Facebook Twitter

ბს-1173 (კ-19) 07 დეკემბერი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. მ-მა 14.06.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ შსს-ს გენერალური ინსპექციის 03.05.2018წ. დასკვნის, „თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.05.2018წ. №1201681 ბრძანების ბათილად ცნობის, დ. მ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს პატრულ ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და დ. მ-ის სასარგებლოდ, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.09.2018წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ შსს-ს გენერალური ინსპექციის 03.05.2018წ. დასკვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. საქმეში მესამე პირად (სასკ-ის 16.1 მუხ.) ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.11.2018წ. გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.05.2018წ. №1201681 ბრძანება, შსს-ს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2019წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები დავის სასკ-ის 32.4 მუხლით გადაწყვეტის საჭიროების თაობაზე და აღნიშნა, რომ დ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დროდ სხვადასხვა თარიღის მითითება ბრძანებასა და ბრძანების ამონაწერში, ქმნის სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შსს-ს მიერ საქმეში არ წარმოდგენილა დ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების აქტში კანონით დადგენილი წესით ცვლილების შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ქრონოლოგიურად თავდაპირველად გამოცემული აქტით დაუშვებელია გასწორდეს უფრო გვიან გამოცემულ აქტში დაშვებული შეცდომა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახალი გამოკვლევისას გათვალისწინებული უნდა იქნას მითითებულ თარიღებს შორის შუალედში დ. მ-ის სამსახურში გამოცხადება და სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით დავა საჭიროებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტას, რაც მართებულად შეფასდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით ითხოვს სარჩელის უარყოფის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული იქნა საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის გარეშე, მატერიალური ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. არასწორია სასამართლოს მითითება მასზედ, რომ საქმის მასალებით არ დგინდება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თარიღი. სასამართლოს უნდა ეხელძღვანელა სზაკ-ის 59.3 მუხლით, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანო უფლებამოსილია გაასწოროს მის მიერ გამოცემულ აქტში ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. მ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული იყო გათავისუფლების თარიღი - 06.07.2017წ.. შემდგომ ამავე ბრძანებაში გასწორდა ტექნიკური შეცდომა და გაიცა ამავე ბრძანებიდან ამონაწერი, რომლის მიხედვით დ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თარიღად მითითებული იქნა 12.04.2017წ.. შსს ვალდებული იყო დ. მ-ი გაეთავისუფლებინა სამსახურიდან მის მიერ სამსახურის 5 სამუშაო დღეზე მეტი ვადით თვითნებურად მიტოვებიდან მე-2 სამუშაო დღეს. აღნიშნულ ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესით“ (41-ე მუხ.). აღნიშნული გარემოებები ადასტურებს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას და სარჩელის უსაფუძვლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ბრძანების სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით ბათილად ცნობის საფუძველი გახდა დ. მ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანებასა და ამავე ბრძანებიდან ამონაწერში დ. მ-ის გათავისუფლების თარიღად სხვადასხვა თარიღის მითითება. დ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თარიღად გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებულია 12.04.2017წ., ხოლო დ. მ-ისათვის გაგზავნილ ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად იგი გათავისუფლებულია 06.07.2017წ.. აღნიშნულ განსხვავებას შსს უკავშირებს ტექნიკურ შეცდომას და მიუთითებს, რომ დ. მ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული იყო გათავისუფლების თარიღი - 06.07.2017წ.. შემდგომ ამავე ბრძანებაში გასწორდა ტექნიკური შეცდომა და დ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თარიღად მითითებული იქნა 12.04.2017წ.. საკასაციო სასამართლო იზიარებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ბრძანებიდან ამონაწერი უნდა ასახავდეს ბრძანებაში მითითებულ იდენტურ მონაცემებს, დაუშვებელია სხვადასხვა მონაცემებს შეიცავდეს ბრძანება და ამონაწერი ბრძანებიდან. ამასთანავე, სზაკ-ის 59-ე მუხლით ადმინისტრაციული ორგანოსთვის შეცდომის გასწორების უფლებამოსილების მინიჭება გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომების გასწორების შესაძლებლობას, რაც თავდაპირველი აქტის გაცნობისთვის დადგენილი წესით უნდა გადაეცეს მხარეს. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება შეცდომის გასწორება, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოდგენილა. ამასთანავე, მხარეს გაეგზავნა და ჩაბარდა ამონაწერი ბრძანებიდან, რომლის თანახმად მას ეცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილია 2017 წლის 06 ივლისიდან. 22.05.2018წ. ბრძანება, რომელშიც გათავისუფლების თარიღად მითითებულია 12.04.2017წ. შსს-ს მიერ წარდგენილ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელთან ერთად (ს.ფ. 50). საკასაციო პალატა იზიარევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქრონოლოგიურად თავდაპირველად გამოცემული აქტით დაუშვებელია უფრო გვიან გამოცემულ აქტში დაშვებული შეცდომის გასწორება.

განსახილველ შემთხვევაში გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში თითქმის 3 თვის წინსწრებით თარიღის მითითება, ფაქტობრივად არსებით შესწორების შეტანას უთანაბრდება, რაც სზაკ-ის 59.2 მუხლის შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ­სამართლებრივი აქტის გამოცემას უთანაბრდება. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება მასზედ, რომ მითითებულ 3 თვიან პერიოდში დ. მ-ის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საკითხის ხელახალი გამოკვლევისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2019წ. განჩინება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე