ბს-588(კ-20) 29 ოქტომბერი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2019წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ლ-მა 07.09.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 20.07.2018წ. ბრძანების ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის გამარტივებული წარმოების წესით მოთხოვნილი სესხის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს (სულ 3579,80 ლარის) გადახდაზე მოსარჩელის მიერ შესაბამისი მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით 10 კალენდარულ დღიანი ვადის აღდგენის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.09.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.2018წ. გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 20.07.2018წ. ბრძანება და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა 10 კალენდარულ დღიანი ვადის აღდგენა შპს „...ის“ მიერ გამარტივებული წარმოების წესით მოთხოვნილი სესხის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს (3579,8 ლარის) გადახდაზე მოსარჩელის მიერ შესაბამისი მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 912 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ამავე კანონის 914 მუხლის მიხედვით, გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამასთანავე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი ადგენს, რომ შესაბამისი განცხადების რეგისტრაციის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო ატყობინებს რესპოდენტს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, შეტყობინება უნდა შეიცავდეს მითითებას იმის შესახებ, რომ რესპოდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ხოლო თუ სრულად ან ნაწილობრივ არ ეთანხმება აპლიკანტის მოთხოვნას, წარადგინოს წერილობითი პროტესტი. თუ რესპოდენტი არ განახორციელებს ნორმატიულად განსაზღვრულ რომელიმე ქმედებას, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპოდენტს ჩაბარდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში შპს „...მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების გზით მ. ლ-ისათვის დავალიანების - 3579,80 ლარის დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობით შეტყობინება გაუგზავნა მ. ლ-ს, რომლითაც აცნობა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ და განუსაზღვრა ათდღიანი ვადა სათანადო რეაგირებისათვის. მ. ლ-ს დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ მიუმართავს, რის გამო სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 20.07.2018წ. გამოსცა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო არ არის მ. ლ-ისათვის შეტყობინების ჩაბარებისა და დადგენილ ვადაში მისი მხრიდან რაიმე ქმედების განუხორციელებლობის ფაქტი, თუმცა მნიშვნელოვანია მოსარჩელის მიერ პროტესტის დადგენილ ვადაში განუცხადებლობის მიზეზები. სზაკ-ის 94.3 მუხლი ითვალისწინებს გაშვებული ვადის აღდგენის შესაძლებლობას, უკეთუ მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად - დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზით. პირისაგან არაბრალეული გარემოებით გამოწვეული, კონკრეტული ქმედების გამომრიცხველი ვითარების შექმნა არ შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს პირს და ფორმალურად, მხოლოდ ვადის გასვლაზე მითითებით მოხდეს მისი უფლებების ხელყოფა, პირს უნდა ჰქონდეს კანონის მოთხოვნის შესრულების რეალური შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შეტყობინებაში განსაზღვრული ათდღიანი ვადის გაშვება მოხდა მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ, მ. ლ-მა 09.07.2018წ. მიმართა ექიმს, დაუდგინდა მწვავე სალპინგოოფორიტის დიაგნოზი, მიეცა სათანადო დანიშნულება და მკურნალობა, ამასთან, დაენიშნა დამზოგველი შრომითი რეჟიმი 14 დღის ვადით, რის გამო მას არ ჰქონდა შესაძლებლობა 10 დღის ვადაში სათანადო რეაგირება მოეხდინა 05.07.2018წ. ჩაბარებულ შეტყობინებაზე. პალატამ არ გაიზიარა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მითითება, რომ მ. ლ-ს შეეძლო პროტესტი განეცხადებინა საავადმყოფოში მიმართვამდე, რადგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსარჩელის მდგომარეობა ვადის ბოლო პერიოდში, რადგან პირს ვერ მოეთხოვება განაცხადოს პროტესტი შეტყობინების ჩაბარებისთანავე, დაუყონებლივ და წინასწარ განსაზღვროს პროტესტის წარდგენის ვადის ბოლო დღეებისათვის თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. კასატორმა მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის საკითხის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებზე და აღნიშნა, რომ სადავო აქტი გამოიცა ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურების დაცვით. კასატორი მიიჩნევს, რომ გამარტივებული წარმოების პროცედურა მოითხოვს კანონით გათვალისწინებული ეტაპების გავლას, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რესპოდენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, მათ შორის დავალიანების არარსებობის შესახებ პროტესტის წარდგენას, რაც გამორიცხავს გადახდის ბრძანების გამოცემას და იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გატარებას. დადგენილ ვადაში პროტესტი წარდგენილი არ ყოფილა, ამდენად, არ არსებობდა სადავო აქტის გამოცემის დამაბრკოლებელი გარემოება. მოსარჩელეს მიეცა რეალური შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარედგინა პროტესტი. კასატორის მოსაზრებით არ არსებობს გაშვებული ათდღიანი ვადის აღდგენის საფუძველი, რადგან არ დასტურდება პროტესტის წარდგენის ობიექტური შეუძლებლობა: მ. ლ-ს შეეძლო ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა მიეღო წარმომადგენლის მეშვეობით, ამასთანავე, მოსარჩელემ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა შეტყობინების ჩაბარებიდან მე-4 დღეს. გასათვალისწინებელია, რომ სამედიცინო ცნობის მიხედვით, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო იმგვარი, რაც შეუძლებელს გახდიდა რესპოდენტის მერ სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ქმედების განხორცილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს გამარტივებული წარმოების განხორციელებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას (914.1 მუხ.), განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ და განუმარტავს, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, უკეთუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ (917 მუხ. 1-ლი, მე-2 პ.). იმ შემთხვევაში თუ, რესპოდენტმა რომელიმე ზემოაღნიშნული ქმედება არ განახორციელა აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ (917 მუხ. მე-4 პ.). განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „...მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების გზით მ. ლ-ისათვის დავალიანების - 3579,8 ლარის (ძირითადი თანხა - 300 ლარი, პირგასამტეხლო - 3119,8 ლარი)დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. გამარტივებული წარმოების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 02.07.2018წ. შეტყობინებით მ. ლ-ს ეცნობა შპს „...ის“ განცხადების საფუძველზე მ. ლ-ის მიმართ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ასევე განემარტა 10 კალენდარული დღის ვადაში მოსარჩელის მხრიდან განსახორციელებელ ქმედებათა და თანამდევი სამართლებრივი შედეგების შესახებ. შეტყობინება მ. ლ-ს ჩაბარდა 05.07.2018 წ., დადგენილ ათდღიან ვადაში მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ მიუმართავს, არც დავალიანება დაუფარავს და არც წერილობითი პროტესტი წარუდგენია, რასაც მოჰყვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სადავო აქტის გამოცემა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ.ლ-ის მიერ შეტყობინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის გაშვება იმთავითვე არ ადასტურებს სადავო აქტის კანონიერებას, რადგან სზაკ-ის 94.3 მუხლის მიხედვით, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზით. საქმეში დაცული, თელავის სამშობიარო სახლი - შპს „ს...ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N1231 სამედიცინო ცნობის მიხედვით, პაციენტმა მ. ლ-მა 09.07.2018წ. მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, რის შედეგადაც დაესვა დიაგნოზი მწვავე სალპინგოოფორიტი, მიეცა სათანადო დანიშნულება და რეკომენდაციები, დადგინდა, რომ პაციენტი საჭიროებდა დამზოგველ შრომით რეჟიმს 14 დღის განმავლობაში. ცნობა ხელმოწერილია მკურნალი ექიმისა და დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე შპს „ს...ის“ დირექტორის მიერ ხელმოწერილი 12.10.2018წ. ცნობა, რომლის თანახმად, N1231 ცნობის შესაბამისად, მ. ლ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის და გამოვლენილი ავადმყოფობის მკურნალობისათვის საჭირო იყო მკურნალობის განხორციელება წოლით რეჟიმში 14 დღის განმავლობაში, რაც შესაბამისი რეკომენდაციით გამორიცხავდა მისი გადაადგილების შესაძლებლობას. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ შეტყობინებაში განსაზღვრული ათდღიანი ვადის გაშვება მოხდა მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, მისი ბრალის გარეშე. ის, რომ მ. ლ-მა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა შეტყობინების ჩაბარებიდან მე-4 დღეს, არ გამორიცხავს გაშვებული ათდღიანი ვადის აღდგენას, რადგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსარჩელის მდგომარეობა სწორედ ვადის ბოლო პერიოდში,- პირს ვერ მოეთხოვება პროტესტის განცხადება შეტყობინების ჩაბარებისთანავე, ასევე ვერ დაევალება ვადის დენის ბოლო დღეებისათვის თავისი მდგომარეობის წინასწარ განსაზღვრა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2019წ. განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს.კ. 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.06.2020წ. N07634 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე