Facebook Twitter

საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქმე ბს-229(3კ-19) 07 დეკემბერი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განიხილა შპს „...ის“ განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 02.06.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის 09.09.2014წ. საგადასახადო მოთხოვნისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 06.05.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შპს „...ს“ დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის გადახდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო პალატის 17.10.2018წ. განჩინების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის შპს „...ისათვის“ დაკისრებული 15%-იანი ჯარიმის ნაცვლად დაანგარიშება მოახდინოს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5%-ის ოდენობით“. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და შპს „...მა“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული.

შპს „...მა“ 13.11.2020წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ სსკ-ის 831 მუხლის შესაბამისად, ახდენს საკასაციო საჩივრის გამოხმობას.

26.11.2020წ. შპს „...მა“ 13.11.2020წ. განცხადების დაზუსტების მიზნით განმეორებით მომართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ უარს ამბობს წარდგენილ სარჩელზე საგადასახადო ორგანოსთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების გამო, ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

განსახილველ შემთხვევაში, 26.11.2020წ. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადების მიხედვით, შპს „...ი“ ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას სარჩელზე უარის თქმის გამო. განცხადებას ხელს აწერს შპს „...ის“ დირექტორი ლ. ბაკურიძე, რომლის უფლებამოსილება დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შეწყდეს მის სარჩელზე მიმდინარე სამართლაწარმოება. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

სსკ-ის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. განასხილველ შემთხვევაზე შპს „...მა“ სარჩელზე უარი განაცხადა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტამდე, ამდენად, მას სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში (სსკ-ის 49.4 მუხ.).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...ის“ განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2018წ. და 31.10.2018წ. განჩინებები, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2016წ. გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;

3. შპს „...ს“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.03.2019წ. N188 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე