Facebook Twitter

#ბს-673(კს-20) 24 სექტემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. თ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. თ-ამ 2016 წლის 25 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმართ, ზიანის - 5 112 075 აშშ დოლარის ან 3 637 196,43 ევროს ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ი. თ-ას უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ი. თ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით ი. თ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინება და ი. თ-ას სარჩელი დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქმე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ი. თ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. თ-ას მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბერს განცხადებით მომართა ი. თ-ამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ი. თ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით ი. თ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ი. თ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინებით ი. თ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2019 წლის 11 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ი. თ-ამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინებასთან დაკავშირებით, რომლითაც იგი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ითხოვდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 სექტემბრის განჩინებით ი. თ-ას შუამდგომლობა/განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2019 წლის 17 აპრილსა და 11 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებებით მიმართა ი. თ-ამ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის საფუძველზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ი. თ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ მოიხმო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლი, რომლის მიხედვით სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ი. თ-ა განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობად მიუთითებს ზოგადად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლზე, რაიმე დაკონკრეტების, ამ მუხლიდან გამომდინარე შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენისა თუ განმარტებების გარეშე. პალატამ განმარტა, რომ აღნიშნულის მითითება წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის სავალდებულო წინაპირობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. თ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის საფუძველზე საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით ი. თ-ას კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. თ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება. ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ი. თ-ა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლზე და აღნიშნული მუხლის ცალკეულ ქვეპუნქტებზე, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ი. თ-ას განცხადებაში, ისევე როგორც წარმოდგენილ კერძო საჩივარში, არ არის მითითებული ისეთ გარემოებებზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის საფუძველზე საქმის წარმოების განახლების წინაპირობას შექმნიდა. განცხადებაში/კერძო საჩივარში არ არის მითითებული რაიმე ისეთი ახალი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა. მოცემულ შემთხვევაში ვერ დასტურდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებული ვერც ერთი შემთხვევა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად ი. თ-ას განცხადება. რეალურად, ი. თ-ა აკრიტიკებს საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, იგი არ ეთანხმება საქმეზე დამდგარ შედეგს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. თ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. თ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე