საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-452(კ-19) 30 სექტემბერი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. ც-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ე. ც-ემ 2018 წლის 17 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართ, „ე. ც-ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ე. ც-ის დაჯარიმების შესახებ“ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 5 დეკემბრის №195 განკარგულების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ ჯარიმის სახით გადახდილი თანხის (1000 ლარის) უკან დაბრუნების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ე. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 5 დეკემბრის №195 განკარგულება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ჯარიმის სახით გადახდილი 1000 (ათასი) ლარის უკან დაბრუნება დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონულმა სისტემამ, შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია საჯარო მოხელის - ე. ც-ის მიერ 2017 წლის 5 იანვარს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რაზეც სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 9 ოქტომბრის №651/სა ბრძანების საფუძველზე, დეკლარაციის შემოწმების მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ე. ც-ემ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია არასწორად და არასრულად მიუთითა, რაც დეკლარაციის უარყოფითად შეფასების საფუძველი გახდა.
კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტი, რადგან აღნიშნული ნორმა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისა და დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ საფუძველად - დეკლარაციაში გამოვლენილ ნებისმიერ უზუსტობას ასახელებს. სასამართლომ კი, დეკლარაციის უარყოფითად შეფასების საფუძვლად მიიჩნია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ ისეთი სახის ინფორმაციის წარუდგენლობა ან არასრულად ასახვა, რომელიც არსებითი ხასიათისაა და წინააღმდეგობაში მოდის დეკლარაციის შევსების მიზანთან.
კასატორი ასევე, აღნიშნავს, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებით განისაზღვრა არაარსებითი დარღვევის ცნება და დადგინდა შესაბამისი ზღვარი, რომელთა ფარგლებში დარღვევას აქვს არაარსებითი ხასიათი, ხოლო ის დარღვევები, რომლებიც სცილდება მითითებულ ზღვარს - განეკუთვნება არსებითი ხასიათის დარღვევებს. კასატორის მოსაზრებით, ე. ც-ის საქმეზე გამოვლენილი დარღვევა, მითითებული ცვლილებითაც კი, წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო სამსახურის ბიურო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 5 დეკემბრის №195 განკარგულების კანონიერება, ე. ც-ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევის ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით. ამასთან, სადავო საკითხზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, §61, Garcia Ruiz v. Spain [GC] §26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], §81).
საკასაციო პალატა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ამასთან, წარდგენილი დეკლარაცია ექვემდებარება გადამოწმებას ნორმატიულად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. დეკლარაციის მონიტორინგის მიზანი კი, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში (განკარგლების მიღებისას) მოქმედი რედაქციის 181 მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის მიხედვით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის ან ასეთის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას. იმავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში. დეკლარაციის უარყოფითი შეფასების შედეგად კი, ამავე კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, თანამდებობის პირი ჯარიმდება 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება.
დასახელებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების შემოღება მიზნად ისახავს კორუფციასთან ბრძოლას, ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევათა აღმოფხვრას, კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენასა და საზოგადოების ნდობის ამაღლებას თანამდებობის პირთა საქმიანობის მიმართ. სწორედ ამიტომ არის ვალდებული თანამდებობის პირი, სრულყოფილად შეავსოს დეკლარაცია, ხოლო დეკლარაციის გადამოწმებისას საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დარღვევის გამოვლენა მისი დაჯარიმების საფუძველი შეიძლება გახდეს. ამასთან, დეკლარაციის შევსების მიზნების გათვალისწინებით, დეკლარაციაში გამოვლენილი ნებისმიერი უზუსტობა, რომლის არსებობაც კანონის მიზნის მიღწევას ხელს არ უშლის და არც კორუფციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ უნდა გამხდარიყო თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისა და დაჯარიმების საფუძველი. შესაბამისად, მართებულია სასამართლოს შეფასება, რომ არასრული ან არასწორი მონაცემის მითითება მოიაზრებს დეკლარაციაში მხოლოდ ისეთი შინაარსის დარღვევის გამოვლენას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დეკლარაციის შევსების მიზანზე. იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი დარღვევისთვის თანამდებობის პირის დაჯარიმება კანონმდებლის თვითმიზანი არ ყოფილა, ადასტურებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წლის 04 მაისის 2272-IIს საქართველოს კანონით შესული ცვლილებებიც. კერძოდ, კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ბიუროს მიენიჭა უფლება, დეკლარაციაში დარღვევის არსებობა/არარსებობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების გარდა, მიიღოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილება, რაც პირის არა დაჯარიმების, არამედ მისთვის გაფრთხილების გამოცხადების საფუძველს წარმოადგენს.
მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა ...ის რაიონის გამგეობის ... - ...ის ... ...ის ...ის - ...ის წარმომადგენლის ე. ც-ის მიერ 2017 წლის 5 იანვარს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომლის შემოწმების მიზნითაც, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 9 ოქტომბრის №651/სა ბრძანების საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 5 დეკემბრის №195 განკარგულებით ე. ც-ის დეკლარაცია შეფასდა უარყოფითად, დეკლარანტის მიერ დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების მითითების გამო. დღეის მდგომარეობით, კასატორი მოსარჩელის დაჯარიმების ფაქტობრივი საფუძვლებიდან მიუთითებს შემდეგ დარღვევაზე: ე. ც-ის ოჯახის წევრის - მ .ა-ის საპენსიო ანგარიშიდან ამონაწერში ნაჩვენები - 1 441,59 ლარი არ მიეთითა დეკლარაციაში. კასატორი აღნიშნავს, რომ დასახელებული დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს მოქმედი ნორმითაც კი. კერძოდ, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის 131 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ანგარიშის ან/და შენატანის არსებობის შემთხვევაში, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, არაარსებითი ხასიათის დარღვევას წარმოადგენს არსებული ნაშთის/ნაშთების გრაფაში ჯამური ცდომილება არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დასახელებული დარღვევის ხასიათის შეფასებისას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ე. ც-ის განმარტებაზე, რომ 1 441,59 ლარი იყო წინასწარ აღებული ავანსი და წარმოადგენდა კრედიტის ნაშთს, რეალურად, დეკლარაციის შევსების მომენტში ანგარიშზე არსებული ნაშთი იყო 5 ლარი, რაც ასახულია დეკლარაციაში. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტი, დარღვევის შინაარსისა და შედეგების გათვალისწინებით, არ იძლეოდა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ წარდგენილი დეკლარაციით შეუძლებელი გახდა კანონის მიზნის მიღწევა. სადავო პერიოდში მოქმედი ნორმების ბუნდოვანებიდან გამომდინარე კი, რომელიც არ შეიცავდა დარღვევის არსებითად და არაარსებითად გამიჯვნის კრიტერიუმებს, პალატის მოსაზრებით, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების - გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელისთვის ჯარიმის სახით გადახდილი 1000 ლარის დაბრუნების საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს (ს/ნ 205047288) დაუბრუნდეს 22.02.2019წ. №00323 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე