ბს-523-523 (2კ-18) 24 დეკემბერი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელე)– ა. გ-ა
(მოპასუხე) - სსიპ აღსრულები ეროვნული ბიურო
მესამე პირი - ქ. თბილისის მერია
დავის საგანი – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა, ზიანის ანაზღაურება.
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2018წ. და 29.05.2018წ. განჩინებები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. გ-ამ 10.03.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: სსიპ აღასრულების ეროვნული ბიუროს და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება თბილისის სააღსრულებო ბიუროს არქივიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ N3/3220-07 სააღსრულებო ფურცელზე გახსნილი და დამთავრებულად მიჩნეული N01/21-1925 სააღსრულებო საქმის გამოთხოვის, აღნიშნული სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულებულად მიჩნევის გაუქმებისა და სააღსრულებო წარმოების განახლების შესახებ, აგრეთვე მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 200 000 აშშ დოლარის გადახდის დავალება მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით იმ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისა და მიუღებელი შემოსავლისათვის, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა მათ მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების პირობებში, აგრეთვე 50 000 აშშ დოლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მთავრობის 26.09.2002წ. №13.29.295 დადგენილებით, ქალაქ თბილისის მერს ეთხოვა შუამდგომლობა აღეძრა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე ...ო ... ...ისა და ...ის ქუჩის №8 საცხოვრებელ სახლს შორის არსებული 220 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოქალაქე აპოლონ გ-ასათვის პირდაპირი მიყიდვის წესით განკარგვის შესახებ, მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის მიზნით. 17.10.2003წ. აღნიშნული უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით, რეგისტრაციის საფუძველი გახდა ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 09.06.2003წ. №სახ-481 წერილი და ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 06.06.2003წ. მიწის ნაკვეთის გეგმა. საქართველოს პრეზიდენტის 13.03.2003 წ. №273 განკარგულებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა და შეეძინა ...ის ქუჩა №..., ... ...ო ...ისა და ...ის ქუჩა №8 საცხოვრებელ სახლს შორის არსებული 220 კვ.მ. მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით შეძენის უფლება მიენიჭა. ა. გ-ამ საქართველოს პრეზიდენტის 13.03.2003წ. განაკარგულების საფუძველზე 20.02.2004წ. ,,...ში’’ შეიტანა მიწის ნაკვეთის ღირებულება 2244,50 ლარი, რაც ჩაირიცხა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში №34020008 ანგარიშზე.
ქ. თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი გასულ წლებში მერიის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადაცემის შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ამასთან, დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად ქალაქ თბილისის მთავრობამ დაადგინა, რომ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (მათ შორის, ა. გ-ას), რომლებსაც ქალაქ თბილისის მთავრობასთან არ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ ან/და საკუთრების ან სარგებლობის უფლება არ ჰქონდათ საჯარო რეესტრში და რომელთა ნაწილში არ იყო გაუქმებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები, სათანადო ხელშეკრულებები უნდა გაფორმებოდათ 2007 წლის პირველ დეკემბრამდე, იმ შემთხვევაში თუ წარმოადგენდნენ: ა) ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნას; ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამზადებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს; გ) ქ. თბილისის საკრებულოს 22.01.2007წ. №1-7 გადაწყვეტილებით დადგენილ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარს. ამავე დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების 2007 წლის 1 დეკემბრამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმ პირთა ნაწილში, რომლებიც არ შეასრულებენ მათ. მე-7 პუნქტის თანახმად, წინამდებარე დადგენილებაში მითითებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გაუქმების შედეგად დაინტერესებულ მხარეთათვის მიყენებული ზიანი აუნაზღაურდებოდა დამატებითი წარმოების შედეგად მისი ზუსტი ოდენობის განსაზღვრის შემდეგ. მე-8 პუნქტით დადგინდა დადგენილების დაუყოვნებლივი აღსრულება.
ა. გ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების თბილისის მერიის, თბილისის მერიის ადმინისტრაციის, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის, თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის, თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, ამავე დადგენილების მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების ბათილად ცნობა, თბილისის მერიისათვის მიწის გადაცემის ხელშეკრულების მოსარჩელესთან გაფორმების დავალება და მოპასუხეებისათვის სოლიდარულად ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. გადაწყვეტილებით ა. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი, ამავე დადგენილების მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ა. გ-ას მიმართ, თბილისის მთავრობას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. გ-ას მიმართ თბილისში, ...ის ქ. №...-ში ... ...ო ...ასა და ...ის ქ. №8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლს შორის არსებული 220 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ 03.04.2008წ. დადგენილებით ცვლილებები და დამატებები შევიდა ქ. თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილებაში და დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ, დადგენილების მე-5 პუნქტით განისაზღვრა, რომ ქ. თბილისის პრემიერისა და ქ. თბილისის მთავრობის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებით (მათ შორის, ქალაქ თბილისის მთავრობის 26.09.2002წ. №13.29.295 დადგენილებით) გათვალისწინებულ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ქ. თბილისის მთავრობასთან არ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ ან/და საკუთრებით სარგებლობის უფლება არ ჰქონდათ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, რომელთა ნაწილშიც არ გაუქმებულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გაუფორმდებოდათ სათანადო ხელშეკრულებები ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, 2009 წლის იანვრამდე შემდეგი პირობების შესრულების შემთხვევაში, მათ უნდა წარედგინათ: ა) ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა; ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამზადებული მიწის ნაკვეთის საზღვრები; გ) ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროს მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი საფასურის გადახდის ქვითარი. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ქ.თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურმა უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განკარგული უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება, შემდეგ ზემოაღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების დადების უზრუნველყოფის მიზნით’’.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. გადაწყვეტილებაზე 18.06.2008წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ა. გ-ამ 01.08.2008წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 18.06.2008წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის (საქმე№3/3220-07) აღსრულება. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 11.08.2008წ. სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ წინადადებით მიმართა ქ. თბილისის მერიას. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 28.11.2008წ. კვლავ მიმართა წინადადებით თბილისის მერიას და მოსთხოვა დაუყონებლივ წერილობით ეცნობებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის 08.01.2009წ. №06/59265-2 წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.04.2008წ. გადაწყვეტილება აღსრულდა ქ. თბილისის მთავრობის 22.12.2008წ. №24.36.852 დადგენილების გამოცემით, კერძოდ, აღნიშნული დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები ქ. თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილებაში, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი, ამავე დადგენილების მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,5. გ) წარმოადგინონ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი საფასურის გადახდის ქვითარი; 6. ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურმა: უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განკარგული უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება, შემდგომში ზემოაღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების დადების უზრუნველყოფის მიზნით; 7. ქ. თბილისის მთავრობის 27.08.2007 წ. №18.19.621 დადგენილებაში მითითებული ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმების შედეგად დაინტერესებული მხარეთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდეს დამატებითი წარმოების შედეგად მისი ზუსტი ოდენობის განსაზღვრის შემდეგ". ქ. თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილებას დაემატა მე-5 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი: „ ქ. თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების 2009 წლის 1 იანვრამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში, ძალადაკარგულად ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმ პირთა ნაწილში, რომლებიც არ შეასრულებენ მათ“.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 22.01.2009წ. მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.04.2008წ. სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით. განმცხადებელმა მოითხოვა სასამართლოს განემარტა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი გულისხმობდა თუ არა მოპასუხის მხრიდან კონკრეტული აქტის გამოცემას სადავო მიწის ნაკვეთის ა. გ-ასათვის გადაცემის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.01.2009წ. განჩინებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს უარი ეთქვა 07.04.2008წ. გადაწყვეტილების განმარტებაზე იმ საფუძვლით, რომ სახეზე არ იყო გადაწყვეტილების ბუნდოვანება.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის მერიამ მალულად მოახდინა 03.04.2008წ. დადგენილების მიღება, ადმინისტრაციული წარმოების შესახებ შეტყობინება მას არ მიუღია, არ მიეცა მოსაზრებებისა და პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა. 07.04.08წ. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთ თვეში რომ გამოცემულიყო დადგენილება ის ჩაითვლებოდა სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლად. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ არავითარი აქტი სადავო საკითხზე არ გამოცემულა, სააღსრულებო ბიურომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებულად ჩათვალა 03.04.08წ. თბილისის მერიის დადგენილების მიღება, რომელიც საქალაქო სასამართლოს 07.04.2008წ. გადაწყვეტილების მიღებამდე სამი დღით ადრე არის მიღებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.04.2017წ. გადაწყვეტილებით ა. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 21-ე, 26-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს სააღსრულებო ფურცლით და არ გასცდეს მის ფარგლებს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად სააღსრულებო ბიუროს მიერ ქ. თბილისის მერიას მიეცა წინადადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.06.2008წ. №3/3220-07 სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით. მოვალემ აღმასრულებელს აცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. კანონიერ ძალაში შესული №3/3220 გადაწყვეტილება აღსრულდა ქ. თბილისის მთავრობის 22.12.2008წ. №24.36.852 დადგენილებით, რომლითაც შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები ქ. თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილებაში. აღმასრულებელმა სააღსრულებო ფურცელი მიიჩნია აღსრულებულად ქალაქ თბილისის მთავრობის 22.12.2008წ. №24.36.852 დადგენილების გამოცემით და სააღსრულებო წარმოება დაასრულა. მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღმასრულების მიერ უკანონოდ მოხდა საქმის დასრულებულად მიჩნევა, ვინაიდან აღსასრულებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა ა. გ-ას მიმართ სადავო უძრავი ქონების გადაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც თბილისის მერიის მიერ არ შესრულებულა, სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.04.2008წ. გადაწყვეტილებით სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი, ამავე დადგენილების მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ა. გ-ას მიმართ. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა სასამართლოს მიერ ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტის გამოცემისას დარღვეულია დადგენილი ვალდებულება - გადაწყვეტილების მიღებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების დარღვევით ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემთხვევაში, სასამართლო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს და ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს არა კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს უთითებს საკითხებს, რომელიც მის მიერ დამატებით უნდა იქნეს გამოკვლეული და შეფასებული ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა და ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების დავალება არ გულისხმობს მოსარჩელის სასარგებლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, სასამართლოს მითითებებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოსცეს ისეთივე ან განსხვავებული შინაასის ადმინისტრაციული აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. №3/3220 გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. გ-ასთვის თბილისში, ...ის ქ. №...-ში ... ...ო ...ასა და ...ის ქ. №8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლს შორის არსებული 220 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე. სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულს ხდიდა, სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და აღნიშნულის შემდგომ გამოეცა ახალი აქტი მოსარჩელისთვის უძრავი ქონების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით და არა გადაცემის შესახებ, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა კიდეც. სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 22.12.2008წ. N24.36.852 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები ქ. თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილებაში, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი, ამავე დადგენილების მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო გამოეცა ისეთივე ან განსხვავებული შინაარსის ადმინისტრაციული აქტი, გამოცემული აქტი კი წარმოადგენდა ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერებაც დაინტერესებული პირის მოთხოვნით უნდა შეფასებულიყო კანონდმებლობით დადგენილი წესით, ახალი სასარჩელო წარმოების ფარგლებში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოსთან ერთად არის ხანდაზმულიც, ვინაიდან აღნიშნული მოქმედების შესახებ ა. გ-ასათვის ცნობილი გახდა შესაბამისი გზავნილის ჩაბარებით 28.01.2010წ., ხოლო სარჩელი აღიძრა 10.03.2016წ., რაც ადასტურებს, რომ სარჩელის შეტანისას დარღვეულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 18.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.
სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, სზაკ-ის 207-209-ე მუხლებზე, სსკ-ის 992, 1005-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრების კომპონენტებია დამდგარი ზიანი, რაც მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით, უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზეობრივი კავშირი. აღნიშნული პირობიდან რომელიმეს არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ვინაიდან არ დადგინდა აღმასრულებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. გ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2018წ. განჩინებით ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 377-ე, 382-ე, 390-ე, 393-394-ე მუხლებზე მითითებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. გადაწყვეტილება აღსრულდა ქ. თბილისის მთავრობის 22.12.2008წ. №24.36.852 დადგენილების გამოცემით. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი როგორც უსაფუძვლობის, ასევე ხანდაზმულობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. გ-ას მიერ.
საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნებას. კასატორი აღნიშნავს, რომ განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, იგი არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით და 393.2 მუხლით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. განჩინება ეწინააღმდეგება მსგავს საკითხებზე ადამიანის ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალს, აღნიშნული დარღვევების გამოსწორებას პრეიუდიციული ძალა ექნება ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკისათვის. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393.2 და 393.3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელი არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლო გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, გაქარწყლებული არ არის სააპელაციო საჩივრის მოტივები. სააპელაციო სასამართლოსათვის სსკ-ის 390.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი გაგებული არ უნდა იქნას იმდაგვარად, თითქოს სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. სააპელაციო სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების ვალდებულებაში. შინაარსობრივად ეს ვალდებულება გულისხმობს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი გასულ წლებში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მათ შორის ა. გ-ას მიმართაც. საქალაქო სასამართლოს მიერ მითითებული საქართველოს მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილება ა. გ-ას მიერ გასაჩივრდა სასამართლოში, 07.04.2008წ. მიღებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, მითითებული დადგენილების მე-5 „გ“ ქვეპუნქტი, მე-6, მე-7, მე-8 ქვეპუნქტები ბათილად იქნა ცნობილი და ქ. თბილისის მერიას დაევალა ახალი აქტის გამოცემა ა. გ-ასათვის 220 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ. გადაწყვეტილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და 13.05.2008წ. კანონიერ ძალაში შევიდა. სააღსრულებო ბიურომ 11.08.2008წ. წარმოებაში მიიღო საქმე და დაიწყო სააღსრულებოს წარმოება. კასატორი თვლის, რომ მისი მოთხოვნა ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 82.2 მუხლებს, სსსკ-ის მე-10 მუხლს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცის დამატებითი ოქმის პირველ მუხლს, ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტს სახელწოდებით „საქართველოს სააღსრულებო სისტემის მიმოხილვას“.
14.08.2008წ. თბილისის სააღსრულებო ბიურომ მიმართა ქ. თბილისის მერიას სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე. აღნიშნულ წერილს პრაქტიკულად არავითარი შედეგი და პასუხი არ მოჰყოლია ქ. თბილისის მერიის მხრიდან. 28.12.2008წ. სააღსრულებო ბიურომ კვლავ მიმართა ქ. თბილისის მერიას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ქ. თბილისის მერიას ამოწურული ჰქონდა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების ვადა. სააღსრულებო ბიუროს უნდა მოეხდინა იძულებითი აღსრულება და მიემართა საქართველოს მთავარი პროკურორისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისგებაში მიცემის შესახებ. მთავრობას ეკისრებოდა ვალდებულება დეტალურად გამოეკვლია საქმის მასალები, კერძოდ, ქონების მართვისა და განკარგვის კომისიაში 2003 წელს წარდგენილი დოკუმენტები, კასატორი აღნიშნავს, რომ მის ნაცვლად მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ სახელმწიფო გამოცხადდა. აღნიშნული ადასტურებს, რომ ქ. თბილისის მთავრობა თაღლითურად დაეუფლა 220 კვ.მ. ნაკვეთს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 180.3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. აღნიშნული გარემოებები არ გამოიკვლიეს და არ გაითვალისწინეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, რომელთაც უნდა მიეღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება და აღესრულებინათ სააღსრულებო ფურცელი. ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის იმდროინდელ უფროსს მ. ა-ს დავალებული ჰქონდა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, რომელმაც აღნიშნულის სანაცვლოდ ა. გ-ას მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარის გადახდა, რაზეც ის არ დათანხმდა. 22.12.2008წ. №24.36.852 დადგენილებაში მითითებული არ არის ა. გ-ა, ხოლო 220 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მსჯელობის უფლება არ გააჩნდა ქ. თბილისის მთავრობას, ვინაიდან ქონება თვითმმართველი ერთეულის გამგებლობაში აღარ იყო. სააღსრულებო ბიუროს შესაბამისი განკარგულების საფუძველზე იძულებითი აღსრულების ფარგლებში 220 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ა. გ-ასათვის უნდა გადაეცა. 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილებაში 03.04.2008წ. №05.27.212 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილებები ისე რომ აღნიშნულის თაობაზე მთავრობას ა. გ-ასათვის არ უცნობებია. აღნიშნული ცვლილებების თაობაზე არ იყო ინფორმირებული მოსამართლე თ. შავერდაშვილი, რომელმაც 07.04.2008წ. მიიღო გადაწყვეტილება. ქ. თბილისის მთავრობის მიერ მითითებული ცვლილებების სასამართლოსათვის შეტყობინების შემთხვევაში მიღებული იქნებოდა განსხვავებული შინაარსის გადაწყვეტილება. ამგვარი ქმედებებით ა. გ-ას მიადგა ზიანი. იმ შემთხვევაში, თუ ქ. თბილისის მთავრობა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 თვის ვადაში მიიღებდა დადგენილებას, ეს უნდა ჩაეთვალა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაწყვეტილების აღსრულებად და არასწორია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებულად მიჩნევა სააღსრულებო მოქმედებების ჩატარების გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. საქმის განხილვისას სასამართლოს განემარტა, რომ სააღსრულებო ბიუროს 20.01.2010წ. წერილი ა. გ-ას და მისი ოჯახის წევრებს 28.01.2010წ. არ ჩაბარებიათ, ხოლო საქმის მასალებში არსებული უკუგზავნილზე გაკეთებული აღნიშვნა ყალბია. ეს მოსაზრება სასამართლომ არ გაითვალისწინა. თუმცა მითითებული წერილის ჩაბარებაც არაფერს ნიშნავს, ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. ა. გ-ას მიერ შესრულებული იქნა ქ. თბილისის მთავრობის მოთხოვნა, წარდგენილი იქნა ყველა დოკუმენტი, რაც გახდა მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის საფუძველი. სააღსრულებო ბიურომ არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია აღნიშნულ საკითხზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.2018წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი. 13.12.18წ. განჩინებით ა. გ-ას საკასაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ (საქმე Nბს-897(კ-18)) გაერთიანდა ერთ წარმოებად საკასაციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ ა. გ-ას საკასაციო საჩივართან, მოწინააღმდეგე მხარე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მესამე პირის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ (საქმე Nბს-523-523 (2კ-18)).
ა. გ-ამ 11.10.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მესამე პირის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 12.09.2016წ. №4188 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ აღსრულების ეროვნილი ბიუროსთვის ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. №3/3220-07 საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გაცემული №3/3220-07 სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის აღსრულების დავალება, აგრეთვე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ე. ჯ-ის მიერ 04.02.2016წ. საქმე №3/8543-15 (№229676376259) განჩინების მე-4 პუნქტის მოთხოვნის აღსრულების დავალება, აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის სააღსრულებო წარმოების მასალების არქივიდან ამოღების და სააღსრულებო წარმოების განახლების და აღსრულების დავალება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 12.09.2016წ. №4188 ბრძანება არის უკანონო, რის გამოც სასკ-ის 331 მუხლის შესაბამისად ბათილად უნდა იქნას ცნობილი. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დროულად არ შესრულდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ე. ჯ-ის მიერ 04.02.2016წ. საქმე №3/8543-15 (№229676376259) განჩინების მე-4 პუნქტით საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიცემული დავალება, ა. გ-ას საქმის სააღსრულებო წარმოების მასალების არქივიდან ამოღების და სასამართლოსათვის წარდგენის თაობაზე. აღნიშნული განჩინება უნდა შესრულებულიყო განჩინების ჩაბარებიდან 07 დღეში, ხოლო მოპასუხის მიერ შესრულდა 69 დღის შემდეგ. მოსარჩელის მოთხოვნას შეადგენდა ა. გ-ას საქმის სააღსრულებო ბიუროს არქივიდან ამოღება, სააღსრულებო წარმოების განახლება და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, სააღსრულებო წარმოების განახლების და აღსრულების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ საქმის განხილვისას მოსარჩელემ 07.12.2016წ. წარადგინა მოსაზრება, რომლითაც აღნიშნა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედებები და 12.09.2016წ. №4188 ბრძანება უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიის 07.04.2008წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. გ-ას მოთხოვნა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 31.05.2008წ., გადაწყვეტილებაზე გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რაც წარედგინა სააღსრულებო ბიუროს. სააღსრულებო ბიურომ დაიწყო სააღსრულებო წარმოება, წინადადება გაეგზავნა ქ. თბილისის მერიას, გადაწყვეტილების 7 დღეში ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, სააღსრულებო ბიურომ მიიჩნია, რომ დასრულდა სააღსრულებო წარმოება და საქმე გადაგზავნა სააღსრულებო ბიუროს არქივში. აღნიშნულის გამო ა. გ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თუმცა სააღსრულებო ბიურომ არ განიხილა მისი განცხადება, ვინაიდან არ მოხდა განცხადების არსის გარკვევა. სააღსრულებო ბიურომ არასწორად გაიზიარა გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე ქ. თბილისის მერიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.04.2008წ. გადაწყვეტილების მიღებამდე რამოდენიმე დღით ადრე, მიღებული მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული იქნა პირთა გარკვეულ წრის, მათ შორის, ა. გ-ას ინტერესები. აღნიშნული დადგენილების მიღება მიჩნეული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. გადაწყვეტილების აღსრულებად, რაც არასწორია, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მთავრობას დაევალა ახალი აქტის გამოცემა ა. გ-ასთვის მიწის გადაცემის საკითხზე, რაც არ მიღებულა. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, ისე შევიდა კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში არ მომხდარა აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების გადასინჯვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. სააღსრულებო ბიურომ გამოსცა აქტი, განცხადების შინაარსის შესწავლის გარეშე, გაურკვეველია რომელი სასამართლო დავა გახდა განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.12.2016წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მერია (სასკ-ის 16.1 მუხ.).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.08.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 12.09.2016წ. №4188 ბრძანება და დაევალა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-183 მუხლზე, სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ბრძანება არ შეიცავს სასამართლოში მიმდინარე დავის რეკვიზიტებს, მხარეებისა და დავის საგანის მითითებით, მოსარჩელის 01.09.2016წ. საჩივრის ფარგლებში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება იმისა, რომ სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ა. გ-ას 01.09.2016წ. საჩივრის განხილვისას სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, გაარკვიოს სასამართლოს წარმოებაში იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დავის არსებობის საკითხი, მოპასუხემ გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის რეკვიზიტები, მხარეები და დავის საგანი, ამასთან, ბრძანებაში მითითებული გარემოებები დაადასტუროს ადმინისტრაციული წარმოების მასალებში შესაბამისი მტკიცებულებების არსებობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სზაკ-ის 6011 მუხლის მოთხოვნებზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და საქმის გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები. სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. №3/3220-07 საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების და მის საფუძველზე 18.06.2008წ. გაცემული №3/3220-07 სააღსრულებო ფურცლის და ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ე. ჯ-ის მიერ 04.02.2016წ. განჩინების მე-4 პუნქტით საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიცემული დავალების აღსრულების მოთხოვნები, აგრეთვე სააღსრულებო ბიუროს თავმჯდომარისათვის სააღსრულებო წარმოების (კრედიტორი - აპოლონ გ-ა, მოვალე - ქ. თბილისის მერია) დაწყების დავალების მოთხოვნა უსაფუძვლოა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გულისხმობს მოპასუხის მიერ საკითხის ხელახალ შესწავლას, რაც გამორიცხავს ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და ა. გ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნები და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და ა. გ-ას მიერ.
ა. გ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ მიუხედავად მის მიერ სხვადასხვა უწყებაში არაერთი განცხადების დაწერისა, არ აღსრულებულა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია მის სასარგებლოდ და მის მიერ საკუთრების უფლების მოპოვებას ადასტურებს. 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ორგანოთა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მხრიდან არ დამდგარა გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე საკითხი. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.04.2008წ. გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელში ცვლილება არ შესულა, ხოლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.04.2008წ. გადაწყვეტილების გამოტანამდე 4 დღით ადრე - 03.04.2008წ. გამოცემული №05.27.212 დადგენილებით ქ. თბილისის მერიამ იკისრა ვალდებულება გაეფორმებინა ხელშეკრულებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მათ მიერ ყველა დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში. აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული ყველა პირობა 2002-2003 წლებში იყო შესრულებული კასატორის მიერ, რაც სათანადო სამსახურის მოხელეების ზეპირი მოთხოვნის საფუძველზე 02.05.2008წ. ისევ წარუდგინა ქ. თბილისის მერიას. ქონების მართვისა და განკრაგვის თანამშრომელს ზეპირსიტყვიერად დაევალა მიწის ნაკვეთის ა. გ-ასათვის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება და სანოტარო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. აღნიშნულის საფუძველზე ნოტარიუსმა ქ. ოდილავაძემ შეადგინა სახელმწიფო ქონების ა. გ-ასათვის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, თუმცა მასზე ხელი არ მოაწერა თბილისის ვიცე-მერმა მ. ა-მა. აღნიშნული უმოქმედობით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, 20.03.1952წ. პარიზის კონვენციის 1-ლი კრების 1-ლი მუხლის მოთხოვნები: ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით, არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება. პირველი ინსტანციაში საქმის განხილვისას სხდომაზე დაიკითხა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორი, ი. როსტიაშვილი, რომელმაც დაადასტურა კასატორის მიერ მიწის ნაკვეთის შესყიდვის კანონიერება, თუმცა მოსამართლე ე. ჯ-მა აღნიშნული ჩვენების თაობაზე არ იმსჯელა გადაწყვეტილებაში. აღნიშნული უკანონო მოქმედებებით ა. გ-ას მიადგა მორალური და მატერიალური ზიანი, ვინაიდან არ ეძლევა აღნიშნულ ფართში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ითხოვს დაკმაყოფილებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით ახალი გადაწყვეტილების მიღებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას. კასატორი აღნიშნავს, რომ პრეტენზია არ გააჩნიათ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ვინაიდან არასწორად იქნა მიჩნეული, რომ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. სააღსრულებო ბიურომ სრულად გამოიკვლია საქმის გარემოებები. სასამართლოს მიერ გასაჩივრებული აქტი ბათილად იქნა ცნობილი მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი არ შეიცავს დასაბუთებას, რაშიც იგულისხმება სასამართლო დავის რეკვიზიტების მიუთითებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, საკასაციო სასამართლომ განმარტოს სასკ-ის 32.4 მუხლის დანაწესი, მისი შემდგომი გამოყენებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დანერგვისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ა. გ-ას საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 29.05.2018წ. განჩინებაზე (საქმე N3ბ/1649-17) არ უნდა დაკმაყოფილდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და ა. გ-ას საკასაციო საჩივრები 31.01.2018წ. განჩინებაზე (საქმე N3ბ/317-17) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის გადაწყვეტა საჭიროებს სადავო სამართალურთიერთობის განვითარების, მოცემულ დავასთან კავშირში მყოფი აქტებისა და სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მთავრობის 26.09.2002წ. №13.29.295 დადგენილებით, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის“ მე-7 მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მერს ეთხოვა აღეძრა შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე ...ო ... ...ისა და ...ის ქუჩის №8 საცხოვრებელ სახლს შორის არსებული 220 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოქალაქე ა. გ-ასათვის პირდაპირი მიყიდვის წესით განკარგვის შესახებ, მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის მიზნით.
ქ. თბილისის მერიამ 18.10.2002წ. №4-34/794 შუამდგომლობა აღძრა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე ა. გ-ასათვის ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ...ო ... ...ისა და ...ის ქუჩის №8 საცხოვრებელ სახლს შორის არსებული 220 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოქალაქე ა. გ-ასათვის პირდაპირი მიყიდვის წესით განკარგვის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის 13.03.2003წ. №273 განკარგულებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ნება დაერთო მოქალაქე ა. გ-ას პირდაპირი განკარგვის წესით შეეძინა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ...ო ... ...ისა და ...ის ქუჩის №8 საცხოვრებელ სახლს შორის არსებული 220 კვ.მ მიწის ნაკვეთი, კეთილმოწყობის მიზნით. ამავე ბრძანებულების მე-2 პუნქტით ქ. თბილისის მერიას დაევალა ა. გ-ას მიერ მიწის შესყიდვისა და სათანადო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ მიწის ნაკვეთის შესყიდვის გაფორმების უზრუნველყოფა.
ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 09.06.03წ. მიმართა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს საქართველოს პრეზიდენტის 13.03.2003წ. №279 განკარგულებით ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ...ო ... ...ისა და ...ის ქუჩის №8 საცხოვრებელ სახლს შორის არსებული 220 კვ.მ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო რეგისტრაციის მოთხოვნით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.10.2003წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ...ო ... ...ისა და ...ის ქუჩის №8 საცხოვრებელ სახლს შორის არსებული 220 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მიეთითა ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 09.06.2003წ. №სახ-481 წერილი და 06.05.2003წ. გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „...ის“ მიერ 21.04.2008წ. გაცემული №83 ცნობის თანახმად ა. გ-ამ საქართველოს პრეზიდენტის 13.03.2003წ. №279 განკარგულების საფუძველზე 20.02.2004წ. ამავე ორგანიზაციაში შეიტანა მიწის ნაკვეთის ღირებულება 2244.50 ლარი (სალაროს შემოსავლის ორდერი №001) და თანხა ჩაირიცხა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში №34020008 ანგარიშზე.
,,რიგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარების, მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის და მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ’’ ქ. თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტით განისაზღვრა, რომ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ქალაქ თბილისის მთავრობასთან არ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ ან/და საკუთრების ან სარგებლობის უფლება არ ჰქონდათ საჯარო რეესტრში და რომელთა ნაწილში არ იყო გაუქმებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები, სათანადო ხელშეკრულებები უნდა გაფორმებოდათ 2007 წლის პირველ დეკემბრამდე, იმ შემთხვევაში თუ ქ. თბილისის მერიას წარუდგენდნენ: ,,ა) ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნას; ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამზადებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს; გ) ქ. თბილისის საკრებულოს 22.01.2007წ. №1-7 გადაწყვეტილებით დადგენილ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარს“. ამავე დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების 2007 წლის 1 დეკემბრამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმ პირთა ნაწილში, რომლებიც არ შეასრულებენ მათ. მე-7 პუნქტის თანახმად, წინამდებარე დადგენილებაში მითითებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გაუქმების შედეგად დაინტერესებულ მხარეთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდებოდა დამატებითი წარმოების შედეგად მისი ზუსტი ოდენობის განსაზღვრის შემდეგ. მე-8 პუნქტით დადგინდა დადგენილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
ა. გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მითითებული დადგენილების მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების ა. გ-ას ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.
,,რიგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარების, მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 03.04.2008წ. №05.27.212 დადგენილებით ცვლილებები და დამატებები იქნა შეტანილი ქ. თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილებაში და დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, დადგენილების მე-5 პუნქტით განისაზღვრა, რომ ქ. თბილისის პრემიერისა და ქ. თბილისის მთავრობის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებით (მათ შორის, ქალაქ თბილისის მთავრობის 26.09.2002წ. №13.29.295 დადგენილებით) გათვალისწინებულ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ქ. თბილისის მთავრობასთან არ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ ან/და საკუთრებით სარგებლობის უფლება არ ჰქონდათ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, რომელთა ნაწილშიც არ გაუქმებულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გაუფორმდებოდათ სათანადო ხელშეკრულებები ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, 2009 წლის იანვრამდე შემდეგი პირობების შესრულების შემთხვევაში, მათ უნდა წარედგინათ: ა) ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა; ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამზადებული მიწის ნაკვეთის საზღვრები; გ) ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროს მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი საფასურის გადახდის ქვითარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. გადაწყვეტილებით ა. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი, ამავე დადგენილების მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ა. გ-ას მიმართ. თბილისის მთავრობას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. გ-ას მიმართ თბილისში, ...ის ქ. №...-ში ... ...ო ...ასა და ...ის ქ. №8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლს შორის არსებული 220 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. გადაწყვეტილებაზე 18.06.2008წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
საქმეში დაცულია 2008 წლის აგვისტოს თვეში შედგენილი მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტი, სადაც ხელშეკრულების მხარეებად მითითებულნი არიან ერთის მხრივ - ქალაქ თბილისის მერიის(მთავრობის) სახით ქ.თბილისის მერის პირველი მოადგილე, ადმინისტრაციის უფროსი მ. ა-ი და მეორეს მხრივ ა. გ-ა. ნასყიდობის საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 220 კვ.მ, მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №... -ში ... ...ო ...ასა და ...ის ქ.№8 საცხოვრებელ სახლს შორის. აღინიშნული ხელშეკრულება ხელმოწერილია ა. გ-ას მიერ.
ა. გ-ამ 01.08.2008წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 18.06.2008წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის (საქმე№3/3220-07) აღსრულება.
11.08.2008წ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ წინადადებით მიმართა ქ. თბილისის მერიას.
ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის 02.09.2008წ. №06/59265-2 მიმართვით სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 03.04.2008წ. №05.27.212 დადგენილებით ცვლილებები და დამატებები იქნა შეტანილი ქ. თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილებაში, რომლითაც ფაქტიურად გათვალისწინებული იქნა ა. გ-ას ინტერესები.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 28.11.2008წ. განმეორებით მიმართა წინადადებით თბილისის მერიას და მოსთხოვა დაუყონებლივ წერილობით ეცნობებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
ქ. თბილისის მთავრობის 22.12.2008წ. №24.36.852 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილებები ქ. თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილებაში და დადგინდა ქ. თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ჩამოყალიბება იმდაგვარად, რომ დაინტერესებულ პირებს მიეცათ უფლება წარედგინათ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამავე დადგენილების მე-7 პუნქტით დადგინდა, რომ 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილებაში მითითებული აქტების გაუქმების შედეგად დაინტერესებული პირებისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდებოდა დამატებითი წარმოების შედეგად ზიანის ზუსტი ოდენობით განსაზღვრის შემდეგ. ქ. თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. №18.19.621 დადგენილებას დაემატა მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რომლითაც დადგინდა, რომ დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების (დოკუმენტების წარდგენის) შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ პირთა მიმართ ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
თბილისის მერიის ადმინისტრაციის 08.01.2009წ. №06/59265-2 წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. გადაწყვეტილება აღსრულდა ქ. თბილისის მთავრობის 22.12.2008წ. №24.36.852 დადგენილების გამოცემით.
22.01.2009წ. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით, კერძოდ, განმცხადებელმა მოითხოვა განმარტებულიყო რას ნიშნავდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული სიტყვები „ნაკვეთის გადაცემა“, აღნიშნული სიტყვები გულისხმობდა თუ არა იმას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოსცეს აქტი მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით, სადაც იქნება მითითებული მიწის ნაკვეთის ა. გ-ასათვის გადაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.01.2009წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ სახეზე არ იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20.01.2010წ. წერილით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. გადაწყვეტილება აღსრულდა ქ. თბილისის მთავრობის 22.12.2008წ. №24.36.852 დადგენილების გამოცემით. ქ. თბილისის მთავრობის 26.02.2010წ. N06.12.222 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მთავრობის 26.09.2002წ. N13.29.295 დადგენილება ა.გ-ას ნაწილში. საქართველოს პრეზიდენტის 03.03.2010წ. N157 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 13.03.2003წ. N273 განკარგულება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო აქტის აღსრულებას სავალდებულო, სახელისუფლებო-იმპერატიული ძალის ბუნება აქვს. სასამართლო გადაწყვეტილების იმპერატიულობა გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს, საჯარო თუ კერძო იურიდიული პირის ან ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ, ამ ორგანოებსა და პირებს უფლება არ აქვთ სასამართლო გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღონ. მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაში გამოიხატება, სამართლიანი განხილვის უფლება ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც მოიცავს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, "სასამართლო პროცესის" განუყოფელ ნაწილად განიხილება. ამასთანავე, ა. გ-ას მოსაზრება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2008წ. გადაწყვეტილების აღუსრულებლობის და სააღსრულებო ბიუროს ქმედებათა უკანონოდ მიჩნევის თაობაზე არ არის დასაბუთებული. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქალაქო სასამართლოს 07.04.08წ. გადაწყვეტილება გამოტანილია სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, რომელიც სასკ-ის 23-ე და 33-ე მუხლებისაგან განსხვავებით, ითვალისწინებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემის დავალებას, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემის დავალებას, ამასთანავე, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ 20.04.06წ. Nბს-1291-866(კ-05); 18.10.18წ. Nბს-368-368 (კ-18); 04.10.2018წ. Nბს-567-567(კ-18)). სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს არ ავალებს კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი სასამართლოს მიერ სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცხადდება დავის გადაუწყვეტლად, მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი ბათილად იქნა ცნობილი დავის გადაუწყვეტლად, რის შესახებაც მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგებზე. სასამართლო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ორგანოსათვის კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ხდება სასამართლო გადაწყვეტილების სასკ-ის 33-ე მუხლის და არა 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში. სწორედ აღნიშნულის გამო ა. გ-ას სარჩელი სასამართლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ. ამდენად, საფუძველსაა მოკლებული კასატორის ა. გ-ას მოსაზრება იმის შესახებ, რომ კანონიერ ძალაში მყოფი საქალაქო სასამართლოს 07.04.08წ. გადაწყვეტილებით მერიას დაევალა მისთვის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტის თანახმად მოპასუხეს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების და საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად ა. გ-ასათვის ნაკვეთის გამოყოფის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება არ ნიშნავს იგივე შინაარსის აქტის მიღების შეუძლებლობას, მისაღები აქტის შინაარსი დეტერმინირებულია საქმის ყველა გარემოების შესწავლის, ადმინისტრაციული წარმოების შედეგებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.04.2008წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით ა. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 27.08.2007წ. თბილისის მთავრობის N18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტის "გ" ქვეპუნქტი, დადგენილების მე-6, მე-7, მე-8 პუნქტები ა. გ-ას მიმართ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, თბილისის მთავრობას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ყოველივე აღნიშნული ცალსახად ადასტურებს იმას, რომ გადაწყვეტილებით ადმინისტრაციას დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად სადავო საკითხზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანა და არა ა. გ-ასათვის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღება (სასკ-ის 33-ე მუხ.). სასამართლო გადაწყვეტილება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულს ხდიდა სადავო საკითხის დამატებითი შესწავლის შედეგად გამოეცა ახალი აქტი მოსარჩელისათვის უძრავი ქონების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ ავალებდა კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მიეღო ისეთივე ან განსხვავებული შინაარსის ადმინისტრაციული აქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად გამოცხადებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ საკითხზე ხელმეორედ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ჩატარებულად მიჩნევის საკმარის საფუძველს იძლევა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა თუ რამდენად სრულუყოფილად ჩაატარა ადმინისტარციულმა ორგანომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება. სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად გამოცხადებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ საკითხზე ხელმეორედ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ჩატარებულად მიჩნევის საკმარის საფუძველს იძლევა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების კანონიერების, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის საკითხი არა სააღსრულებო ბიუროს, არამედ სასამართლოს უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აღმასრულებელმა მიმართა მერიას წინადადებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით 12.01.2009წ. სააღსრულებო ბიუროს ჩაბარდა ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 08.01.09წ. N06/392 წერილი, რომლითაც სააღსრულებო ბიუროს შეატყობინა თბილისის მთავრობის 22.12.08წ. N24.36.852 დადგენილების მიღების შესახებ. ქ. თბილისის მთავრობის 22.12.08წ. N24.36.852 დადგენილებით ქ. თბილისის მთავრობის 27.08.07წ. N18.19.621 დადგენილებაში ცვლილება-დამატებები იქნა შეტანილი, რომლის შედეგად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. N18.19.621 დადგენილების ის პუნქტები, რომლებიც ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.04.08წ. გადაწყვეტილებით (მე-5 პუნქტის "გ" ქვეპუნქტი, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტები) ა. გ-ას ნაწილში. ამდენად, უსაფუძვლოა ა. გ-ას მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. თბილისის მთავრობის 22.12.2008წ. N24.36.852 დადგენილება მას არ ეხება. დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოსაზრება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების რევიზიის, უფლებამოსილების გადამეტების შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვერ იქონიებს მსჯელობას ქ.თბილისის მთავრობის 03.04.2008წ. N05.27.212 და 22.12.2008წ. N24.36.852 დადგენილებების კანონიერებაზე, ვინაიდან აღნიშნული არ შეადგენს განსახილველი საქმის დავის საგანს, ა. გ-ას არ გაუსაჩივრებია და სადავოდ არ გაუხდია ქ. თბილისის მთავრობის 03.04.08წ. N05.27.212 და 22.12.08წ. N24.36.852 დადგენილებები, რომლებიც მას 2009 წლის 01 იანვრამდე ავალებდა სხვადასხვა დოკუმენტების წარმოდგენას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად ჩატარდა შემდეგი სააღსრულებო მოქმედებები: 11.08.08წ. თბილისის მერიას გაეგზავნა წინადადება ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ, რის პასუხადაც თბილისის მერიის ადმინისტრაციამ სასამართლო აღმასრულებელს გამოუგზავნა წერილი, რითაც აცნობა, რომ 03.04.08წ. N05.27.212 დადგენილებით ახლებურად ჩამოყალიბდა 27.08.07წ. N18.19.621 დადგენილების პუნქტები, წერილს თან ერთვოდა 03.04.08წ. N05.27.212 დადგენილების ტექსტი. კასატორი ა. გ-ა თვლის, რომ "რიგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარების, მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 03.04.08წ. N05.27.212 დადგენილების მიღებით აღსრულებულად ვერ იქნება მიჩნეული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.08წ. გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვერ იქნება მიჩნეული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებად. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატის კანონიერ ძალაში მყოფი 07.04.11წ. განჩინებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ა. გ-ას დოკუმენტაციის 2009 წლის 01 იავრამდე წარდგენა ევალებოდა ჯერ კიდევ ქ. თბილისის მთავრობის 03.04.08წ. N05.27.212 დადგენილებით და მისთვის ცნობილი იყო ამის თაობაზე. აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლოს 07.04.11წ. განჩინებით დადგენილად იქნა ცნობილი, რომ 03.04.08წ. N05.27.212 დადგენილებით ა. გ-ას ევალებოდა 2009 წლის 1 იანვარამდე წარედგინა უძრავ ქონებაზე ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია, რაც არ წარუდგენია. ხსენებული განჩინებით დადგენილად იქნა მიჩნეული აგრეთვე, რომ 2009 წლის 01 იავრამდე, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, ა. გ-ას მიერ არ წარდგენილა დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს 07.04.2008წ. გადაწყვეტილებას არ გაუუქმებია 03.04.2008წ. N05.27.212 დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 03.04.2008წ. დადგენილება ითვალისწინებდა მისი შესაბამის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების ვალდებულებას (3 პ.), ასევე მისი სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას (5 პ.), რის გამო სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს 07.04.2008წ. გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის ჯერ კიდევ არ იყო შესული ძალაში 03.04.2008წ. N05.27.212 დადგენილება, შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ საქალაქო სასამართლოს 07.04.2008წ. N05.27.212 დადგენილებით განსაზღვრული 2009 წლის 01 იანვრამდე საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე ვალდებულება ა. გ-ას არ შეუსრულებია. ქ. თბილისის მთავრობის 22.12.2008წ. N24.36.852 დადგენილების მოგვიანებით ჩაბარება, კანონიერ ძალაში მყოფი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, არ გამორიცხავდა ჯერ კიდევ 03.04.2008წ. დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღმასრულებელმა 28.11.08წ. თბილისის მერიას გაუგზავნა წერილი, რომლითაც მოითხოვა ინფორმაცია გატარებული ზომების შესახებ, "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 17.1 მუხლის საფუძველზე მერიას განმეორებით მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის 08.01.2009წ. N06/592652 წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 22.12.2008წ. N24.36.852 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები "რიგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარების, მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. N18.19.621 დადგენილებაში. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20.01.2010წ. N01/10-03-212 წერილით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.01.2008წ. N3/3220-07 სააღსრულებო ფურცელი აღსრულებულად იქნა მიჩნეული ქ. თბილისის მთავრობის 22.12.2008წ. N24.36.852 დადგენილების გამოცემით. ა. გ-ას 21.07.2015წ. განცხადებაზე სააღსრულებო ბიუროს 19.08.2015წ. N75885 წერილით ა. გ-ას განემარტა, რომ სააღსრულებო ფურცელი აღსრულებული და გადაგზავნილი იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივში. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ ბიურო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა თუ რამდენად სწორად ჩატარდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება. 24.01.2016წ. ა. გ-ამ კვლავ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივში არსებული სააღსრულებო საქმის განახლებისა და სააღსრულებო მოქმედებების განახლების მოთხოვნით. ბიუროს 22.02.16წ. N177738 წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ იდენტური შინაარსის და მოთხოვნის მქონე განცხადებაზე არგუმენტირებული პასუხი გაეცა 19.08.2015წ. N75855 წერილით, განცხადებაში არ იყო მითითებული რაიმე ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც ანალოგიური შინაარსის განცხადების ხელმეორედ განხილვის საფუძველი გახდებოდა. ა. გ-ას სასამართლოში აღნიშნული აქტები არ გაუსაჩივრებია.
კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნებაყოფლობითი შესრულებისათვის პირველი წინადადების ჩაბარებიდან 7 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ბიუროს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განეხორციელებინა იძულების წესით ანუ უნდა მოეხდინა სადავო ქონების 220 კვ.მ. ნაკვეთის ა. გ-ასათვის გადაცემა სათანადო განკარგულებით, საფუძველსაა მოკლებული. უკვე აღინიშნა, რომ სასამართლოს მიერ სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება თავისთავად გულისხმობს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, მათ შორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, შესაბამისად კასატორის მოსაზრება იძულებითი წესით მისთვის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ არ ეფუძნება არც კანონმდებლობის და არც კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნებს.
დაუსაბუთებელია კასატორ ა. გ-ას მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შემდეგ მერია არ იყო უფლებამოსილი რაიმე აქტის მიღებაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 13.03.03წ. N273 განკარგულებით ა. გ-ას ნება დაერთო პირდაპირი განკარგვის წესით ნაკვეთის შეძენის, ამასთანავე, ამავე განკარგულებით ქ. თბილისის მერიას დაევალა ა. გ-ას მიერ მიწის შესყიდვისა და სათანადო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ, მიწის ნაკევთის შესყიდვის გაფორმების უზრუნველყოფა. იმჟამად მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 10.05.2000წ. N65 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის" მე-7 მუხლი ითვალისწინებდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიღების შემდეგ ადგილზე მიწის გამიჯვნას იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის ნორმატიული ფასის გადახდის შემთხვევაში, ამასთანავე ხელშეკრულების დადებას უზრუნველყოფდა შესაბამისი რაიონის და ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგეობა (მთავრობა). "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკითხებს და განსაზღვრავდა იმ სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას, რომლებიც სახელმწიფო მიწით განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმოადგენენ სახელმწიფოს. აღნიშნული კანონის თანახმად, გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის შესახებ იღებდნენ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები (მე-3 მუხ.), ამ კანონით რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება სახელმწიფო მიწის განკარგვის პროცესის ორგანიზება და მართვა, სახელმწიფოს სახელით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება (3.3 მუხ.).
ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. გ-ას მიმართ საქართველოს პრეზიდენტის 13.03.2003წ. №273 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქ. თბილისის მერიამ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს იმ საფუძვლით, რომ ა. გ-ამ ქ. თბილისის მერიას არ წარუდგინა საჭირო დოკუმენტაცია. ქ. თბილისის მთავრობის 26.02.2010წ. №06.12.222 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მთავრობის 26.09.2002წ. №13.29.295 დადგენილება ა. გ-ას ნაწილში. დადგენილებაში აღინიშნა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 15.12.2009წ. N33.34.1198 დადგენილებით განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომელთაც ჰქონდათ დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნები და მათი მხრიდან დადგენილ ვადაში წარდგენილი იყო მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მათ შორის არ არის ა. გ-ა, რომელსაც არ შეუსრულებია სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნა. საქართველოს პრეზიდენტის 03.03.2010წ. №157 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „ა. გ-ასათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 13.03.2003წ. №273 განკარგულება. ა. გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში თბილისის მთავრობის 26.02.2010წ. №06.12.222 დადგენილების, საქართველოს პრეზიდენტის 03.03.2010წ. №157 განკარგულების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისის მთავრობისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტის 13.03.2003წ. №273 განკარგულების საფუძველზე სსიპ თბილისის ქონების სააგენტო გააფორმებს ხელშეკრულებას ა. გ-ასთან, მის მიერ შეძენილი 220 კვ.მ მიწის ფართის გადაცემის თაობაზე. ა. გ-ამ მოითხოვა აგრეთვე მატერიალური და მორალური ზიანის სახით გ. უგულავასთვის, მ. ა-ისთვის, დ. ა-ისთვის, ნ. ხ-ისთვის, დ. ა-ისთვის, დ. გ-ისთვის, თ. გ-ისთვის, გ. ნ-ისთვის, ნ. ს-ისთვის, რ. ს-ისთვის, ქ. ა-ისთვის, ზ.ა-ისთვის, ვ. გ-ასთვის, ა. თ-ისთვის, გ. ლ-ასთვის, ა. ჯ-ისთვის, მ. ქ-ასთვის, გ. ქ-ისთვის, დ. ხ-ისთვის და ი. ა-ისათვის 500 000 ლარის სოლიდარულად დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.11.2010წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. გ-ას მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.04.2011წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ა. გ-ამ არ შეასრულა მისთვის ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარდგენის ვალდებულება, რაც გახდა ა. გ-ას ნაწილში ქ. თბილისის მთავრობის 26.09.2002წ. №13.29.295 დადგენილების და საქართველოს პრეზიდენტის 13.03.2003წ. №273 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცემის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 23.04.2010წ. №12-8/4503 წერილით აცნობა ა. გ-ას საქართველოს პრეზიდენტის 03.03.2010წ. №157 განკარგულებით „ა. გ-ას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განკარგვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 13.03.2003წ. N273 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. ამდენად, ქ. თბილისის მთავრობის 26.02.10წ. N06.12.222 დადგენილების და საქართველოს პრეზიდენტის 03.03.2010წ. N157 განკარგულების მართლზომიერება დადასტურებულია კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილებებით (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.2010წ. გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.11წ. განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.07.2011წ. განჩინება), ხსენებული აქტებით ძალადაკარგულად გამოცხადდა შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობის 26.09.02წ. N13.29.295 დადგენილება, რომლითაც ქ. თბილისის მერს ეთხოვა ნაკვეთის ა. გ-ასთვის პირდაპირი მიყიდვის წესით განკარგვის შესახებ შუამდგომლობის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე აღძვრა და საქართველოს პრეზიდენტის 13.03.03წ. N273 განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების და ა. გ-ასათვის პირდაპირი განკარგვის წესით მიწის ნაკევთის შეძენის ნების დართვის შესახებ. მაშასადამე, ამჟამად ა. გ-ას მიმართ სადავო ნაკვეთზე მიღებული ყველა უფლებადამდგენი დოკუმენტი ძალადაკარგულია, შესაბამისად არ დასტურდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების რაიმე სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.04.2008წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ ქ. თბილისის მერიამ შეისწავლა საკითხი და დაადგინა, რომ ა. გ-ამ დოკუმენტაციის სრულად წარდგენის ვალდებულება არ შეასრულა 2009 წლის 01 იანვრამდე. ა. გ-ას მიერ შესასრულებელი ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გახდა ა. გ-ას ნაწილში ქ. თბილისის მთავრობის 26.09.2002წ. №13.29.295 დადგენილების და საქართველოს პრეზიდენტის 13.03.2003წ. №273 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. აღნიშნული გარემოებები ადასტურებენ საქალაქო სასამართლოს 07.04.08წ. გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებას, რაც გასაჩივრდა ა. გ-ას მიერ და სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დადგენილია მათი კანონიერება. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას თბილისის მთავრობის 26.02.2010წ. N06.12.222 დადგენილების და საქართველოს პრეზიდენტის 13.03.2010წ. N157 განკარგულების კანონიერებაზე, ვინაიდან მათი მართლზომიერება უკვე დადასტურებულია კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლოს აქტებით. საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლის, "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 4.1 მუხლის, სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტები სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სსკ-ის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოების წესებს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას, აღსრულების წარმოების შედეგად გამოცემული აქტით აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგის გადასინჯვის შესაძლებლობას. სსკ-ის 265-ე მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა, რომელშიც ამავე კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოიაზრება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების დანაწესის დაძლევა აღსრულების პროცედურებით.
სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე საქმის მასალებში დაცული პირდაპირი განკარგვის წესით უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ, გამყიდველმა (ქ. თბილისის მერიამ) უარი განაცხადა ხელშეკრულების დადებაზე, რის გამო სანოტარო აქტი არ გაცემულა და შესაბამისი შენიშვნა გაკეთდა სანოტარო რეესტრში. ხელშეკრულების დადების აუცილებელი პირობაა ხელშეკრულების ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენა, სკ-ის 327.1 მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი, მას რაიმე სამართლებრივი შედეგი არ გამოუწვევია.
მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას იმ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის და მიუღებელი შემოსავლისათვის, რომელსაც ის მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. საკასაციო პალატა თვლის, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ დასტურდება დელიქტის ანაზღაურების მოთხოვნის ადრესატის - სააღსრულებო ბიუროს მართლწინააღმდეგი ქმედება (უმოქმედობა), ბრალეულობა, ზიანის არსებობა, ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. ზემოაღნიშნულთან ერთად მხედველობაშია მისაღები, რომ ქ. თბილისის მთავრობის 21.08.2007წ. N18.19.621 დადგენილებასა და ქ. თბილისის მერიის 03.04.2008წ. N05.27.212, აგრეთვე ქ. თბილისის მთავრობის 22.12.08წ. N24.36.852 დადგენილების მე-7 პუქტებით განისაზღვრა, რომ დადგენილებებში მითითებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გაუქმების შედეგად დაინტერესებულ მხარეთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდებოდა დამატებითი წარმოების შედეგად მისი ზუსტი ოდენობის განსაზღვრის შემდეგ. საქმეზე დადგენილია ა. გ-ას მიერ საქართველოს პრეზიდენტის 13.03.2003წ. განკარგულების საფუძველზე 20.02.2004წ. ,,...ში’’ მიწის ნაკვეთის ღირებულების სახით 2244,50 ლარის შეტანა, რაც ჩაირიცხა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში №34020008 ანგარიშზე, ხოლო ზემოთმითითებული დადგენილებებით ქ. თბილისის მერიას ევალებოდა იმ პირებისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე ცალკე წარმოების ჩატარება, რომელთა მიმართ გაუქმდა ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებები. მოცემულ შემთხვევაში ა. გ-ას მიმართ ქ. თბილისის მთავრობის 26.09.2002წ. №13.29.295 დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის მთავრობის 26.02.2010წ. №06.12.222 დადგენილებით, რითაც მას წარმოეშვა გადახდილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუმცა მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლად უთითებს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, შესაბამისად მოპასუხედ დასახელებულია არა მუნიციპალიტეტი, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ბიურო, დელიქტის ანაზღაურების მოთხოვნა არ მოიცავს მის მიერ სადავო ნაკვეთის ღირებულების დაბრუნების მოთხოვნას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არის დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს 31.01.18წ. (საქმე N3ბ/317-17) გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 12.09.2016წ. N4188 ბრძანება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 12.09.2016წ. №4188 ბრძანება არ შეიცავდა მითითებას სასამართლოში მიმდინარე დავის რეკვიზიტებზე, მხარეებზე, არ იყო მითითებული დავის საგანი, ხოლო ა. გ-ას 01.09.2016წ. საჩივრის ფარგლებში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება იმისთან დაკავშირებით, რომ სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. აღნიშნულის გამო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო გასაჩივრებული აქტის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობის და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ორგანოსათვის ხელახალი განხილვისა და ახალი გადაწყვეტილების მისაღებად დაბრუნების დასაბუთებას. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება და ახალი აქტის გამოცემის დავალება საჭიროებდა იმ გარემოებების მითითებას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისას და ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე ამ გარემოების გარკვევის დავალებას. სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე აქტის გაუქმება დასაშვებია თუ აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების დასაბუთებას, სასამართლოს არ უმსჯელია ასეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ წინაპირობებზე. სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან მითითებული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამასთანავე ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის. სააპელაციო პალატის განჩინებაში მითითებული გარემოება არ ქმნიდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახალი განხილვის დავალების საფუძველს. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების დანაწესების მიუხედავად სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების დადგენის შესაძლებლობის გამომრიცხავი გარემოებები. სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, ან ასეთი გართულებულია. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრონციპის გათვალისწინებით, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები არ არის გამოკვლეული, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის დელეგირება. მოცემულ შემთხვევაში ის გარემოებები, რომლებიც მიეთითა საკითხის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტას, არ იყო სასამართლოსათვის ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების შესრულების დაკისრების ტოლფასი და არ ქმნიდა სუბსიდარობის პრინციპის უარყოფის საფუძველს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა. რაც შეეხება დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საჭიროებას, აღნიშნული ასევე არ ქმნის სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლებს, გარემოებების სამართლებრივი შედეგების დადგენა თავად სასამართლომ უნდა მოახდინოს. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლო საკასაციო ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობებით საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოს სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა თავად გამოერკვია ის გარემოება, რომლის გამო სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნო აქტი და საქმე დაუბრუნდა სააღსრულებო ბიუროს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ფაქტობრივად უარი თქვა ნორმის შეფარდებაზე და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ფაქტების სამართლებრივი შეფასება. სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სადავო ბრძანების გამოცემისას არ მოიკვლია საჩივარში დასმული საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, აღნიშნულის გამო სადავო აქტი არ შეიცავს დასაბუთებას, საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი გახდა იმავე დავაზე სასამართლოში მიმდინარე წარმოება, ერთადერთი გარემოება, რომლის გამო სასამართლომ გადაწყვიტა სადავო აქტის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობა, არის სადავო ბრძანებაში სასამართლო დავის რეკვიზიტების არ მითითება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. გ-ას მიერ 10.03.16წ. აღძრული აქვს სარჩელი მოპასუხეების - აღსრულების ეროვნული ბიუროს და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას შეადგენს თბილისის სააღსრულებო ბიუროს არქივიდან სააღსრულებო საქმის (N01/21-1925) გამოთხოვა, სააღსრულებო წარმოების განახლება და მოვალის წინააღმდეგობის შემთხვევაში განკარგულების გამოცემა, საჯარო რეესტრის სააგენტოში რეგისტრაციის განსახორციელებლად მისი წარდგენა. რაც შეეხება 01.09.16წ. საჩივარს, ა. გ-ა საჩივარში ითხოვდა აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივში არსებული სააღსრულებო საქმის (N01/08-12-1925) განახლებას და სააღსრულებო მოქმედების განხორციელებას. ამდენად, სადავო აქტის - 12.09.2016წ. N4188 ბრძანების კანონიერების დადგენა საჭიროებდა ა. გ-ას მიერ 10.03.16წ. აღძრული სარჩელის და მისი 01.09.2016წ. ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნების იდენტურობის დადგენას, ვინაიდან "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 183 მუხლის მე-5 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არ განიხილავს საჩივარს, თუ სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. სსკ-ის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელის სასამართლოში წარმოების მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება რომელიმე სხვა ორგანომ განიხილოს, სზაკ-ის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი განიხილოს ადმინისტრაციული საჩივარი, თუ საჩივარში დასმული საკითხი სასამართლო განხილვის საგანია. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა პროცესუალური შესაძლებლობა შეემოწმებინა ა. გ-ას მოთხოვნისა და მის მიერ სასამართლოში აღძრული დავის იდენტურობა, მით უფრო, რომ სააპელაციო საჩივარში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო უთითებდა სასამართლოს წარმოებაში არსებულ კონკრეტულ დავასა და რეკვიზიტებს.
ა. გ-ას მიერ 11.10.16წ. სარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას შეადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.02.16წ. განჩინების მე-4 პუნქტის დავალების აღსრულება. განჩინების ხსენებულ პუნქტში აღნიშნულია, რომ სსკ-ის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე: ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამდენად, აღნიშნული განჩინების მე-4 პუნქტის შინაარსი ამოიწურება მხოლოდ კანონის ნორმის ციტირებით, შესაბამისად 11.10.16წ. აღძრული სარჩელის ეს მოთხოვნა დაზუსტებას საჭიროებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო პალატის 29.05.2018წ. განჩინებაზე (საქმე N3ბ/1649-17) არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ა. გ-ას საკასაციო საჩივრები სააპელაციო სასამართლოს 31.01.2018წ. განჩინებაზე (საქმე N3ბ/317-17) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30-ე, 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2018წ. განჩინება (საქმე №3ბ/1649-17);
2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და ა. გ-ას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2018წ. განჩინება (საქმე № 3ბ/317 -17) და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ქ. ცინცაძე