Facebook Twitter

ბს-466(კ-19) 21 დეკემბერი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.ნ-ემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ნ. ნ-ე-წ-ის და მ. წ-ის მიმართ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 11.05.2017წ. N43/3055 პასუხის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 10.03.2017წ. N43 154 ბრძანებისა და 10.03.2017წ. N04/43154 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით (26.02.2018წ. სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა)., სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოპასუხეებად დასახელდნენ მხოლოდ ზესტაფონის მუნციპალიტეტის მერია და ნ. ნ-ე-წ-ი.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 13.03.2018წ. გადაწყვეტილებით გ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 11.05.2017წ. N43/3055 პასუხი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 10.03.2017წ. N43 154 ბრძანება და 10.03.2017 წ. N04/43154 საკუთრების მოწმობა; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას (ყოფილი გამგეობა) დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება ქ.ზესტაფონში, ...ის ქ.N10/35-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე ნ. ნ-ე-წ-ის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საკუთრებაში ფართის გადაცემის საკითხის განხილვისას, შეამოწმოს განმცხადებლის მოთხოვნის და წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა აღნიშნული წესის მოთხოვნებთან. „წესი“ განსაზღვრავს ასევე რამოდენიმე კანონიერი მოსარგებლის არსებობის შემთხვევაში საკუთრების უფლების გადაცემის პირობებს. წესის 5.4 მუხლის მიხედვით, თუ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე, მათ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან/და არაიზოლირებული) ფართობი შეიძლება გადაეცეთ საერთო საკუთრებაში ყველა კანონიერი მოსარგებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ანუ, თუ ბინას რამდენიმე თანამოსარგებლე ჰყავს, მაშინ ეს ბინა მათი შეთანხმებით, გადადის ან ყველას საერთო საკუთრებაში ან ერთი ან რამდენიმე პირის საკუთრებაში დანარჩენი მოსარგებლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მამას გ. ნ-ეს 1984 წელს გადაეცა ქ.ზესტაფონში, ...ის ქ.N8-ში მდებარე სამოთახიანი ბინა. ფორმა N16 და ფორმა N17-ით დასტურდება, რომ მითითებულ მისამართზე ჩაეწერნენ გ. ნ-ე და მოსარჩელე. გ. ნ-ე გარდაიცვალა 02.04.2015 წ.. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სადავო 10.03.2017წ. N43154 ბრძანებით, ნ. ნ-ე-წ-ს (გ. ნ-ის შვილი) უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ...ის ქ.N10, ბინა N35-ში მდებარე საერთო 74,48 კვ.მ-დან 1/2 წლი, ფართით - 37,24 კვ.მ. და ამ ნაწილზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. ნ-ესა და ნ.ნ-ე-წ-ს შორის კონფლიქტის არსებობის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი მიეღო სადავო აქტი და მით უფრო, განესაზღვრა იდეალური წილები, რადგან „წესით“ არ არის განსაზღვრული ბინის კანონიერი დამქირავებლის გარდაცვალების შემთხვევაში ბინის ერთ-ერთი მფლობელის ან მემკვიდრის თანხმობის არარსებობის პირობებში განცხადების გადაწყვეტის სამართლებრივი შედეგი, რაც გულისხმობს, რომ თანამფლობელთა შორის უთანხმოების პირობებში, ორგანო არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხზე ხელახლა მსჯელობისას, ორგანომ უნდა გამოიყენოს სზაკ-ის 80.4 მუხლი, რომლის თანახმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში მონაწილე ფიზიკური პირების შეუთანხმებლობა, სადავო ბინის ან მისი ნაწილის, საკუთრებაში მიღებასთან დაკავშირებით, უნდა გადაწყდეს სამოქალაქო წესით, რის შედეგადაც განისაზღვრება ბინათმფლობელთა სამართლებრვი უფლებები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემისას სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საქმის გარემოებები. ფორმა N16 და N17-ის მიხედვით, სადავო ბინის მფლობელად მითითებულია მოსარჩელის მამა, ხოლო მოსარჩელე მხოლოდ ჩაწერილია კონკრეტულ მისამართზე. სადავო ბინის ერთადერთი მფლობელი იყო გ. ნ-ე, მას თანამფლობელები არ ჰყოლია. სადავო აქტის გამოცემისას მოსარჩელის ნების გამოკვლევა არ იყო საჭირო, რადგან ნ. ნ-ე-წ-მა მოითხოვა არა სრული ფართის, არამედ მხოლოდ ნახევრის პრივატიზება. „წესის“ მიხედვით, კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, კანონიერ მოსარგებლედ მიიჩნევიან მისი მემკვიდრეები. განსახილველ შემთხვევაში კანონიერი მოსარგებლე იყო მხოლოდ გ. ნ-ე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ კანონიერ მოსარგებლეებად უნდა ჩაითვალონ მისი შვილები: მოსარჩელე გ. ნ-ე და მოპასუხე ნ.ნ-ე-წ-ი. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბინა გადაცემული იყო ოთხ სულზე, თუმცა ჩანაწერი „მფლობელი“ მითითებული იყო მხოლოდ მოსარჩელის მამასთან მიმართებით, მოსარჩელე გ. ნ-ე არ იყო მოხსენიეული მფლობელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტების გამოცემისას, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ არ იქნა სრულად გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 27.07.1983წ. N293 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ...ოს აღმასკომთან არსებული საბინაო კომისიის 21.07.1983წ. დადგენილება ...ის ქუჩაზე აგებული ...ოს კუთვნილი 54 ბინიანი, 9 სართულიანი სახლის განაწილების შესახებ და სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა N35 მიეცა გ. ნ-ეს, რომლის ოჯახი შედგებოდა ოთხი სულისგან. მართალია აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ბინის მიმღებ პირად მითითებულია მხოლოდ გ. ნ-ე, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე გ. ნ-ე 1984 წლის 17 მაისიდან დღემდე რეგისტრირებულია ზესტაფონში, ...ის N10-ში მდებარე N35 ბინაში.

საქართველოს მთავრობის 20.02.2014 წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. ამდენად, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი კუმულაციური პირობის არსებობა: უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული უფლებაწარმომშობი დოკუმენტი და ამ დოკუმენტის საფუძველზე ფართით კანონიერი სარგებლობა. ამასთანვე, მნიშვნელოვანია, რომ ნორმა არ ითვალისწინებს უფლებაწარმომშობი დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ ე.წ. .„ჩაწერის ინსტიტუტის“ საფუძველზე ფართში რეგისტრაციის ფაქტი, მიჩნეულ უნდა იქნეს ნორმაში მითითებულ „სხვა დოკუმენტად“. საბჭოური „ჩაწერის ინსტიტუტი“ განსხვავებით დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულ საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციისა, ნიშნავდა საცხოვრებელი ადგილის არსებობას. იმ დროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უტყუარ დამადასტურებელ საბუთს. ამდენად, ის გარემოება, რომ პირი ჩაწერილი იყო მითითებულ საცხოვრებელ სადგომში, ქმნიდა საცხოვრებელ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს (სუსგ 18.07.2012წ. Nბს-257-254(კ-12)). აღნიშნულის მიუხედავად ფართის ნახევარზე ნ. ნ-ე-წ-ის საკუთრების უფლების დადასტურებისას, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციულ წარმოებაში არ ჩაურთავს მოსარჩელე გ.ნ-ე, არ გამოუკვლევია სადავო ბინაზე ნ. ნ-ე-წ-ისა და მოსარჩელის უფლებების ფარგლები, არ შეუფასებია კანონიერი მოსარგებლისა და დამქირავებლის უფლებრივი მდგომარეობის თანაფარდობა. ამდენად, არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები, რადგან სადავო აქტების გამოცემის მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა ისეთი სახის არსებითი ხარვეზებით, რასაც შეეძლო მიღებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა გამოეწვია. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სადავო 10.03.2017წ. N43 154 ბრძანება არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას, ბრძანების შინაარსიდან არ დგინდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე გარემოების გამოკვლევა, ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია მხოლოდ „წესის“ მე-3 და მე-5 მუხლები.

ამასთანავე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია არ არის სადავო საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ორგანო, მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს. საქართველოს მთავრობის 20.02.2014 წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-3 მუხლის მიხედვით, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სწორედ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო. კანონიერი მოსარგებლის დადგენის საჭიროება, ფართზე უფლების ფარგლებთან დაკავშირებით გარდაცვლილი კანონიერი მოსარგებლის მემკვიდრეებს შორის შეუთანხმებლობის არსებობა, არ გამორიცხავს აღნიშნულ უფლებამოსილებას. ზემოაღნიშნული „წესის“ მიზნებისათვის კონკრეტული ოდენობის ფართზე პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევის საკითხის დადგენა, ამ კუთხით საქმის გარემოებათა გამოკვლევა და სათანადო სამართლებრივი შეფასება სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციას შეადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე