Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-198(კ-20) 7 დეკემბერი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ...ი უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - შ. გ-ე, მ. კ-ა

მესამე პირები - სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შ. გ-ემ და მ. კ-ამ 2017 წლის 18 იანვარს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ...ი უნივერსიტეტის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2015 წლის 5 მაისის №... საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გრანტის სახით გაცემული თანხის საშემოსავლო გადასახადით უსაფუძვლოდ დაბეგვრით გამოწვეული დანაკლისის ანაზღაურების დაკისრება, ასევე, მოპასუხისთვის ამავე საკითხთან დაკავშირებით შედგენილი დეკლარაციების კორექტირების (გადასახდელი თანხის სახედ ხელფასის ნაცვლად გრანტის მითითება) დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური. იმავე სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის საოქმო განჩინებით კი საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. გ-ისა და მ. კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სსიპ ... უნივერსიტეტს დაევალა მოსარჩელეთა მიერ №... საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის მაისიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით შედგენილი დეკლარაციების კორექტირება შემოსავლის სახით გრანტის თანხის მითითებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ ...მა უნივერსიტეტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით სსიპ ...ი უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ...მა უნივერსიტეტმა, რომელმაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი და არა საგრანტო პროექტიდან მიღებული შრომის ანაზღაურება. სადავო შემთხვევაში, გრანტის მიმღებს წარმოადგენს უნივერსიტეტი, რომელიც ძირითად და დამხმარე პერსონალთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები იღებდნენ შრომის ანაზღაურებას, რომელიც დაიბეგრა კანონით დადგენილი წესით. ამასთან, კასატორის განმარტებით, გრანტის გამცემი ინფორმირებული იყო ფინანსური რესურსის ხარჯვის შესახებ, თუმცა თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით შენიშვნა არ დაუფიქსირებია. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოში არსებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იმავე წესით ახორციელებს საგრანტო პერსონალის შრომის ანაზღაურების დაბეგვრას. საკასაციო საჩივრის თანახმად, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 5 აპრილის №24 ბრძანებით ფონდსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებებში შევიდა ცვლილებები და კატეგორია „ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურება“ შეიცვალა კატეგორიით „ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება“. შედეგად, უნივერსიტეტმა შეწყვიტა ძირითად პერსონალზე გასაცემი საგრანტო დაფინანსების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არასათანადო მოპასუხის მიმართ არის მიღებული, ვინაიდან უნივერსიტეტი არის საგადასახადო აგენტი და იგი თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენს. დეკლარაციების დაზუსტება კი არ გულისხმობს მოსარჩელეთათვის თანხის დაბრუნებას, ვინაიდან სსიპ შემოსავლების სამსახურს მსგავსი ვალდებულება არ გააჩნია. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, შესაძლებელია, მოსარჩელემ თავის მიზანს მაინც ვერ მიაღწიოს. სწორედ ამიტომ, იდენტურ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ გრანტიდან მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მიიჩნია რა უსამართლოდ, თანხის დაბრუნება სსიპ შემოსავლების სამსახურს დაავალა. კასატორის განმარტებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ განსახილველი დავა ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვიტა, მას არ მიეცა სასამართლოსათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საშუალება, მის მიერ წარდგენილი, სასამართლოთა მიერ ანალოგიურ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები კი სააპელაციო პალატამ არ შეაფასა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ ...ი უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უნივერსიტეტის მიერ მოსარჩელეებისთვის საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ანაზღაურების მიღებულ ხელფასად განხილვისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის. კანონის მე-4 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად კი, გრანტის ერთ-ერთი მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 5 მაისს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა (გრანტის გამცემი) და სსიპ ... უნივერსიტეტს (წამყვანი ორგანიზაცია), შ. გ-ესა (კონკურსში გამარჯვებული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი) და ფიზიკურ პირ მ. კ-ას შორის გაფორმდა №... ხელშეკრულება ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2014 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის („...ი“) საგრანტო დაფინანსებისა და გრანტის მიმღების მიერ პროექტითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით გრანტის მიმღებ პირებად განსაზღვრულნი არიან: წამყვანი ორგანიზაცია, პროექტის ხელმძღვანელი და ფიზიკური პირი მ. კ-ა. იმავე ხელშეკრულებით, გრანტის მიმღებს განკარგვისათვის გადაეცემოდა საგრანტო დაფინანსება 141 000 ლარის ოდენობით, საიდანაც 63 000 ლარი წარმოადგენდა პროექტში მონაწილე ძირითადი პერსონალის - შ. გ-ისა და მ. კ-ას შრომის ასანაზღაურებლად გადასახდელ თანხას.

