Facebook Twitter

ბს-785(კ-20) 07 დეკემბერი,2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.2020წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ლ-მა 28.06.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ კომისიის 07.06.2019წ. N1509 განკარგულების ბათილად ცნობის და კომისიისათვის ზ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 07.06.2019წ. N1509 განკარგულება და კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. ლ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ კანონი თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის მნიშვნელობას ანიჭებს კანონის ამოქმედებამდე მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საქმის გარემოებების გათვალისწინებით. კანონის მიზნებიდან გამომდინარე განმსაზღვრელია, რომ კანონის ამოქმედების მომენტში სახეზე იყოს ნივთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მფლობელობა. მფლობელობა კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამგვარად, მფლობელობა ნივთზე ფაქტობრივ „ბატონობას“, ნივთის, როგორც საკუთარის მართვა - გამგეობას გულისხმობს და ხორციელდება როგორც პირდაპირი, ისე -არაპირდაპირი მფლობელობის სახით, ნივთთან უშუალოდ ან სხვა პირთა მეშვეობით გარკვეული სივრცობრივი კავშირის შენარჩუნების გზით. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ლ-ის 22.08.2018წ. განცხადება ქ. თბილისში, ...ის მე-3 ჩიხი, №5-ის მიმდებარედ არსებულ 714 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უფლების აღიარების შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაიგზავნა უფლებამოსილ ორგანოში - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, კომისიის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა 10.05.2019 წ. მოამზადა ქალაქგეგმარებითი დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის მე-3 ჩიხი, №5-ის მიმდებარედ არსებული 714 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ-3) და სარეკრეაციო (რზ-1) ზონაში. აღიარების კომისიის 07.06.2019წ. №1509 განკარგულებით, ზ. ლ-ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ არ დადგინდა ზ. ლ-ის მიერ მოთხოვნილი კონფიგურაციით მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, ორთოფოტოების მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს დამოუკიდებელი უფლების ობიექტს და ერთიან სივრცეშია მოქცეული (შემოსაზღვრულია მყარი სასაზღვრო მიჯნით) მომიჯნავედ რეგისტრირებულ (ს/კ ...) მიწის ნაკვეთთან, რასაც ადასტურებს წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზეც ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მხრიდან დატანილია არაფიქსირებული საზღვარი; ამასთან, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო სარეკრეაციო ზონაში (რზ1-ში). პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების, მათ შორის საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის მე-3 ჩიხი, №5-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 447 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები (№1 საერთო ფართით 340,25 კვ.მ. (მათ შორის, I სართული 114,10 კვ.მ., II სართული 125,91 კვ.მ., მანსარდი 100,24 კვ.მ) და №2 შენობა ფართით 25,44 კვ.მ.) იყო ზ.ლ-ის საკუთრებაში 2018 წლის 24 სექტემბრამდე. ასევე, დადგენილია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი კაპიტალური ღობით შემოსაზღვრულია, ერთიან სივრცეში მოქცეულია სწორედ მითითებულ საკადასტრო ერთეულთან. პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით კომისიისთვის მიმართვის დროს №... საკადასტრო ერთეული წარმოადგენდა ზ.ლ-ის საკუთრებას და გასხვისდა მხოლოდ 24.09.2018წ., კომისიის მითითება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მხარეს არაფიქსირებულ საზღვარსა და არსებული კონფიგურაციით ფლობის დაუდასტურებლობის ფაქტზე, არ ასაბუთებს სადავო აქტის კანონიერებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო განმცხადებლის მიერ წარდგენილი და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით შეეფასებინა განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფლობა/სარგებლობის ფაქტი. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონისა და საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყეპარკი, სკვერი და სხვ., თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოთხოვნის როგორც სრულად, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მოპასუხეს არ გამოუკველია მოსარჩელის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთის რა ნაწილს ჰქონდა მინიჭებული სარეკრეაციო ზონის სტატუსი და აღნიშნული რამდენად გამორიცხავდა ნაკვეთის დანარჩენ ნაწილზე საკუთრების აღიარების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად, არ დადგინდა ზ. ლ-ის მიერ მოთხოვნილი კონფიგურაციით მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე. ორთოფოტოებით დგინდება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი სხვის საკუთრებაში რიცხულ ნაკვეთთან ერთად არის მოქცეული ერთიანი, კაპიტალური ღობის ფარგლებში. ამასთანავე, ზ. ლ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილს მინიჭებული აქვს სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რაც გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას. სასამართლომ არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, სადაც უარყოფილია ზ. ლ-ის მიერ ნაკვეთის ფლობა. კასატორი თვლის, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ის მე-3 ჩიხი, №5-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 447 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები (№1 საერთო ფართით 340,25 კვ.მ. (მათ შორის, I სართული 114,10 კვ.მ. II სართული 125,91 კვ.მ. მანსარდი 100,24 კვ.მ) და №2 შენობა ფართით 25,44 კვ.მ.) იყო ზ.ლ-ის საკუთრებაში 2018 წლის 24 სექტემბრამდე. ასევე, დადგენილია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი კაპიტალური ღობით შემოსაზღვრულია და ერთიან სივრცეში მოქცეულია სწორედ მითითებულ საკადასტრო ერთეულთან. აღნიშნული უდავო ფაქტობრივი გარემოება, საფუძვლიანს ხდის მოსარჩელის განმარტებას, რომ კაპიტალური ღობის ფარგლებში მოქცეულ ფართს მისი ოჯახი სრულად ფლობდა და არა მხოლოდ საკუთრებაში არსებული ტერიტორიის საკადასტრო საზღვრებში. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქმეში დაცულია სს „...-ის“ წერილობითი განმარტება, რომლის თანახმად, 1995 წელს ორგანიზაციის მიერ აშენებულ იქნა 360 კვ.მ. სახლი მანსარდითა და აივნით, ასევე ცალკე ქვედა ეზოში აშენდა საუნა და ერთი ოთახი, 1160 კვ.მ. ნაკვეთი შემოღობილ იქნა ბეტონის ღობით. აღნიშნულის მიუხედავად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა კონკრეტული კონფიგურაციით ზ. ლ-ის მიერ ნაკვეთის ფლობა კანონის ამოქმედებამდე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კომისიის დასკვნა დაუსაბუთებელია, არ ემყარება საქმეში დაცულ მტკიცებულებებს.

საკუთრების აღიარებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად კომისიამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ასაღიარებელი ნაკვეთის ნაწილს მინიჭებული აქვს სარეკრეაციო ზონის სტატუსი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ კომისიას არ დაუდგენია ნაკვეთის კონკრეტულად რა ნაწილს აქვს მინიჭებული აღნიშნული სტატუსი და არ დაუსაბუთებია ნავეთის დანარჩენ ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარების შეუძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნვს, რომ კომისიას შეუძლია არა მხოლოდ სრულად დააკმაყოფილოს წარდგენილი განცხადება ან სრულად უარი თქვას მის დაკმაყოფილებაზე, არამედ განმცხადებლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს ნაწილობრივ, მიწის ნაკვეთის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელთან მიმართებითაც დასტურდება საკუთრების უფლების აღიარების ნორმატიული წინაპირობების არსებობა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.2020წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ.ცინცაძე