუძველს. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას საკემპინგე ტერიტორიის მოწყობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საქმეში არარსებობის თაობაზე, რადგან აღნიშნული გარემოება მხრათა შორის საადავო არ გამხდარა საქმის ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილვისას, ხოლო საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2018წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე