ბს-898 (კ-19) 24 დეკემბერი, 2020წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - ბ. მ-ე
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2019წ. განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბ. მ-ემ 27.08.2018წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, „თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 23.07.2018წ. №1757100 ბრძანების ბათილად ცნობის, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ბ. მ-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ა სამმართველოს ...ის თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, საიდანაც 2013 წელს რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დანიშვნამდე გაიარა სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი მომზადება პოლიციის აკადემიაში. 2018 წლის 18 მაისიდან დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ა სამმართველოს ...ის თანამდებობაზე. მუშაობის პერიოდში არ მიუღია შენიშნა ან გაფრთხილება, კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. 17.07.2018წ. მას დაუკავშირდა უშუალო უფროსი, რომელმაც მიიყვანა კადრების სამსახურში. მას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერა მოსთხოვეს, რომლის მიზეზად დასახელებული იქნა ბ. მ-ის მიმართ მიმდინარე შემოწმება, რომლის დასრულებამდე ბ.მ-ეს ნებაყოფლობით უნდა დაეტოვებინა სამსახური. სხვა მიზეზის განმარტება არ მომხდარა, არ დაინტერესებულან ბ. მ-ის სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულების საკითხით. აღნიშნულის შემდგომ უცნობი ადამიანის კარნახით ბ. მ-ემ დაწერა განცხადება. შემოწმების ვადა 18.08.2018წ. სრულდებოდა. გამოცდილების არ ქონის გამო, იძულებული გახდა დამორჩილებოდა ხელმძღვანელი პირის მოთხოვნას და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დაეწერა გათავისუფლების თაობაზე განცხადება. ბ. მ-ისათვის უცნობია რამ აიძულა მისი უშუალო უფროსი, რომ ბ. მ-ის მიმართ ამგვარი ქმედება განეხორციელებინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.10.2018წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.01.2019წ. გადაწყვეტილებით ბ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 23.07.2018წ. №1757100 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ბ. მ-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ა სამმართველოს ...ის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ბ. მ-ე 18.05.2018წ. დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ა სამმართველოს ...ის თანამდებობაზე. 17.07.2018წ. ბ. მ-ემ პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის მოთხოვნით. პატაკი საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 17.07.2018წ.. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა პატაკით მიმართა შს მინისტრს 18.07.2018წ. და ითხოვა მისი თანხმობა ბ. მ-ის დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 17 ივლისიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. შს მინისტრის 23.07.2018წ. ბრძანებით, ბ. მ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 17 ივლისიდან. ბ. მ-ემ 01.08.2018წ. განცხადებით მიმართა შს მინისტრს და აღნიშნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პატაკი მან დაწერა შესაბამისი თანამდებობის პირების მხრიდან იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ და ითხოვა საქმის გარემოებების შესწავლა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებაზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, სასკ-ის 22.1 მუხლზე, სზაკ-ის 2.1 მუხლის დანაწესზე, აგრეთვე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 56.4 მუხლზე, რომლის თანახმად მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული რეალაქტი სასკ-ით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში.
სასამართლომ მიუთითა კონსტიტუციის 25-ე, 29-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლებზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე, ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი, მე-4, 24-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ ხაზი გაუსვა შრომის უფლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ შრომის, მათ შორის სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,პოლიციის შესახებ” კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. მოსარჩელე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურე, პოლიციელი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,პოლიციის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონები. ,,პოლიციის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„პოლიციის შესახებ“ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე. პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე პოლიციელის თანამდებობიდან გათავისუფლება, საამისოდ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. არავის აქვს უფლება, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს ან პირიქით, უარი თქვას შრომაზე. შესაბამისად, პირის მიერ გამოხატული სურვილი, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან უნდა ეფუძნებოდეს მის ნამდვილ ნებას, რომელიც თავისუფალია რაიმე სახის გარე ზემოქმედებისაგან
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სზაკ-ის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. აღნიშნული დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ პირის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული გამოხატული ნამდვილი ნების რეალიზაციის მიზნით განახორციელოს. საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ბ. მ-ის პატაკი საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 17.07.2018წ.. შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა 18.07.2018წ. პატაკით მიმართა შს მინისტრს და ითხოვა თანხმობა ბ. მ-ის დაკავებული თანამდებობიდან, 2018 წლის 17 ივლისიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მითითებული პატაკის საფუძველზე, შს მინისტრის 23.07.2018წ. ბრძანებით, ბ. მ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 17 ივლისიდან. ადმინისტრაციული წარმოება ტარდება დაინტერესებული პირის ნების საფუძველზე, მის მიერ გარკვეული უფლების განხორციელების მიზნით. შესაბამისად, დაინტერესებული პირის ნების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით პირის ნება განმსაზღვრელია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ასეთი წარმოების დროს დაინტერესებული პირი დამოუკიდებლად და თავისუფლად განკარგავს საკუთარ უფლებას და ადმინისტრაციული წარმოების ერთადერთი მიზანი სწორედ დაინტერესებული პირის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაა.
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები იყო საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვა მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას, ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა, მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა. სახელმწიფო სამსახურის ხელმისაწვდომობის უფლებით დაცული სფერო, მათ შორის გულისხმობს პირის უფლებას თავისი, თავისუფალი და ნამდვილი ნების საფუძველზე გააგრძელოს ან დატოვოს კონკრეტული თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს კანონით გათვალისწინებული სხვა, მკაფიო პირობა, რაც მისი სამსახურიდან, მისივე ნების საწინააღმდეგოდ დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გახდეს და ამ უფლების დაცვის ვალდებულება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და უფლებამოსილ თანამდებობის პირს აკისრია. ადმინისტრაციული ორგანო და უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია პატივი სცეს შესაბამისი საჯარო მოსამსახურის უფლებას და ღირსებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო და უფლებამოსილი თანამდებობის პირი დაინტერესებული უნდა იყოს და შესაბამის ძალისხმევას უნდა მიმართავდეს საჯარო მოსამსახურის უფლების მხოლოდ იმ მიზნით რეალიზაციისათვის, რაც საჯარო მოსამსახურის ნამდვილი ნებისა და კანონიერი ინტერესიდან გამომდინარეობს. ადმინისტრაციული ორგანო და უფლებამოსილი თანამდებობის პირი, მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობის უზრუნველყოფისა და მათი უფლებების პატივისცემის მიზნით გარკვეულ პერიოდს უნდა იყენებდეს იმ მოსამსახურის შესანარჩუნებლად, რომელსაც საკუთარი სურვილით აქვს გადაწყვეტილი სახელმწიფო სამსახურის დატოვება, რათა უფლებამოსილი თანამდებობის პირიც და საჯარო მოსამსახურეც დარწმუნდეს, რომ მოსამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ რაციონალურ და ობიექტურ გარემოებებს ეფუძნება.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 109-ე მუხლის შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული მუხლი მოხელეს აძლევს შესაძლებლობას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის გამოცემამდე, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის სზაკ-ით დადგენილი წესით ოფიციალურად გაცნობისთანავე. მოხელის პირადი განცხადებით მისი სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას კანონმა შესაბამისი განცხადების სავალდებულო რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან განთავისუფლებამდე გარკვეული პერიოდი დაუკავშირა, რათა მოხელეს ჰქონდეს შესაძლებლობა რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით.
ბ. მ-ემ 01.08.2018წ. განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სადაც აღნიშნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პატაკი მან შესაბამისი თანამდებობის პირების მხრიდან იძულებით დაწერა მისი ნების საწინააღმდეგოდ და ითხოვა საქმის გარემოებების შესწავლა. შესაბამისად, შს სამინისტრომ ბ. მ-ე თანამდებობიდან გაათავისუფლა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ზემოთ აღნიშნული მოთხოვნის დაუცველად, კერძოდ არ დაიცვა განცხადების რეგისტრაციიდან პირისათვის სამსახურის დატოვებაზე უარის თქმისათვის კანონით დადგენილი ვადა. გათვალისწინებული არ იქნა, რომ ბ. მ-ემ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა მისი სამსახურიდან გათავისუფლებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს და განუმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მისი ნამდვილი ნება არ იყო, რაც მისი სამსახურში დატოვების კანონით გათვალისწინებული იმპერატიულ პირობას ქმნიდა.
სზაკ-ის მე-5, 96-ე, 601.1 მუხლების, სასკ-ის 22-ე, 32-ე მუხლების მოთხოვნებზე სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ვინაიდან ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების, „პოლიციის შესახებ“ კანონის, აგრეთვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის, სზაკ-ის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არსებობს „თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ შს მინისტრის 23.07.2018წ. №1757100 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძვლიანია თანამდებობაზე აღდგენის, აგრეთვე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან შესახებ მოთხოვნა. სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. ვინაიდან შსს-ს დაევალა ბ. მ-ის სამსახურში აღდგენა, სასამართლომ მიიჩნია, რომ შსს-ს უნდა დავალებოდა ბ. მ-ისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ბ. მ-ემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა სააპელაციო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა მის მიერ ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრება მოწინააღმდეგე მხარისთვის, აგრეთვე მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევა. ბ. მ-ემ აღნიშნა, რომ მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იყო იურიდიული დახმარების ხელშეკრულება, თუმცა სასამართლომ არ განსაზღვრა ადვოკატისათვის ასანაზღაურებელი თანხა. ბ. მ-ემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საჭირობას განაპირობებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროში გახანგრძლივება, რაც ზიანს მიაყენებს მართლმსაჯულების მიზნებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამავე განჩინებით დაკმაყოფილდა ბ. მ-ის მოთხოვნა შსს-თვის ბ. მ-ის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 300 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 109.2 მუხლით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის დაუცველად გასაჩივრებული აქტის მიღების უკანონობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 14 დღიანი ვადა მოხელეს აძლევს შესაძლებლობას გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოხელის პირადი განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას კანონმა შესაბამისი განცხადების სავალდებულო რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან განთავისუფლებამდე გარკვეული პერიოდის დაცვას დაუკავშირა, რათა მოხელეს ჰქონდეს შესაძლებლობა რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის შსს-ს მოსაზრება მასზედ, რომ არ არსებობდა ბ. მ-ის გათავისუფლებით სახელმწიფო ინტერსებისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობა, რის გამოც შს სამინისტროს უფლებამოსილ პირს შესაძლებლობა ჰქონდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, დაუყოვნებლივ მიეღო გადაწყვეტილება ბ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების (პატაკის) დაკმაყოფილების შესახებ, შს მინისტრის 31.12.2013წ. №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 36-ე მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შს მინისტრის 31.12.2013წ. №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 36-ე მუხლის პირველ პუნქტში არსებული ჩანაწერი გათავისუფლების შესახებ განცხადების (პატაკის) დაუყოვნებლივი დაკმაყოფილების შესახებ, არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულებისაგან, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ადგენს რაიმე საგამონაკლისო შემთხვევათა ნუსხას, რომელთა თაობაზე გამოსაცემი აქტი შესაძლოა მიღებულ იქნეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. შსს-მ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე გამოსცა გასაჩივრებული აქტი, რაც კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან აქტის გამოცემამდე არ გამოიკვლია ბ. მ-ის მიერ განცხადების დაწერის განმაპირობებელი გარემოებები, სამსახურიდან გათავისუფლების ნების ნამდვილობა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების მნიშვნელობაზე, დასაბუთების სავალდებულობაზე და აღნიშნა, რომ ბ. მ-ის მხრიდან განცხადების დაწერა არ შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, ის არ დაწერდა განცხადებას, მასზე ზემდგომი თანამდებობის პირების მხრიდან იძულების გარეშე, რის თაობაზეც მან აცნობა შს მინისტრს. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118.3 მუხლის მოთხოვნებზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ამ შემთხვევაში პირს იმ თანამდებობაზე აღდგენას, რომლიც მას ეკავა გათავისუფლებამდე. აღნიშნულზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბ. მ-ის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118.4 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ შსს-ს მართებულად დაეკისრა სამსახურიდან გათავისუფლებიდან აღდგენამდე სრული პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ნაწილობრივ საფუძვლიანად იქნა მიჩნეული ბ. მ-ის მოთხოვნა ადვოკატის მომსახურების თანხის ანაზღაურების თაობაზე, კერძოდ, შსს-ს დაევალა 300 ლარის ოდენობით ბ. მ-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. სასამართლომ აღნიშნა, რომ უდავოა ბ. მ-ის ადვოკატის დახმარებით სარგებლობა ორივე ინსტანციის სასამართლოში. საქმის სირთულის, სპეციფიკის და განხილვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შს სამინისტრომ, რომელიც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის უარყოფის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს. კასატორი აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 109-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად დავის გადაწყვეტა არასწორია, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმების შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე გავრცელებისთვის არ უნდა არსებობდეს სპეციალური კანონმდებლობა და ასეთის არსებობის შემთხვევაში სპეციალური კანონმდებლობა საკითხს განსხვავებულად არ უნდა აწესრიგებდეს. „პოლიციის შესახებ“ კანონის 36.1 მუხლის თანახმად პოლიციაში სამსახურის გავლის წესი მინისტრის ნორმატიული აქტებით განისაზღვრება. შს მინისტრის 31.12.2013წ. №995 ბრძანებით დამტკიცებულია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“, რაც სპეციალურ კანონმდებლობას შეადგენს. აღნიშნული ბრძანება ადგენს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს. კერძოდ, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნეს პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე, აგრეთვე საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების დროს, ლიკვიდაციის დროს და ა.შ.. ბ. მ-ემ პირადი განცხადებით (პატაკით) მიმართა შს მინისტრს და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა. განცხადება დარეგისტრირდა იმავე დღეს და გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში. შს მინისტრის 31.12.2013წ. №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 36.1 მუხლის თანახმად სამინისტროს მოსამსახურე პირადი განცხადებით (პატაკით) თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი უარს არ აცხადებს მისი განცხადების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე. უარი დასაშვებია, თუ მოსამსახურის დაუყოვნებელი გათავისუფლებით შეიძლება ზიანი მიადგეს სახელმწიფო ინტერესს. ამდენად, სასამართლომ გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა სპეციალური კანონი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამგვარ ვითარებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის გამოყენებით სპეციალური კანონით საკითხის განსხვავებულად რეგულირება აზრს კარგავს.
კასატორი არ იზიარებს ბ. მ-ის მითითებას მასზედ, რომ მის ნამდვილ ნებას არ გამოხატავდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება. ბ. მ-ეს მისი 01.08.2018წ. განცხადების პასუხად 30.08.2018წ. წერილით ეცნობა, რომ შს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმებით დისციპლინური გადაცდომის ფაქტმა დადასტურება ვერ ჰპოვა. ამდენად, არ არსებობს ბ. მ-ის ნების ნამდვილობის ევქვეშ დაყენების საფუძველი.
გარდა აღნიშნულისა, 14 დღიანი ვადის თაობაზე სასამართლოს მსჯელობის უსწორობას ადასტურებს აგრეთვე ბ. მ-ის მიერ შსს მინისტრისთვის 14 დღის შემდეგ განცხადებით მიმართვა, კერძოდ, მან შს მინისტრს გათავისუფლების თხოვნით მიმართა 17.07.2018წ., ხოლო შემდგომი განცხადების თარიღია - 01.08.2018წ., რაც ადასტურებს 14 დღიანი ვადის გასვლას. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით კასატორი თვლის, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
საკასაციო საჩივარზე საკასაციო შესაგებელი წარმოადგინა მოსარჩელემ, რომელმაც აღნიშნა, რომ არასწორია კასატორის მიერ კანონზე უფრო მეტი ძალის მინისტრის ბრძანებისთვის მინიჭება. მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აწესრიგებს გათავისუფლების თაობაზე განცხადების გამოხმობის შესაძლებლობას. კანონმდებლობის ანალიზით დგინდება, რომ ყველა შემთხვევაში გათვალისწინებულია განხილვის ვადა, განცხადებაზე უარის თქმის და გასაჩივრების შესაძლებლობა. მაგალითად, შრომის კოდექსით დადგენილია გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერიდან გადაწყვეტილების მიღებამდე 30 დღიანი ვადა. ბ. მ-ემ პატაკის დაწერიდან 1 თვის ვადაში განაცხადა უარი გათავისუფლების პატაკზე, მიუთითა ნების გამოვლენის მცდარობაზე და გენინსპეციაში გაასაჩივრა მოტყუებით პატაკის დაწერა. ბ. მ-ეს პატაკი დააწერინეს მოტყუებით, რაც მან სიტყვიერად არაერთხელ გაასაჩივრა, ხოლო განცხადება დაწერა 01.08.2018წ. გენინსპექციაში. გათავისუფლების თაობაზე პატაკის დაწერიდან უმოკლეს ვადაში, საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე შსს-მ მიიღო გასაჩივრებული ბრძანება. საეჭვოა გენინსპექციის მოკვლევის ობიექტურობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2019წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბ. მ-ე გათავისუფლებამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე, რომელზეც ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმები, უკეთუ სპეციალური კანონმდებლობით აღნიშნული საკითხი სხვაგვარად არ იყო მოწესრიგებული („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 4.3 მუხლის „ა“ ქვ.პ.). „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 109-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას (109.2 მუხ.). გასაჩივრებული აქტის გამოცემისას მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი. წესის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „სამინისტროს მოსამსახურე პირადი განცხადებით (პატაკი) თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი უარს არ აცხადებს მისი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე. უარი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე დასაშვებია, თუ მოსამსახურის გათავისუფლებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერსებს“. ამდენად, წესის აღნიშნული ნორმა ნათლად ადგენს მოსამსახურის პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების დაუყოვნებლივი დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალური კანონმდებლობით შს სამინისტროს უფლებამოსილი პირი დაუყონებლივ ათავისუფლებს სამინისტროს მოსამსახურეს, გარდა საგამონაკლისო შემთხვევისა. ხსენებული ნორმის თანახმად, განცხადების (პატაკის) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე უარი პირს შეიძლება ეთქვას უკეთუ მოსამსახურის გათავისუფლებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს ინტერესებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამავე მუხლის მე-2 პუქნტის შესაბამისად, განცხადების (პატაკის) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში, ეს პატაკი უნდა დაკმაყოფილდეს არა უგვიანეს ერთი თვისა უარის განცხადების დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორმხრივი ნების არსებობის შემთხვევაში სპეციალური კანონმდებლობა უშვებს მყისიერად პირის სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობას. მხარეთა ნების გამოვლენა განსახილველ შემთხვევაში გამოვლინდა პატაკში და სადავო ბრძანებაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბ. მ-ის მიერ პირადი განცხადების (პატაკის) სამინისტროში წარდგენის შემდგომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა 18.07.2018წ. პატაკით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს ბ. მ-ის თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით (ს.ფ. 55). ამდენად, დასტურდება, რომ არ არსებობდა შს მინისტრის 31.12.2013წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესით“ დადგენილი სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების გამომრიცხავი საგამონაკლისო შემთხვევა. შესაბამისად, არ დასტურდება განცხადების დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოება.
მოსარჩელის მოსაზრება კანონთან შედარებით კანონქვემდებარე აქტისათვის უპირატესობის მინიჭების დაუშვებლობის შესახებ არ გამორიცხავს სპეციალური მოწესრიგების გამოყენების შესაძლებლობას. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 7.9 მუხლის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსასხურის გავლის წესში“ მოცემული რეგულირება ეფუძნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის და „პოლიციის შესახებ“ კანონის ბლანკეტურ ნორმებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონები. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლი არ ითვალისწინებს განსხვავებული რეგულაციის არსებობის შემთხვევაში ამ კანონის გამოყენებას, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს დაკარგავდა სპეციალური კანონმდებლობა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონის მოქმედება შს სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სპეციალური კანონმდებლობით. ამდენად, „საჯარო სამსასხურის შესახებ“ კანონის ნორმების შს სამინისტროს თანამშრომელზე გავრცელება ხდება სპეციალური მოწესრიგების არარსებობის შემთხვევაში ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც სპეციალური კანონმდებლობით საკითხი განსხვავებულად არ არის მოწესრიგებული. „პოლიციის შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი შს მინისტრის ნორმატიული აქტებით განისაზღვრება. „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“ შემუშავებულია „პოლიციის შესახებ“ კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, შს სამინისტროს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს, საქმიანობისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თვისებების გათვალისწინებით (11 მუხ.). შს ორგანოებში სამსახური არის კანონმდებლობით რეგლამენტირებული საქმიანობის განსაკუთრებული სახე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 2017 წლის 1 ივლისიდან ძალაში შესვლასთან (127-ე, 128-ე მუხ.) დაკავშირებით შს მინისტრის 31.12.2013წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესში“ შს მინისტრის 30.06.2017წ. N333 ბრძანებით შეტანილი დამატებების, კერძოდ წესის 1-ლი მუხლის 31 პუნქტით, „ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მოქმედება სამინისტროს მოსამსახურეზე, როგორც სპეციალური ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სუბიექტზე, ვრცელდება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში“. შს სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის სხვა საკითხები წესრიგდება ხსენებული წესით დადგენილი სპეციალური ნორმებით და სხვა ნორმატიული აქტებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ სზაკ-ით დადგენილი წარმოების წესები ასევე გამოიყენება სპეციალური რეგულაციის არ არსებობის შემთხვევაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია. ამდენად, არ არსებობს წინააღმდეგობა კანონებსა და კანონქვემდებარე აქტს შორის, არ არის სათანადოდ დასაბუთებული სადავო სამართალურთიერთობის მიმართ სპეციალური რეგულაციის უარყოფა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შს ორგანოს თანამშრომლის ინიციატივა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ არის მისი გათავისუფლების საფუძველი, კერძოდ, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე. პირს უფლება აქვს თავისი თავისუფალი და ნამდვილი ნების საფუძველზე გააგრძელოს ან დატოვოს კონკრეტული თანამდებობა. ადმინისტრაციული ორგანო და შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია პატივი სცეს საჯარო მოსამსახურის ამ უფლებას. მოსამსახურის სურვილი აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, რაც მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს ან პირიქით უარი თქვას შრომაზე. შესაბამისად, პირის მიერ გამოხატული სურვილი გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან უნდა ეფუძნებოდეს მის ნამდვილ ნებას, რომელიც თავისუფალია რაიმე სახის გარე ზემოქმედებისაგან. საქმეში დაცულია თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შს სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბ. მ-ის 01.08.2018წ. განცხადებაზე შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს უფროსის 30.08.2018წ. N2104207 წერილი, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ შსს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით შს სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტმა დადასტურება ვერ ჰპოვა. შესაბამისად, არ დასტურდება რაიმე იძულება. ამდენად, ბ. მ-ის განცხადებასთან დაკავშირებით შსს-მ იქონია შესაბამისი რეაგირება, ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება და ბ. მ-ეს აცნობა, რომ დარღვევა არ დადგინდა (ს.ფ. 68), შემოწმების ჩატარების შედეგები ძალაშია. საქმის მასალებში არ მოიპოვება თვით სამსახურებრივი შემოწმების მასალები, მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად სასამართლოს მოწმის სახით პროცესზე არ მოუწვევია ადმინისტრაციის ის კონკრეტული პირები, რომელთა მითითებით, მოსარჩელის განცხადებით, მან დაწერა პატაკი.
მოთხოვნის საფუძვლიანობას არ ადასტურებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება იმის შესახებ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 109-ე მუხლი მოხელეს აძლევს შესაძლებლობას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე 14-დღიანი ვადის განმავლობაში მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება. სადავო სამართალურთიერთობის მიმართ აღნიშნული ნორმის გამოყენების შემთხვევაშიც ხსენებული ნორმა მოხელეს აძლევს შესაძლებლობას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბ. მ-ის პატაკი, რომლითაც ის ითხოვს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნას, შსს საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში 17.07.2018წ. დარეგისტრირდა. იძულებით, ნების საწინააღმდეგოდ პატაკის დაწერის შესახებ გ. მ-ემ მიმართა შს სამინისტროს 01.08.2017წ. ანუ 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. საფუძველს მოკლებულია აგრეთვე მითითება შრომის კოდექსის 37.1 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად გათავისუფლების შესახებ განცხადების შეტანასა და განთავისუფლებას შორის დადგენილია 30-დღიანი ვადა. ის გარემოება, რომ ბ. მ-ემ 1 თვის განმავლობაში უარი განაცხადა განთავისუფლების შესახებ პატაკზე არ ადასტურებს სადავო აქტის გაუქმების პირობის არსებობას, ვინაიდან განსახილველი საქმე არ განეკუთვნება კერძო-სამართლებრივ დავათა კატეგორიას, დავა საჯარო-სამართლებრივია და სპეციალური კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის დაცვის საჭიროების არარსებობა არ გამორიცხავს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების განხილვისას უწყების მიერ მისი ნამდვილი ნების დადგენის საჭიროება არ დგება ავტომატურად ყველა შემთხვევაში. ამგვარი საჭიროება დგება უკეთუ გონიერ დამკვირვებელს წარმოეშვება ეჭვი განმცხადებლის ნების გამოვლენის ნამდვილობაზე. სასამართლო პრაქტიკით დადგენილია სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებით მიმართვისას ნების გამოვლენის ნამდვილობის შემოწმების საჭიროება შს სამინისტროს თანამშრომელთა მიერ გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებების ერთდროულად მასობრივად დაწერის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნების გამოვლენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის აშკარა საფუძველი. სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე დროის მონაკვეთში მოხელეს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, წერილობით განაცხადოს უარი სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნაზე. ასეთ შემთხვევაში განცხადება რჩება განუხილველი და მას არ ეძლევა მსვლელობა. მოცემულ შემთხვევაში ბ. მ-ემ განცხადებით მიმართა შს მინისტრის მიერ სადავო ბრძანების გამოცემის შემდეგ (01.08.2018წ.), ამასთანავე განმცხადებელი არ ითხოვდა ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებაზე განცხადება დაწერა ზემდგომი თანამდებობის პირების მითითების შესაბამისად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელეს აქვს შესაძლებლობა ბრძანების გამოცემამდე ნებისმიერ დროს, დასაბუთების გარეშე უარყოს თავისი განცხადება, ბრძანების გამოცემის შემდეგ პირმა უნდა დაასაბუთოს იძულება ან მუქარა, შეცდომაში შეყვანა. განსახილველ შემთხვევაში ბ. მ-ე არ უთითებს და საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ უწყების მიერ განმცხადებლის ნების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არსებობდა და აღნიშნული საფუძველი უწყებამ უგულებელყო. საქმის მასალებით არ დასტურდება ძალადობა ან ძალადობის, სამსახურიდან დათხოვნის მუქარა, არ დასტურდება აგრეთვე განცხადების დაწერა უკიდურესი აღგრძნების, სტრესის მდგომარეობაში, მოსარჩელე ვერ ასახელებს და არც სასამართლოს არ დაუდგენია ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან მოსარჩელის მიმართ ძალადობის ან მოტყუების რაიმე მოტივი (შურისძიება, მტრობა, არასწორად გაგებული სახელმწიფო ინტერესი), მით უფრო, რომ მოსარჩელე სამსასხურში დროებით, გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, რომელიც მოკლე ხანში იწურებოდა. ბ. მ-ის 01.08.2018წ. განცხადებაში მიუთითებს, რომ ზემდგომმა თანამდებობის პირებმა განუმარტეს მის მიმართ სამსახურეობრივი შემოწმების მიმდინარეობის გამო განცხადების ნებაყოფლობით დაწერის საჭიროების თაობაზე, რამაც განაპირობა მის მიერ განცხადების დაწერა. კანონმდებლობა არ შეიცავს განთავისუფლების შესახებ განცხადებაში (პატაკში) მოსამსახურის ასეთი გადაწყვეტილების მითითების ვალდებულებას, არ არის დადგენილი განცხადების (პატაკის) რეკვიზიტები, ხოლო პატაკში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიმართვის მიზეზი (კერძოდ მისი საქმიანობის შესწავლის გამო განცხადების დაწერა) ბ. მ-ეს მითითებული არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლის შეკითხვაზე ბ. მ-ემ განაცხადა, რომ განცხადების 14 დღის შემდეგ (01.08.2012წ.) დაწერა განაპირობა სამართლებრივ საკითხებში გარკვევის საჭიროებამ, განცხადება დაწერა მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ სამსახურებრივი შემოწმება არ საჭიროებდა გათავისუფლების თაობაზე განცხადებით მიმართვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-14 მუხლის თანახმად, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგების შეფასება. შეფასების აქტი დგება წერილობითი ფორმით უშუალო უფროსის მიერ და დაერთვება პირის პირად საქმეს. გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე მიღების შესახებ. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან გამოსაცდელი ვადის გასვლის შემთხვევაში პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან. ამდენად, საქმიანობის შემოწმება არ საჭიროებდა გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას, განცხადების დაწერის ეს მოტივი მოკლებულია რაიმე საფუძველს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალურთიერთობებში მოქმედი კანონის ცოდნის პრეზუმფცია გულისხმობს, რომ პირი იცნობს მოქმედ კანონმდებლობას. კანონის არცოდნა არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის საფუძველი (სკ-ის 3.2 მუხ.). აღნიშნული დებულება ზოგადი ხასიათისაა და მას რაიმე მხოლოდ სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელი სპეციფიური ფუნქცია არ გააჩნია, რის გამო მისი გამოყენება დაიშვება აგრეთვე საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც. სათანადო წესით გამოქვეყნებული, მოქმედი ნორმის გამოყენება არ არის ადრესატების მიერ მის ცოდნაზე დამოკიდებული. იგულისხმება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პროცედურების დაცვით შემუშავებული, სახელმწიფო ენაზე შედგენილი, ოფიციალურად გამოქვეყნებული, გაცნობისათვის ხელმისაწვდომი, შესასრულებლად სავალდებულო ქცევის ზოგადი წესის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეთათვის ცნობილია, აღნიშნული დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს (სუს 13.09.2018წ. განჩინება საქმეზე №ბს-858-850(კ-16)). ამდენად, ბ. მ-ის მიმართ მოქმედებს კანონის ცოდნის პრეზუმფცია, მით უფრო, რომ იგი დასაქმებული იყო სამართალდამცავ ორგანოში. კომპეტენტურობის მოთხოვნა მოხელის არა უფლება, არამედ ვალდებულებაა, ნორმატიული მასალის ცოდნა (ყოველ შემთხვევაში იმ ნორმატიული აქტის მაინც, რომლითაც უშუალოდ წესრიგდება პირის საქმიანობა, პრინციპები, სამართლებრივი დაცვის გარანტები) მუშაკის ვალდებულებას შეადგენს. შსს-ში საქმიანობა საჯარო სამსახურის განსაკუთრებული სახეა, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, კანონიერებისა და პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფისაკენ (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ ზოგადი დებულებების 1.2 მუხ.). ამდენად, ყოველგვარი შეცდომა ვერ გამოიწვევს აქტის ბათილობას, შეცდომის ხსენებული საფუძვლის აღიარების შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს სხვა აქტების ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ უნდა იქონიოს მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად პატივსადებია მოსარჩელის მიერ დასახელებული შეცდომის მიზეზი, დაადგინოს ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან შეგნებული განზრახი მოქმედების - მოტყუების ფაქტის არსებობა, მისი მოტივი.
