Facebook Twitter

ბს-905(კ-20) 07 დეკემბერი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2020წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ლ-ემ 05.02.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ სააგენტოს 21.11.2018წ. N04/62753 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, მოპასუხისათვის ნ. ლ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების და 2018 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი კომპენსაციის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.05.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.11.2018წ. N04/62753 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ნ. ლ-ის სასარგებლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა ნ. ლ-ის სასარგებლოდ ზიანის სახით მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურება 2018 წლის 1 დეკემბრიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 6.2 მუხლის მიხედვით, კომპენსაციის უფლება არ წარმოიშობა, ხოლო წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 03.01.2018წ. ცნობით დადგენილია, რომ ნ. ლ-ე მუშაობს კომისიის აპარატის ადმინისტრაციაში, არასაშტატო სპეციალისტად, არამუდმივ დამხმარე ამოცანათა შესასრულებლად, შესაბამისად იგი არ არის აპარატის თანამშრომელი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ცნობის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ნ. ლ-ე არ იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროფესიული საჯარო მოხელე, იგი წარმოადგენდა ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1261 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე არ ვრცელდებოდა ამ კანონის (გარდა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა) მოქმედება, ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდებოდა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გარდამავალ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტით ნ. ლ-ეს სახელმწიფო კომპენსაციის გაცემაზე უარი არამართლზომიერად ეთქვა გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით. სადავო აქტის უკანონოდ ცნობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოპასუხისათვის 2018 წლის 1 დეკემბრიდან (12.11.2018წ. წარდგენილი განცხადების მომდევნო თვიდან) გაუცემელი სოციალური დახმარების ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. კასატორმა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე და 44-ე მუხლების დანაწესებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს 12.09.2014წ. №2/3/540 გადაწყვეტილებაზე, ევროპის სოციალური ქარტიის მიზნებზე და აღნიშნა, რომ საჯარო სამართალში მოქმედებს პრინციპი, ყველაფერი აკრძალულია რაც კანონით ნებადართული არ არის, შესაბამისად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს მინიჭებული გარკვეული უფლებამოსილება, მისი მხრიდან საქმიანობის განხორციელება ჩაითვლება უფლებამოსილების გადამეტებად. საჯარო საქმიანობად მიიჩნევა საქმიანობა საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში. საჯარო საქმიანობის განხორციელება არის დანიშნული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველი. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. სსიპ-ს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ამდენად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ითვლება საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირად და აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში მისთვის სახელმწიფო გასაცემლის მიღებას გამორიცხავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 6.2 მუხლის მიხედვით, კომპენსაციის უფლება არ წარმოიშობა, ხოლო წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ლ-ე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, რომელიც სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არის რეგისტრირებული, როგორც ომის ვეტერანი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 03.01.2018წ. ცნობის მიხედვით, ნ. ლ-ე დასაქმებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ადმინისტრაციაში არასაშტატო სპეციალისტად არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად 2013 წლის 1-ლი მაისიდან, ნ. ლ-ე არ ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას. 02.11.2018წ. N47 შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ნ. ლ-ე კომისიაში დასაქმებულია საქართველოს შრომის კოდექსის საფუძველზე ადმინისტრაციის არასაშტატო სპეციალისტად. საჯარო სამსახურის ბიუროს 29.06.2018წ. წერილობითი განმარტების მიხედვით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელზეც გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით სრულად არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, შესაბამისად ნ. ლ-ის მიერ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას და არ განეკუთვნება საჯარო მოსამსახურის კატეგორიას.

კასატორის მითითება, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, არ ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნათა უსაფუძვლობას. ნ. ლ-ის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმება, იმთავითვე არ გულისხმობს ნ. ლ-ის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 1261 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე არ ვრცელდებოდა ამ კანონის (გარდა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა) მოქმედება, ამავე მუხლის პირველი პუნქტით გარდამავალ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. სადავო აქტი გამოცემულია 21.11.2018წ., ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ნ. ლ-ე მიიჩნეოდა საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტად, არ არის დასაბუთებული. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით, საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელობის მქონეა არა პირის დასაქმების ადგილი, არამედ მის მიერ განხორციელებული საქმიანობის სახე, რამდენადაც საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა ავტომატურად არ გულისხმობს საჯარო საქმიანობის განხორციელებას (იხ. სუს 18.03.2020წ. Nბს-118(კ-20) განჩინება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსასხურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2020წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ.ცინცაძე