ბ-1328-10 (გან-20) 07 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინების განმარტების თაობაზე (საქმე№ბს- 517 (კ-19)).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-მა 22.01.2018წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირის ნ. მ-ის მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.11.2017წ. №... და 21.12.2017წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო რიგში ... ფართზე (ს/კ ...) ნ. მ-ის საკუთრების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების დავალების მოთხოვნით.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 26.07.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინებით ნ. მ-ეს უარი ეთქვა საქმის წარმოების შეწყვეტაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.11.2017წ. №... და 21.12.2017წ. №... გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო რიგში ... ფართზე (ს/კ ...) ნ. მ-ის საკუთრების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2018წ. გადაწყვეტილება და საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის შესახებ 27.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2018წ. გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინება.
27.04.2020წ. ნ. მ-ემ საქმეზე №ბს-517 (კ-19) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.01.2020წ. განჩინების განმარტების მოთხოვნით მომართა საკასაციო სასამართლოს. განმცხადებელი მიუთითებდა დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღიშნავდა, რომ საქმეზე ფაქტობრივ გარემოებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა.
საკასაციო სასამართლოს 08.05.2020წ. განჩინებით ნ. მ-ის განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
19.10.2020წ. და 20.10.2020წ. ნ. მ-ემ ორი იდენტური შინაარსის განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება საკასაციო სასამართლოს 16.01.2020წ. განჩინებაში ასახულ მსჯელობას და დასკვნებს. განმცხადებელი აკრიტიკებს განჩინების სამოტივაციო ნაწილს და ითხოვს მის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების მიღებას. განმცხადებლის მითითებით მისთვის ცნობილია, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ განჩინების განმარტების შემთხვევაში მის მიმართ შედეგი არ დადგება, თუმცა დამატებითი პასუხების მიღებას საკასაციო სასამართლოსგან ითხოვს სულიერი სიმშვიდის მოპოვების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინების განმარტების თაობაზე განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წესსა და პირობებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში. გადაწყვეტილების განმარტებისას არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული და განმარტებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას.
განსახილველ შემთხვევაში ნ. მ-ის განცხადება შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების განმარტებას, რომლითაც სადავო საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა, საკასაციო პალატის მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2018წ. გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 26.07.2018წ. გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.11.2017წ. №... და 21.12.2017წ. №... გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო რიგში ... ფართზე (ს/კ ...) ნ. მ-ის საკუთრების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ არის გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო, საკასაციო სასამართლოს საქმეზე არ მიუღია ახალი გადაწყვეტილება, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინება არ ექვემდებარება განმარტებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ გადაწყვეტილებაში იგულისხმება გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას და არა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე განჩინება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა.
ამასთანავე, მხარის მოსაზრება გავლენას ვერ მოახდენს უფლებამოსილი სასამართლოს განსაზღვრაზე, ვინაიდან გადაწყვეტილების განმარტებაზე უფლებამოსილი სასამართლო დადგენილია კანონით. აღნიშნულ დანაწესს იმპერატიული ხასიათი აქვს, მას ვერ შეცვლის მხარის მოსაზრება ან სურვილი მის მიერ შერჩეული სასამართლო ინსტანციისგან მიიღოს გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განჩინება. ამასთანავე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, როდესაც მხარის მოთხოვნა შეეხება მის საკასაციო პრეტენზიებზე დამატებითი არგუმენტაციის მოსმენას. საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი დამატებითი არგუმენტაცია გასცეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაზე. სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობა შეეხება მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და განმარტებას ექვემდებარება იმგვარი შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია. მითითებული წესი იმპერატიულია, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის განმარტების ან დამატებითი არგუმენტების მიღების შესახებ მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამასთანავე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს საზედამხედველო წარმოებას, რომლის ფარგლებში იქნებოდა შესაძლებელი ნორმის გამოყენების სისწორის გადამოწმება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.01.2020წ. განჩინება მიღებული იქნა ამავე მხარეთა შორის არსებულ არაერთ სასამართლო დავაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგების, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 17.10.2017წ. №3/4/550 გადაწყვეტილების (ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) გათვალისწინებით. მითითებული გადაწყვეტილებების არსებობის პირობებში საკასაციო პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას განსხვავებულად გადაეწყვიტა დავა.
ამასთანავე, ნ. მ-ის მსგავსი შინაარსის განცხადებაზე საკასაციო სასამართლომ იმსჯელა 08.05.2020წ. განჩინებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინების განმარტების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინების განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ქ. ცინცაძე