ბ. მ-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილშიც, შს სამინისტროს დაევალა ბ. მ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, ხელფასის ყოველთვიური ოდენობით. შს სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 20.11.2018წ. ცნობის მიხედვით შსს საპატრულო პოლიციაში გამოსაცდელი ვადით მუშაობის პერიოდში მოსარჩელეზე დარიცხული ხელფასი შეადგენდა 1200 ლარს, ცნობის თანახმად შტატში ჩარიცხვის შემდგომ დარიცხული ხელფასი 1400 ლარს შეადგენდა. მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ (ს.ფ. 82) მოითხოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი წესით: გამოსაცდელი ვადის მუშაობის პერიოდში თვეში 1200 ლარის ოდენობით, ხოლო შტატში ჩარიცხვის შემდგომ თვეში 1400 ლარის ოდენობით. ბ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შს სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით. ამდენად, იძულებითი განაცდურის ოდენობა განისაზღვრა არა მხოლოდ გამოსაცდელი ვადით მუშაობის პერიოდის განსაზღვრული ხელფასის განაკვეთით, არამედ აგრეთვე შტატში ჩარიცხვის შემდგომ დარიცხული ხელფასის განაკვეთის ოდენობით, მაშინ როდესაც გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ შტატში ჩარიცხვის საკითხი და შესაბამისად საშტატო განაკვეთის მოსარჩელისათვის დანიშვნის საკითხი სცილდება განსახილველი საქმის დავის საგანს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტა საჭიროებს რელევანტური გარემოებების დადგენას. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმის განმხილველი სასამართლო არ არის შეზღუდული მხარის მიერ მითითებული ფაქტებით და მტკიცებულებებით. დავის სწორად გადაწყვეტისთვის სასამართლოს ეკისრება საკუთარი ინიციატივით საქმის სრულყოფილად გამოკვლევისათვის საჭირო რელევანტური ფაქტების და მტკიცებულებების მოძიების და შეფასების ვალდებულება (სასკ-ის მე4, მე-19 მუხ.). მოცემულ საქმეზე ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების, სამსახურში აღდგენის და სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე იმგვარად, რომ ყურადღების მიღმა დარჩა ბ. მ-ის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის საკითხი. გასაჩივრებული აქტით დგინდება, რომ ბ. მ-ე შსს-ს სისტემაში დანიშნული იყო გამოსაცდელი ვადით (ს.ფ.19). საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის შინაგან საქმეთა მინისტრისადმი 18.07.2018წ. მიმართვით დასტურდება, რომ ბ. მ-ის გამოსაცდელი ვადა განსაზღვრული იყო 3 თვით (ს.ფ.55). გამოსაცდელი ვადის 18 აგვისტოს დასრულების თაობაზე ბ. მ-ე მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაშიც (ს.ფ.4). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დასაშვებია მოხელის განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით დანიშვნა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“ ითვალსწინებს განსაზღვრული ვადით - არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით პირის სამსახურში მიღებას (მე-14 მუხ., 1 პ.). გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან (მე-14 მუხ. მე-2 პ.). გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე მიღების შესახებ. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან გამოსაცდელი ვადის გასვლის შემთხვევაში პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან (მე-14 მუხ. მე-3 პ.). ამდენად, გამოსაცდელი ვადით პირის დანიშვნის შემთხვევაში არ პრეზიუმირდება, რომ იგი უცილობლად უვადოდ დასაქმდება უწყებაში. მისი უვადოდ დანიშვნის საკითხი წყდება გამოსაცდელი ვადის დასრულებისას. განსახილველ შემთხვევაში გათავისუფლების თაობაზე ბრძანება გამოიცა ბ. მ-ის გამოსაცდელი ვადის მიმდინარეობისას, მის მიმართ გამოსაცდელი ვადა არ იყო დასრულებული, მისი საქმიანობის შედეგები არ იყო შეფასებული და იგი არ იყო უვადოდ დანიშნული მოხელე. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ხდება მოხელის შეფასება ხელმძღვანელის მიერ, მოწმდება მისი პროფესიული უნარ-ჩვევების, პროფესიული შესაძლებლობების და მისი კომპეტენციის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობა. ბ. მ-ის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შს სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბ. მ-ის შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ა სამმართველოს ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. გამოსაცდელი ვადით ბ. მ-ის დანიშვნა საფუძველს აცლის მის უვადოდ აღდგენას, უკეთუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ ბ. მ-ის თანამდებობაზე აღდგენა იყო საფუძვლიანი, მისი სამსახურში აღდგენა გამოსაცდელი სამ თვიანი ვადიდან დარჩენილი პერიოდის გათვალისწინებას საჭიროებდა. ამდენად, ბ. მ-ის თანამდებობაზე აღდგენით მოხდა არა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, მისი იმ თანამდებობაზე აღდგენა, რომელიც მას ეკავა გათავისუფლებამდე, არამედ ფაქტიურად სასამართლოს მიერ მოსარჩელის შტატში ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტა, რაც სცილდება განსახილველი საქმის დავის საგანს.
დავის საგანს შეადგენს მხოლოდ ერთი აქტი - შს მინისტრის 23.07.2018წ. N1757100 ბრძანება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ამდენად, გაუგებარია თუ რას გულისხმობს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში სადავო აქტებზე, კერძოდ, კადრების განკარგულებაში აყვანისა და სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აქტების ბათილად ცნობაზე მითითებით, გაურკვეველია აგრეთვე საქალაქო სასამართლოს მითითება მ. ჯავახიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების აქტის ბათილად ცნობაზე და მისი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, მოპასუხისათვის მისი სამსახურში აღდგენის შესახებ აქტის გამოცემის დავალებაზე (ს.ფ.128).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.05.2019წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ქ. ცინცაძე