ასევე დადგენილია, რომ, გარდა საგრანტო ხელშეკრულებისა, მოსარჩელეებთან ცალკე შრომის ხელშეკრულებები არ გაფორმებულა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ საგრანტო ხელშეკრულების ერთ-ერთ მონაწილე მხარეს - გრანტის მიმღებს და მათთვის ამავე ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ანაზღაურება სწორედ საგრანტო დაფინანსების ნაწილია.

რაც შეეხება გრანტის დაბეგვრის წესს, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, იგი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს კი არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსი, რომლის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი, ხოლო იმავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების ერთ-ერთი სახე - გრანტი. ამრიგად, მოსარჩელეთა მიერ საგრანტო ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავალი, როგორც გრანტი, არ ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, რაც ნიშნავს, რომ კასატორი მოსარჩელეებზე გაცემულ თანხას არასწორად ბეგრავდა. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს დაშვებული შეცდომის გამოსწორება საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის გათვალისწინებით და სსიპ შემოსავლების სამსახურში წარადგინოს შესწორებული საგადასახადო დეკლარაციები, რომლებშიც მოსარჩელეთა მიერ მიღებული შემოსავალი დაფიქსირებული იქნება როგორც გრანტი. მითითებული ქმედება კი უნივერსტიტეტმა უნდა განახორციელოს, რამდენადაც საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებით დამტკიცებული „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ დებულებით სწორედ მას ევალებოდა ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით გრანტის ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება. ამასთან, კასატორი ასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციას, რომელმაც, საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება, ხოლო 154-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებიდან გამომდინარე, მასვე ევალება საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სწორედ უნივერსიტეტი არის სათანადო მოპასუხე.

კასატორის მითითებასთან დაკავშირებით, რომ მას უსაფუძვლოდ დაეკისრა მოსარჩელეთათვის თანხის უკან დაბრუნება, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა და განჩინების შინაარსსა და სარეზოლუციო ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანხის გადახდა არ დაკისრებია, მას მხოლოდ საგადასახადო დეკლარაციების შესწორება დაევალა. ამასთან, სწორედ კასატორის პოზიციის გაზიარების გამო - რომ იგი არ წარმოადგენს ზედმეტად გადახდილი გადასახადის უკან დაბრუნებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დააკმაყოფილა. საგულისხმოა, რომ მოსარჩელეებმა გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გაასაჩივრეს და იგი შესულია კანონიერ ძალაში. სააპელაციო სასამართლო კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლიდან გამომდინარე, ვერ გაცდებოდა მოთხოვნის ფარგლებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის თანხის უკან დაბრუნების დავალების საკითხზე და აღნიშნულის თაობაზე კასატორის განმარტებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით კი საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის 12 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მასში მოთხოვნილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმება. ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არ ყოფილა ფაქტობრივი გარემოებები, არამედ სასამართლოს მხოლოდ სამართლებრივად უნდა შეეფასებინა მოთხოვნის კანონიერება, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, სააპელაციო საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ...ი უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ ... უნივერსიტეტს (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 2020 წლის 3 თებერვლის №07152 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 315 ლარის 70% - 220,5 ლარი (ორას ოცი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე