Facebook Twitter

ბს-26 (კ-19) 07 დეკემბერი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 02.10.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შპს „...ის“ მიმართ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 951.94 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.10.2015წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სარჩელი შპს „...ის“ მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.

სსიპ სოციალური მიმსახურების სააგენტომ 02.10.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „ზ...ის“ მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 460.80 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.10.2015წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სარჩელი შპს „ზ...ის“ მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 18.02.2016წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმით ერთ წარმოებად გაერთიანდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს „...ასა" და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს „ზ...ს“ შორის არსებული საქმეები, ხოლო საქმის ნომრად განისაზღვრა 3/180-2015.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 28.04.2016წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმით საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 28.07.2016წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხე მხარე შპს "რ...ის" სახით.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 06.09.2016წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი მოპასუხე შპს "რ...ის" მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.11.2016წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 12.09.2017წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს "...ოს" მიმართ, შპს "...ოსათვის" სახელმწიფო ბიუჯეტის სასაარგებლოდ 1412.74 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2018წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2018წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც რევიზიის აქტთან ერთობლიობაში დაადასტურებდა მოწინააღმდეგე მხარისთვის მოთხოვნილი თანხის დაკისრების აუცილებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ მსგავს დავებზე სასამართლო პრაქტიკის მიხედვით სააგენტოს სარჩელი კმაყოფილდება, ამდენად მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება იდენტურ დავებზე დადგენილ პრაქტიკას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 22.03.2012წ. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შედგენილ იქნა აქტი, რომლის მიხედვითაც საინსპექციო პერიოდში 2010 წლის 1-ლი იანვრიდან 2011 წლის 1-ელ აპრილამდე შპს „...ის მიერ“ პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 951.94 ლარი. აქტი შედგენილია 3 ეგზემპლარად, აღიარებული და ჩაბარებულია კლინიკის დირექტორის მიერ, შესაბამისად ადგილი აქვს სკ-ის 341-ე მუხლის შემადგენლობას. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლოს მითითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოაღნიშნული აქტების გასაჩივრება არ ხდებოდა, არ გულისხმობს კანონიდან გამომდინარე მის მცდარობას. კასატორი მიუთითებს, რომ იდენტური მდგომარეობაა რეგულირების სააგენტოს 21.03.2012წ. აქტთან დაკავშირებითაც, ამდენად არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების და სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.10.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანებების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ შპს „ზესტაფონის რაიონის ცენტრალურ პოლიკლინიკასა“ და შპს „ტუბდისპანსერში“ განახორციელა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების ინსპექტირება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2010 წლის 1-ლი იანვრიდან 2011 წლის 1-ელ აპრილამდე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დარღვევის გამო, შპს „ზ...ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 460.80 ლარი, ხოლო შპს „ზ...ისათვის“ შეადგინა 951.94 ლარი. შპს „...ა“ წარმოადგენს შპს „ზ...ის“ უფლებამონაცვლეს, ხოლო შპს „...ო“ წარმოადგენს შპს „...ის“ უფლებამონაცვლეს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტები შედგენილია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დარღვევის ფაქტებზე. შესაბამისად, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია ხელშეკრულების პირობების, მათი დარღვევის ფაქტების და პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციების განსაზღვრა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დავაში მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის მტკიცების ტვირთი მასვე ეკისრება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალწარმოების ეტაპზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არ წარმოდგენილა შემოწმების აქტში დაფიქსირებული დარღვევების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოწინააღმდეგე მხარისათვის მოთხოვნილი თანხის დაკისრების მიზანშეწონილობას.

კასატორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ 22.03.2012წ. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს აქტი ჩაბარებულია კლინიკის დირექტორის მიერ არ წარმოადგენს სსკ-ის 341-ე მუხლის გამოყენების საფუძველს, ვინაიდან არ ფიქსირდება კლინიკის დირექტორის მზადყოფნა დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

ამასთანავე, არ დასტურდება გასაჩივრებული განჩინების სასამართლო პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მიღება. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. სასამართლოს მიერ დავა წყდება კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მათი სამართლებრივი შეფასების გზით. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება კასატორის მიერ მითითებული განჩინებებით იდენტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2018წ. განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.02.2019წ. N06465 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე